კეთილი ცნობის კანონით დაცვა
ძველად ქალაქების დასაცავად გალავნებს აგებდნენ. ამ გალავნებიდან დამცველებს შეეძლოთ ებრძოლათ გალავნის დასაცავად, რომ თავდამსხმელებს არ შეენგრიათ ან ძირი გამოეთხარათ. არა მარტო ქალაქელები, არამედ გარეუბნებში მცხოვრებლებიც პოულობდნენ თავშესაფარს გალავნის შიგნით (მეორე მეფეთა 11:20–24; ესაია 25:12).
თავის დასაცავად იეჰოვას მოწმეებმაც აღმართეს კანონის გალავანი. მათ ეს იმ მიზნით არ გაუკეთებიათ, რომ საზოგადოებას მოსცილდნენ; ისინი გულღია და კეთილგანწყობილ ადამიანებად არიან ცნობილი. ეს გალავანი, უფრო, იურიდიულ გარანტიებზე დაფუძნებულ ადამიანთა ძირითად უფლებებს განამტკიცებს. იმავდროულად, ის იცავს მოწმეების კანონიერ უფლებას, დაუბრკოლებლად შეასრულონ თავიანთი თაყვანისმცემლობა (შეადარეთ მათე 5:14–16). ის იცავს მათი თაყვანისმცემლობის ფორმასა და სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგების უფლებას. რას წარმოადგენს ეს გალავანი და როგორ აღმართეს ის?
კანონის გალავნის აგება
თუმცა იეჰოვას მოწმეები უმეტეს ქვეყნებში რელიგიური თავისუფლებით ხარობენ, ზოგ ქვეყანაში უსაფუძვლო თავდასხმის სამიზნე ხდებიან. როდესაც მათი თაყვანისმცემლობის — შეკრებისა და კარდაკარ მსახურების — თავისუფლება სადავო ხდება, ისინი ამ საკითხებს კანონით უდგებიან. სასამართლო საქმეები, რომლებიც იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ან მათ მიერ იყო აღძრული, მთელ მსოფლიოში ათასებს მოითვლისa. ყველა არ დამთავრებულა მათ სასარგებლოდ. მაგრამ, როცა ქვემდგომი სასამართლოები მათ საწინააღმდეგოდ იღებენ დადგენილებას, ისინი ხშირად უზენაეს სასამართლოს მიმართავენ. რა შედეგით?
XX საუკუნეში ათწლეულების განმავლობაში მრავალ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებმა მოიგეს სასამართლო საქმეები, რასაც ისინი შემდგომ საქმეებში პრეცედენტებად იყენებდნენ. როგორც აგურითა და ქვით შენდება გალავანი, ისე ეს დადებითი სასამართლო გადაწყვეტილებები ქმნის კანონის გალავანს. ამ პრეცედენტის გალავნიდან იეჰოვას მოწმეები განაგრძობენ ბრძოლას რელიგიური თავისუფლებისთვის, რათა შეასრულონ თავიანთი თაყვანისცემა.
მაგალითად, განვიხილოთ სასამართლო საქმე: „მარდოკის დავა პენსილვანიასთან“, რომელიც გადაწყდა შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ 1943 წლის 3 მაისს. უნდა ჰქონდეთ იეჰოვას მოწმეებს სავაჭრო ლიცენზია ჟურნალების გასავრცელებლად? — ასეთი საკითხი იყო წამოჭრილი ამ სასამართლო საქმეზე. იეჰოვას მოწმეები ამბობდნენ, რომ არ მოეთხოვებათ ამის გაკეთება. მათი სამქადაგებლო საქმიანობა არ არის — და არც არასდროს იყო — კომერციული. მათი მიზანი ფულის გაკეთება კი არა, კეთილი ცნობის ქადაგებაა (მათე 10:8; 2 კორინთელთა 2:17). „მარდოკის“ სასამართლო საქმის გადაწყვეტილებაში სასამართლო დასთანხმდა იეჰოვას მოწმეებს და დაადგინა, რომ რელიგიური ლიტერატურის გასავრცელებლად ლიცენზიის მოთხოვნა არაკონსტიტუციურიაb. ეს სასამართლო გადაწყვეტილება მნიშვნელოვან პრეცედენტად იქცა და დღემდე იეჰოვას მოწმეები წარმატებულად მიმართავენ მას, როგორც ავტორიტეტს, უამრავ სასამართლო საქმეებში. „მარდოკის“ სასამართლო საქმის გადაწყვეტილება კანონის გალავანში მკვრივი აგური აღმოჩნდა.
