ნეტარნი არიან, რომლებიც ფხიზლობენ!
„აჰა, მოვდივარ, როგორც ქურდი. ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს“ (გამოცხადება 16:15).
1. რას შეიძლება ველოდოთ იეჰოვას დღის სიახლოვის გათვალისწინებით?
იეჰოვას დიდი დღე ახლოსაა, ხოლო ეს ომს ნიშნავს! ხილვაში მოციქულმა იოანემ ბაყაყების მსგავსი „ეშმაკის სულები“ იხილა, რომლებიც დედამიწის ყველა ‘მეფესთან’, ანუ მმართველებთან გამოდიოდნენ. რისთვის? „რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისათვის“! იოანემ დაამატა: «შეკრიბა [„მათ შეკრიბეს“, აქ] ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება» (გამოცხადება 16:13–16).
2. ვინ არის გოგ მაგოგელი და რა მოხდება, როცა თავს დაესხმის იეჰოვას ხალხს?
2 მალე იეჰოვა აღძრავს ამ სისტემის პოლიტიკურ ნაწილს დიდი ბაბილონის, ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერიის, გასანადგურებლად (გამოცხადება 17:1–5, 15–17). შემდეგ გოგ მაგოგელი, ზეციდან დედამიწის მიდამოებში გადმოგდებული სატანა ეშმაკი, ჩაამწკრივებს თავის ურდოებს და ჯიქურ თავს დაესხმის იეჰოვას მშვიდობიან, გარეგნულად თითქოს დაუცველ ხალხს (ეზეკიელი 38:1–12). მაგრამ თავის ხალხს ღმერთი იხსნის. ეს იქნება ‘უფლის დიდი და საშინელი დღის’ მოულოდნელი დაწყების ნიშანი (იოველი 3:4; ეზეკიელი 38:18–20).
3. როგორ აღწერდი ეზეკიელის 38:21–23-ში ნაწინასწარმეტყველებ მოვლენებს?
3 დიახ, იეჰოვა გაათავისუფლებს თავის ხალხს და გაანადგურებს სატანის სისტემის ყოველგვარ ნაკვალევს, როცა ჰარ-მეგიდონად, ანუ არმაგედონად წოდებულ ქვეყნიერების მდგომარეობას მივაღწევთ. წაიკითხე ეზეკიელის 38:21–23-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველური სიტყვები და წარმოიდგინე იქ აღწერილი სურათი. იეჰოვას ძალა აქვს, რომ მოახდინოს წამლეკავი თავსხმა, გამანადგურებელი ქვის სეტყვა, ცეცხლის წვიმა და გამოიწვიოს სასიკვდილო ეპიდემია. გოგ მაგოგელისგან დაბნეულობაში ჩაგდებული ურდოების ერთმანეთთან ბრძოლის დროს ყველგან გაბატონებულია პანიკა. ყოვლისშემძლე ღვთის ყოველი დარჩენილი მტერი სიკვდილით ისჯება, როცა თავისი მსახურების სახსნელად იეჰოვა ზებუნებრივ საშუალებებს იყენებს. სატანის ურწმუნო სისტემისგან აღარაფერი დარჩება, როცა ნაწინასწარმეტყველები „დიდი გასაჭირი“ თავის სარბიელს გაირბენს (მათე 24:21). მაგრამ აგონიაშიც კი ბოროტები გაიგებენ, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მათი უბედურებისთვის. ჩვენი გამარჯვებული ღმერთი პირადად ამბობს: „მიხვდებიან, რომ უფალი ვარ“. ეს განსაკუთრებული მოვლენები ჩვენს დღეებში — იესოს თანდასწრების დროს — მოხდება.
ქურდივით მოსვლა
4. როგორ მოვა იესო ამ ბოროტი სისტემის გასანადგურებლად?
4 დიდებით მოსილმა უფალმა იესო ქრისტემ თქვა: „აჰა, მოვდივარ, როგორც ქურდი“. ქურდის მსგავსად მოსვლა იქნება უეცარი, მოულოდნელი, როცა უმრავლესობას სძინავს. როცა ამ ბოროტი სისტემის გასანადგურებლად იესო ქურდივით მოვა, ის დაიცავს მათ, ვინც ნამდვილად ფხიზლობს. მან იოანეს უთხრა: „ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს, რათა შიშველმა არ იაროს და არ დაინახონ მისი სირცხვილი“ (გამოცხადება 16:15). რა არის ამ სიტყვების არსი? და როგორ შეგვიძლია სულიერი სიფხიზლის შენარჩუნება?
