დაე დაგიცვას გამჭრიახობამ
«გონიერება დაგიფარავს და შეგნება [„გამჭრიახობა“, აქ] დაგიცავს» (იგავნი 2:11).
1. რისგან შეუძლია ჩვენი დაცვა გამჭრიახობას?
იეჰოვას სურს, რომ გამჭრიახი იყო. რატომ? რადგან მან იცის, რომ ეს დაგიცავს ყველანაირი ხიფათისგან. ფაქტიურად, იგავნის 2:10–19 იწყება ასეთი სიტყვებით: «თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს, გონიერება დაგიფარავს და შეგნება [„გამჭრიახობა“, აქ] დაგიცავს». რისგან დაგიცავს? ‘ბოროტების გზისგან’ და მათგან, ვინც სწორ გზას ტოვებს და რომელთა საქციელი უკუღმართია.
2. რა არის გამჭრიახობა და განსაკუთრებით როგორი გამჭრიახობა სურთ ქრისტიანებს?
2 ალბათ გახსოვს, რომ გამჭრიახობა გონებრივი შემძლეობა, ანუ უნარია, რომლის საშუალებითაც გონება ერთ რამეს მეორისგან განასხვავებს. გამჭრიახი ადამიანი სწვდება აზრებისა თუ საკითხების სხვაობას და კარგი განსჯის უნარი აქვს. როგორც ქრისტიანებს, ჩვენ განსაკუთრებით გვსურს ღვთის სიტყვის ზუსტ შემეცნებაზე დაფუძნებული სულიერი გამჭრიახობა. საღვთო წერილის შესწავლის დროს, ჩვენ თითქოს სულიერი გამჭრიახობის ასაშენებელ ქვებს ვიძენთ. ხოლო შესწავლილს შეუძლია დაგვეხმაროს იეჰოვას მოსაწონი გადაწყვეტილებების მიღებაში.
3. როგორ შეგვიძლია სულიერი გამჭრიახობის მოპოვება?
3 როცა ღმერთმა ჰკითხა ისრაელის მეფე სოლომონს, რომელ კურთხევას ისურვებდა, ახალგაზრდა მმართველმა უპასუხა: „მიანიჭე შენს მორჩილს გამგები გული, რათა განაგოს შენი ერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისგან“. სოლომონმა გამჭრიახობა სთხოვა და იეჰოვამ არაჩვეულებრივი სიუხვით მისცა მას (მესამე მეფეთა 3:9; 4:30). გამჭრიახობის მოსაპოვებლად ჩვენ უნდა ვილოცოთ და ღვთის სიტყვა შევისწავლოთ ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით მოწოდებული სულიერად საგანმანათლებლო პუბლიკაციების დახმარებით (მათე 24:45–47). ეს დაგვეხმარება, განვავითაროთ სულიერი გამჭრიახობა იმ ზომამდე, რომ გავხდეთ „გონებისთვის. . . სრულწლოვანნი“ და შევძლოთ ‘კეთილისა და ბოროტის გარჩევა’ (1 კორინთელთა 14:20; ებრაელთა 5:14).
გამჭრიახობის განსაკუთრებული საჭიროება
4. რას ნიშნავს, გვქონდეს ‘სუფთა’ თვალი და რა სარგებლობა მოაქვს მას ჩვენთვის?
4 გამჭრიახობის სწორად გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ იესო ქრისტეს სიტყვების თანახმად: „უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და [ღვთის] სიმართლე, და ეს ყოველივე [მატერიალური] შეგემატებათ“ (მათე 6:33). აგრეთვე იესომ თქვა: „სხეულის სანთელი შენი თვალია. როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია“ (ლუკა 11:34). დიახ, თვალი ფიგურალური სანთელია. ‘სუფთა’ თვალი უბრალოა და მთელ ყურადღებას ერთ მიზანს აპყრობს. თუ ასეთი თვალი გვაქვს, ჩვენ შევძლებთ გამჭრიახობის გამოვლენას და არ დავბრკოლდებით სულიერად.
5. რა უნდა გვახსოვდეს ქრისტიანული კრების დანიშნულების შესახებ სავაჭრო საქმეებთან დაკავშირებით?
