ღვთის სამეფო — დედამიწის ახალი მმართველობა
‘სამეფო შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება’ (დანიელი 2:44).
1. რამდენად შეგვიძლია ვენდოთ ბიბლიას?
ბიბლია ის წიგნია, რომელიც ადამიანებს ღვთის აზრებს გადასცემს. მოციქული პავლე წერდა: „როცა მიიღეთ ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა, მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა, როგორც სინამდვილეშია“ (1 თესალონიკელთა 2:13). ბიბლია შეიცავს ყველაფერს, რის ცოდნაც ღვთის შესახებ გვესაჭიროება; მასში მოცემულია ინფორმაცია ღვთის პიროვნების, განზრახვებისა და იმის შესახებ, თუ რას მოითხოვს იგი ჩვენგან. ის გვთავაზობს საუკეთესო რჩევებს ოჯახური ცხოვრებისა და ყოველდღიური მოქმედების შესახებ. დაწვრილებით გადმოსცემს წინასწარმეტყველებებს, რომლებიც წარსულში შესრულდა, ახლა სრულდება და მომავალში შესრულდება. დიახ, „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17).
2. როგორ გაამახვილა იესომ ყურადღება ბიბლიის თემაზე?
2 ბიბლიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მის თემას: ზეციერი სამეფოს მეშვეობით ღვთის უზენაესობის (მართვის უფლებამოსილების) გამართლებას. იესოსთვის ეს იყო მსახურებაში უმთავრესი. «დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი“» (მათე 4:17). მან მოწოდებით: „უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე“, ცხადყო, თუ რას უნდა დაეჭირა ჩვენს ცხოვრებაში პირველი ადგილი (მათე 6:33). მან ამის მნიშვნელოვნება თავისი მიმდევრებისთვის ღვთისადმი ლოცვის სწავლის დროსაც დაგვანახვა: „მოვიდეს სუფევა [სამეფო] შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:10).
დედამიწის ახალი მმართველობა
3. რატომ არის ღვთის სამეფო ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი?
3 რატომ არის ღვთის სამეფო ადამიანებისთვის ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მალე ის ამოქმედდება და სამუდამოდ შეცვლის დედამიწაზე მმართველობას. დანიელის 2:44-ში მოცემული წინასწარმეტყველება იუწყება: „იმ მეფეთა [დღევანდელ დედამიწაზე მყოფ მმართველთა] დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს [მთავრობას ზეცაში], რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს [დედამიწაზე არსებულ მთავრობებს], თავად კი უკუნისამდე იდგება“. ღვთის ზეციერი სამეფოს სრული მმართველობის დროს ადამიანები უკვე აღარ იქნებიან დედამიწის მმართველები. უთანხმოებათა და უსიამოვნებათა გამომწვევი ადამიანური მმართველობა სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება.
4, 5. ა) რატომ არის იესო ღვთის სამეფოს მეფობისთვის საუკეთესო, გამოცდილი პიროვნება? ბ) რა დავალებას მიიღებს იესო ახლო მომავალში?
4 ზეციერი სამეფოს მთავარი მმართველი, რომელიც იეჰოვას უშუალო ხელმძღვანელობას ექვემდებარება, არის საუკეთესო, გამოცდილი პიროვნება — ქრისტე იესო. დედამიწაზე მოსვლამდე ის, როგორც ღვთის პირველი ქმნილება, ზეცაში ღვთის ‘ოსტატი’ იყო (იგავნი 8:22—31). ის „არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა, ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და დედამიწაზეა“ (კოლასელთა 1:15, 16). როდესაც ღმერთმა იესო დედამიწაზე გამოგზავნა, ის ყოველთვის თავისი გამომგზავნელის ნებას ასრულებდა. მან გაუძლო ურთულეს გამოცდას და სიკვდილამდე მამის ერთგული დარჩა (იოანე 4:34; 15:10).
5 თვით სიკვდილამდე ღვთისადმი ერთგულებისთვის იესო დაჯილდოვდა. ღმერთმა ის მკვდრეთით აღადგინა და ზეციერ სამეფოში მეფობის უფლება მისცა (საქმეები 2:32—36). როგორც სამეფოს მეფეს, ქრისტე იესოს, ღმერთი გრანდიოზულ დავალებას მისცემს: უამრავი მძლავრი სულიერი ქმნილების დახმარებით მოსპოს დედამიწაზე ადამიანთა მმართველობა და აღმოფხვრას ყოველგვარი ბოროტება (იგავნი 2:21, 22; 2 თესალონიკელთა 1:6—9; გამოცხადება 19:11—21; 20:1—3). შემდეგ კი ღვთის ზეციერი სამეფო, რომელსაც ქრისტე უხელმძღვანელებს, ახალი მმართველობა, მთელ დედამიწაზე ერთადერთი მთავრობა იქნება (გამოცხადება 11:5).
