როგორ მსახურობენ კარგ განმგებლებად მიმომსვლელი ზედამხედველები
„თითოეული ერთმანეთს იმ ნიჭით ემსახურეთ, რაც მიგიღიათ, როგორც კარგმა განმგებლებმა ღვთის მრავალგვარი მადლისა“ (1 პეტრე 4:10).
1, 2. ა) როგორ განმარტავდი სიტყვა „განმგებელს“? ბ) ვინ არიან ღვთის მიერ გამოყენებული განმგებლები?
იეჰოვა ყველა თავის ერთგულ ქრისტიანს განმგებლად იყენებს. განმგებელი ხშირად ოჯახის მეურვეა. მან შესაძლოა თავისი ბატონის საქმეებსაც უხელმძღვანელოს (ლუკა 16:1–3; გალატელთა 4:1, 2). იესო თავის მიწიერ ერთგულ ცხებულებს ‘ერთგულ განმგებელს’ უწოდებდა. ამ განმგებელს მიანდო ‘მთელი თავისი ქონება’ და ასევე სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგების საქმიანობა (ლუკა 12:42–44; მათე 24:14, 45).
2 პეტრე მოციქული ამბობდა, რომ ყველა ქრისტიანი ღვთისგან სხვადასხვაგვარად ბოძებული დაუმსახურებელი წყალობის განმგებელია. ყოველ ქრისტიანს აქვს სათანადო ადგილი, სადაც შეუძლია ერთგული განმგებელი იყოს (1 პეტრე 4:10). უხუცესებად დანიშნული ქრისტიანები და მათ შორის მიმომსვლელი ზედამხედველებიც განმგებლები არიან (ტიტე 1:7). როგორი თვალსაზრისი უნდა არსებობდეს მიმომსვლელ უხუცესებზე? რა თვისებები და მიზნები უნდა ჰქონდეთ მათ? და როგორ შეუძლიათ ყველაფერი საუკეთესოდ გააკეთონ?
მათი მსახურების გამო მადლიერება
3. რატომ შეიძლება მიმომსვლელ ზედამხედველებს ‘კარგი განმგებლები’ ეწოდოთ?
3 მიმომსვლელ ზედამხედველსა და მის მეუღლეს ერთმა ქრისტიანმა დაქორწინებულმა წყვილმა მისწერა: „გვსურს მადლიერება გამოვთქვათ იმისთვის, რომ დრო და სიყვარული დაგვითმეთ. ჩვენთვის, როგორც ოჯახისთვის, ძალიან სასარგებლო იყო თქვენს მიერ მოცემული რჩევა და გამხნევება. ვიცით, რომ სულიერი ზრდა უნდა განვაგრძოთ, მაგრამ იეჰოვას დახმარებითა და თქვენნაირ და-ძმებთან ურთიერთობით ზრდის პროცესთან დაკავშირებული სიძნელეები უფრო იოლი გადასალახავია“. წერილები, მსგავსი სიტყვებით, ხშირია, რადგან მიმომსვლელი ზედამხედველები პირადად არიან დაინტერესებული თანამორწმუნეებით, სწორედ ისევე, როგორც კარგი განმგებელი — სახლეულის საჭიროებებით. ზოგი შესანიშნავი მომხსენებელია. ზოგიც სამქადაგებლო მსახურებაში გამოირჩევა, ზოგიც ცნობილია სითბოთი და თანაგრძნობით. სხვების მომსახურებაში ასეთი ნიჭების განვითარებითა და გამოყენებით მიმომსვლელ ზედამხედველებს სამართლიანად შეიძლება ეწოდოთ ‘კარგი განმგებლები’.
4. რომელი კითხვები იქნება განხილული?
4 „განმგებელთაგან მოითხოვენ, რომ ვინმე აღმოჩნდეს სარწმუნო [„ერთგული“, აფ]“ — წერდა პავლე მოციქული (1 კორინთელთა 4:2). სხვადასხვა კრებებში თანაქრისტიანების მომსახურება კვირიდან კვირამდე განუმეორებელი და სასიხარულო უპირატესობაა. მაგრამ, ამასთანავე, ეს მძიმე პასუხისმგებლობაცაა. მაგრამ, როგორ შეუძლიათ მიმომსვლელ ზედამხედველებს, ერთგულად და წარმატებით შეასრულონ განმგებლობა?
