როგორ მოვიდა ბიბლია ჩვენამდე — ნაწილი მესამე
ბირმა, 1824 წელი, მეფის ჯარისკაცებმა ეს-ესაა გაჩხრიკეს ადონირამ და ენ ჯუდსონების მისიონერთა სახლი და რაც კი იპოვეს, მათი აზრით, ფასეული, ყველაფერი წაიღეს. მაგრამ მათ გამორჩათ ყველაზე ძვირფასი განძი — ბიბლიის თარგმანის ხელნაწერი, რომელიც ენმა ჩუმად სახლის ქვეშ ჩაფლა. მთარგმნელი ადონირამი შებორკეს და კოღოებით სავსე საპატიმროში ჩასვეს; მას შპიონაჟში სდებდნენ ბრალს. სინესტე ხელნაწერს გაფუჭების საშიშროებას უქმნიდა. როგორ შეიძლებოდა მისი გადარჩენა? ენმა ხელნაწერებით გატენა ბალიში და ქმარს ციხეში გაუგზავნა. ბალიში გადარჩა და მასში ჩადებული ხელნაწერები პირველი ბირმული ბიბლიის ნაწილი გახდა.
ბიბლიის ისტორიაში მსგავსი შემთხვევები მრავლად მოიპოვება. წინა გამოცემებში განვიხილეთ ბიბლიის თარგმნა და გავრცელება მისი დაწერის დასრულებიდან XVI საუკუნის დასაწყისამდე. როგორ მოაღწია ბიბლიამ იმ დროიდან დღევანდლამდე? იქნებოდა თუ არა ის ოდესმე ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი? რა როლი შეასრულა საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“?
მისიონერები და ბიბლიის საზოგადოება
მრავალ ქვეყანაში 1600—1700-იანი წლები ბიბლიის კითხვის მძლავრი ზრდით აღინიშნებოდა. ამ პერიოდში ინგლისი ბიბლიის ძლიერი გავლენის ქვეშ იყო. ფაქტობრივად, ქვეყანაში თითქმის ყველას, მეფიდან დაწყებული გუთნისდედა ბიჭით დამთავრებული, აზროვნება ბიბლიური მოთხრობებითა და სწავლებებით ჰქონდა გაჟღენთილი. მაგრამ ბიბლიის გავლენა უფრო ფართოდაც გავრცელდა. იმ დროს ინგლისი სავაჭრო ზღვაოსნობისა და კოლონიების მპყრობელი იყო, ხოლო ზოგ ინგლისელს მოგზაურობისას თან მიჰქონდა ბიბლია. ამან ხელი შეუწყო ბიბლიის გავრცელების კამპანიას.
ათას შვიდასიანი წლების დასასრულისთვის ბიბლიამ ზოგი ინგლისელი აღძრა, ეფიქრა ინგლისის იმპერიის ვრცელ ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის სულიერ ინტერესებზე. მაგრამ ეს მზრუნველობა არავითარ შემთხვევაში არ იყო საყოველთაო. ეკლესიის მრავალ მსახურს სწამდა ბედისწერის და, ამიტომ ღვთის ნებად თვლიდა, რომ ზოგი ხალხი არ გადარჩენილიყო. როცა მისიონერობის მსურველმა უილიამ კარეიმ ინდოეთში მისიონერული მოღვაწეობის წამოწყების შესახებ შთამბეჭდავი მოხსენება წარმოთქვა, ვიღაცამ საყვედურით აღსავსე ხმით დაუყვირა: „დაჯექი ახალგაზრდავ; როცა ღმერთი წარმართთა მოქცევას განიზრახავს, ის ამას შენი დახმარების გარეშეც გააკეთებს“. მიუხედავად ამისა, 1793 წელს კარეი ზღვით ინდოეთში გაემგზავრა. საოცარია; საბოლოოდ მან მთელი ბიბლია ან მისი ნაწილები ინდოეთის 35 ენაზე გადათარგმნა.