5 თვალის სუფთად შენახვის ნაცვლად, მაცდური სავაჭრო საქმეებით ზოგი ართულებს, როგორც საკუთარ, აგრეთვე სხვების ცხოვრებას. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანული კრება ‘ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველია’ (1 ტიმოთე 3:15). შენობის სვეტის მსგავსად, კრება, ნებისმიერი პირის სავაჭრო მეწარმეობის ნაცვლად, ღვთის ჭეშმარიტების საყრდენია. იეჰოვას მოწმეთა კრებები არ დაფუძნებულა კომერციული ინტერესების, საქონლისა და სხვადასხვა მომსახურების რეკლამირებისთვის. თავი უნდა შევიკავოთ სამეფო დარბაზში პირადი სავაჭრო საქმეების მოგვარებისგან. გამჭრიახობა გვეხმარება იმის დანახვაში, რომ სამეფო დარბაზები, კრების წიგნის შესწავლა და იეჰოვას მოწმეების დიდი თუ პატარა კონგრესები წარმოადგენს ქრისტიანული ურთიერთობისა და სულიერი საუბრებისთვის განკუთვნილ ადგილებს. განა კომერციის რომელიმე სფეროს წინ წასაწევად სულიერი ურთიერთობების გამოყენება სულიერი ფასეულობებისადმი, სულ მცირე, მადლიერების ნაკლებობას არ გამოავლენდა? კრებაში ნაცნობობა არასდროს არ უნდა გამოიყენებოდეს ფინანსური მოგების მიზნით.
6. რატომ არ უნდა ყიდდნენ ან რეკლამას უკეთებდნენ კომერციულ ნაწარმსა თუ მომსახურებას კრების შეხვედრებზე?
6 ზოგი თეოკრატიული წრის ნაცნობებს იყენებს, რათა გაყიდოს სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებები, ვიტამინები, დისტანციური კავშირის საგნები, სამშენებლო მასალა, კომპიუტერის პროგრამები და დანადგარები, მოაწყოს სამოგზაურო ტურები და ასე შემდეგ. მაგრამ კრების შეხვედრები არ არის ნაწარმის გაყიდვისა თუ მომსახურებების რეკლამირების ადგილი. ამ საკითხში ჩვენ შეგვიძლია ძირითადი პრინციპი დავინახოთ, თუ გვეხსომება, რომ იესომ «გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარებიც და ცხვრებიც, ფულის გადამცვლელებს ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა. მტრედების გამყიდველებს უთხრა: „გაიყვანეთ ესენი აქედან და მამაჩემის სახლს ნუ გახდით სავაჭრო სახლად“» (იოანე 2:15, 16).
რას ვიტყვით დაბანდებაზე?
7. რატომ არის აუცილებელი გამჭრიახობა და სიფრთხილე დაბანდების დროს?
7 სარისკო სავაჭრო საქმეში თანხის დაბანდების დროს გამჭრიახობა და სიფრთხილე აუცილებელია. დავუშვათ ვინმეს სურს ფული ისესხოს შენგან და ამის მსგავსად გპირდება: „გარანტიას გაძლევ, ფულს მოიგებ“. „არაფერს წააგებ. ეს საიმედო საქმეა“. გაფრთხილდი, რომ ვინმემ ამგვარად არ დაგარწმუნოს. ის ან რეალობას ვერ ხედავს ან უპატიოსნოდ იქცევა, რადგან თანხის დაბანდება ძალიან იშვიათად თუ არის საიმედო. სინამდვილეში, ზოგი შემპარავად მოსაუბრე და უნამუსო ადამიანი ატყუებს კრების წევრებს. ეს გვახსენებს ‘უღვთოებს’, რომლებიც პირველი საუკუნის კრებაში შეიპარნენ და „ღვთის მადლი გარყვნილებად აქციეს“. ისინი წყალქვეშა კბილოვანი ლოდების მსგავსნი იყვნენ, რომლებმაც შეიძლება დასეროს და მოკლას მოცურავეები (იუდა 4, 12, აქ). მართალია, გაიძვერების მოტივები განსხვავებულია, მაგრამ ისინიც ატყუებენ კრების წევრებს.
8. რა ხდება გარეგნულად შემოსავლიან სარისკო სავაჭრო საქმეებთან დაკავშირებით?
8 კეთილი განზრახვების მქონე ქრისტიანებსაც კი გაუზიარებიათ სხვა ქრისტიანებისთვის ინფორმაცია გარეგნულად შემოსავლიანი სარისკო საქმის შესახებ და მიმბაძველებთან ერთად მხოლოდ დაუკარგავთ დაბანდებული ფული. ამის შედეგად, ქრისტიანების გარკვეული რიცხვი კარგავს უპირატესობებს კრებაში. როცა ჩნდება, რომ სწრაფად გამამდიდრებელი სარისკო საქმე ჩაწყობილი იყო, ერთადერთი, ვისაც ამაში მოგება აქვს, არის მატყუარა, რომელიც მაშინვე უჩინარდება. როგორ შეუძლია გამჭრიახობას, დაეხმაროს პიროვნებას ასეთი მდგომარეობის არიდებაში?