განმგებლობის წარმატებით შესრულება
5, 6. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი მიმომსვლელი ზედამხედველის ცხოვრებაში იეჰოვასადმი ლოცვით მინდობა?
5 მნიშვნელოვანია ლოცვით იეჰოვაზე მინდობა, რომ მიმომსვლელმა ზედამხედველებმა განმგებლობაში წარმატებას მიაღწიონ. დღის განრიგისა და მრავალი პასუხისმგებლობის გამო, შესაძლოა, მათ ზოგჯერ თავი გადატვირთულად იგრძნონ (შეადარე 2 კორინთელთა 5:4). ამიტომ, მათ ესაჭიროებათ ფსალმუნმომღერალი დავითის სიტყვების თანახმად მოქმედება, რომელიც მღეროდა: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას“ (ფსალმუნი 54:23). ასევე მანუგეშებელია დავითის, კიდევ ერთგან ჩაწერილი, სიტყვები: „კურთხეული არს უფალი, დღითი დღე ზრუნავს ჩვენზე“ (ფსალმუნი 67:20).
6 საიდან ჰქონდა პავლეს ძალები, ეზრუნა საკუთარ სულიერ პასუხისმგებლობებზე? „ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში,“ — წერდა ის (ფილიპელთა 4:13). დიახ, იეჰოვა ღმერთი იყო პავლეს ძალების სათავე. პეტრეც მსგავს რჩევას იძლეოდა: „თუ ვინმე ემსახურება, ღვთის მიერ მინიჭებული ძალით ემსახუროს, რათა იდიდებოდეს ღმერთი ყველაფერში იესო ქრისტეს მიერ“ (1 პეტრე 4:11). ერთი ძმა, რომელიც მრავალი წელი მიმომსვლელი ზედამხედველი იყო, ღმერთზე მინდობის აუცილებლობას ხაზგასმით აღნიშნავდა შემდეგი სიტყვებით: „მიენდე იეჰოვას პრობლემების გამკლავებისას და ორგანიზაციისგან ეძებე დახმარება“.
7. რა როლს თამაშობს წონასწორობა მიმომსვლელი ზედამხედველის საქმიანობაში?
7 წარმატების მისაღწევად მიმომსვლელ ზედამხედველს ესაჭიროება წონასწორობის შენარჩუნება. სხვა ქრისტიანების მსგავსად, ის ცდილობს ‘გამოსცადოს უმჯობესი [უფრო მნიშვნლოვანი, აქ]’ (ფილიპელთა 1:10)a. როდესაც ადგილობრივ უხუცესებს რომელიმე საკითხზე შეკითხვები აქვთ, მათი მხრიდან ბრძნული იქნებოდა, რჩევა ეკითხათ მონახულების დროს მოსული სარაიონო ზედამხედველისთვის (იგავნი 11:14; 15:22). შესაძლოა, მისი გაწონასწორებული შენიშვნები და ბიბლიიდან გამომდინარე რჩევა დამხმარე აღმოჩნდეს, როდესაც კრებიდან მისი წასვლის შემდეგ უხუცესები განაგრძობენ წამოჭრილი საკითხის გადაჭრას. დაახლოებით იგივე აზრი უთხრა პავლემ ტიმოთეს: „რაც მოისმინე ჩემგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს, რომელთაც უნარი ექნებათ სხვების სწავლებისა“ (2 ტიმოთე 2:2).
8. რატომ არის აუცილებელი ბიბლიის შესწავლა, კვლევა და მასზე ღრმა ფიქრი?