ასეთმა სასამართლო საქმეებმა ბევრი გააკეთა ყველას რელიგიური თავისუფლების დასაცავად. შეერთებულ შტატებში მოქალაქის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მოწმეების ღვაწლის შესახებ ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია: „იეჰოვას მოწმეებმა დიდი გავლენა მოახდინეს კონსტიტუციური კანონის განვითარებაზე, განსაკუთრებით იმით, რომ დაიცვეს სიტყვისა და რელიგიის უფლებები, რითაც გაფარდოვდა ამ თავისუფლების საზღვრები“ (University of Cincinnati Law Review).
გალავნის გამაგრება
თითოეული სასამართლო საქმის გამარჯვებით გალავანი მტკიცე ხდება. განვიხილოთ 90-იან წლებში მიღებული რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილება, რომლებმაც სარგებლობა მოუტანა როგორც იეჰოვას მოწმეებს, ისე მთელ მსოფლიოში თავისუფლების მოყვარულ ხალხს.
საბერძნეთი. 1993 წლის 25 მაისს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლომ მხარი დაუჭირა საბერძნეთის მოქალაქის უფლებას, რომ სხვებს ასწავლოს თავისი რელიგიური მრწამსი. ეს სასამართლო საქმე მინოს კოკინაკისს 84 წლის ასაკში ჰქონდა. იეჰოვას მოწმე კოკინაკისი 1938 წლიდან 60-ზე მეტჯერ იყო დაპატიმრებული, 18-ჯერ წარდგა საბერძნეთის სასამართლოების წინაშე და ექვს წელზე მეტი ციხეში გაატარა. ის, უმთავრესად, 30-იან წლებში მიღებული საბერძნეთის კანონით იყო მსჯავრდადებული, რომელიც პროზელიტიზმს კრძალავდა — კანონი, რომლითაც 1938—1992 წლებში იეჰოვას მოწმეთა დაახლოებით 20 000 დაპატიმრება იყო რეგისტრირებული. ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ საბერძნეთის მთავრობამ დაარღვია კოკინაკისის რელიგიური თავისუფლება და ზარალი 14 400 ამერიკული დოლარის ოდენობით აუნაზღაურა. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ იეჰოვას მოწმეების რელიგია ნამდვილად „ცნობილი რელიგიაა“ (იხილეთ 1993 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 27—31 [რუს.]).
მექსიკა. 1992 წლის 16 ივლისს მექსიკაში რელიგიური თავისუფლების დასაცავად დიდი ნაბიჯი იქნა გადადგმული. ამ დღეს „რელიგიური გაერთიანებებისა და საზოგადოებრივი თაყვანისცემის კანონი“ იქნა მიღებული. ამ კანონის თანახმად, რელიგიურ ჯგუფებს შეუძლიათ რელიგიური საზოგადოების იურიდიული სტატუსის მიღება საჭირო რეგისტრაციით. ადრე იეჰოვას მოწმეები, ისევე როგორც სხვა რელიგიები, თუმცა კი არსებობდნენ ქვეყანაში, მაგრამ იურიდიული სტატუსი არ ჰქონდათ. 1993 წლის 13 აპრილს მოწმეებმა მიმართეს რეგისტრაციისთვის. საბედნიეროდ, 1993 წლის 7 მაისს მათ იურიდიულად რეგისტრაცია მიიღეს, როგორც „ლა ტორრე დელ ვიხიო რ. გ.“ (საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“) და „ლოს ტესტიგოს დე ჰეოვა ენ მეჰიკო რ. გ“ (იეჰოვას მოწმეები მექსიკაში), რომელთაგანაც ორივე რელიგიური გაერთიანებაა (იხილეთ 1994 წლის 22 ივლისის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 12—14 [ინგლ.]).
ბრაზილია. 1990 წლის ნოემბერში ბრაზილიის სოციალური უშიშროების ეროვნულმა ინსტიტუტმა (სუეი) საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალის ბიუროს აუწყა, რომ ბეთელში (იეჰოვას მოწმეების ფილიალის სახელი) მოხალისედ მომსახურეები აღარ იქნებოდნენ მიჩნეული რელიგიურ მსახურებად და დაემორჩილებოდნენ ბრაზილიის შრომის კანონებს. მოწმეებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. 1996 წლის 7 ივნისს ბრაზილიის გენერალურ პროკურატურასთან არსებულმა იურიდიული კონსულტაციის კაბინეტმა გამოსცა ბეთელში მომსახურეთა მხარდასაჭერი დადგენილება, რომ ისინი იყვნენ კანონიერი რელიგიური მსახურები და არა მუშა-მოსამსახურეები.
