ღვთიური მშვიდობის მაცნეები ბედნიერებად არიან გამოცხადებული
„უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე, საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე“ (ესაია 35:10).
1. რა ესაჭიროება უკიდურესად მსოფლიოს?
დღეს კაცობრიობას ისე ესაჭიროება კეთილი ცნობის მაცნე, როგორც არასდროს. ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ ჭეშმარიტების გასაცხადებლად, უაღრესად აუცილებელია უშიშარი მოწმე, რომელიც გააფრთხილებს ბოროტებს მომავალი განადგურების შესახებ და დაეხმარება გულმართალ ადამიანებს ღვთიური მშვიდობის პოვნაში.
2, 3. როგორ შეასრულა იეჰოვამ ამოსის 3:7-ში ჩაწერილი აღთქმა ისრაელთა შემთხვევაში?
2 ისრაელის დროს იეჰოვამ წარმოთქვა აღთქმა, რომ გამოგზავნიდა ასეთ მაცნეებს. ძვ. წ. მეცხრე საუკუნის დასასრულს წინასწარმეტყველმა ამოსმა თქვა: „არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ“ (ამოსი 3:7). ამის გამოცხადების შემდეგ მომდევნო საუკუნეებში იეჰოვამ ბევრი ძლევამოსილი საქმე განახორციელა. მაგალითად, ძვ. წ. 607 წელს მან მკაცრად დასაჯა თავისი რჩეული ხალხი მეამბოხე სულისა და სისხლის ღვრაში მონაწილეობის გამო. მან აგრეთვე დასაჯა მათი მეზობელი ერები, რომლებიც ღვარძლიანად ხარობდნენ ისრაელების ტანჯვით (იერემია, თავები 46—49). შემდეგ, ძვ. წ. 539 წელს, იეჰოვამ გაანადგურა ბაბილონის ძლიერი მსოფლიო იმპერია და შედეგად, 537 წელს ისრაელის დარჩენილი ნაწილი სამშობლოში დააბრუნა, რათა აღედგინათ იერუსალიმი და ტაძარი (მეორე ნეშტთა 36:22, 23).
3 ეს იყო შემზარავი მოვლენები და, ამოსის სიტყვების თანახმად, იეჰოვამ ამ მოვლენებამდე ამცნო თავის წინასწარმეტყველებს, რომლებიც მაცნეებად ემსახურებოდნენ, გაეფრთხილებინათ ისრაელი მოსალოდნელი უბედურების შესახებ. ძვ. წ. მერვე საუკუნის შუა პერიოდში მან მაცნედ დანიშნა ესაია. ძვ. წ. მეშვიდე საუკუნის შუა ხანებში — იერემია. შემდეგ, იმავე საუკუნის დასასრულს — ეზეკიელი. მათ და კიდევ სხვა ერთგულმა წინასწარმეტყველებმა საფუძვლიანად დაამოწმეს იეჰოვას განზრახვების შესახებ.
ღვთის მაცნეების ამოცნობა დღეს
4. რა ცხადყოფს, რომ კაცობრიობას ესაჭიროება მშვიდობის მაცნეები?
4 რა შეიძლება ითქვას ჩვენს ეპოქაზე? მრავალი ადამიანი მთელ მსოფლიოში ქვეცნობიერად წინასწარ გრძნობს საფრთხეს, როდესაც ხედავს ადამიანთა საზოგადოების ასეთ დეგრადაციას. სამართლიანობის მოყვარულნი გულისტკივილს გრძნობენ, როდესაც ქრისტიანულ სამყაროში ამჩნევენ თვალთმაქცობასა და აშკარა ბოროტებას. როგორც იეჰოვამ იწინასწარმეტყველა ეზეკიელის პირით, ისინი ‘კვნესიან და მოთქვამენ იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო’ (ეზეკიელი 9:4). როგორც ჩანს, ბევრი ვერ ხვდება, თუ რა არის იეჰოვას განზრახვები. აუცილებელია, რომ ვიღაცამ გააფრთხილოს ისინი.
5. როგორ ცხადყო იესომ, რომ ჩვენს დროს მაცნეები იქნებოდნენ?