9. რატომ არის აუცილებელი გამჭრიახობა ფულის დაბანდებასთან დაკავშირებით შესაფასებლად?
9 გამჭრიახობა გაურკვევლობაში ჩაწვდომის უნარის მნიშვნელობას ატარებს. ეს თვისება აუცილებელია ფულის დაბანდებასთან დაკავშირებით მტკიცებების შესაფასებლად. ქრისტიანები ენდობიან ერთმანეთს და ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ სულიერი და-ძმები არ ჩაებმებოდნენ ისეთ სარისკო საქმეში, რომელიც თანამორწმუნეების სახსრებს დაემუქრებოდა. მაგრამ ის ფაქტი, რომ კომერსანტი ქრისტიანია, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ის გამოირჩევა კომერციულ საქმეებში ან, რომ მისი საქმე წარმატებით დასრულდება.
10. რატომ ეძებს ზოგი ქრისტიანი სესხს თანამორწმუნეებთან და რა შეიძლება მოხდეს ასეთი დაბანდებების შემთხვევაში?
10 კომერციული საქმისთვის ზოგი ქრისტიანი სესხს თანამორწმუნეებთან ეძებს, რადგან კარგი რეპუტაციის მქონე გამსესხებელი დაწესებულებები არასდროს მოამარაგებდნენ ფულით მათ სარისკო წარმოებას. მრავალი ტყუვდება იმაზე ფიქრით, რომ მხოლოდ ფულის დაბანდებით და მცირე ძალების დახარჯვით ან, შესაძლოა, საერთოდ ძალების გამოყენების გარეშე, სწრაფად და ადვილად გაუღიმებს ბედი. ზოგს ფულის დაბანდება მისი მომხიბლავი ძალის გამო ატყვევებს. მაგრამ ისინი მხოლოდ მთელი ცხოვრების დანაზოგს კარგავენ! ერთმა ქრისტიანმა დიდი თანხა დააბანდა და 25-პროცენტიან მოგებას ელოდებოდა, სულ რაღაც, ორ კვირაში. როცა კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა, მან ყველაფერი დაკარგა! სხვა სარისკო სავაჭრო საქმის შემთხვევაში, უძრავი ქონებით მოვაჭრემ კრებაში სხვებისგან დიდი ვალი აიღო. ის უგუნურად ძალიან დიდ მოგებას შეჰპირდა, მაგრამ გაკოტრდა და ნასესხები ფული დაკარგა.
როცა სარისკო სავაჭრო საქმეები წარუმატებელია
11. რა რჩევა მოგვცა პავლემ ანგარებასა და ფულის სიყვარულთან დაკავშირებით?
11 სავაჭრო საქმეებში წარუმატებლობა იწვევს გულგატეხილობას და სულიერობასაც კი უკარგავს ზოგ ქრისტიანს, რომლებიც არასაიმედო საქმეებში ებმებიან. გამჭრიახობის, როგორც დამცველის უგულებელყოფას გულისტკივილი მოაქვს და მსხვერპლთა ცხოვრებას ამწარებს. ანგარებამ მრავალი გააბა მახეში. „ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდებს შეშვენით“, — წერდა პავლე (ეფესელთა 5:3). აგრეთვე ის აფრთხილებდა: „გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს. ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს“ (1 ტიმოთე 6:9, 10).
12. რა უნდა ახსოვდეთ ქრისტიანებს განსაკუთრებით, თუ სავაჭრო საქმეში თანამშრომლობენ?
