‘თუმცა არ გინახავთ, გიყვართ’
‘თუმცა არ გინახავთ, გიყვართ, თუმცა ვერ ხედავთ, მაგრამ გწამთ და ხარობთ’ (1 პეტრე 1:8).
1. როგორ ცდილობს ზოგი მორწმუნე ადამიანი იესოსადმი თავდადების გამოვლენას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს დედამიწაზე არავის უნახავს ის?
დედამიწაზე დღეს მცხოვრებთაგან არავის უნახავს იესო ქრისტე. მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანი აცხადებს, რომ უყვარს ის. ყოველწლიურად, 9 იანვარს, მანილას (ფილიპინები) ქუჩებში ჯვრის მტვირთველი იესო ქრისტეს გამომსახველი ნატურალური ზომის ქანდაკება გამოაქვთ, რაც ამ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული რელიგიის ყველაზე მასიურ და ეფექტის მომხდენ სანახაობად აღწერენ. აღგზნებული ხალხი ერთმანეთს აწვება და ხელს კრავს; გამოსახულებისთვის ხელის მოსაკიდებლად გაცოფებული ადამიანები ერთმანეთზეც კი გადადიან. ამ შემთხვევის სანახავად მოსულ მრავალ დამსწრეს, უმთავრესწილად, სადღესასწაულო პროცესია ხიბლავს. მიუხედავად ამისა, მათ შორის, უდავოდ, არიან ადამიანები, რომლებსაც იესო გულწრფელად იზიდავს. ამის დასამტკიცებლად ისინი შეიძლება ჯვარს ატარებენ ან რეგულარულად დადიან ეკლესიაში. მაგრამ შეიძლება თუ არა, ასეთი კერპთაყვანისმცემლობა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობად ჩაითვალოს?
2, 3. ა) იესოს მიმდევრებისგან, სინამდვილეში, ვინ იხილა და მოისმინა ის? ბ) პირველ საუკუნეში მცხოვრებლებიდან კიდევ ვინ შეიყვარა და ირწმუნა იესო, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ უნახავს ის?
2 პირველ საუკუნეში რომის პროვინციებში — იუდეასა და სამარიაში, პერეიასა და გალილეაში — მრავალი ათასი ადამიანი პირადად ხედავდა და უსმენდა იესო ქრისტეს. ისინი უსმენდნენ მას, როცა ღვთის სამეფოს შესახებ გულის ამაჩუყებელ ჭეშმარიტებებს განმარტავდა. ისინი მისი სასწაულების თვითმხილველნი იყვნენ. მათგან ზოგი მისი ერთგული მოწაფე გახდა, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ ის იყო „ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა“ (მათე 16:16). მაგრამ ისინი, რომლებსაც მოციქულმა პეტრემ თავისი პირველი ინსპირირებული წერილი მისწერა, არ იყვნენ მათ შორის.
3 ადამიანები, რომლებსაც პეტრემ მიმართა, ცხოვრობდნენ რომის პროვინციებში — პონტოში, გალატიასა და კაბადოკიაში, აზიასა და ბითვინიაში — რაც დღეს თურქეთის ტერიტორიას წარმოადგენს. პეტრემ მათ მისწერა: ‘თუმცა არ გინახავთ, გიყვართ, თუმცა ვერ ხედავთ, მაგრამ გწამთ, ხარობთ გამოუთქმელი და დიდი სიხარულით’ (1 პეტრე 1:1, 8). როგორ გაიცნეს მათ იესო ქრისტე ისე, რომ შეიყვარეს და ირწმუნეს?
4, 5. როგორ გაიგეს ადამიანებმა იესოს შესახებ — რომელიც არ უნახავთ — იმდენი, რომ შეჰყვარებოდათ და ერწმუნათ ის?
4 როგორც ჩანს, ზოგი იერუსალიმში იყო, როცა მოციქული პეტრე უმოწმებდა ახ. წ. 33 წელს, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დამსწრე უამრავ ხალხს. დღესასწაულის შემდეგ მოციქულებისგან დამატებითი მითითებების მისაღებად მრავალი მოწაფე იერუსალიმში დარჩა (საქმეები 2:9, 41, 42; შეადარე 1 პეტრე 1:1). რამდენიმე განმეორებითი მისიონერული მოგზაურობის დროს მოციქული პავლე იმ ადგილებში მცხოვრებ ხალხშიც გულმოდგინედ მსახურობდა, სადაც მოგვიანებით პეტრემ თავისივე სახელით წოდებული პირველი ბიბლიური წერილი გაგზავნა (საქმეები 18:23; 19:10; გალატელთა 1:1, 2).