8 საღვთო წერილის შესწავლა, კვლევა და მასზე ღრმა ფიქრი აუცილებელია ბრძნული რჩევის მიცემისთვის (იგავნი 15:28). ერთმა საოლქო ზედამხედველმა თქვა: „როდესაც ვხვდებით უხუცესებს, არ უნდა გვეშინოდეს, ვაღიაროთ, თუ რომელიმე საკითხზე პასუხი არ ვიცით“. ძალისხმევის მოხმარება, რომ ყველაფერზე „ქრისტეს აზრი“ ვიქონიოთ, შესაძლებელს ხდის, რომ ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევები მივცეთ სხვებს, რათა დავეხმაროთ ღვთის ნების შესრულებაში (1 კორინთელთა 2:16). ზოგჯერ მიმომსვლელ ზედამხედველს მითითებებისთვის წერილების წერა უწევს საგუშაგო კოშკის საზოგადოების მისამართით. ნებისმიერ შემთხვევაში იეჰოვა ღმერთისადმი რწმენა და ჭეშმარიტებისადმი სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა ან კიდევ — ორატორული ნიჭი. იმის ნაცვლად, რომ პავლე „ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით“ წარმდგარიყო კორინთში, მსახურება ‘უძლურებით, შიშითა და დიდი ძრწოლით’ დაიწყო. ნუთუ ყოველივე უშედეგო იყო? პირიქით, ეს დაეხმარა კორინთელებს, ჰქონოდათ ‘არა კაცის სიბრძნის, არამედ ღვთის ძალის’ რწმენა (1 კორინთელთა 2:1–5).
სხვა მნიშვნელოვანი თვისებები
9. რატომ არის საჭირო მიმომსვლელი ზედამხედველების მხრიდან თანაგრძნობა?
9 მიმომსვლელ ზედამხედველებს თანაგრძნობის გამოვლენა ეხმარება, კარგი შედეგების მიღწევაში. პეტრე ყველა ქრისტიანს მოუწოდებდა, ყოფილიყვნენ „გულშემატკივარნი“, ანუ „თანამგრძნობელნი“ (1 პეტრე 3:8, სქოლიო, აქ). ერთ-ერთი სარაიონო ზედამხედველის აზრით, აუცილებელია ‘დაინტერესებული იყო კრების თითოეული პიროვნებით და გამოავლინო გულწრფელი ყურადღება’. ასეთივე სულისკვეთებით წერდა პავლე: „მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ.“ (რომაელთა 12:15). ასეთი პოზიცია აღძრავს მიმომსვლელ ზედამხედველებს, გულწრფელი ძალისხმევა მოახმარონ თანამორწმუნეების პრობლემებისა და მდგომარეობის გაგებას. შემდეგ მათ შეუძლიათ მისცენ „აღმშენებლური“, ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევა, რომლის გამოყენებაც კარგ ნაყოფს გამოიღებს. ერთ-ერთმა სარაიონო ზედამხედველმა, რომელიც სხვების მიმართ თანაგრძნობის გამოვლენით გამოირჩევა, ტურინის (იტალია) ახლოს არსებული კრებიდან მიიღო წერილი: „თუ გსურს იყო საინტერესო, დაინტერესდი სხვებით; თუ გსურს სიამოვნება მიიღო, ასიამოვნე სხვებს; თუ გსურს უყვარდე სხვებს, იყავი მოსიყვარულე; თუ გსურს მიიღო დახმარება, თვითონ იყავი სხვის დასახმარებლად მზად. აი ეს არის ყოველივე ის, რაც თქვენგან ვისწავლეთ!“
10. რა თქვეს თავმდაბლობის შესახებ სარაიონო და საოლქო ზედამხედველებმა და რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ ამასთან დაკავშირებით?
10 თავმდაბლობა და გულისხმიერება ძალიან ბევრის გაკეთებაში ეხმარება მიმომსვლელ ზედამხედველებს. ერთ-ერთი სარაიონო ზედამხედველი აღნიშნავდა: „ძალიან მნიშვნელოვანია თავმდაბლობის შენარჩუნება“. ის აფრთხილებდა ახალ მიმომსვლელ ზედამხედველებს: „არ დაუშვათ შედარებით მდიდარი ძმების არასწორ გავლენაში მოქცევა იმის გამო, რასაც ძმები შესაძლოა თქვენთვის გააკეთებენ და არც მათთან მეგობრობით არ შემოიფარგლოთ, არამედ ეცადეთ, სხვებთანაც მიუკერძოებლად გქონდეთ ურთიერთობა“ (მეორე ნეშტთა 19:6, 7). ნამდვილად თავმდაბალ მიმომსვლელ ზედამხედველს არ ექნება გადამეტებული წარმოდგენა საკუთარი პიროვნების მნიშვნელობაზე, როგორც საზოგადოების წარმომადგენელზე. ერთ-ერთი საოლქო ზედამხედველი სათანადოდ აღნიშნავდა: „იყავი თავმდაბალი და იყავი მზად, უსმინო ძმებს. შეეცადე, იყო გულისხმიერი“. იესო ქრისტეს, ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებულ ადამიანს, შეეძლო ისე მოქცეულიყო, რომ ადამიანებს თავი მასთან შებოჭილად ეგრძნოთ, მაგრამ ის იმდენად თავმდაბალი და გულისხმიერი იყო, რომ ბავშვებიც კი თავისუფლად გრძნობდნენ თავს მისი თანდასწრებით (მათე 18:5; მარკოზი 10:13–16). მიმომსვლელ ზედამხედველებს სურთ, რომ ყველა, ბავშვი, მოზარდი თუ ასაკოვანი — ყველა, ვინც კი კრებაშია — თავისუფლად მიმართავდეს მათ.
11. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს დროულმა მობოდიშებამ?
11 რასაკვირველია, „ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ“ და არც მიმომსვლელი ზედამხედველია გამონაკლისი (იაკობი 3:2). როდესაც მიმომსვლელი ზედამხედველი რაღაც შეცდომას უშვებს, უხუცესებს გულწრფელი მობოდიშებით აძლევს თავმდაბლობის მაგალითს. იგავნის 22:4-ის თანახმად, „თვინიერების და უფლის შიშის საზღაური სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლეა“. და ნუთუ ღვთის ყველა მსახურს არ ესაჭიროება ‘მოწიწებით [თავმდაბლობით, 1960 წლის ინგლისური გამოცემიდან] სიარული უფლის წინაშე’? (მიქა 6:8). როდესაც ერთ-ერთ სარაიონო ზედამხედველს ჰკითხეს, თუ რა რჩევას მისცემდა ახალ მიმომსვლელ უხუცესს, მან თქვა: „დიდი პატივისცემითა და ყურადღებით მოეპყარი ძმებს და შენზე უკეთესებად მიიჩნიე. ძალიან ბევრს ისწავლი ძმებისგან. ყოველთვის შეინარჩუნე თავმდაბლობა. იყავი ისეთი, როგორიც ხარ. შეეცადე სხვების წინაშე თავი დიდ ვინმედ არ წარმოაჩინო“ (ფილიპელთა 2:3).
12. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ქრისტიანულ მსახურებაში გულმოდგინება?
12 ქრისტიანულ მსახურებაში გულმოდგინება წონას მატებს მიმომსვლელი ზედამხედველის სიტყვებს. სინამდვილეში, როცა მიმომსვლელი ზედამხედველი და მისი მეუღლე სახარების ქადაგების საქმეში გულმოდგინების ნიმუშს წარმოადგენენ, უხუცესები, მათი მეუღლეები და კრების დანარჩენი წევრები მხნევდებიან, რომ მსახურებაში გულმოდგინეები იყვნენ. „იყავით მსახურებაში გულმოდგინეები — მოგვიწოდებს ერთ-ერთი სარაიონო ზედამხედველი და შემდეგ აგრძელებს: — როგორც მივხვდი, საერთო ჯამში, კრება რაც უფრო გულმოდგინეა მსახურებაში, პრობლემებიც მით უფრო ნაკლები აქვს“. მეორე სარაიონო ზედამხედველმა აღნიშნა: „მჯერა, რომ თუ უხუცესები და-ძმებთან ერთად გადიან სამქადაგებლო მსახურებაში და ეხმარებიან მათ, სიხარული იგრძნონ მსახურებაში, შედეგი იქნება სულის სიმშვიდე და იეჰოვასადმი მსახურებაში უსაზღვრო კმაყოფილების გრძნობა“. პავლე მოციქულმა მოიკრიფა ‘გაბედულება, რომ თესალონიკელებისთვის დიდი ბრძოლით ექადაგა სახარება’. არ არის გასაკვირი, რომ მათ უამრავი მოგონება ჰქონდათ მის მონახულებასა და სამქადაგებლო საქმიანობასთან დაკავშირებით და პავლესთან კიდევ შეხვედრის დიდი სურვილით იყვნენ გამსჭვალული! (1 თესალონიკელთა 2:1, 2; 3:6).