5. რა წესრიგი არსებობდა ტაძარში სამსახურისთვის დედამიწაზე იესოს ყოფნისას?
5 ჩვეულებრივ, გუშაგს ვერ გააშიშვლებდნენ, გუშაგობაზე თუ არ ჩაეძინებოდა. მაგრამ დედამიწაზე იესოს ყოფნისას და იერუსალიმის ტაძარში მღვდლებისა და ლევიანების დანაყოფების მსახურებისას ასეთი შემთხვევა იერუსალიმის ტაძარში მომხდარა. ძვ. წ. XI საუკუნეში მეფე დავითმა ჩამოაყალიბა 24 დანაყოფიანი ორგანიზაცია ისრაელის ასობით მღვდლისა და მათი ათასობით ლევიანი დამხმარისგან (პირველი ნეშტთა 24:1–18). ათასზე მეტი მომზადებული მსახურისგან შემდგარი თითოეული დანაყოფი ტაძარში მსახურებასთან დაკავშირებული საქმეების თავის რიგს სრული ერთი კვირით, ყველაზე მცირე, წელიწადში ორჯერ ასრულებდა. მაგრამ კარვობის დღესასწაულზე მოვალეობების შესასრულებლად ყველა 24 დანაყოფი ესწრებოდა. დამატებითი დახმარება აგრეთვე პასექის დღესასწაულების დროს იყო საჭირო.
6. რას იგულისხმებდა იესო, როცა თქვა: „ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს“?
6 როცა იესომ თქვა: „ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს“, მან შეიძლება იმ დროისთვის ტრადიციულ მოქმედებაზე მიუთითა, რომელიც ტაძარში გუშაგობას შეიცავდა. იუდაური „მიშნა“ იტყობინება: «ტაძარში მღვდლები სამ ადგილზე იცავდნენ გუშაგობას: აბტინას სახლის ოთახში, ცეცხლის ოთახსა და ბუხრის ოთახში; ხოლო ლევიანები ოცდაერთ ადგილზე; ხუთი — ტაძრის მთის ხუთ კარიბჭეში, ოთხი — შიგნით მის ოთხ კუთხეში, ხუთი — ტაძრის ეზოს ხუთ კარიბჭეში, ოთხი — გარე ოთხ კუთხეში, ერთი — შესაწირავების ოთახში, ერთი — ფარდის ოთახში და კიდევ ერთი შენდობის ადგილის უკან [წმიდათა წმიდის უკანა კედლის გარეთ]. ტაძრის მთის მოხელე ყველა გუშაგს შემოუვლიდა ანთებული ჩირაღდნებით, რომლებიც წინ მიჰქონდათ, და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გუშაგი არ დგებოდა სიტყვებით: „ო, ტაძრის მთის მოხელევ, მშვიდობა შენდა!“, რაც ჩაძინებაზე მიუთითებდა, ოფიცერი სცემდა მას კვერთხით და უფლება ჰქონდა, დაეწვა მისი ზედა ტანსაცმელი» (The Mishnah, Middoth [“Measurements”], 1, აბზაცები 1, 2, ჰერბერტ დენბის თარგმანი).
7. რატომ უნდა ეფხიზლათ მღვდლებსა და ლევიანებს ტაძარში გუშაგობისას?
7 სამსახურებრივი დანაყოფიდან მრავალი ლევიანი და მღვდელი მთელი ღამე ფხიზლობდა გუშაგობის შესასრულებლად და ტაძრის შიდა ეზოებში უწმინდურის შესვლის აღსაკვეთად. რადგან „ტაძრის მთის მოხელე“, ანუ „ტაძრის მეთაური“ ღამის შემოვლის დროს ყველა 24 სადარაჯოს უვლიდა, თავის ადგილზე მდგომ ყოველ გუშაგს უნდა ეფხიზლა, თუ არ სურდა, რომ მოვალეობის უგულებელყოფაზე დაეჭირათ (საქმეები 4:1).
8. რა არის ქრისტიანის ფიგურალური სამოსელი?