5 რატომ იზიდავდა ასე ძლიერ იმ ადამიანებს იესო, რომლებსაც არასდროს უნახავთ ის? რატომ უყვარს ის ასე ძალიან მთელ პლანეტაზე დღეს მცხოვრებ მილიონობით უფრო მეტ ადამიანს?
ის, რაც მოისმინეს
6. ა) რას გაიგებდი ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იესოს შესახებ პეტრეს დამოწმება რომ მოგესმინა? ბ) როგორი გავლენა მოახდინა ამ შემთხვევამ დამსწრეებიდან დაახლოებით 3 000 ადამიანზე?
6 რას გაიგებდი იესოს შესახებ იერუსალიმში რომ ყოფილიყავი, როცა პეტრე ახ. წ. 33 წლის დღესასწაულზე შეკრებილ ხალხს ელაპარაკებოდა? სასწაულები, რომლებსაც ის ახდენდა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ცხადყოფდა, რომ ის ღვთის გამოგზავნილი იყო. თუმცა ცოდვილმა ადამიანებმა მოკლეს იესო, ის არ დარჩენილა სამარეში, არამედ აღდგენილი და შემდეგ აღზევებულ იქნა, რომ ზეცაში ღვთის მარჯვნივ ყოფილიყო. ეს იესო ნამდვილად ქრისტე იყო, მესია, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველები წერდნენ. სწორედ იესო ქრისტეს მეშვეობით გადმოვიდა სულიწმიდა მის მიმდევრებზე, რის შედეგადაც მათ დაუყოვნებლივ შეძლეს მრავალი ერის ადამიანისთვის დაემოწმებინათ იმ დიდებული საქმეების შესახებ, რომლებსაც ღმერთი თავისი ძის საშუალებით ასრულებდა. ამ დღესასწაულზე პეტრეს მსმენელებიდან მრავალი ადამიანის გულს ძლიერ შეეხო მისი სიტყვები, რის შედეგადაც დაახლოებით 3 000 ადამიანი მოინათლა და ქრისტიანი მოწაფე გახდა (საქმეები 2:14–42). იქ რომ ყოფილიყავი მიიღებდი თუ არა ასეთ მტკიცე გადაწყვეტილებას?
7. ა) რას გაიგებდი ანტიოქიაში პავლეს ქადაგებას რომ დასწრებოდი? ბ) რატომ ირწმუნა შეკრებილებიდან ზოგმა და დაიწყო სხვებისთვის კეთილი ცნობის გაზიარება?
7 კიდევ რას გაიგებდი იესოს შესახებ იმ ადამიანთა შორის რომ ყოფილიყავი, რომლებსაც პავლე მოციქული რომის პროვინციის, გალატიის ანტიოქიაში ასწავლიდა? შენ მოისმენდი პავლეს ახსნას, რომ იერუსალიმის მთავრებისგან იესოს სასიკვდილო მსჯავრდადებას წინასწარმეტყველები თავიდანვე წინასწარმეტყველებდნენ. შენ აგრეთვე იესოს აღდგენის ცხადი მტკიცების შესახებ მოისმენდი. შენზე აუცილებლად მოახდენდა შთაბეჭდილებას პავლეს სიტყვები იეჰოვას შესახებ, რომელმაც იესოს მკვდრეთით აღდგენით დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად ღვთის ძე იყო. და განა არ აივსებოდა შენი გული სიყვარულით, როცა გაიგებდი, რომ ცოდვების პატიებას, რომელიც იესოსადმი რწმენის საფუძველზე გახდა შესაძლებელი, შეუძლია მარადიულ სიცოცხლემდე მიგიყვანოს? (საქმეები 13:16–41, 46, 47; რომაელთა 1:4). მოსმენილის მნიშვნელობის შეგნებით ზოგი ანტიოქიელი გახდა მოწაფე და აქტიურად მონაწილეობდა სხვებისთვის კეთილი ცნობის გაზიარებაში, მიუხედავად იმისა, რომ ასე მოქმედება სასტიკ დევნასთან შეპირისპირებას ნიშნავდა (საქმეები 13:42, 43, 48–52; 14:1–7, 21–23).
8. რას გაიგებდი ეფესოს კრების შეხვედრას რომ დასწრებოდი, როცა პავლეს წერილი მიიღეს?