6. როგორ მმართველობას უნდა მოველოდეთ ღვთის სამეფოს მეფისგან?
6 ღვთის სიტყვა დედამიწის ახალი მმართველის შესახებ ამბობს: „მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ“ (დანიელი 7:14). რადგან იესო სიყვარულის გამოვლენაში ღმერთს ჰბაძავს, მისი მმართველობისას დიდი მშვიდობა და ბედნიერება დაისადგურებს (მათე 5:5; იოანე 3:16; 1 იოანე 4:7—10). „მისი მმართველობის განდიდებასა და მშვიდობას ბოლო არ ექნება . . . რათა განმტკიცებულ იქნეს სამართლითა და სიმართლით“ (ესაია 9:6, [ესაია 9:7, Revised Standard Version]). რამხელა კურთხევაა, გყავდეს მმართველი, რომელიც სიყვარულით, სიმართლითა და სამართლიანობით მმართველობს! ამგვარად, მე-2 პეტრეს 3:13 წინასწარმეტყველებს: „ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა [ღვთის ზეციერ სამეფოს] და ახალ მიწას [დედამიწის ახალ საზოგადოებას], სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“.
7. როგორ სრულდება დღეს მათეს 24:14?
7 ნამდვილად, ღვთის სამეფოს შესახებ ცნობა საუკეთესო სიახლეა ყველასთვის, ვისაც სიმართლე უყვარს. ამიტომაც იყო, რომ იესომ ამ ბოროტი სისტემის „უკანასკნელი დღეების“ აღმნიშვნელი ნიშნის შემადგენელ ნაწილად იწინასწარმეტყველა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (2 ტიმოთე 3:1—5; მათე 24:14). ეს წინასწარმეტყველება ახლა სრულდება, რადგან იეჰოვას დაახლოებით ექვსი მილიონი მოწმე 234 ქვეყანაში წელიწადში მილიარდ საათზე მეტს სხვებთან სამეფოს შესახებ საუბარში ატარებს. მთელ მსოფლიოში დაახლოებით 90 000 კრების თაყვანისცემის ადგილებს სათანადოდ ეწოდება სამეფო დარბაზები. იქ ხალხი მომავალი ახალი მთავრობის შესახებ ცოდნის მისაღებად მიდის.
თანამმართველები
8, 9. ა) საიდან არიან არჩეული ქრისტეს თანამმართველები? ბ) რაში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ მეფისა და მისი თანამმართველების ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით?
8 ღვთის ზეციერ სამეფოში ქრისტე იესოს თანამმართველები ეყოლება. გამოცხადების 14:1—4-ში (სსგ) მოცემული წინასწარმეტყველების თანახმად, 144 000 უნდა ყოფილიყო „ადამიანთაგან გამოსყიდული“ და ზეციერი ცხოვრებისთვის მკვდრეთით აღდგენილი. მათ შორის არიან მამაკაცები და ქალები, რომლებსაც სხვები კი არ ემსახურებოდნენ, არამედ თავმდაბლად თავად ემსახურებოდნენ ღმერთსა და ადამიანებს. „ისინი იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი და იმეფებენ მასთან ერთად ათას წელს“ (გამოცხადება 20:6). მათი რიცხვი საგრძნობლად მცირეა იმ „უამრავ ხალხთან“ შედარებით, „რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ და, რომელიც ამ სისტემის აღსასრულს გადაიტანს. ესენიც ‘ემსახურებიან ღმერთს დღე და ღამე’, მაგრამ მათ არა აქვთ ზეციური მოწოდება (გამოცხადება 7:9, 15). ისინი, როგორც ღვთის ზეციერი სამეფოს ქვეშევრდომები, ახალი მიწის ბირთვს ქმნიან (ფსალმუნი 36:29; იოანე 10:16).