5 ლაპარაკობს თუ არა დღეს ვინმე ისეთივე უშიშარი სულისკვეთებით, როგორც ესაია, იერემია და ეზეკიელი? იესოს სიტყვების თანახმად, ასეთი ადამიანები უნდა არსებობდნენ. როდესაც იესო ჩვენი დროის შესახებ წინასწარმეტყველებდა, თქვა: «ექადაგება ეს სახარება [„კეთილი ცნობა“, აქ] სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული» (მათე 24:14). ვინ ასრულებს დღეს ამ წინასწარმეტყველებას და ვინ არის კეთილი ცნობის მაცნე, მქადაგებელი? ჩვენი დროისა და ძველი ისრაელის დროის მსგავსებები დაგვეხმარება, ვუპასუხოთ ამ შეკითხვას.
6. ა) აღწერე, რა გადახდა თავს „ღვთის ისრაელს“ პირველი მსოფლიო ომის დროს. ბ) როგორ შესრულდა ეზეკიელის 11:17 ძველ ისრაელზე?
6 პირველი მსოფლიო ომის ბნელ დღეებში იეჰოვას თანამედროვე ხალხი, სულითცხებულთა დარჩენილი ნაწილი, ‘ღვთის ისრაელი’, ჩავარდა ტყვეობაში, რომელიც ისრაელთა ბაბილონის ტყვეობაში ჩავარდნის მსგავსი იყო (გალატელთა 6:16). ისინი ჩაცვივდნენ დიდი ბაბილონის, ცრუ რელიგიათა თავყრილობის, სულიერ ტყვეობაში, რომლისგანაც ყველაზე გამორჩეული და საძრახისი ქრისტიანული სამყაროა. მიუხედავად ამისა, იეჰოვას სიტყვებმა, რომლებიც ეზეკიელს უთხრა, ცხადყო, რომ ისინი მიტოვებულნი არ იყვნენ. მან თქვა: „შეგკრებთ ყველას ხალხებიდან და შეგაგროვებთ ქვეყნებიდან, სადაც მიმოფანტული მყავხართ, და თქვენ მოგცემთ ისრაელის მიწას“ (ეზეკიელი 11:17). ძველი ისრაელისთვის მიცემული აღთქმა რომ შეესრულებინა, იეჰოვამ დააყენა სპარსელი კიროსი, რომელმაც გაანადგურა ბაბილონი, მსოფლიო მპყრობელი, და ისრაელის დარჩენილ ნაწილს გზა გაუხსნა სამშობლოში დასაბრუნებლად. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას დღევანდელ დღეზე?
7. რა მოვლენამ აჩვენა 1919 წელს, რომ იესო დიდი ბაბილონის წინააღმდეგ მოქმედებდა? განმარტე.
7 ამ საუკუნის დასაწყისში იყო იმის ძლიერი მტკიცება, რომ უფრო დიდი კიროსი შეუდგა საქმიანობას. ვინ იყო ის, უფრო დიდი კიროსი? სხვა არავინ, თუ არა იესო ქრისტე, რომელიც ზეციერ სამეფოში გამეფდა 1914 წელს. ამ დიდებულმა მეფემ დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ძმების მიმართ გამოავლინა კეთილგანწყობილება, როდესაც 1919 წელს სულიერი ტყვეობიდან გაათავისუფლა და თავიანთ ‘მიწაზე’, სულიერ მამულში დააბრუნა (ესაია 66:8; გამოცხადება 18:4). ამგვარად, ეზეკიელის 11:17-ს თანამედროვე შესრულებაც ჰქონდა. ძველ დროში ბაბილონი უნდა დამარცხებულიყო, რომ ისრაელებს სამშობლოში დასაბრუნებლად გზა გახსნოდათ. დღეს ღვთის ისრაელის აღდგენა იმით დამტკიცდა, რომ დიდმა ბაბილონმა დიდ კიროსთან დაცემა იწვნია. მისი დაცემა განაცხადა გამოცხადების მე-14 თავში აღწერილმა მეორე ანგელოზმა, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: „დაეცა დიდი ბაბილონი, რომელმაც თავისი მძვინვარე მეძავობის ღვინო ასვა ყველა ხალხს“ (გამოცხადება 14:8). რა ძლიერი დარტყმაა დიდი ბაბილონისთვის, განსაკუთრებით კი, ქრისტიანული სამყაროსთვის! და რა კურთხევა — ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის!