იაპონია. 1996 წლის 8 მარტს იაპონიის უზენაესმა სასამართლომ იაპონიაში მცხოვრებთა სასარგებლოდ მიიღო დადგენილება რელიგიის თავისუფლებისა და განათლების შესახებ. სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ქალაქ კობეს მუნიციპალურმა სამრეწველო-ტექნიკურმა კოლეჯმა კუნიჰიტო კობაიაშის, რომელმაც უარი განაცხადა აღმოსავლური ორთაბრძოლების შესწავლაზე, გარიცხვით კანონი დაარღვია. ეს დადგენილება აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას პირველად დაეყრდნო იაპონიის კონსტიტუციას, რომელიც რელიიგიის თავისუფლებას გარანტირებს. ბიბლიით განსწავლული სინდისით ეს ახალგაზრდა გრძნობდა, რომ საწვრთნელი ვარჯიშები არ იყო იმ ბიბლიურ პრინციპებთან თანხმობაში, რომლებიც მოცემულია ესაია 2:4-ში: „მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს“. ეს სასამართლო დადგენილება პრეცედენტად იქცა მომავალი სასამართლო საქმეებისთვის (იხილეთ 1996 წლის 1 ნოემბრის ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 19, 20 [რუს]).
1998 წლის 9 თებერვალს ტოკიოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო სხვა მნიშვნელოვანი დადგენილება, რომ მოწმე მისაე ტაკედეს უფლება აქვს, უარი განაცხადოს მკურნალობაზე, რომელიც ეწინააღმდეგება ბიბლიაში მოცემულ მითითებას: „თავი შეიკავეთ. . . სისხლისგან“ (საქმეები 15:28, 29). ეს სასამართლო საქმე გასაჩივრებულ იქნა უზენაეს სასამართლოში და მომავალი გვიჩვენებს, რა დადგენილებას მიიღებს ის.
ფილიპინები. 1993 წლის 1 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებაში ფილიპინების უზენაესმა სასამართლომ ერთსულოვნად იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ მიიღო დადგენილება, მოწმე ახალგაზრდების სასამართლო საქმეზე, რომლებიც სკოლიდან გარიცხეს დროშისთვის სალმის მიცემაზე უარის თქმის გულისთვის.
თითოეული დადებითი სასამართლო დადგენილება ქვის ან აგურის დამატებასავითაა კანონის გალავნის გასაძლიერებლად, რომელიც იცავს არა მარტო იეჰოვას მოწმეების, არამედ ყველას უფლებებს.
გალავნის დაცვა
იეჰოვას მოწმეები ოფიციალურად რეგისტრირებული არიან 153 ქვეყანაში და, სხვა აღიარებული რელიგიების მსგავსად, სამართლიანად სარგებლობენ თავისუფლებით. ათწლეულების მანძილზე დევნისა და აკრძალვის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში იეჰოვას მოწმეები ოფიციალურად არიან ცნობილი შემდეგ ქვეყნებში: ალბანეთი, ბელორუსია, რუმინეთი, საქართველო, სლოვაკია, უნგრეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, და ჩეხეთი. მაგრამ დღეს გარკვეულ ქვეყნებში, დასავლეთ ევროპის ჩათვლით, რომლებსაც დიდი ხნის სასამართლო სისტემები აქვთ, იეჰოვას მოწმეების უფლებები სერიოზულ კამათსა და უარყოფას ხვდება. მოწინააღმდეგეები აქტიურად ცდილობენ, ‘უსამართლობა ჩაიდინონ’ მოწმეების საწინააღმდეგოდ (ფსალმუნი 93:20). როგორ რეაგირებენ ამაზე ისინი?c
იეჰოვას მოწმეებს სურთ, ითანამშრომლონ ყველა მთავრობასთან, მაგრამ აგრეთვე სურთ, რომ იურიდიული თავისუფლება ჰქონდეთ თაყვანისმცემლობისთვის. მათ მტკიცედ სწამთ, რომ ნებისმიერი კანონი ან სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს ღვთის ბრძანების, კეთილი ცნობის ქადაგების ჩათვლით, მორჩილებას, უკანონოა (მარკოზი 13:10). თუ შეთანხმება ვერ ხერხდება, იეჰოვას მოწმეები ყველა აპელაციურ ზომას მიმართავენ ღვთის მიერ მოცემული თაყვანისმცემლობის შესრულების უფლების კანონით დაცვისთვის. ისინი სრულიად ენდობიან ღვთის დაპირებას: „ყოველი იარაღი, შენს წინააღმდეგ გამოჭედილი, გაცუდდება“ (ესაია 54:17).