9 ქრისტესთან ერთად ზეცაში მმართველებად იეჰოვამ ის ერთგული ადამიანები აირჩია, რომლებმაც ყოველგვარი ცხოვრებისეული პრობლემები გამოსცადეს. არ არსებობს თითქმის არაფერი, რაც ამ მეფე-მღვდლებსაც არ ჰქონდეთ გადატანილი. ამიტომ ცხოვრებისეული გამოცდილება მათ ხელს უწყობს, უკეთესად გაუწიონ ადამიანებს მმართველობა. თვითონ იესომაც კი „ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება“ (ებრაელთა 5:8). მოციქულმა პავლემ მის შესახებ თქვა: „ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებებში, არამედ ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა“ (ებრაელთა 4:15). რამდენად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში ადამიანებს მოსიყვარულე, თანამგრძნობი მეფეები და მღვდლები გაუწევენ მმართველობას!
შედიოდა სამეფო ღვთის განზრახვაში?
10. რატომ არ შედიოდა ზეციერი სამეფო ღვთის თავდაპირველ განზრახვაში?
10 შედიოდა ზეციერი სამეფო ღვთის თავდაპირველ განზრახვაში მაშინ, როდესაც ადამი და ევა შექმნა? დაბადებაში შემოქმედების შესახებ მოცემულ ცნობაში არსად არის ნახსენები სამეფო, რომელიც კაცობრიობას გაუწევდა მმართველობას. თავად იეჰოვა იყო მათი მმართველი და სანამ მის მორჩილებაში იქნებოდნენ, ადამიანებს სხვა არავითარი ხელმძღვანელობა არ დასჭირდებოდათ. დაბადების პირველი თავი ცხადყოფს, რომ იეჰოვას, როგორც ჩანს, თავისი ზეციერი პირმშოს, ძის, მეშვეობით, კავშირი ჰქონდა ადამსა და ევასთან. ბიბლიური ცნობა იყენებს ისეთ გამოთქმებს როგორიცაა: „ღმერთმა . . . უთხრა“ და „თქვა ღმერთმა“ (დაბადება 1:28, 29; იოანე 1:1).
11. რა სრულყოფილი საწყისი ჰქონდა კაცობრიობას?
11 ბიბლია ამბობს: „დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31). ედემის ბაღში ყველაფერი აბსოლუტურად სრულყოფილი იყო. ადამი და ევა სამოთხეში ცხოვრობდნენ. მათ სრულყოფილი აზროვნება და სხეული ჰქონდათ. შეეძლოთ ურთიერთობა ჰქონოდათ თავიანთ შემოქმედთან. და, თუ ერთგულებას შეინარჩუნებდნენ, სრულყოფილი შთამომავლობა ეყოლებოდათ. იქ ახალი ზეციერი მთავრობა საჭირო არ იქნებოდა.
12, 13. სრულყოფილ ადამიანთა გამრავლების შემდეგაც კი, რატომ არ იქნებოდა ღვთისთვის არავითარი პრობლემა მათთან ურთიერთობის დამყარება?
12 როგორ დაამყარებდა ღმერთი თითოეულ ადამიანთან ურთიერთობას მათი გამრავლების შემდეგ? ყურადღება მივაპყროთ ციურ ვარსკვლავებს. ისინი თავმოყრილი არიან სამყაროს კუნძულებად, რომლებსაც გალაქტიკები ეწოდება. ზოგი გალაქტიკა მილიარდი ვარსკვლავის მომცველია. ზოგი კი დაახლოებით — ტრილიონის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაკვირვებად სამყაროში არსებობს დაახლოებით 100 მილიარდი გალაქტიკა! შემოქმედი კი ამბობს: „ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს“ (ესაია 40:26).
13 რადგან ღმერთმა იცის ყველა ამ ციური სხეულის შესახებ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მისთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, იცოდეს ბევრად უფრო მცირერიცხოვან ადამიანთა შესახებ. ახლაც კი, ყოველდღიურად, მას მილიონობით თავისი მსახური მიმართავს ლოცვით. ამ ლოცვებს ღმერთი მყისვე ისმენს. ასე რომ, სათითაოდ, ყველა სრულყოფილ ადამიანთან კავშირის დამყარება მისთვის არავითარი პრობლემა არ იქნებოდა. ამისათვის მას ზეციერი სამეფოს მოშველიება არ დასჭირდებოდა. რა სასწაულებრივია, მმართველად იეჰოვა გყავდეს, მასთან უშუალო კავშირი გქონდეს და დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრება გელოდებოდეს!