მისიონერებს ესმოდათ, რომ მათი მთავარი იარაღი ადგილობრივ ენაზე დაწერილი ბიბლია იყო. მაგრამ ვინ მისცემდათ ბიბლიებს? საინტერესოა, მაგრამ მსოფლიოში ბიბლიის მასობრივი გავრცელების ნაპერწკალი, თავისდაუნებურად, 16 წლის უელსელმა გოგონამ, მერი ჯოუნზიმ, გააღვივა. 1800 წელს მერიმ 40 კილომეტრი ფეხშიშველმა გაიარა, რათა სასულიერო პირთაგან უოლსურ ენაზე დაბეჭდილი ბიბლია ეყიდა. ის ექვსი წლის განმავლობაში აგროვებდა ამისთვის ფულს და, როცა გაიგო, რომ ყველა ბიბლია გაიყიდა, დამწუხრებული აქვითინდა. ამით შეძრულმა მღვდელმა მერის საკუთარი ბიბლია მისცა.
შემდეგ მღვდელი დაფიქრდა იმ მრავალ სხვა პიროვნებაზე, ვისაც ბიბლია სჭირდებოდა და ამ პრობლემის შესახებ ლონდონში თავის მეგობრებთან ისაუბრა. შედეგად 1804 წელს ჩამოყალიბდა ბრიტანული და უცხოური ბიბლიების საზოგადოება. მიზანი ნათელი იყო: მშობლიურ ენაზე დაწერილი, ხელმისაწვდომი ისეთი ბიბლიებით ხალხის უზრუნველყოფა, რომელზეც „არ იქნება არშიაზე წარწერები ან კომენტარები“. საზოგადოების დამაარსებლებს იმედი ჰქონდათ, რომ არშიებზე კომენტარების მოშორებით აიცილებდნენ დოქტრინებთან დაკავშირებულ საკამათო საკითხებს. მიუხედავად ამისა, ბიბლიის საზოგადოება არაერთხელ დაიყო აპოკრიფული სწავლების საფუძველზე, კერძოდ კი წყალში ჩაძირვის საშუალებით მონათვლის შესახებ სწავლებისა და სამების დოგმატის გამო.
თავდაპირველად ენთუზიაზმი სწრაფად გავრცელდა და 1813 წლისთვის საზოგადოებების გაერთიანებები ჩამოყალიბდა გერმანიაში, ნიდერლანდებში, დანიასა და რუსეთში. დროთა განმავლობაში ბიბლიის საზოგადოებები სხვა ქვეყნებშიც შეიქმნა. მიზნების დასახვისას ბიბლიის ადრინდელი საზოგადოებები ფიქრობდნენ, რომ მსოფლიოში უმეტესობა მხოლოდ რამდენიმე ძირითად ენაზე ლაპარაკობდა. ისინი ვერაფრით ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ენების რიცხვი ათასებს აღწევდა. მთარგმნელთა შედარებით მცირე რაოდენობამ იცოდა ებრაული და ბერძნული ისე, რომ უშუალოდ ამ ენებიდან გადაეთარგმნა მშობლიურ ენაზე. ამიტომ ბრიტანული და უცხოური ბიბლიური საზოგადოების მიერ დაფინანსებული მთარგმნელები ძალიან ხშირად ინგლისურ „მეფე ჯეიმზის თარგმანზე“ დაყრდნობით მუშაობდნენ.
მთარგმნელის სირთულეები
ბიბლიაში არის ძალიან ბევრი ისტორიული მოთხრობა და თვალსაჩინო მაგალითები, რომლებიც ყოველდღიურ შემთხვევებზეა დაფუძნებული. აბსტრაქტული ფილოსოფიური გამოთქმების ნაცვლად, ბიბლიაში გამოყენებული ასეთი გამოთქმები მას უფრო ადვილად სათარგმნს ხდის. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ზოგჯერ მისიონერების ადრინდელი მცდელობების შედეგი ძნელად გასაგები ან სასაცილო თარგმანები იყო. მაგალითად, ერთ-ერთმა თარგმანმა ინდოეთის გარკვეული ნაწილის მცხოვრებლებს ისეთი აზრი გადასცა, რომ ღმერთს მოცისფრო ფერი აქვს. გამოთქმაში „ზეციერი მამა“ გამოყენებული სიტყვა „ცის ფერის მქონეს“ — თვით ცას ნიშნავს.
