საუკეთესოდ გამოიყენე სიცოცხლე
ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული მომაკვდავი მამა ლოგინად იყო ჩავარდნილი. შვილი სახელოსნოში იყო და მამის ხის დასამუშავებელ იარაღებს ალაგებდა. იარაღების ხელში აღებისას იმ შესანიშნავი ნივთების შესახებ ფიქრობდა, რომლებიც მამამისს მათი დახმარებით გაუკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ სახელოსნო სახლის გვერდით იყო, მან იცოდა, რომ მამამისი ვეღარასოდეს შევიდოდა იქ და ვეღარასოდეს აიღებდა ხელში იარაღებს, რომლებსაც ოსტატურად ხმარობდა. ის დრო წარსულს ჩაბარდა.
ვაჟი ეკლესიასტეს 9:10-ზე ფიქრობდა: „რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში [საფლავში], სადაც მიდიხარ“. მან კარგად იცოდა ეს მუხლი. მას ის არაერთხელ გამოუყენებია, როდესაც სხვებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას ასწავლიდა, რომ სიკვდილი უმოქმედო მდგომარეობაა. ახლა კი დიდად დააფიქრა სოლომონის არგუმენტის სიძლიერემ, რომ სრულიად უნდა გამოვიყენოთ სიცოცხლის წლები და გავიხაროთ, ვიდრე ამის შესაძლებლობა გვაქვს, რადგან მოვა დრო, როცა ვეღარ შევძლებთ ამას.
იხარე სიცოცხლით
მთელ წიგნ „ეკლესიასტეში“ ბრძენი მეფე სოლომონი შეაგონებს მკითხველს, რომ სიცოცხლეში სიხარული ჰპოვოს. მაგალითად, მესამე თავში ნათქვამია: „ვუწყი, რადგან არაფერია კაცისათვის იმაზე კარგი, რომ გაიხაროს და ქმნას სიკეთე, ვიდრეღა ცოცხლობს. თუ კაცსა ვისმე არ აკლდება სასმელ-საჭმელი და შრომისა წილ სიკეთეს ჰპოვებს, ეს მადლია, ღვთის ნაბოძები“ (ეკლესიასტე 3:12, 13).
სოლომონი ღვთის მიერ იყო შთაგონებული, რომ გაემეორებინა ეს აზრი: „აი, სად ვხედავ მე სიკეთეს, შესაფერ საქმეს: ჭამოს კაცმა, სვას და იხაროს თავისი ღვაწლით ამ მზისქვეშეთში დღენი მისნი, ღმერთმა რომ მისცა; რადგან ესაა მისი ხვედრი“ (ეკლესიასტე 5:17).
მსგავსადვე, ახალგაზრდებს შეაგონებს: „იხარე, ყრმაო, ვიდრე ნორჩი ხარ; გაამოს შენმა გულმა სიყმაწვილეში, მიჰყევ შენს გულს და თვალთა მზერას“ (ეკლესიასტე 11:9ა). რა შესანიშნავია, იხარო ახალგაზრდული ძალ-ღონითა და ენერგიით! (იგავნი 20:29).
„გახსოვდეს შენი გამჩენი“
რასაკვირველია, სოლომონი არ გულისხმობს, რომ გონივრულია მიჰყვე ყველაფერს, რაც შენს თვალს ან გულს მოეწონება (შეადარეთ 1 იოანე 2:16). ეს ნათლად ჩანს შემდეგი სიტყვებიდან: „ოღონდ იცოდე, ყველაფრის ამის გამო [მისწრაფებების, რომლითაც შეიძლება გულისთქმები დაიკმაყოფილო] სამსჯავროზე წარგადგენს ღმერთი“ (ეკლესიასტე 11:9ბ). რა ასაკისაც უნდა ვიყოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი აკვირდება, თუ რას ვაკეთებთ სიცოცხლის მანძილზე, და ამის შესაბამისად განგვსჯის.