13. რას ითვალისწინებს მიმომსვლელი ზედამხედველი სამქადაგებლო მსახურების დროს თანაქრისტიანებთან თანამშრომლობისას?
13 მიმომსვლელი ზედამხედველი, როდესაც სამქადაგებლო მსახურებაში თანაქრისტიანებთან თანამშრომლობს, ითვალისწინებს მათ მდგომარეობასა და შესაძლებლობებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი რჩევები შესაძლოა დამხმარეა, იცის, რომ შეიძლება ზოგი ღელავს გამოცდილ უხუცესთან ერთად ქადაგებისას. ამიტომ, ზოგჯერ შექება უფრო სასარგებლოა, ვიდრე რჩევა. როდესაც ბიბლიის შესწავლაზე მიმომსვლელი ზედამხედველი ახლავს მაუწყებელს ან პიონერს, მათ შეიძლება ირჩიონ, რომ მიმომსვლელი ზედამხედველი გაუძღვეს შესწავლას. ამგვარად, როგორც ჩანს, ისინი ეცნობიან იმ საშუალებებს, თუ როგორ გააუმჯობესონ სწავლების მეთოდები.
14. რატომ შეიძლება ითქვას, რომ გულმოდგინე მიმომსვლელი ზედამხედველები სხვებშიც გულმოდგინებას აღვივებენ?
14 გულმოდგინე მიმომსვლელი ზედამხედველები სხვებშიც გულმოდგინებას აღვივებენ. უგანდაში ერთ-ერთი სარაიონო ზედამხედველი ძმასთან ერთად მთელი საათის განმავლობაში გზას მიიკვლევდა უღრან ტყეში, რომ მისულიყვნენ ბიბლიის შესწავლაზე იმ ოჯახში, რომელიც ნელა მიიწევდა წინ. ამასობაში ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რომ თავიდან ფეხებამდე გაილუმპნენ. როდესაც ოჯახის ექვსმა წევრმა გაიგო, რომ მათი სტუმარი მიმომსვლელი ზედამხედველი იყო, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. მათ იცოდნენ, რომ მათი ეკლესიის მსახურები არასოდეს ავლენდნენ თავიანთი სამწყსოს მიმართ ასეთ ინტერესს. შემდეგ კვირა დღეს ისინი პირველად დაესწრნენ ქრისტიანულ შეხვედრას და გამოთქვეს სურვილი, გამხდარიყვნენ იეჰოვას მოწმეები.
15. რა სასიამოვნო შემთხვევა ჰქონდა გულმოდგინე სარაიონო ზედამხედველს მექსიკაში?
15 ოახაკას შტატში (მექსიკა) ერთი სარაიონო ზედამხედველი ყველანაირად აკეთებდა იმაზე მეტს, რაც მოეთხოვებოდა. მან იზრუნა იმისთვის, რომ ოთხი დღით დარჩენილიყო ციხის საკანში, რათა მოენახულებინა შვიდი პატიმარი, რომლებიც სამეფოს მაუწყებლები გახდნენ. რამდენიმე დღე ის მათთან ერთად დადიოდა საკნიდან-საკანში დამოწმებისას და მათთან ერთად ატარებდა ბიბლიის შესწავლებს. გამოვლენილი ინტერესის გამო ზოგი შესწავლა შუაღამემდე გაუგრძელდათ. „მონახულების დასასრულს, როგორც პატიმრები, ასევე მეც უსაზღვრო სიხარულს ვგრძნობდით ურთიერთგამხნევების შედეგად,“ — გვწერს გულმოდგინე სარაიონო ზედამხედველი.
16. რატომ არის ასე სასარგებლო, როდესაც მიმომსვლელი ზედამხედველები და მათი მეუღლეები ამხნევებენ სხვებს?