[სქოლიოები]
a იეჰოვას მოწმეების სასამართლო საქმეების ისტორია დაწვრილებით რომ განიხილოთ, იხილეთ 30-ე თავი წიგნში „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ (ინგლ.), რომელიც გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
b „მარდოკის“ სასამართლო საქმის გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ შეცვალა საკუთარი პოზიცია, რომელიც „ჯონსის დავა ოპელიკასთან“ სასამართლო საქმეზე ჰქონდა. 1942 წელს ჯონსის სასამართლო საქმეზე უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ქვემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილებას და დამნაშავედ სცნო იეჰოვას მოწმე როსკო ჯონსი ოპელიკის ქუჩებში (ალაბამა) ლიცენზიის გარეშე ლიტერატურის გავრცელების გამო.
c იხილეთ მე-8—18 გვერდებზე მოცემული სტატიები: „მოძულებულნი რწმენის გამო“ და „ჩვენი რწმენის დაცვა“.
[ჩარჩო 21 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეების უფლებების დაცვა
მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების დევნამ განაპირობა მოსამართლეებისა და მმართველების წინაშე მათი წარდგომა (ლუკა 21:12, 13). ისინი დაუღალავად შრომობენ თავიანთი უფლებების კანონით დასაცავად. მრავალ ქვეყანაში სასამართლო საქმეების მოგება ეხმარება მათ კანონიერი თავისუფლების დაცვაში, თავიანთი უფლებების ჩათვლით.
◻ გადასახადის გადახდის გარეშე კარდაკარ მსახურება. „მარდოკის დავა პენსილვანიასთან“ აშშ-ს უზენაესი სასამართლო, 1943 წელი; „კოკინაკისის დავა საბერძნეთთან“ ადამიანის უფლებების დაცვის ევროპის სასამართლო, აუდეს, 1993 წელი.
◻ თაყვანისმცემლობისთვის თავისუფალი შეკრება. „მონოსაკთან ერთად სხვების დავა საბერძნეთთან“, აუდეს, 1996 წელი.
◻ პატივისცემა ეროვნული დროშისა და სიმბოლოებისადმი, „დასავლეთ ვირჯინიის შტატის სახალხო განათლების სისტემის დავა გარნეტთან“, აშშ, უზენაესი სასამართლო, 1943 წელი. ფილიპინების უზენაესი სასამართლო, 1993 წელი; ინდოეთის უზენაესი სასამართლო 1986 წელი.
◻ უარის თქმა სამხედრო სამსახურზე, რომელიც ეწინააღმდეგება მათ ქრისტიანულ სინდისს. „გიორგიადისის დავა საბერძნეთთან“ აუდეს, 1997 წელი.
◻ მკურნალობისა და მედიკამენტების არჩევა, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მათ სინდისს. „მელეტის დავა შულმენთან“, ონტარიო, კანადა. სააპელაციო სასამართლო, 1990 წელი; საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ დავა E.L.A.-სთან“, უზენაესი სასამართლო, სან-ხუანი (პუერტო-რიკო), 1995 წელი; „ვოსმირის დავა ნიკოლაუსთან“, ნიუ-იორკი, აშშ, სააპელაციო სასამართლო, 1990 წელი.
◻ ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენით შვილების აღზრდა, მაშინაც კი, როდესაც ეს რწმენა სადავო ხდება ბავშვზე მზრუნველობის ინსტანციების მიერ. „სენ-ლორანსის დავა სუსისთან“, კანადის უზენაესი სასამართლო, 1997 წელი. „ჰოფმონსის დავა ავსტრიასთან“, აუდეს, 1993 წელი.
◻ იურიდიული კორპორაციების ქონა და მართვა, რომელიც ისევე გათავისუფლებულია დაბეგვრისგან, როგორც სხვა აღიარებული რელიგიები. „ხალხის დავა ჰერინგთან“, ნიუ-იორკი, აშშ, სააპელაციო სასამართლო, 1960 წელი.
◻ ზოგიერთი სახის სრული დროით მსახურებისთვის, როგორც სხვა რელიგიების სრული დროის მსახურებისთვის, ხელსაყრელ ფასებში მკურნალობა ბრაზილიის სოციალური უშიშროების ეროვნული ინსტიტუტი.
[სურათი 20 გვერდზე]
მინოს კოკინაკისი მეუღლესთან ერთად.
[სურათი 20 გვერდზე]
კუნიჰიტო კობაიაში.
[საავტორო უფლება 19 გვერდზე]
The Complete Encyclopedia of Illustration/J. G. Heck