12 თუ ქრისტიანს ფულის სიყვარული განუვითარდა, მან შეიძლება დიდი სულიერი ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს. ფარისევლები ფულის მოყვარულნი იყვნენ და სწორედ ეს არის ამ უკანასკნელ დღეებში მცხოვრები ადამიანების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება (ლუკა 16:14; 2 ტიმოთე 3:1, 2). ამის საპირისპიროდ, ქრისტიანის ცხოვრების „გზა [უნდა] იყოს ვერცხლის სიყვარულის გარეშე“ (ებრაელთა 13:5). რასაკვირველია, ქრისტიანებს შეუძლიათ სავაჭრო საქმეში თანამშრომლობა ან ერთად საქმის წამოწყება. მაგრამ ასეთ შემთხვევებში, მოლაპარაკებები და პირობების განხილვა კრების საქმეებისგან ცალკე უნდა ხდებოდეს. და გახსოვდეთ: სულიერ ძმებთან თანამშრომლობის დროსაც კი სავაჭრო ხელშეკრულებები ყოველთვის წერილობით ჩამოაყალიბეთ. ამასთან დაკავშირებით ძალიან დამხმარეა სტატია სათაურით „რად დაგიჯდება ბიზნესი?“, გამოქვეყნებული 1995 წლის 1 მაისის ჟურნალში „საგუშაგო კოშკი“ (რუს.), გვერდები 28–31.
13. როგორ გამოიყენებდი იგავნის 22:7-ს სარისკო სავაჭრო საქმეებთან?
13 იგავნის 22:7 გვეუბნება: „მოვალე მევალის მონაა“. ხშირად, უგუნურების გამო საკუთარ თავს ან ჩვენს ძმას მონის მდგომარეობაში ვაქცევთ. როცა სარისკო სავაჭრო საქმის წამოსაწყებად ვინმე ფულს გვთხოვს მიზანშეწონილი იქნებოდა, გაგვეთვალისწინებინა, შეუძლია თუ არა მას თანხის დაბრუნება. სანდო და სარწმუნო ადამიანად არის ცნობილი? რასაკვირველია, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი სესხის მიცემა შეიძლება ფულის დაკარგვად დაგვიჯდეს, რადგან მრავალი სარისკო საქმე იფუშება. მხოლოდ შეთანხმება არ იძლევა წარმატების გარანტიას. და საქმისთვის იმაზე უფრო დიდი თანხის სესხება, რომელსაც გამსესხებელი დასაკარგად გარისკავს, ნამდვილად არ მეტყველებს წინდახედულობაზე.
14. რატომ უნდა გამოვავლინოთ გამჭრიახობა მაშინ, როცა თანაქრისტიანი, რომელსაც ფული ვასესხეთ, სავაჭრო საქმეებში წარუმატებელია?
14 ჩვენ გამჭრიახობა უნდა გამოვავლინოთ, თუ ფულადი სახსრები, რომელიც სავაჭრო მიზნებისთვის ქრისტიანს ვასესხეთ, დაიკარგა, თუმცა უპატიოსნობას ადგილი არ ჰქონია. თუ თანამორწმუნე, რომელსაც ფული ვასესხეთ, უდანაშაულოა სავაჭრო საქმის წარუმატებლობაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცაში უსამართლოდ მოგვექცნენ? არა, რადგან ფული ჩვენი ნებით ვასესხეთ, ჩვენ, ალბათ, პროცენტული მოგების ინტერესი გვქონდა და უპატიოსნო არაფერი მომხდარა. რადგან ტყუილს ადგილი არ ჰქონდა, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი მოვალის წინააღმდეგ იურიდიული ზომების მისაღებად. რა სარგებელს მოგვიტანდა სასამართლოში პატიოსანი თანაქრისტიანის წინააღმდეგ საქმის აღძვრა, რომელსაც კეთილი მოტივებით წამოწყებული სავაჭრო საქმის ჩაფუშვის გამო გაკოტრების გამოცხადება მოუწია?
15. რა ფაქტორები მოითხოვს განხილვას გაკოტრების გამოცხადების შემთხვევაში?
15 ზოგჯერ ადამიანები, რომლებსაც სავაჭრო საქმეებში არ გაუმართლდათ, გამოსავალს გაკოტრების გამოცხადებაში ეძებენ. რადგან ვალის გასტუმრებაში ქრისტიანები გარკვეული ვალებისგან კანონიერად გათავისუფლების შემდეგაც კი არ არიან დაუდევრები, ზოგი კეთილსინდისიერად გრძნობს მორალურ ვალდებულებას, მაინც გადაიხადოს გაუქმებული ვალები, თუ ყოფილი გამსესხებლები აიღებენ დაბრუნებულ ფულს. მაგრამ რა ხდება, როცა ძმის ფულის დაკარგვის შემდეგ მოვალე უფრო ფუფუნებაში ცხოვრობს? ან რა მოხდება, თუ მოვალე იშოვის გასასტუმრებლად საკმარის თანხას, მაგრამ უგულებელყოფს მორალურ მოვალეობას, რომელიც შეიძლება თავისი ძმის წინაშე ფინანსურ საკითხში აქვს? ასეთ შემთხვევებში კითხვის ქვეშ დაისმებოდა კრებაში პასუხისმგებლად მსახურებისთვის იმ ძმის შესაძლებლობა, რომელმაც ფული ისესხა (1 ტიმოთე 3:3, 8; იხილე 1994 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“ [რუს.], გვერდები 30–31).