8. როგორ აღწერს ეზეკიელი ღვთის ხალხის სიხარულს 1919 წლის გათავისუფლების შემდეგ?
8 ეზეკიელის 11:18–20-ში ვკითხულობთ, თუ როგორ აღწერა წინასწარმეტყველმა ღვთის ხალხის სიხარული მათი აღდგენის შემდეგ. ამ სიტყვების პირველი შესრულება ნიშნავდა ეზრასა და ნეემიას დროინდელი ისრაელების განწმენდას. დღევანდელი შესრულებაც მსგავსია. მოდი განვიხილოთ. იეჰოვა ამბობს: „მივლენ იქ [თავიანთ ქვეყანაში] და წარხოცავენ მისგან ყოველგვარ სიბილწეს და ყოველგვარ სისაძაგლეს“. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იეჰოვამ 1919 წლიდან განწმინდა თავისი ხალხი და გააძლიერა მსახურებისთვის. მათ დაიწყეს თავიანთი სულიერი სფეროდან ბაბილონური რიტუალებისა და მოძღვრებების ამოშლა, რომლებიც იეჰოვას თვალში ბილწავდა მათ.
9. რა მნიშვნელოვანი კურთხევები მისცა იეჰოვამ თავის ხალხს 1919 წლიდან?
9 შემდეგ, მე-19 მუხლის თანახმად, იეჰოვა განაგრძობს: „მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ თქვენ; ამოვართმევ მათ ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს მივცემ“. ამ სიტყვების თანახმად, 1919 წელს იეჰოვამ გააერთიანა სულითცხებული მსახურები, ასე ვთქვათ, მისცა ‘ერთი გული’, რათა „ერთსულოვნად“ ემსახურათ (სოფონია 3:9). შემდეგ, იეჰოვამ თავის ხალხს გასაძლიერებლად მისცა სულიწმიდა, რომ შეძლებოდათ დამოწმების საქმიანობის განხორციელება და გალატელთა 5:22, 23-ში აღწერილი საუკეთესო ნაყოფების გამოღება. იმის ნაცვლად, რომ ჰქონოდათ ურეაქციო, ქვის მსგავსი გული, იეჰოვამ მათ მისცა თბილი, დამთმობი, დამყოლი გული, ისეთი გული, რომელიც გამოეხმაურებოდა მის ნებას.
10. რატომ აკურთხა იეჰოვამ თავისი აღდგენილი ხალხი 1919 წლიდან?
10 რატომ გააკეთა იეჰოვამ ეს? ამას თვითონ იეჰოვა განმარტავს. ეზეკიელის 11:20-ში ვკითხულობთ: „რათა ჩემს წესებზე იარონ, ჩემი რჯული დაიცვან და შეასრულონ. მაშინ ჩემი ხალხი იქნება ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები“. ღვთის ისრაელმა ისწავლა იეჰოვას კანონისადმი მორჩილება იმის ნაცვლად, რომ მიჰყოლოდა საკუთარ იდეებს. მათ ისწავლეს, ღვთის ნება ისე შეესრულებინათ, რომ კაცთმოშიშება არ ჰქონოდათ: ამგვარად, ისინი სრულიად განსხვავებული გახდნენ ქრისტიანული სამყაროს ეგრეთ წოდებული ქრისტიანებისგან. ისინი გახდნენ იეჰოვას ხალხი. როგორც ასეთი, იეჰოვა მზად იყო, გამოეყენებინა ისინი საკუთარ მაცნეებად, თავის ‘ერთგულ და გონიერ მონად’ (მათე 24:45–47).
ღვთის მაცნეების ბედნიერება
11. როგორ აღწერს ესაია იეჰოვას ხალხის სიხარულს?
11 შეგიძლია წარმოიდგინო ის ბედნიერება, როდესაც მიხვდნენ, რომ უპირატესობით სარგებლობდნენ? მათ შეესაბამება ესაიას 61:10-ში ჩაწერილი სიტყვები: „ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში“. ესაიას 35:10-ში ჩაწერილი აღთქმა მათზე შესრულდა: „უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე, საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ“. ასეთი იყო იეჰოვას ღვთიური მშვიდობის მაცნეთა ბედნიერება წარსულში, 1919 წელს, როდესაც მიზნად დაისახეს, მთელი კაცობრიობისთვის ექადაგათ კეთილი ცნობა. იმ დროიდან მოყოლებული, მათ არ შეუწყვეტიათ ამის კეთება და მათი ბედნიერებაც იზრდება. მთაზე ქადაგებისას იესო ამბობდა: «ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი [„მოქმედნი“, კიკნაძისა და სონღულაშვილის თარგმანი, 1991], ვინაიდან ღვთის ძეებად იწოდებიან» (მათე 5:9). ამ სიტყვების ჭეშმარიტებას განიცდიან სულითცხებულები, ‘ღვთის ძეების’ დარჩენილი ნაწილი, 1919 წლიდან დღემდე.