„ადამიანის ნებაზე არ არის“
14. რატომ დასჭირდებათ ადამიანებს ყოველთვის იეჰოვას ხელმძღვანელობა?
14 ადამიანებს, სრულყოფილებსაც კი, ყოველთვის დასჭირდებოდათ იეჰოვას ხელმძღვანელობა. რატომ? იმიტომ რომ იეჰოვას მათთვის იმის უნარი არ მიუცია, რომ მისგან დამოუკიდებლად წარმატებით ემმართველათ. ეს კანონზომიერება ცნობილი იყო წინასწარმეტყველ იერემიასთვის. მან თქვა: «ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს. დამსაჯე [„გამომასწორე“, აქ], უფალო» (იერემია 10:23, 24). არაგონივრული იქნებოდა, თუ ადამიანები იფიქრებდნენ, რომ იეჰოვას ხელმძღვანელობის გარეშე წარმატებით წარმართავდნენ საზოგადოების ცხოვრებას. ეს იმის საპირისპირო მოქმედება იქნებოდა, როგორი მოქმედებისთვისაც ისინი იყვნენ შექმნილი. იეჰოვას ხელმძღვანელობის გარეშე დამოუკიდებლად მოქმედება, ეჭვგარეშეა, წარმოშობდა ეგოიზმს, სიძულვილს, სისასტიკეს, ძალადობას, ომებსა და სიკვდილს. ‘კაცი კაცზე იმძლავრებდა მისდა საზიანოდ’ (ეკლესიასტე 8:9).
15. რა შედეგები მოჰყვა ჩვენი პირველი წინაპრების მიერ გაკეთებულ არასწორ არჩევანს?
15 სამწუხაროდ, ჩვენმა პირველმა წინაპრებმა გადაწყვიტეს, რომ არ სჭირდებოდათ ღვთის მმართველობა და მისგან დამოუკიდებლად ცხოვრება არჩიეს. ამის გამო ღმერთმა აღარ შეუნარჩუნა მათ სრულყოფილება. ისინი უკვე იმ ელექტრომოწყობილობას დაემსგავსნენ, რომელიც ენერგიის წყაროს მოსწყვიტეს. ამიტომ დროთა განმავლობაში თანდათანობით მათი ორგანიზმი დაკარგავდა მაცოცხლებელ ძალას და შეწყვეტდა ფუნქციონირებას, ანუ მოკვდებოდნენ. ისინი დეფექტიან მოდელს დაემსგავსნენ და შთამომავლობისთვის მხოლოდ ამ დეფექტის გადაცემა შეეძლოთ (რომაელთა 5:12). „კლდეა იგი [იეჰოვა], სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. . . გაერყვნენ მას, აღარ არიან მისი შვილები, რადგან შეიგინენ“ (მეორე რჯული 32:4, 5). მართალია, ადამსა და ევაზე იმ მეამბოხე სულიერმა ქმნილებამ მოახდინა გავლენა, რომელიც სატანა გახდა, მაგრამ მათ სრულყოფილი გონება ჰქონდათ და შეეძლოთ ამ ბოროტი ქმნილების რჩევების უკუგდება (დაბადება 3:1—19; იაკობი 4:7).
16. რას ამბობს ისტორია ღვთისგან დამოუკიდებლობის შედეგებზე?
16 ისტორიამ შემოინახა მრავალი ფაქტი, თუ რა მოჰყვა ღვთისგან დამოუკიდებლობას. ათასობით წლის განმავლობაში ადამიანებმა გამოსცადეს ყოველგვარი ადამიანური მთავრობა, ეკონომიკური და სოციალური სისტემები, მაგრამ ბოროტება კვლავ განაგრძობს ‘უარესისკენ წინ წაწევას’ (2 ტიმოთე 3:13). ეს დაადასტურა XX საუკუნემ. იგი ისტორიის სხვა ნებისმიერ მონაკვეთთან შედარებით ყველაზე მეტად იყო აღსავსე უსასტიკესი სიძულვილით, ძალადობით, ომებით, შიმშილით, სიღარიბითა და სხვა მრავალი სატანჯველით; და მედიცინაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ადრე თუ გვიან, ყველა კვდება (ეკლესიასტე 9:5, 10). თავიანთი ნაბიჯების დამოუკიდებლად წარმართვის მცდელობით ადამიანებმა სატანისა და მისი დემონების მსხვერპლად იქციეს თავი. ამიტომაც ბიბლია სატანას „წუთისოფლის ღმერთს“ უწოდებს (2 კორინთელთა 4:4).