რა უგუნურობაა ვიფიქროთ, რომ შეგვიძლია ეგოისტურად ვიცხოვროთ და ღვთისადმი ერთგულების გამოვლენა სიცოცხლის ბოლო წლებისთვის გადავდოთ! ჩვენი სიცოცხლე ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეწყდეს. ასეც რომ არ მოხდეს, ღვთის სამსახური მოხუცებულობის ასაკში არც ისე იოლია. ამ ფაქტის აღიარებით სოლომონმა დაწერა: „გახსოვდეს შენი გამჩენი შენს სიჭაბუკეში, ვიდრე დაგიდგებოდეს მწარე დღეები და გეწეოდეს წლები, რომლებზეც იტყვი, რაღაში მადგიან მე ისინიო“ (ეკლესიასტე 12:1).
წლებს თავისი მიაქვს. შემდეგ სოლომონი სიმბოლურად აღწერს სიბერის ნიშნებს. ხელები და მკლავები იწყებს ცახცახს, ფეხები დასუსტებას, კბილები გამეჩხერებას, თმები კი გათეთრებასა და ცვენას. ადამიანს ისე ფხიზლად სძინავს, რომ ჩიტის ჟღურტულიც კი აღვიძებს. მხედველობის, სმენის, შეხების, ყნოსვისა და გემოვნების გრძნობები ქვეითდება. დასუსტებული სხეულის გამო ადამიანს ეუფლება შიში, რომ წაიქცევა. მას ხალხმრავალ ქუჩებში სიარულისაც ეშინია. ბოლოს ადამიანი კვდება (ეკლესიასტე 12:2–7).
მოხუცებულობის წლები განსაკუთრებით სავალალოა მათთვის, ვისაც არ ‘ახსოვდა თავისი გამჩენი’ ახალგაზრდობაში. უმიზნო ცხოვრების გამო პიროვნებას ‘აღარაფერში ადგიან’ გარდასული წლები. უღვთო ცხოვრებას აგრეთვე შეუძლია გაამწვავოს სიბერით გამოწვეული პრობლემები და ავადმყოფობები (იგავნი 5:3–11). სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები, როდესაც წინ იყურებიან მომავალის ნაცვლად სამარეს ხედავენ.
სიხარული მოხუცებულობისას
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოხუცებულებს არ შეუძლიათ გაიხარონ სიცოცხლით. ბიბლიაში ‘დღეგრძელობა და სიცოცხლის წლებიც’ ღვთის კურთხევასთანაა დაკავშირებული (იგავნი 3:1, 2). იეჰოვამ თავის მეგობარ აბრაამს უთხრა: „შენ კი. . . ტკბილ სიბერეს მიწევნული დაიმარხები“ (დაბადება 15:15). მიუხედავად სიბერით გამოწვეული პრობლემებისა, აბრაამი სიმშვიდესა და უშფოთველობას პოულობდა, როდესაც იეჰოვასადმი მიძღვნილ განვლილ ცხოვრებას კმაყოფილებით თვალს ავლებდა. ის აგრეთვე რწმენით ელოდა „ქალაქს საძირკვლიანს“ — ღვთის სამეფოს (ებრაელთა 11:10). ასე რომ, ის „მოხუცებული და ხანსრული“ მოკვდა (დაბადება 25:8).
ამიტომაც სოლომონი ამბობს: „თუნდაც მრავალი წელი იცოცხლოს კაცმა. . . იმხიარულოს“ (ეკლესიასტე 11:8). ახალგაზრდები ვართ თუ ხანდაზმულები, ნამდვილი სიხარული დამოკიდებულია ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე.
როდესაც სახელოსნოში ახალგაზრდამ მამამისის უკანასკნელი იარაღი თავის ადგილზე დადო, ამ საკითხებზე ფიქრობდა. მას გაახსენდა თავისი ნაცნობები, რომლებიც ცდილობდნენ ცხოვრების საუკეთესოდ გამოყენებას, მაგრამ მათ ვერ ჰპოვეს ბედნიერება, რადგან არ ჰქონდათ თავიანთ გამჩენთან ურთიერობა. რამდენად შესაფერისი იყო, რომ მას შემდეგ, რაც სოლომონმა მოუწოდა ყველას, ეხარათ სიცოცხლით, თქვა: „მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი“ (ეკლესიასტე 12:13).