8 რა მოხდებოდა აზიაში, რომის პროვინციაში, ეფესოში არსებული ქრისტიანული კრების თანამშრომელი რომ ყოფილიყავი, როცა იქ მოწაფეებმა პავლეს ინსპირირებული წერილი მიიღეს? რას გაიგებდი ამ წერილიდან ღვთის განზრახვაში იესოს როლის შესახებ? იმ წერილში პავლე ხსნიდა, რომ ქრისტეს საშუალებით ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე ღმერთთან თანხმობას დაუბრუნდებოდა, რომ ღვთის მადლი ქრისტეს მეშვეობით ყველა ერის ადამიანებზე გავრცელდებოდა, რომ ქრისტესადმი რწმენის საშუალებით დანაშაულთა გამო ღვთის თვალში მკვდარი ადამიანები გაცოცხლებული იქნებოდნენ და რომ ამის შედეგად ადამიანებისთვის კვლავ შესაძლებელი იქნებოდა, ღვთის საყვარელი შვილები გამხდარიყვნენ (ეფესელთა 1:1, 5–10; 2:4, 5, 11–13).
9. ა) რა დაგეხმარება, დაინახო პირადად სწვდები თუ არა ეფესელებისადმი პავლეს წერილის მნიშვნელობას? ბ) როგორი გავლენა მოახდინა იესოს შესახებ შესწავლილმა რომის პროვინციებში მცხოვრებ ძმებზე, რომლებიც პეტრემ მოიხსენია?
9 ამ ყოველივესთვის მადლიერება გააღრმავებდა თუ არა ღვთის ძისადმი შენს სიყვარულს? იმოქმედებდა თუ არა ეს სიყვარული შენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, როგორც მოციქული პავლე ამას მე-4-დან მე-6 თავებში მოგვიწოდებს? აღგძრავდა თუ არა ასეთი მადლიერება, ყურადღებით გამოგეკვლია ცხოვრებაში საკუთარი პრიორიტეტები? ღვთისადმი სიყვარულიდან და ძისადმი მადლიერებიდან გამომდინარე მოახდენდი თუ არა საჭირო ცვლილებებს, რომ ღვთის ნების შესრულება შენი ცხოვრების ნამდვილად მთავარი საკითხი ყოფილიყო? (ეფესელთა 5:15–17). იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედა აზიაში, გალატიასა და რომის სხვა პროვინციებში მცხოვრებ ქრისტიანებზე მათ მიერ შესწავლილმა, მოციქულმა პეტრემ მისწერა: ‘თუმცა არ გინახავთ [იესო ქრისტე], გიყვართ. . . გწამთ და ხარობთ გამოუთქმელი და დიდი სიხარულით’ (1 პეტრე 1:8).
10. ა) რომელმა უეჭველმა ფაქტმა შეუწყო ხელი იესოსადმი ადრინდელი ქრისტიანების სიყვარულს? ბ) როგორ შეგვიძლია სარგებლობის მიღება ჩვენც?
10 ღვთის ძისადმი იმ ადრინდელი ქრისტიანების სიყვარულს, რომლებსაც პეტრემ მისწერა, უეჭველად, კიდევ რაღაც უწყობდა ხელს. რა იყო ეს? იმ დროისთვის, როცა პეტრემ პირველი წერილი დაწერა, სულ მცირე ორი სახარება — მათესი და ლუკასი — უკვე ხელიდან ხელში გადადიოდა. პირველი საუკუნის ქრისტიანებს, რომლებსაც იესო არ უნახავთ, ამ ორი სახარების ცნობების წაკითხვა შეეძლოთ. ამის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია. სახარებები არ შეიცავს არარეალურ ცნობებს; ისინი ყველაზე სარწმუნო ისტორიის ყველა ნიშან-თვისებას ატარებს. ამ ინსპირირებულ ჩანაწერებში ჩვენ ძალიან ბევრს ვხედავთ, რაც ღვთის ძისადმი ჩვენს სიყვარულს აღრმავებს.
მის მიერ გამოვლენილი სულისკვეთება
11, 12. რის თქმა შეგიძლია სხვა ადამიანებისადმი იესოს გამოვლენილ სულისკვეთებაზე, რომელიც აღგძრავს, გიყვარდეს ის?