რას ვიტყოდით თაღლითობაზე?
16. რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, თუ სავაჭრო საქმეში თაღლითობის მსხვერპლი ვხდებით?
16 გამჭრიახობა გვეხმარება იმის შეგნებაში, რომ დაბანდება ყოველთვის მომგებიანი არ არის. მაგრამ რას ვიტყოდით, თუ თაღლითობას აქვს ადგილი? თაღლითობა არის „მოტყუებით, ეშმაკობითა და ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებით სხვა პიროვნების დაყოლიება, რომ დაუთმოს თავისი კუთვნილი ძვირფასი საგანი ან კანონიერი უფლება“. იესო ქრისტემ ზოგადად მოხაზა ნაბიჯები, რომლებიც პიროვნებამ უნდა გადადგას, თუ ფიქრობს, რომ თანაქრისტიანმა მოატყუა. მათეს 18:15–17-ის თანახმად, იესომ თქვა: „თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით. თუ გაგიგონებს, შეგიძენია შენი ძმა. ხოლო თუ არ გაგიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი. თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე“. მაგალითი, რომელიც იესომ შემდეგ მოიყვანა, მიუთითებს, რომ ის ფინანსურ საკითხებთან და, მათ შორის, თაღლითობასთან დაკავშირებულ ცოდვებს გულისხმობდა (მათე 18:23–35).
17, 18. როგორ დაგვიცავს გამჭრიახობა, თუ ადამიანი, რომელიც თავს ქრისტიანად აცხადებს, გვატყუებს?
17 რასაკვირველია, მათეს 18:15–17-ში ზოგადად მოხსენიებული ნაბიჯების გადადგმისთვის არ იარსებებდა ბიბლიური საფუძველი, თუ თაღლითობა აშკარა ან, თუნდაც, ნაგულისხმები არ იქნებოდა. მაგრამ რა შეიძლება გაკეთდეს, თუ პიროვნებამ, რომელიც თავს ქრისტიანად აცხადებს, სინამდვილეში, მოგვატყუა? გამჭრიახობას შეუძლია დაგვიცვას ისეთი მოქმედებისგან, რომელიც კრებას ცუდ შუქს მოჰფენდა. თანაქრისტიანებს პავლე ურჩევდა, რომ ჯობდა ნაწყენი დარჩენილიყვნენ და დაზარალებულებიც კი, ვიდრე ძმა სასამართლოში წაეყვანათ (1 კორინთელთა 6:7).
18 ჩვენი ჭეშმარიტი და-ძმები არ არიან, გრძნეული ბარიესუსის მსგავსად, ‘მზაკვრობითა და სიბოროტით აღვსილნი’ (საქმეები 13:6–12). ამიტომ, მოდი გამჭრიახობა გამოვიყენოთ, როცა ვკარგავთ ფულს თანამორწმუნეების სარისკო სავაჭრო საქმეებში. თუ იურიდიულ ჩარევაზე ვფიქრობთ, უნდა გავითვალისწინოთ შესაძლო შედეგები, რომლებიც პირადად ჩვენზე, სხვაზე ან სხვებზე, კრებასა და გარეშეებზე იმოქმედებს. ანაზღაურების ძებნამ შეიძლება ჩვენი დროის, ენერგიისა და სხვა საშუალებების უმეტესი ნაწილი წაგვართვას. ამის შედეგად შეიძლება მხოლოდ ადვოკატები და სპეციალისტები გამდიდრდნენ. სამწუხაროა, რომ ამ საკითხებზე ყურადღების ზედმეტად მიპყრობამ ზოგი ქრისტიანის თეოკრატიული უპირატესობები იმსხვერპლა. სატანას უხარია ამგვარად ჩვენი მოტყუება, მაგრამ ჩვენ გვსურს, იეჰოვას გავუხაროთ გული (იგავნი 27:11). სხვა მხრივ, ფულის დაკარგვასთან შეგუებამ, შეიძლება გულისტკივილისგან დაგვიცვას და, როგორც ჩვენ, აგრეთვე უხუცესებს დიდი დროის დაკარგვისგან თავის არიდებაში დაეხმაროს. ეს ხელს შეუწყობს კრებაში მშვიდობის შენარჩუნებას და საშუალებას მოგვცემს, სამეფო ყოველთვის პირველ ადგილზე დავაყენოთ.