12, 13. ა) ვინ შეუერთდა ღვთის ისრაელს იეჰოვასადმი მსახურებაში და რა საქმეში ჩაებნენ ისინი? ბ) რა დიდი სიხარული იგრძნეს იეჰოვას ცხებულმა მსახურებმა?
12 გადიოდა წლები და 1930 წლამდე ღვთის ისრაელის რიცხვი უფრო იზრდებოდა და სულითცხებულთა დარჩენილი ნაწილის შეგროვება დასასრულს უახლოვდებოდა. ხომ არ შეჩერდა შემდეგ კეთილი ცნობის მქადაგებელთა რიცხვის ზრდა? არამც და არამც. დაიწყო მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანების უამრავი ხალხის გამოჩენა, რომლებიც სულითცხებულ ძმებს სამქადაგებლო საქმიანობაში უერთდებოდნენ. იოანე მოციქულმა იხილა ეს უამრავი ხალხი და აღსანიშნავია ის, თუ როგორ აღწერა მან ისინი: „ამიტომ არიან ღვთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე“ (გამოცხადება 7:15). დიახ, უამრავი ხალხი დასაქმდა ღვთის მსახურებით. შედეგად, იმ დროს, როდესაც ცხებულთა რიცხვი მცირდებოდა 1935 წლის შემდეგ, დამოწმების საქმიანობა უფრო და უფრო დიდი სისწრაფით მიიწევდა წინ ამ ერთგულ თანმხლებთა აქტიურობით.
13 ამგვარად, შესრულდა ესაიას 60:3, 4-ში ჩაწერილი სიტყვები: „ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე. ირგვლივ მოატარე თვალი და იხილე: ყველანი შეკრებილან და შენსკენ მოდიან; შენი ვაჟები შორიდან მოვლენ და შენს ასულებს მხრებით მოიყვანენ“. ამ მოვლენებმა ღვთის ისრაელს ბედნიერება მოუტანა და ეს შესანიშნავად არის აღწერილი ესაიას 60:5-ში: „მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები, აგიძგერდება და გაგეხსნება გული, რადგან შენკენ მოიქცევა ზღვის სიუხვე და ხალხთა დოვლათი შენთან მოვა“.
იეჰოვას ორგანიზაცია შეუჩერებლივ მოძრაობს
14. ა) რა ზეციერი ხილვა ჰქონდა ეზეკიელს და რა ებრძანა მას? ბ) რას ხედავს დღეს იეჰოვას ხალხი და რა ვალდებულების გრძნობა აქვს?
14 ძვ. წ. 613 წელს ეზეკიელმა ნახა ხილვა — იეჰოვას ზეციერი, ეტლის მსგავსი, შეუჩერებლივ მოძრავი ორგანიზაცია (ეზეკიელი 1:4–28). შემდეგ იეჰოვამ უთხრა მას: „ადამის ძევ! მიდი ისრაელის სახლთან და უთხარი ჩემი სიტყვები“ (ეზეკიელი 3:4). მიმდინარე 1997 წელს ვხედავთ, რომ იეჰოვას ზეციერი ორგანიზაცია კვლავაც შეუჩერებლივ მოძრაობს ღვთის განზრახვების შესასრულებლად. ჩვენ კვლავაც გვსურს, რომ სხვებსაც გავაცნოთ მისი განზრახვები. იმ დროს ეზეკიელი ამბობდა სიტყვებს, რომლებიც პირდაპირ იეჰოვასგან იყო შთაგონებული. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იეჰოვას მიერ შთაგონებული სიტყვიდან, ბიბლიიდან. და რა მნიშვნელოვანი ცნობა აქვს ამ წიგნს კაცობრიობისთვის! იმ დროს, როცა მრავალი წუხს მომავალზე, ბიბლია ამბობს, რომ საქმე გაცილებით ცუდადაა — და ამავე დროს, გაცილებით უკეთესად — ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.