11 იესოს ცხოვრების შესახებ ჩანაწერიდან ჩვენ ვსწავლობთ მის დამოკიდებულებას სხვა ადამიანებთან. ახლაც კი, მისი სიკვდილიდან 1 960-ზე მეტი წლის შემდეგ, მის მიერ გამოვლენილი სულისკვეთება ადამიანთა გულებს აღელვებს. ყველა ცოცხალ ადამიანს ტვირთად ადევს ცოდვის შედეგები. მილიონობით ადამიანი უსამართლობის, დაავადებებთან ბრძოლის ან სხვა მიზეზებით გამოწვეული მტანჯველი გულგატეხილობის მსხვერპლია. ყველა ასეთ ადამიანს იესო ეუბნება: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“ (მათე 11:28–30).
12 იესო სათუთად ზრუნავდა ღარიბებზე, მშივრებისა და გულნატკენებზე. აუცილებელი პირობებიდან გამომდინარე მან ხალხის დიდი ჯგუფიც კი სასწაულებრივად უზრუნველყო საკვებით (ლუკა 9:12–17). მან გაათავისუფლა ისინი ადათ-წესებისგან, რომლებიც მათ მონა-მორჩილებად ხდიდა. მან აგრეთვე გააძლიერა მათი რწმენა ღვთის გათვალისწინებული ზომებისადმი, რომ ბოლოს მოუღებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ შევიწროებას. იესო არ ახშობდა უკვე დაჩაგრულების მორალურ ძალას. სათუთად და მოსიყვარულედ ის ოსტატურად ამხნევებდა მორიდებულებს. ის აძლიერებდა გადატეხილი ლერწმის მსგავსად ორად მოხრილებსა და ჩაქრობამდე მისული მბჟუტავი პატრუქის მსგავს ადამიანებს. მისი სახელი დღემდე იმედს აღძრავს იმ ადამიანთა გულებშიც კი, ვისაც არ უნახავს ის (მათე 12:15–21; 15:3–10).
13. რატომ იზიდავს ადამიანებს იესოს დამოკიდებულება ცოდვილებთან?
13 იესო არ იწონებდა ბოროტმოქმედებას, მაგრამ ის გულისხმიერად ეპყრობოდა ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებაში დაშვებულ შეცდომებს ინანიებდნენ და მასთან დახმარებას ეძებდნენ (ლუკა 7:36–50). ის ხალხში საძულველ ადამიანებთან ჯდებოდა და მათთან საჭმელსაც შეჭამდა, თუ გრძნობდა, რომ ეს მათთვის სულიერი დახმარების შესაძლებლობას მისცემდა (მათე 9:9–13). მის მიერ გამოვლენილი სულისკვეთების შედეგად, მსგავს მდგომარეობაში მყოფი მილიონობით ადამიანი, რომლებსაც არ უნახავთ იესო, აღიძვრებიან, შეიცნონ ის და ირწმუნონ.
14. რა გიზიდავს იესოს მოქმედებაში, როცა ავადმყოფებს, ხეიბრებსა თუ ობლებს ეხმარებოდა?
14 ავადმყოფებისა თუ ხეიბრებისადმი იესოს დამოკიდებულება, მათთვის შვების მოტანის უნარის გარდა, მის გულითადობასა და თანაგრძნობაზე მეტყველებს. ამიტომ იესომ არ დაიხია კეთროვანი მამაკაცის დანახვისას, როცა ის მიუახლოვდა და დახმარებისთვის მიმართა. და მას არ უთქვამს მამაკაცისთვის, რომ მისადმი თანაგრძნობის მიუხედავად, უკიდურესად რთული შემთხვევის გამო ვერაფრით უშველიდა. მამაკაცი შეევედრა: „უფალო, თუ გინდა, შეგიძლია ჩემი განწმედა“. იესომ უყოყმანოდ გაიწოდა ხელი, შეეხო კეთროვან მამაკაცს და უთხრა: „მინდა, განიწმიდე!“ (მათე 8:2, 3). სხვა შემთხვევაში ერთი ქალი ცდილობდა განკურნებას მისი ტანსაცმლის კალთის შეუმჩნევლად შეხებით. იესო გულკეთილად მოეპყრო მას და შეიწყნარა (ლუკა 8:43–48). აგრეთვე დამკრძალავ პროცესიასთან მოულოდნელად შეხვედრისას მას შეეცოდა დარდით მოკლული ქვრივი, რომელსაც ერთადერთი ვაჟიშვილი დაეღუპა. თუმცა თავისთვის საკვების სასწაულებრივად უზრუნველსაყოფად ღვთისგან მოცემული ძალის გამოყენებას უარყოფდა, იესომ არ დაინანა ის მკვდარი მამაკაცის აღსადგენად და დედამისისთვის მის დასაბრუნებლად (ლუკა 4:2–4; 7:11–16).