გამჭრიახობა და გადაწყვეტილების მიღება
19. რის გაკეთება შეუძლია ჩვენთვის სულიერ გამჭრიახობასა და ლოცვას მძიმე გადაწყვეტილებების მიღების დროს?
19 ფინანსურ თუ სავაჭრო საკითხებში გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება საკმაოდ მძიმე იყოს. მაგრამ სულიერ გამჭრიახობას შეუძლია დაგვეხმაროს, ყველა მხარის აწონ-დაწონაში და ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში. გარდა ამისა, ლოცვაში იეჰოვასადმი მინდობას შეუძლია მოგვიტანოს „ღვთის მშვიდობა“ (ფილიპელთა 4:6, 7). ეს არის იეჰოვასთან ახლო პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე სიმშვიდე და უშფოთველობა. უეჭველია, რთულ გადაწყვეტილებებთან შეხვედრისას ასეთი მშვიდობა დაგვეხმარება წონასწორობის შენარჩუნებაში.
20. რა უნდა გავაკეთოთ გადაწყვეტილად, როცა საქმე სავაჭრო საკითხებსა და კრებას ეხება?
20 დაე ჩვენმა სიმტკიცემ არ დაუშვას, რომ სავაჭრო საქმეებით გამოწვეულმა კამათებმა დაანგრიოს ჩვენი ან კრების მშვიდობა. საჭიროა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანული კრება სულიერად გვეხმარება და არ არის კომერციული მიზნების მისაღწევი ცენტრი. სავაჭრო საკითხები არასდროს არ უნდა უკავშირდებოდეს კრების საქმიანობას. ჩვენ გამჭრიახები და ფრთხილები უნდა ვიყოთ სარისკო სავაჭრო საქმეების წამოწყების დროს. და მოდი, ყოველთვის შევინარჩუნოთ გაწონასწორებული თვალსაზრისი სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით და პირველად სამეფოს ინტერესები ვეძებოთ. თუ სავაჭრო საქმე, რომელშიც ჩვენი ძმები ან დები არიან ჩართული, ჩაიფუშება, მოდი, მთელი ძალ-ღონე მოვახმაროთ, რომ დაზარალებულთათვის საუკეთესო გავაკეთოთ.
21. როგორ შეგვიძლია გამჭრიახობის გამოყენება და ფილიპელთა 1:9–11-ის თანახმად მოქმედება?
21 ფინანსურ საქმეებსა და სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე გადამეტებული ზრუნვის ნაცვლად, მოდი, ყველამ მივაპყროთ გულები გამჭრიახობისკენ, ღვთის ხელმძღვანელობისთვის ვილოცოთ და სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დავაყენოთ. პავლეს ლოცვის თანახმად, დაე ‘გაიზარდოს ჩვენი სიყვარული ზუსტი შემეცნებითა და გამჭრიახობით, რათა გამოვცადოთ უმჯობესი და არ დავაბრკოლოთ სხვები’ ან საკუთარი თავი. ახლა, როცა ზეციერ ტახტზე ქრისტე მეფედ გვყავს, მოდი, გამოვავლინოთ გამჭრიახობა ცხოვრების ყველა მხარეში. დაე ვიყოთ ‘სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ, ჩვენი ღვთის, უზენაესი უფლის, იეჰოვას, სადიდებლად და საქებრად’ (ფილიპელთა 1:9–11).
როგორ უპასუხებდი?
◻ რა არის გამჭრიახობა?
◻ რატომ არის განსაკუთრებით აუცილებელი, რომ გამოვავლინოთ გამჭრიახობა ქრისტიანებს შორის სავაჭრო საქმეების შემთხვევაში?
◻ როგორ დაგვეხმარება გამჭრიახობა, თუ ვგრძნობთ, რომ თანაქრისტიანი გვატყუებს?
◻ რა როლს უნდა თამაშობდეს გამჭრიახობა გადაწყვეტილებების მიღებაში?
[სურათი 18 გვერდზე]
გამჭრიახობა დაგვეხმარება იესოს რჩევის გამოყენებაში — უპირველესად ვეძებდეთ სამეფოს.
[სურათები 20 გვერდზე]
სავაჭრო ხელშეკრულებები ყოველთვის წერილობით ჩამოაყალიბეთ.