16 მიმომსვლელი ზედამხედველები ცდილობენ, ყოველთვის ყველა გაამხნევონ. როდესაც პავლე მაკედონიის კრებას ეწვია, „მრავალი სიტყვით დაარიგა [გაამხნევა, აქ]“ ისინი (საქმეები 20:1, 2). გამამხნევებელი სიტყვები სულიერი მიზნების დასასახავად, შესაძლოა ძალიან დამხმარე აღმოჩნდეს, როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე ხანდაზმულებისთვისაც. საგუშაგო კოშკის საზოგადოების ერთ-ერთ დიდ ფილიალში არაფორმალურმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ სრული დროით მსახურთა მსურველების დაახლოებით 20 პროცენტი წახალისებული იყო სარაიონო ზედამხედველების მიერ. მიმომსვლელი ზედამხედველის ცოლიც სამეფოს სრული დროით მქადაგებლის შესანიშნავი მაგალითით ცხადყოფს, რომ გამხნევების უდიდესი წყაროა.
17. რას გრძნობს ხანდაზმული სარაიონო ზედამხედველი იმასთან დაკავშირებით, რომ უპირატესობა აქვს დაეხმაროს სხვებს?
17 ხანდაზმულებსა და გულგატეხილებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ გამხნევება. ერთი ხანდაზმული სარაიონო ზედამხედველი წერს: „ჩემი მსახურების ერთ-ერთი მხარე, რომელიც ჩემში ენით აუწერელ სიხარულს იწვევს, არის უპირატესობა, ღვთის სამწყსოში დახმარება გავუწიო არააქტიურებსა და ფიზიკურად უძლურებს. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რომაელთა 1:11, 12-ს, რადგან ვღებულობ უსაზღვრო გამხნევებასა და ძალას, როდესაც ‘სხვებს ვუწილადებ სულიერ ნიჭს განსამტკიცებლად’“.
სიხარულით აღსავსე მსახურების ჯილდო
18. ბიბლიაზე დაფუძნებული რა მიზნები აქვთ მიმომსვლელ ზედამხედველებს?
18 მიმომსვლელი ზედამხედველები გულწრფელად არიან დაინტერესებული თანამორწმუნეებით. მათ სურთ, გააძლიერონ კრება და სულიერად „აღაშენონ“ (საქმეები 15:41). ერთ-ერთი მიმომსვლელი ზედამხედველი ძალიან ბევრს მუშაობს, რომ „გაამხნევოს, გაახალისოს, გააღვივოს მსახურების შესრულებისა და ჭეშმარიტების თანახმად ცხოვრების სურვილი“ (3 იოანე 3). მეორე ცდილობს, რომ თანამორწმუნეების რწმენა განამტკიცოს (კოლასელთა 2:6, 7). გახსოვდეს, რომ მიმომსვლელი ზედამხედველი არის ‘ერთგული თანამშრომელი’ და არა სხვის რწმენაზე დაუფლებული (ფილიპელთა 4:3; 2 კორინთელთა 1:24). მის მიერ კრების მონახულებისას ვმხნევდებით და გვაქვს დამატებითი მსახურების საშუალება, ასევე უხუცესთა საბჭოს ეძლევა შესაძლებლობა, გადახედოს კრების წარმატებებს და განიხილოს მომავლის მიზნები. მისი სიტყვებითა და მაგალითით კრების მაუწყებლები, პიონერები, სამსახურებრივი თანაშემწეები და უხუცესები შეიძლება გამხნევდნენ და მიეცეთ სტიმული მომავალი საქმისთვის (შეადარე 1 თესალონიკელთა 5:11). ასე რომ, მთელი გულით დაუჭირე მხარი სარაიონო ზედამხედველის მონახულებებს და სრულად გამოიყენე საოლქო ზედამხედველის მიერ შემოთავაზებული მომსახურება.
19, 20. როგორ დაჯილდოვდნენ მიმომსვლელი ზედამხედველები და მათი მეუღლეები ერთგული მსახურებისთვის?