მთარგმნელების სირთულეების შესახებ ადონირამ ჯუდსონი 1918 წელს წერდა: „როცა ვსწავლობთ ენას, რომელზეც დედამიწის მეორე მხარეს მცხოვრები ხალხი ლაპარაკობს, რომელთა აზრებიც, ჩვენგან განსხვავებით, სულ სხვა მიმართულებით მიედინება, რომელთა გამოთქმების სტილი ამის გამო სრულებით ახალია ჩვენთვის და მათ ასოებსა და სიტყვებს მცირე მსგავსებაც კი არა აქვს რომელიმე ენასთან, რომელიც კი შვგვხვედრია; როცა არა გვაქვს ლექსიკონი ან არა გვყავს თარჯიმანი და ამ ენაში რამე მაინც უნდა ვიცოდეთ, სანამ მზად ვიქნებით ადგილობრივი მასწავლებლის დახმარების მისაღებად — აი, ეს ნიშნავს შრომას!“ და ჯუდსონის მსგავსი მთარგმნელების შრომამ დიდად შეუწყო ხელი, რომ ბიბლია მრავალი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო (იხილე მე-12 გვერდზე მოცემული სქემა).
თარგმნის ძნელ დავალებაში ქმარს დახმარებას ენი ჯუდსონი უწევდა. მაგრამ ჯუდსონი უფრო მეტ სირთულეებს წააწყდა, ვიდრე მხოლოდ თარგმნაა. ენი მშობიარობის მოლოდინში იყო, როცა მეფის მოხელეებმა ადონირამი ციხეში წაათრიეს. ის 21 თვის განმავლობაში მტრულად განწყობილ მოხელეებს გაბედულად მიმართავდა წერილობით, რათა ქმარი გაეთავისუფლებინა. ავადმყოფობას დამატებული ეს განსაცდელი მისთვის ძალზე საზიანო იყო. ჯუდსონის გათავისუფლებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ მისი მამაცი ენი და მათი პატარა გოგონა ციებ-ცხელებისგან დაიღუპნენ. ადონირამისთვის ეს საშინელი ტრაგედია იყო. მიუხედავად ამისა, ის ღვთისგან მოელოდა ძალების აღდგენას, განაგრძო თარგმნა და 1835 წელს დაასრულა ბირმულ ენაზე ბიბლიის გადათარგმნა. ამასობაში ბიბლიასთან დაკავშირებით სხვა ტიპის დისპუტები გაჩაღდა.
დებატები ბიბლიის გარშემო
ათას რვაასიან წლებში ადგილი ჰქონდა დიდ სოციალურ და პოლიტიკურ დებატებს, რომლებშიც ზოგჯერ ცენტრალურ როლს ბიბლია ასრულებდა. მაგალითად, თუმცა რუსეთის ბიბლიის საზოგადოებას თავდაპირველად მეფე და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მფარველობდა, გარკვეული დროის შემდეგ მათ დაშალეს და ოფიციალურად აკრძალეს ეს საზოგადოება (დაახლოებით ერთი წლის წინ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ათასობით ბიბლია დაწვეს). ახლა უკვე მართლმადიდებელი ეკლესია თავგამოდებით ცდილობდა ხელი შეეშალა ადრინდელი ქრისტიანების მიერ დიდი ენთუზიაზმით წამოწყებული საქმისთვის — ბიბლიის საყოველთაო გავრცელებისთვის. მე-19 საუკუნის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელები დაჟინებით ამბობდნენ, რომ ბიბლია საფრთხეს უქმნიდა როგორც ეკლესიის, ისე სახელმწიფოს მმართველობას. პარადოქსულია, მაგრამ იმ დროს წამოწყებული პოლიტიკური რევოლუციური მოძრაობა ბიბლიას არ თვლიდა ხელმძღვანელობისთვის საშიშ წიგნად, პირიქით, მას ეკლესიისა და სახელმწიფოს მიერ ხალხის მორჩილებაში შესანარჩუნებელ იარაღად მიაჩნდა. ბიბლიას ორივე მხარე უტევდა!