8 ცხებული ქრისტიანები და მათი თანამსახურნი სულიერ სიფხიზლეს უნდა ინარჩუნებდნენ და თავიანთ ფიგურალურ ზედა სამოსელს უნდა იცავდნენ. ეს იეჰოვას სულიერ ტაძარში სამსახურებლად ჩვენი დანიშნულებების ხილული მტკიცებაა. ამის შესაცნობად ჩვენ გვაქვს ღვთის სულიწმიდა, ანუ მოქმედი ძალა, რათა დაგვეხმაროს ჩვენი მოვალეობებისა და სამეფოს მაუწყებლების შესაფერი უპირატესობების შესასრულებლად. საგუშაგო ადგილებზე ჩაძინება ჩვენ, როგორც ღვთის მსახურებს, იესო ქრისტეს, დიდებული სულიერი ტაძრის მეთაურის მიერ დაჭერის საფრთხეში ჩაგვაყენებდა. ამ დროს სულიერად ჩაძინება ფიგურალურად გაგვაშიშვლებდა და სიმბოლურ სამოსელს დაგვიწვავდა. ამიტომ, როგორ შეგვიძლია სულიერი სიფხიზლის შენარჩუნება?
როგორ შეგვიძლია სიფხიზლის შენარჩუნება
9. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ბიბლიის შესწავლა ქრისტიანული პუბლიკაციების დახმარებით?
9 ქრისტიანული პუბლიკაციების დახმარებით საღვთო წერილის გულმოდგინე შესწავლა აღვივებს სულიერ სიფხიზლეს. ასეთი შესწავლა მოგვამზადებს მსახურებისთვის, დაგვეხმარება მრავალი კრიზისის შესახვედრად და გვიჩვენებს გზას მარადიული ბედნიერებისკენ (იგავნი 8:34, 35; იაკობი 1:5–8). შესწავლა უნდა იყოს საგულდაგულო და პროგრესული (ებრაელთა 5:14–6:3). რეგულარულად მიღებულ კარგ საზრდოს შეუძლია დაგვეხმაროს სიფხიზლისა და მზადყოფნის შენარჩუნებაში. მას შეუძლია აგვარიდოს მოდუნებულობა, რომელიც შესაძლოა ცუდი კვების ნიშანი იყოს. ჩვენ არანაირი მიზეზი არ გვაქვს არასაკმარისი სულიერი კვებისა და მოდუნებულობისთვის, რადგან ღმერთი უხვად უზრუნველგვყოფს სულიერი საზრდოთი ცხებული ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით (მათე 24:45–47). პირადი და ოჯახური შესწავლის საშუალებით სულიერი საზრდოს რეგულარული მიღება ერთ-ერთი მეთოდია სიფხიზლისა და ‘რწმენაში სიჯანსაღის’ შესანარჩუნებლად (ტიტე 1:13).
10. როგორ გვეხმარება ქრისტიანული კრებები და პატარა თუ დიდი კონგრესები სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში?
10 სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში ქრისტიანული კრებები და პატარა თუ დიდი კონგრესები გვეხმარება. ისინი აღგვძრავს და შესაძლებლობას გვაძლევს ‘ერთმანეთის სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის წასახალისებლად’. განსაკუთრებით იმიტომ უნდა ვიკრიბებოდეთ რეგულარულად, რომ ‘ვატყობთ იმ დღის მოახლოებას’. ის დღე ახლა მართლაც ახლოა. ეს არის «უფლის დღე», როცა ის გაამართლებს თავის უზენაეს ხელისუფლებას. თუ ის დღე ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენთვის — რაც მართლაც ასე უნდა იყოს — ჩვენ არ „მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს“ (ებრაელთა 10:24, 25; 2 პეტრე 3:10).
11. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანული მსახურება არსებითად მნიშვნელოვანია სულიერი სიფხიზლისთვის?
11 ქრისტიანულ მსახურებაში მთელი გულით მონაწილეობის მიღება არსებითად მნიშვნელოვანია სულიერი სიფხიზლისთვის. კეთილი ცნობის რეგულარული და გულმოდგინე ქადაგება სიფხიზლეს გვინარჩუნებს. ჩვენი მსახურება მრავალ შესაძლებლობას გვთავაზობს ღვთის სიტყვის, მისი სამეფოსა და განზრახვების შესახებ ადამიანებთან საუბრისთვის. სიამოვნების მომგვრელია კარდაკარ დამოწმება, განმეორებით მონახულებებზე წასვლა და ისეთი პუბლიკაციების საშუალებით ბიბლიის საშინაო შესწავლის ჩატარება, როგორიცაა „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ძველი ეფესოს უხუცესებს შეეძლოთ დაემოწმებინათ, რომ პავლე ასწავლიდა მათ „საჯაროდ თუ სახლებში“ (საქმეები 20:20, 21). რასაკვირველია, იეჰოვას ზოგ მოწმეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს, რომლებიც, გარკვეულწილად, ხელის შემშლელია მსახურებაში, მაგრამ ისინი ნახულობენ საშუალებებს, მოუთხრონ სხვებს იეჰოვასა და მისი მეფობის შესახებ და ასე მოქმედებით დიდ სიხარულს იძენენ (ფსალმუნი 144:10–14).