19 მიმომსვლელი ზედამხედველები და მათი მეუღლეები უხვად არიან დაჯილდოებული ერთგული მსახურებისთვის და შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ ყოველი სიკეთისთვის იეჰოვა აკურთხებს მათ (იგავნი 19:17; ეფესელთა 6:8). ხანდაზმული წყვილი, გეორგი და მაგდალენა, მრავალი წელი მონაწილეობდნენ მიმოსვლით მსახურებაში. ლუქსემბურგის კონგრესზე მაგდალენას მიუახლოვდა პიროვნება, რომელსაც მან 20 წლის წინათ დაუმოწმა. ეს ებრაელი ქალი ჭეშმარიტებით დაინტერესდა სწორედ იმ ბიბლიური ლიტერატურის მეშვეობით, რომელიც მაგდალენამ დაუტოვა, და შემდეგ მოინათლა. გეორგთან სულიერი და მივიდა, რომელმაც გაახსენა, რომ დაახლოებით 40 წლის წინ ეწვია სახლში. მის მიერ კეთილი ცნობის შესახებ მთელი ენთუზიაზმით საუბარმა სურვილი აღუძრა მას და მის მეუღლეს, გასცნობოდნენ ჭეშმარიტებას. რასაკვირველია, გეორგმა და მაგდალენამ უსაზღვრო სიხარული განიცადეს.
20 ეფესოში ერთგულმა მსახურებამ პავლეს სიხარული მოუტანა და, ალბათ, აღძრა, ქრისტეს სიტყვები მოეყვანა ციტატად: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35). მიუხედავად იმისა, რომ მიმოსვლითი საქმიანობა განუწყვეტლივ გაცემას ნიშნავს, ისინი, რომლებიც ამას აკეთებენ, თავს ბედნიერად გრძნობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავიანთი ტვირთის კარგ ნაყოფს ხედავენ. ერთი სარაიონო ზედამხედველი, რომელიც გულგატეხილ უხუცესს დაეხმარა, მის წერილში კითხულობდა: «ძალიან ‘მანუგეშე’ და დიდი დახმარება გაუწიე ჩემს სულიერ სიცოცხლეს — ისეთი, ვერც კი წარმოგიდგენია. . . შენ ვერასოდეს გაიგებ ბოლომდე, თუ რა დახმარებას წარმოადგენ დღევანდელი მრავალი „ასაფისთვის“, რომელთა „ფეხებმაც კინაღამ გადაუხვიეს“» (კოლასელთა 4:11; ფსალმუნი 72:2).
21. რატომ იტყოდი, რომ 1-ლი კორინთელთა 15:58 შეეხება მიმომსვლელი ზედამხედველების საქმიანობასაც?
21 ხანდაზმულ ქრისტიანს, რომელიც მრავალი წელი ასრულებდა სარაიონო საქმეებს, ძალიან უყვარს 1-ლი კორინთელთა 15:58-ზე ფიქრი, სადაც პავლე მოგვიწოდებს: „იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე“. მიმომსვლელ ზედამხედველებს, უეჭველია, ძალიან ბევრი აქვთ უფლის საქმეში გასაკეთებელი. და რა მადლიერები ვართ ჩვენ, რომ ისინი ასეთი სიხარულით მსახურობენ, როგორც იეჰოვასგან მიღებული დაუმსახურებელი წყალობის ერთგული განმგებლები!
[სქოლიოები]
a იხილე 1991 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“ (რუს.), სტატია „ბევრი საქმის მიუხედავად, შეგიძლია თუ არა იყო ბედნიერი?“ (გვ. 28–31).
როგორ უპასუხებდი?
◻ რატომ შეიძლება, მიმომსვლელი ზედამხედველები ‘კარგ განმგებლებად’ იყვნენ მიჩნეული?
◻ რომელი ზოგიერთი ფაქტორი ეხმარება საოლქო და სარაიონო ზედამხედველებს უფრო მეტი სასარგებლოს გაკეთებაში?
◻ რატომ არის მნიშვნელოვანი თავმდაბლობა და გულმოდგინება მათთვის, რომლებიც მიმოსვლით საქმიანობაში არიან ჩაბმული?
◻ რა შესანიშნავი მიზნები აქვთ მიმომსვლელ ზედამხედველებს?
[სურათი 14 გვერდზე]
მიმომსვლელი ზედამხედველები ცდილობენ, გაამხნევონ თანამორწმუნეები.
[სურათები 15 გვერდზე]
როგორც ახალგაზრდისთვის, ასევე ხანდაზმულისთვისაც სასარგებლოა მიმომსვლელ ზედამხედველებთან და მათ მეუღლეებთან ურთიერთობა.
[სურათი 16 გვერდზე]
მიმომსვლელი ზედამხედველების გულმოდგინე მსახურება სხვებშიც გულმოდგინებას აღვივებს.