15. როგორ მოქმედებს შენზე იესოს შესახებ ცნობების წაკითხვა და მათზე დაფიქრება?
15 ამ ცნობების წაკითხვისა და იესოს გამოვლენილ სულისკვეთებაზე დაფიქრებისას ჩვენ უფრო და უფრო გვიღრმავდება სიყვარული ამ პიროვნებისადმი, რომელმაც გასწირა ადამიანური სიცოცხლე, რათა მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა გვქონოდა. თუმცა ჩვენ არ გვინახავს ის, ჩვენ ვილტვით მისკენ და გვსურს, მივყვეთ მის ნაკვალევს (1 პეტრე 2:21).
ღვთისადმი მისი თავმდაბლური მინდობა
16. ვისზე ამახვილებდა იესო ძირითად ყურადღებას და რის გასაკეთებლად გაგვამხნევა?
16 ყოველივეზე მეტად თვითონ იესო ამახვილებდა ყურადღებას ზეციერ მამაზე, იეჰოვა ღმერთზე და ჩვენც აღგვძრავს ამის გასაკეთებლად. მან ყველაზე დიდი მცნება აღნიშნა რჯულში, როცა თქვა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“ (მათე 22:36, 37). თავის მოწაფეებს ის შეაგონებდა: „იქონიეთ ღვთის რწმენა“ (მარკოზი 11:22, 23ა). როცა რწმენის სერიოზულ გამოცდას უპირისპირდებოდნენ, ის აღძრავდა მათ: „მუდამ ილოცეთ“ (მათე 26:41, აქ).
17, 18. ა) როგორ გამოავლინა იესომ მამისადმი თავმდაბლური მინდობა? ბ) რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რაც მან შეასრულა?
17 იესომ პირადი მაგალითი დაგვიტოვა. ლოცვა მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო (მათე 14:23; ლუკა 9:28; 18:1). როცა მოციქულების ამორჩევის დრო დადგა, იესო უბრალოდ თავის გადაწყვეტილებას არ მიენდო, თუმცა წინათ ყველა ზეციერი ანგელოზი მის ზედამხედველობაში იყო. მან თავმდაბლურად მთელი ღამე გაატარა მამისადმი ლოცვაში (ლუკა 6:12, 13). პატიმრობისა და მტკივნეული სიკვდილის წინაშე წარდგომისას, იესომ კვლავ მამას მიმართა დაჟინებული ლოცვით. ის არ ეყრდნობოდა იმ თვალსაზრისს, რომ კარგად იცნობდა სატანას და იოლად გაუმკლავდებოდა ამ ბოროტი არსების მხრიდან ნებისმიერ ხრიკს. იესოს ესმოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო, არ დამარცხებულიყო. რა სამარცხვინო იქნებოდა მისი დამარცხება მამისთვის! და რა დანაკარგი იქნებოდა კაცობრიობისთვის, რომლის მომავალი სიცოცხლე დამოკიდებული იყო შესაწირავზე, იესოს რომ უნდა გაეღო!
18 იესო არაერთხელ ლოცულობდა, მაგალითად, იერუსალიმში ზედა ოთახში თავის მოციქულებთან ყოფნისას და კიდევ უფრო მხურვალედ გეთსიმანიის ბაღში (მათე 26:36–44; იოანე 17:1–26; ებრაელთა 5:7). წამების ძელზე ტანჯვისას ის არ ლანძღავდა დამცინავებს. პირიქით, მათთვის ლოცულობდა, ვისაც უცოდინარობა ხელმძღვანელობდა: „მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ“ (ლუკა 23:34). ის მუდამ მამაზე ფიქრობდა, რადგან ‘სიმართლით განმკითხველს ენდობოდა’. წამების ძელზე წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვები მამისადმი ლოცვა იყო (1 პეტრე 2:23; ლუკა 23:46). რამდენად მადლიერები ვართ, რომ იეჰოვასადმი სრული მინდობით იესომ ერთგულად დაასრულა მამისგან მინდობილი დავალება! თუმცა იესო ქრისტე არ გვინახავს, რა ღრმად გვიყვარს ის იმისთვის, რაც გააკეთა!
მისადმი ჩვენი სიყვარულის გამოვლენა
19. რომელ სრულიად არასათანადო ჩვევებს ავარიდებდით თავს იესოსადმი სიყვარულის გამოვლენით?