12, 13. რომელი მიზეზებით უნდა მოვერიდოთ ჭამა-სმაში გადამეტებულ გატაცებას?
12 სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში დაგვეხმარება გადამეტებული გატაცებების არიდება. თავისი თანდასწრების მოხსენიებისას იესომ მოუწოდა მოციქულებს: „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გული ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ მოულოდნელად. ვინაიდან ის, როგორც მახე, დაეცემა ყველა მკვიდრს მთელი დედამიწის ზურგზე“ (ლუკა 21:7, 34, 35). ღორმუცელობა და ლოთობა სრულიად ეწინააღმდეგება ბიბლიის პრინციპებს (მეორე რჯული 21:18–21). იგავნის 23:20, 21-ში ნათქვამია: „ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის; რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს (იგავნი 28:7).
13 მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადამეტებულ სმა-ჭამას ასეთ დონემდე არ მიუღწევია, მას შეუძლია ძილი მორიოს ადამიანს და ზარმაცი და ღვთის ნების შესრულების უგულებელმყოფელიც კი გახადოს. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება საზრუნავი ოჯახურ ცხოვრებასთან, ჯანმრთელობასა და სხვა მრავალ რამესთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, თუ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე დავაყენებთ ჩვენს ცხოვრებაში და ვირწმუნებთ, რომ ჩვენი ზეციერი მამა ყოველივეთი უზრუნველგვყოფს (მათე 6:25–34). სხვაგვარად, ‘ის დღე’ გვეწევა „როგორც მახე“, შესაძლოა, როგორც ფარული ხაფანგი, რომელიც მოულოდნელად დაგვიჭერს ან ისეთი ხაფანგების მსგავსად შეგვიტყუებს, რომლებიც იტყუებს და შემდეგ იპყრობს მიამიტ ცხოველებს. ეს არ მოხდება, თუ შევინარჩუნებთ სიფხიზლეს და სრულად შევიგნებთ, რომ ‘უკანასკნელი ჟამის’ პერიოდში ვცხოვრობთ (დანიელი 12:4).
14. რატომ უნდა ვიყოთ მუდამ გულწრფელ ლოცვაში?
14 სულიერი სიფხიზლისთვის კიდევ ერთი დახმარება არის გულწრფელი ლოცვა. თავის დიდებულ წინასწარმეტყველებაში იესო კვლავ მოუწოდებდა: „ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე“ (ლუკა 21:36). დიახ, მოდი ვილოცოთ, რომ ყოველთვის ვიყოთ იეჰოვას მხარეზე და ვისარგებლოთ მოწონებული მდგომარეობით, როცა იესო, კაცის ძე, მოვა ამ ბოროტი სისტემის გასანადგურებლად. ჩვენს სასიკეთოდ და თანამორწმუნეების სასიკეთოდ, რომლებისთვისაც ვლოცულობთ, ‘ფხიზლად უნდა ვიყოთ ლოცვაში’ (კოლასელთა 4:2; ეფესელთა 6:18–20).
დრო იწურება
15. რა სრულდება სიმართლის მქადაგებლებად ჩვენი მსახურებით?
15 იეჰოვას დიდი დღის მოლოდინში, უეჭველია, მისადმი მსახურებაში ჩვენ შეძლებისდაგვარად ყველაფრის გაკეთება გვსურს. თუ ამის შესახებ მისადმი გულმოდგინედ ვლოცულობთ, ჩვენთვის შეიძლება „ღვაწლის ფართე კარი“ გაიხსნას (1 კორინთელთა 16:8, 9). ღვთის დანიშნულ დროს იესო შეასრულებს განაჩენს და გამოარჩევს მარადიული სიცოცხლის ღირს უმწიკვლო ‘ცხვრებს’ უღვთო ‘თხებისგან’, რომლებიც საუკუნო განადგურებას იმსახურებენ (იოანე 5:22). თხებისგან ცხვრების გამორჩევა ჩვენი მოვალეობა არ არის. მაგრამ სიმართლის მქადაგებლებად ჩვენი მსახურება შესაძლებლობას სთავაზობს ადამიანებს, აირჩიონ ღვთისადმი მსახურების შემცველი სიცოცხლე და ამრიგად მოიპოვონ სიცოცხლისთვის გამორჩეულთა იმედი, როცა იესო „მოვა. . . თავისი დიდებით“. იმ დროს, როცა ‘საუკუნო სიცოცხლისთვის განწესებულებს [„სწორად განწყობილებს“, აქ]’ ვეძებთ, ამ სისტემისთვის დარჩენილი ხანმოკლე პერიოდი კიდევ უფრო აძლიერებს გულწრფელი მოღვაწეობის აუცილებლობას (მათე 25:31–46; საქმეები 13:48).