15. რატომ არის მსოფლიო მდგომარეობა იმაზე უარესი, რასაც ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს?
15 საქმე ცუდადაა იმიტომ რომ, როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, ქრისტიანული სამყარო და ყველა სხვა ცრუ რელიგია მალე სრულიად განადგურდება ისევე, როგორც ძვ. წ. 607 წელს განადგურდა იერუსალიმი. გარდა ამისა, განადგურდება მთელი გლობალური პოლიტიკა, რომლის შესახებაც „გამოცხადებაშია“ საუბარი, როგორც შვიდთავიან და ათრქიან მხეცზე, რომელიც [ძალიან მალე განადგურდება] იერუსალიმის გარშემო მცხოვრები წარმართი ხალხის მსგავსად (გამოცხადება 13:1, 2; 19:19–21). ეზეკიელის ეპოქაში იეჰოვამ ცოცხლად აღწერა იერუსალიმის თავზარდამცემი, გარდაუვალი განადგურება. მაგრამ ამ სიტყვებს უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება მაშინ, როცა ხალხი მიხვდება ამ წუთისოფლის განადგურების მოახლოებას. იეჰოვამ ეზეკიელს უთხრა: „შენ კი, ადამის ძევ, იკვნესე წელმოტეხილმა და გამწარებულმა, იკვნესე მათ თვალწინ! თუ გეტყვიან, რაზე კვნესიო, უთხარი, ავ ამბავზე, რომელიც მოდის-თქო, და დადნება ყოველი გული, დაუძლურდება ყოველი ხელი, შეღონდება ყოველი სული, წყლად წავა ყოველი მუხლი. აჰა, მოვიდა და ახდა, ამბობს უფალი ღმერთი“ (ეზეკიელი 21:6, 7; მათე 24:30). დიახ, შემაძრწუნებელი მოვლენები ჯერ კიდევ წინაა. ადამიანებზე დიდი მზრუნველობა გვამოძრავებს, რომ გავაფრთხილოთ, გავაგებინოთ ‘ამბავი’ იეჰოვას მოახლოებული მრისხანების შესახებ.
16. რატომ არის თვინიერების მდგომარეობა უფრო უკეთესი, ვიდრე ეს მრავალს წარმოუდგენია?
16 ამავე დროს, თვინიერი ადამიანების საქმე გაცილებით უკეთესადაა, ვიდრე უმრავლესობას წარმოუდგენია. როგორ? იესო ქრისტე იმისთვის მოკვდა, რომ გამოესყიდა ჩვენი ცოდვები და ახლა ის მმართველობს, როგორც ღვთის სამეფოს მეფე (1 ტიმოთე 1:15; გამოცხადება 11:15). კაცობრიობის გადაუჭრელი პრობლემები, მალე ზეციერი სამეფოს მეშვეობით გადაწყდება. სიკვდილი, ავადმყოფობა, კორუფცია, შიმშილი და ბოროტმოქმედება წარსულს ჩაბარდება და ღვთის სამეფო, რომელსაც მოწინააღმდეგეები აღარ ეყოლება, უხელმძღვანელებს სამოთხედქცეულ დედამიწას (გამოცხადება 21:3, 4). მთელი კაცობრიობა გაიხარებს ღვთიური მშვიდობით — მშვიდობიანი ურთიერთობით იეჰოვა ღმერთთან და ერთმანეთთან (ფსალმუნი 71:7).
17. რა აძლიერებს ღვთიური მშვიდობის მაცნეების გულში სიხარულს?
17 დედამიწის ზოგ ნაწილში, საოცრად ბევრი თავმდაბალი ადამიანი ეხმაურება ღვთიური მშვიდობის ცნობას. ჩამოვთვლით მხოლოდ ზოგ ქვეყანას: გასულ წელს უკრაინაში მაუწყებელთა რიცხვი 17 პროცენტით გაიზარდა. მოზამბიკშიც — 17 პროცენტით, ლიტვაში — 29 პროცენტით. რუსეთში აღინიშნა 31 პროცენტიანი ზრდა, ხოლო ამავე დროს ალბანეთში მაუწყებელთა რიცხვი 52 პროცენტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ათიათასობით გულწრფელ პიროვნებას სურს, გაიხაროს ღვთიური მშვიდობით და მხარს უჭერს სამართლიანობას. ასეთ სწრაფ ზრდას დიდი სიხარული მოაქვს მთელი ქრისტიანული საძმოსთვის.