19 რით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ სიყვარული, რომელსაც ვაღიარებთ, უბრალოდ გამოთქმულ სიტყვებზე მეტია? რადგან მამა, რომელიც იესოს უყვარდა, კრძალავს გამოსახულებების გაკეთებასა და შემდეგ მათდამი თავდადებას, უდავოა, ჩვენ ვერ მივაგებდით პატივს იესოს ძეწკვზე ჩამოკიდებული გამოსახულებების კისერზე ჩამოკიდებით ან ქუჩებში გატარებით (გამოსვლა 20:4, 5; იოანე 4:24). ჩვენ ვერ განვადიდებდით იესოს თუნდაც კვირაში რამდენჯერმე წირვაზე დასწრებით, თუ კვირის დანარჩენ დროს მისი სწავლებების თანახმად არ ვიცხოვრებდით. იესომ თქვა: „ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს“ (იოანე 14:21, 23; 15:10).
20. რომელი საკითხები ცხადყოფს ნამდვილად გვიყვარს თუ არა იესო?
20 რა მცნებები მოგვცა იესომ? უპირველეს ყოვლისა, თაყვანი ვცეთ მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას — მხოლოდ მას (მათე 4:10; იოანე 17:3). ღვთის განზრახვაში თავისი როლის საფუძველზე იესომ აგრეთვე გვასწავლა, რომ ის ღვთის ძედ უნდა ვირწმუნოთ და ჩვენი რწმენა ბოროტი საქმეებისგან გარიდებითა და ნათელში სიარულით გამოვავლინოთ (იოანე 3:16–21). მან გვირჩია, რომ ფიზიკურ საჭიროებებზე წინ ღვთის სამეფოსა და მისი სიმართლის დაყენებით უწინარეს ის ვეძებოთ (მათე 6:31–33). მან გვიბრძანა, გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც თვითონ შეგვიყვარა (იოანე 13:34; 1 პეტრე 1:22). აგრეთვე დაგვავალა, ღვთის განზრახვის დამმოწმებლები ვყოფილიყავით, როგორიც თვითონ იყო (მათე 24:14; 28:19, 20; გამოცხადება 3:14, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). თუმცა დღეს იეჰოვას დაახლოებით ხუთ მილიონ მოწმეს არ უნახავს იესო, მისადმი წრფელი სიყვარული აღძრავს მათ ამ მცნებების შესასრულებლად. ფაქტი, რომ პირადად არ უნახავთ იესო, ოდნავაც არ ასუსტებს მორჩილებად ყოფნის გადაწყვეტილებას. ისინი იხსენებენ, რასაც მათი უფალი მოციქულ თომას ეუბნებოდა: „შენ მირწმუნე, იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და სწამთ“ (იოანე 20:29).
21. რით არის სასარგებლო დასწრება ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე, რომელიც მიმდინარე წლის 23 მარტს, კვირას იქნება ჩატარებული?
21 იმედია, შენც იქნები მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზებში შეკრებილთა შორის 1997 წლის 23 მარტს მზის ჩასვლის შემდეგ, რათა გაიხსენო კაცობრიობისადმი ღვთის სიყვარულის უდიდესი გამოვლენა და აღნიშნო მისი ურყევად ერთგული ძის, იესო ქრისტეს, სიკვდილი. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ნათქვამმა და გაკეთებულმა უნდა გააღრმავოს სიყვარული იეჰოვასა და მისი ძისადმი და, ამრიგად, გაზარდოს ღვთის მცნებების დაცვის სურვილი (1 იოანე 5:3).
როგორ უპასუხებდი?
◻ როგორ შეიცნეს და შეიყვარეს იესო მათ, რომლებისადმიც „პეტრეს პირველი წერილი“ იყო მიმართული?
◻ ადრინდელი ქრისტიანების მიერ შესმენილი საკითხებიდან რომლებმა მოახდინეს შენზე შთაბეჭდილება?
◻ რას იტყოდი იესოს სულისკვეთების შესახებ, რომელიც მისადმი შენს სიყვარულს აღრმავებს?
◻ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ღვთისადმი იესოს თავმდაბალი მინდობა?
◻ რით შეგვიძლია იესო ქრისტესადმი სიყვარულის გამოვლენა?
[სურათები 16, 17 გვერდებზე]
იესოსკენ გვიზიდავს მის მიერ გამოვლენილი სულისკვეთება.