16. რატომ უნდა ვიყოთ სამეფოს გულმოდგინე მაუწყებლები?
16 ნოეს დროინდელი ქვეყნიერებისთვის დრო ამოიწურა და მალე ის ამ სისტემისთვისაც ამოიწურება. ამიტომ მოდი სამეფოს გულმოდგინე მაუწყებლები ვიყოთ. ჩვენი სამქადაგებლო მსახურება წარმატებით წინ მიიწევს, რადგან ყოველწლიურად ასი ათასობით ადამიანი ინათლება ღვთისადმი მიძღვნის სიმბოლოდ. ისინი იეჰოვას კურთხეული ორგანიზაციის ნაწილი ხდებიან — „ხალხი მისი და ცხვარი, სამწყსო მისი“ (ფსალმუნი 99:3). რა დიდი სიხარულია სამეფოს შესახებ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მიღება, რომელსაც იეჰოვას ‘დიდი და საშინელი დღის დადგომამდე’ იმედი მოაქვს ასე მრავალი ადამიანისთვის!
17, 18. ა) რა რეაგირებას უნდა ველოდეთ ზოგი ადამიანისგან ქადაგებისას? ბ) რა ეწევა დამცინავებს აუცილებლად?
17 ნოეს მსგავსად, ჩვენც გვაქვს ღვთის მხარდაჭერა და მფარველობა. დიახ, ადამიანები და ხორცშესხმული ანგელოზები თუ ბუმბერაზები, ალბათ, აგდებულად ეპყრობოდნენ ნოეს ცნობას, მაგრამ ამ ფაქტს არ დაუბრკოლებია ის. დღეს ზოგი დაგვცინის, როცა „უკანასკნელ დღეებში“ ცხოვრების უთვალავ მტკიცებაზე მივუთითებთ (2 ტიმოთე 3:1–5). ასეთი დაცინვით სრულდება ბიბლიის წინასწარმეტყველება ქრისტეს თანდასწრებასთან დაკავშირებით, რადგან პეტრემ დაწერა: „უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან. ამბობენ: სად არის მისი მოსვლის აღთქმაო? რადგან მას შემდეგ, რაც მიიცვალნენ მამები, ყოველივე უცვლელად რჩება დასაბამიდან მოყოლებული“ (2 პეტრე 1:16; 3:3, 4).
18 დღევანდელმა დამცინავებმა შეიძლება იფიქრონ: „არაფერი შეცვლილა დასაბამიდან. სიცოცხლე გრძელდება, ადამიანები ჭამენ, სვამენ, ქორწინდებიან და ოჯახებს ქმნიან. თუ იესო უკვე ესწრება, ის ჩემ დროს არ შეასრულებს განაჩენს“. რა ძალიან ცდებიან ისინი! თუ მანამდე სხვა მიზეზებით არ მოკვდებიან, იეჰოვას საშინელი დღე აუცილებლად ისევე ეწევა მათ, როგორც წარღვნით გამოწვეული კატასტროფული განადგურება ეწია ნოეს დროინდელ ბოროტ თაობას (მათე 24:34).
ყველანაირად შეინარჩუნე სიფხიზლე!
19. როგორ უნდა ვუყურებდეთ მოწაფეებად ადამიანების მომზადებასთან დაკავშირებულ ჩვენს საქმიანობას?