მომდევნო წლებიც ბიბლიაზე მზარდი „ინტელექტუალური“ შეტევის წლები იყო. 1831 წელს ჩარლზ დარვინი საზღვაო ექსპედიციაში გაემგზავრა, რის შედეგადაც მან ევოლუციური თეორია ჩამოაყალიბა. 1848 წელს მარქსმა და და ენგელსმა გამოსცეს „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“, სადაც ქრისტიანობა ჩაგვრის იარაღადაა აღწერილი. ამ პერიოდის განმავლობაში ბიბლიის კრიტიკოსებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ საღვთო წერილის უტყუარობასა და ბიბლიური პერსონაჟების, თვითონ იესო ქრისტეს, ისტორიულობასაც კი. მაგრამ ზოგი მოაზროვნე ხედავდა ღვთისა და ბიბლიის უარმყოფელი თეორიების მცდარობას და ბიბლიის უტყუარობის დამტკიცების მეცნიერულ გზებს ეძებდა. ერთ-ერთი მათგანი იყო კონსტანტინე ფონ ტიშენდორფი, ნიჭიერი გერმანელი ენათმეცნიერი.
აღმოჩენები ხელს უწყობს ბიბლიური ტექსტების უტყუარობის დადგენას
ტიშენდორფმა ბიბლიის ძველი ხელნაწერების პოვნის მიზნით იმოგზაურა მთელ ახლო აღმოსავლეთში და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ აღმოაჩენდა ბიბლიის თავდაპირველ ტექსტს. 1859 წელს, იმ წელს, როცა დარვინმა „სახეობათა წარმოშობა“ გამოაქვეყნა, ტიშენდორფმა სინაის მთის ძირში მდებარე მონასტერში იპოვა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ცნობილი სრული უძველესი ასლი. ის ცნობილია როგორც „სინაის კოდექსი“ და, ალბათ, იერონიმეს მიერ ლათინური „ვულგატას“ დასრულებამდე 50 წლის წინ გამოიცა. თუმცა მონასტერში ნაპოვნი ამ კოდექსის მონასტრიდან წამოღების მართებულობა საკამათოა, ტიშენდორფმა გამოაქვეყნა და ამგვარად, ის მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი გახადაa.
რადგან „სინაის კოდექსი“ დედანის ენაზე შესრულებულ უძველეს ხელნაწერთა შორის ერთ-ერთია, მან არა მარტო აჩვენა, რომ ბერძნული წერილები ძირითადად უცვლელად იყო დარჩენილი, არამედ მეცნიერებს იმ შეცდომების აღმოჩენაში დაეხმარა, რომლებიც მოგვიანებით შესრულებულ ხელნაწერებში შემოიპარა. მაგალითად, „სინაის კოდექსში“ 1-ლი ტიმოთეს 3:16-ში იესოს შესახებ წერია: „ის გამოჩნდა ხორცში“. „ის“-ის ადგილზე კარგად ცნობილ სხვა ხელნაწერთა უმეტესობაში მოცემულია შემოკლება, რომელიც „ღმერთად“ ითარგმნება, და ბერძნულად, რომელიც „ის“-ად ითარგმნება, შეტანილია მცირე ცვლილებები. მაგრამ „სინაის კოდექსი“ ბევრად უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე რომელიმე ბერძნულ ხელნაწერში ამ ნაცვალსახელს „ღმერთად“ გადმოიტანდნენ. ამგვარად, ამ ხელნაწერმა ცხადყო, რომ ეს ტექსტის მოგვიანებით დამახინჯების შედეგი იყო და, როგორც ჩანს, სამების დოგმატის მხარდასაჭერად იყო გაკეთებული.
ტიშენდორფის შემდეგ აღმოჩენილ იქნა მეტი ხელნაწერები. დღეს სრული ებრაული წერილების ცნობილი ხელანაწერების რიცხვი დაახლოებით 6 000-ს აღწევს, ხოლო ბერძნული წერილების — 13 000-ზე მეტს. ორიგინალის ენაზე დაწერილ ტექსტებთან შედარებამ ცხადყო, რომ ისინი საკმაოდ საიმედოა. სწავლულმა ფ. ფ. ბრუსმა ეს შემდეგნაირად გამოხატა: „სხვადასხვა თარგმანებში. . . არ წამოიჭრება არავითარი არსებითი კითხვა ისტორიული ფაქტების ან ქრისტიანული რწმენისა და მოღვაწეობის შესახებ“. მაშინ, როცა ბიბლიის მრავალ ენაზე თარგმნა გრძელდება, როგორ შეეძლო ამ მზარდ შემეცნებას ხალხისთვის სარგებლობის მოტანა?
საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ და ბიბლია
ათას რვაას ოთხმოცდაერთ წელს ჩამოყალიბდა ბიბლიის მასწავლებლებისა და მკვლევარების პატარა გულმოდგინე ჯგუფი, რომელიც მოგვიანებით საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ გახდა. თავდაპირველად ისინი სხვა საზოგადოებების მიერ გამოცემულ ბიბლიებს ავრცელებდნენ; მათ შორის ტიშენდორფის ბერძნულ წერილებსაც. მაგრამ 1890 წლისთვის მათ უშუალოდ დაიწყეს ბიბლიის გამოცემა იმით, რომ თავდაპირველად სპონსორობას უწევდნენ ბიბლიის გამოცემას. 1926 წელს კი საზოგადოებამ საკუთარ სტამბაში დაიწყო ბიბლიების ბეჭდვა. მაგრამ თანამედროვეობის შესაფერისი ბიბლიის თარგმანის აუცილებლობა უფრო აშკარა გახდა. შეიძლებოდა წინა საუკუნეების აღმოჩენებისა და მეცნიერული გამოკვლევების საშუალებით ისეთი ცოდნის მიღება, რომელიც თავს მოიყრიდა გასაგებ და ხელმისაწვდომ ბიბლიაში? ამ მიზნით, საზოგადოების გაერთიანებებმა 1946 წელს საღვთო წერილის ახალი თარგმანის გამოცემა დაიწყეს.
ერთი თარგმანი, მრავალი ენა
გამოცდილი ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარმა მთარგმნელობითმა კომიტეტმა ორგანიზება გაუწია ინგლისურ ენაზე „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემას. ის 1950-დან 1960 წლამდე ექვს სხვადასხვა ტომად გამოიცა, რაც თავდაპირველად ქრისტიანულ-ბერძნული წერილებით დაიწყო. 1963 წლიდან ის კიდევ 27 ენაზე გადაითარგმნა და გამოიცა; მისი თარგმნა ახლაც გრძელდება. სხვა ენებზე თარგმნის მიზანი იგივეა, რაც ინგლისურისთვის იყო. პირველი, თარგმანი ზუსტი უნდა იყოს და რაც შეიძლება ახლოს ორიგინალის აზრთან. მნიშვნელობა არ უნდა იქნეს ტენდენციურად გაშუქებული რამე ძირითადი სარწმუნოებრივი მოძღვრების მხარდასაჭერად. მეორე, შენარჩუნებული უნდა იქნეს თანმიმდევრულობა; თარგმნისას თითოეული მთავარი სიტყვა — იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას კონტექსტი იძლევა — ყოველთვის ერთი და იმავე სიტყვით უნდა იქნეს გადმოტანილი. ასეთი მიდგომა მკითხველს ეხმარება, დაინახოს, თუ როგორ იყენებდნენ ამ ძირითად სიტყვებს ბიბლიის მწერლები. მესამე, თარგმანი, თავდაპირველი მნიშვნელობის გაბუნდოვნების გარეშე, რაც შეიძლება სიტყვასიტყვით უნდა იყოს გაკეთებული. სიტყვასიტყვით თარგმნა მკითხველს საშუალებას აძლევს უკეთესად ჩასწვდეს ორიგინალის ენის თავისებურებასა და მასთან დაკავშირებული აზრების მიმდინარეობას. და მეოთხე, უბრალო ხალხისთვის ის ადვილად წასაკითხი და გასაგები უნდა იყოს.
ინგლისური „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ საკმაოდ სიტყვასიტყვითი სტილი, მის სხვა ენებზე თარგმნას აადვილებს. ამ მიზნით საზოგადოების მთარგმნელობითი ჯგუფები იყენებენ მოწინავე კომპიუტერულ საშუალებებს, რათა დააჩქარონ მუშაობა და უფრო ზუსტი იყოს თარგმანი. ეს სისტემა მთარგმნელებს ეხმარება, მშობლიურ ენაზე შეადგინონ თითოეული განსაკუთრებული სიტყვების ეკვივალენტების სია. ის აგრეთვე საშუალებას აძლევს მათ, ისწავლონ ბიბლიაში გამოყენებული თითოეული ებრაული და ბერძნული სიტყვების ინგლისური თარგმანი.