18. როგორი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია, მიუხედავად იმისა, გვისმენენ თუ — არა?
18 ასე მონდომებით ეხმაურებიან თუ არა ადამიანები იქ, სადაც ცხოვრობ? თუ დიახ, ჩვენც შენთან ერთად ვხარობთ. ზოგ უბანზე კი საჭიროა ბევრი დროისა და ენერგიის დახარჯვა, თუნდაც ერთი პიროვნება რომ დაინტერესდეს. ნუთუ ისინი, რომლებიც ასეთ უბნებში მსახურობენ, არ იღებენ ხელს და გული არ უცრუვდებათ? არა. იეჰოვას მოწმეებს ახსოვთ ღვთის სიტყვები, რომლებიც ღმერთმა ახლადარჩეულ წინასწარმეტყველს, ახალგაზრდა ეზეკიელს, უთხრა ებრაელი თანამემამულეებისთვის გადასაცემად. „გინდ მოგისმინონ, გინდ არ მოგისმინონ, რადგან ურჩნი არიან, ეცოდინებათ მაინც, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის“ (ეზეკიელი 2:5). ეზეკიელის მსგავსად, ჩვენც ვამცნობთ ხალხს ღვთიურ მშვიდობას, მიუხედავად იმისა, გვეხმაურებიან თუ — არა. თუ გვისმენენ, სიხარულით ვართ აღტაცებული. თუ ზურგს გვაქცევენ, დაგვცინიან ან გვდევნიან, მაინც შეუპოვრები ვართ. ჩვენ გვიყვარს იეჰოვა, და ბიბლია ამბობს: „სიყვარული. . . ყოველივეს ითმენს“ (1 კორინთელთა 13:4, 7). ჩვენი დაუღალავი ქადაგების ნაყოფია, რომ ადამიანებმა იციან, თუ ვინ არიან იეჰოვას მოწმეები. მათ იციან ჩვენი ცნობა. როცა აღსასრული დადგება, მათ ეცოდინებათ, რომ იეჰოვას მოწმეები ცდილობდნენ მათ დახმარებას, რათა მათაც გაეხარათ ღვთიური მშვიდობით.
19. რა დიდებული უპირატესობა უნდა დავაფასოთ ჩვენ, ჭეშმარიტი ღვთის მსახურებმა?
19 არსებობს თუ არა იეჰოვასადმი მსახურებაზე უფრო დიდი უპირატესობა? არა! ჩვენ უდიდესი ბედნიერება გვაქვს ღმერთთან ურთიერთობითა და იმის ცოდნით, რომ ვასრულებთ მის ნებას. „ნეტარ არს ხალხი, მცოდნე ბუკის ხმობისა: ისინი შენი სახის შუქით იარებიან, უფალო“ (ფსალმუნი 88:16). დაე ყოველთვის დავაფასოთ კაცობრიობისთვის ღვთიური მშვიდობის მაცნეებად ყოფნის სიხარული. დაე გულმოდგინედ შევასრულოთ ჩვენი როლი ამ საქმიანობაში, ვიდრე იეჰოვა იტყოდეს, რომ საქმე შესრულებულია.
გახსოვს თუ არა?
◻ ვინ არიან ღვთიური მშვიდობის მაცნეები დღეს?
◻ საიდან ვიცით, რომ 1919 წელს დიდი ბაბილონი დაეცა?
◻ რა არის ‘უამრავი ხალხის’ ძირითადი საზრუნავი?
◻ რატომ არის მომავალი უფრო პირქუში, ვიდრე ადამიანთა უმრავლესობას ჰგონია?
◻ რატომ არის გულმართალი ადამიანების მომავალი მათ წარმოსახვაზე უფრო უკეთესი?
[სურათები 21 გვერდზე]
მრავალს, როდესაც ხედავს ადამიანთა საზოგადოების გახრწნას, უბედურების მოახლოების გრძნობა ეუფლება.
[სურათები 23 გვერდზე]
ღვთიური მშვიდობის მაცნეები დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან მსოფლიოში.