19 თუ იეჰოვასადმი მიძღვნილები ვართ, დაე ნურასდროს დაგვაძინებს მცდარი მსჯელობა. ეს სიფხიზლის შენარჩუნების დროა, ღვთის წინასწარმეტყველებისადმი რწმენის გამოვლენისა და ‘ყველა ხალხისგან მოწაფეებად ადამიანების’ მომზადებასთან დაკავშირებული დავალების შესრულების დროა (მათე 28:19, 20). ახლა, როცა ეს სისტემა თავის საბოლოო აღსასრულის წინაშე დგას, შეუძლებელია, რომ იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით იეჰოვა ღმერთისადმი მსახურებასა და აღსასრულის მოსვლამდე მთელ მსოფლიოში ‘სასუფევლის შესახებ სახარების’ ქადაგებაზე დიდებული უპირატესობა გვქონდეს (მათე 24:14; მარკოზი 13:10).
20. რა მაგალითი დაგვიტოვეს ქალებმა და იესო ნავეს ძემ და რას ცხადყოფს მათი მოქმედება ჩვენთვის?
20 იეჰოვას ხალხიდან ზოგი ემსახურება მას ათწლეულების, შესაძლოა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში. და სულ ახალი მიღებულიც რომ გვქონდეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა, დაე ებრაელი მამაკაცის, სახელად ქალების მსგავსნი ვიყოთ, რომელიც ბოლომდე „უფლის ერთგული იყო“ (მეორე რჯული 1:34–36). ეგვიპტის მონობიდან ისრაელის გათავისუფლების შემდეგ ცოტა ხანში ის და იესო ნავეს ძე საკმაოდ მზად იყვნენ აღთქმულ მიწაზე შესასვლელად. მაგრამ უფროსი თაობის ისრაელებს ძირითადად არ ჰქონდათ რწმენა და მათ უდაბნოში მოუწიათ 40 წლის გატარება, სადაც მოკვდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში ქალები და იესო ნავეს ძე მათთან ერთად იტანდნენ გაჭირვებას, მაგრამ აღთქმულ მიწაზე საბოლოოდ ეს ორი მამაკაცი შევიდა (რიცხვნი 14:30–34; იესო ნავეს ძე 14:6–15). თუ ბოლომდე ‘იეჰოვას ერთგულნი ვიქნებით’ და სულიერ სიფხიზლეს შევინარჩუნებთ, ჩვენ ღვთის აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში შესვლით გავიხარებთ.
21. რას მოვესწრებით, თუ სულიერ სიფხიზლეს შევინარჩუნებთ?
21 ფაქტები ნათლად ამტკიცებს, რომ ჩვენ აღსასრულის პერიოდში ვცხოვრობთ და რომ იეჰოვას დღე ახლოა. ახლა დაძინებისა და ღვთის ნების შესრულების უგულებელყოფის დრო არ არის. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიქნებით კურთხეულნი, თუ სულიერ სიფხიზლეს შევინარჩუნებთ და იეჰოვას ქრისტიანი მსახურების ამოსაცნობ სამოსელს დავიცავთ. დაე მივიღოთ გადაწყვეტილება — ‘ვიფხიზლოთ, ვიდგეთ რწმენაში და ვაჟკაცურად და ძლიერად ვიყოთ’ (1 კორინთელთა 16:13). დაე თითოეული ჩვენგანი უდრეკი და გაბედული იყოს, როგორც იეჰოვას მსახური. მაშინ ჩვენც ვიქნებით მათ შორის, რომლებიც მზად იქნებიან იეჰოვას დიდი დღის დარტყმისთვის და ერთგულად იმსახურებენ სიფხიზლის დამცველ ბედნიერ ადამიანთა რიგებში.
როგორ უპასუხებდი?
◻ როგორ განმარტავდი ჩვენს ფიგურალურ ზედა სამოსელს და როგორ შეგვიძლია მისი დაცვა?
◻ რომელია სულიერი სიფხიზლის შესანარჩუნებელი რამდენიმე საშუალება?
◻ რატომ უნდა მოველოდეთ დამცინავებს და როგორ უნდა ვუყურებდეთ მათ?
◻ როგორ უნდა ვეპყრობოდეთ მოწაფეებად ადამიანების მომზადებასთან დაკავშირებულ ჩვენს საქმიანობას ამ ბოლო დღეებში?
[ჩანართი 16 გვერდზე]
ქრისტიანებს აქვთ ღვთის სულიწმიდა, რათა დაეხმაროს სიფხიზლის შენარჩუნებასა და მოვალეობების შესრულებაში.
[სურათი 15 გვერდზე]
გადაწყვეტილი გაქვს სულიერი სიფხიზლის შენარჩუნება და შენი ფიგურალური სამოსელის დაცვა?