უშუალოდ ებრაული და ბერძნულიდან თარგმნის ნაცვლად, ინგლისურიდან თარგმნას საკმაოდ მეტი უპირატესობა აქვს. გარდა თარგმნის დროის შემცირებისა, ის იძლევა ყველა ენაზე გამოთქმების უფრო მეტი მსგავსების შესაძლებლობას. რატომ? რადგან ერთი თანამედროვე ენიდან მეორეზე ზუსტი თარგმნა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე რომელიმე ძველი ენიდან სხვადასხვა თანამედროვე ენებზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მთარგმნელს შეუძლია რჩევა სთხოვოს ამ თანამედროვე ენაზე მოლაპარაკე პიროვნებებს, ხოლო ამის გაკეთება არ შეუძლია იმ ენასთან დაკავშირებით, რომელზეც ათასობით წლის წინ ლაპარაკობდნენ.
კეთილი ცნობა ყველა ხალხისთვის
ბევრად უფრო მეტის დაწერა შეიძლებოდა გადაწყვეტილებით აღსავსე იმ მამაკაცებისა და ქალების შესახებ, რომლებმაც ბიბლია ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი გახადეს. საუკუნეების განმავლობაში, სულ მცირე, ოთხი მილიარდი ბიბლია და ბიბლიის ნაწილები დაიბეჭდა ორ ათასზე მეტ ენაზე, რომელზეც მსოფლიო მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი ლაპარაკობს.
ბიბლიამ იწინასწარმეტყველა ჩვენს დღეებში ღვთის სამეფოს შესახებ მსოფლიო მასშტაბით უწყებაზე. ამ მიზნით, იეჰოვა ღმერთი უშუალოდ ხელმძღვანელობს ბიბლიის თითქმის საყოველთაოდ ხელმისაწვდომად გახდის საქმიანობას (მათე 13:47, 48; 24:14). წარსულში ბიბლიის უშიშარმა მთარგმნელებმა და გამომცემლებმა ჩვენთვის ღვთის სიტყვის — ზნეობრივად წყვდიადით მოცულ წუთისოფელში ერთადერთი სულიერი სინათლის წყაროს — მოსაწოდებლად ყველაფერი გაწირეს. დაე მათმა მაგალითმა აღგძრას, იკითხო და გაიზიარო ღვთის სიტყვა, ასევე იცხოვრო მის შესაბამისად ისეთივე დაჯერებულობით, როგორც ამას ისინი აკეთებდნენ. დიახ, ყოველდღე სრულად ისარგებლე შენს ხელში არსებული ბიბლიის სანდო ინფორმაციით! (ესაია 40:6–8).
[სქოლიოები]
a იხილე სტატია „სინაის კოდექსის გადარჩენა“, „საგუშაგო კოშკი“, 1988, 15 ოქტომბერი, [ინგლ.].
[ჩარჩო 12 გვერდზე]
ბიბლიის თარგმანების რიცხვის ზრდა
[ტექსტი სრულად მოცემულია პუბლიკაციაში]
ენების
რიცხვი
1 იუდეველებმა ებრაული წერილების ბერძნულზე თარგმნა დაიწყეს
(დაახლოებით ძვ. წ. 280 წელი).
12 იერონიმემ დაასრულა ლათინური „ვულგატა“
დაახლოებით ახ. წ. 400 წელი.
35 გუტენბერგმა დაასრულა პირველი ბიბლია დაახლოებით 1455 წელი.
81 „ბრიტანული და საზღვარგარეთული ბიბლიური საზოგადოების“
დაარსება 1804 წელი.
სავარაუდო ენების რაოდენობა წლების შესაბამისად.
522
1900
600
700
800
900
1049
1950
1100
1200
1300
1470
1970
2123
1996
2200
2300
2400
[საავტორო უფლება]
Sources: Christianity Today, United Bible Society
[საავტორო უფლება 9 გვერდზე]
Mountain High Maps® Copyright © 1995 Digital Wisdom, Inc.
[სურათი 8 გვერდზე]
ჯუდსონი გათოკეს და ციხეში წაათრიეს.
[საავტორო უფლება]
From the book Judson the Hero of Burma, by Jesse Page
[სურათები 10 გვერდზე]
ტიშენდორფმა სინაის მთის ძირში მდებარე ამ მონასტერში აღმოაჩინა ძვირფასი ხელნაწერი.
[საავტორო უფლება]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.