ძღვენი — ნების თავისუფლება
17. როგორ უნდა გამოეყენებინათ ადამიანებს ღვთისგან ბოძებული ნების თავისუფლების ძღვენი?
17 რატომ დართო იეჰოვამ ადამიანებს იმის ნება, რომ საკუთარი სურვილისამებრ ევლოთ? შექმნისას ღმერთმა ადამიანებს სასწაულებრივი ძღვენი, ნების თავისუფლება, არჩევნის გაკეთების უნარი უბოძა. „სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა“, — თქვა მოციქულმა პავლემ (2 კორინთელთა 3:17). არავის სურს, რობოტი იყოს და ყოველდღე, ყოველ წამს სხვამ გადაუწყვიტოს, რა თქვას და რა აკეთოს. მაგრამ იეჰოვა ადამიანებისგან მოითხოვდა, რომ პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ ნების თავისუფლების ამ ძღვენს; დაენახათ ღვთის ნების შესრულების გონივრულობა და მისადმი მორჩილები დარჩენილიყვნენ (გალატელთა 5:13). ამგვარად, თავისუფლება არ უნდა ყოფილიყო აბსოლუტური, რადგან ასეთი თავისუფლება ანარქიას გამოიწვევდა. ის უნდა მოქცეულიყო ღვთის რჯულის საზღვრებში, რომელიც ადამიანებისავე კეთილდღეობას მოემსახურებოდა.
18. რა გამოააშკარავა ღმერთმა იმით, რომ ადამიანებს არჩევნის თავისუფლება მისცა?
18 ადამიანებისთვის საკუთარი სურვილისამებრ მოქმედებაზე ნების დართვით ღმერთმა ერთხელ და სამუდამოდ ყველას აჩვენა, რომ ჩვენ მისი ხელმძღვანელობა გვჭირდება. მისი მმართველობა, მისი უზენაესი ხელისუფლება, ერთადერთი სწორი მმართველობაა. ის უდიდესი ბედნიერების, კმაყოფილებისა და კეთილდღეობის მომტანია. ასეთი შედეგი კი იმითაა განპირობებული, რომ ჩვენი გონება და სხეული იეჰოვას მიერ ისეა შექმნილი, რომ საუკეთესოდ მაშინ ფუნქციონირებს, როდესაც მისი რჯულის შესაბამისად მოქმედებს. „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი“ (ესაია 48:17). ღვთის ნორმების ფარგლებში არჩევნის თავისუფლება სამძიმო კი არ იქნებოდა, არამედ პირიქით, მას შედეგად საკვების, სახლების, მხატვრობისა და მუსიკის მრავალფეროვნება მოჰყვებოდა. სათანადოდ გამოყენებული ნების თავისუფლების შედეგად დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრება შესანიშნავი და ყოველთვის სასიამოვნო იქნებოდა.
19. რა საშუალებას იყენებს ღმერთი იმისათვის, რომ ადამიანები შეირიგოს?
19 ადამიანები კი თავიანთი ცუდი არჩევნის გამო ღმერთს ჩამოშორდნენ, არასრულყოფილები გახდნენ და დეგრადირდნენ, რამაც მათი სიკვდილი გამოიწვია. ამიტომ საჭიროა, ისინი გათავისუფლდნენ ამ სავალალო მდგომარეობიდან და ღმერთთან სათანადო ურთიერთობა აღიდგინონ, რათა კვლავ მისი ძენი და ასულნი გახდნენ. ამის მისაღწევ საშუალებად ღმერთმა თავისი სამეფო აირჩია, ხოლო მხსნელად — იესო ქრისტე (იოანე 3:16). ამ ღონისძიების საშუალებით ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ინანიებენ ცოდვებს — როგორც ეს იესოს მიერ მოყვანილ იგავში უძღები ძის შემთხვევაში იყო — ღმერთს ურიგდებიან, ღმერთი კი მათ კვლავ თავის შვილებად აღიარებს (ლუკა 15:11—24; რომაელთა 8:21; 2 კორინთელთა 6:18).
20. სამეფოს საშუალებით როგორ შესრულდება ღვთის განზრახვა?
20 ეჭვგარეშეა, იეჰოვას ნება შესრულდება დედამიწაზე (ესაია 14:24, 27; 55:11). თავისი სამეფოს საშუალებით, რომელსაც ხელმძღვანელობას ქრისტე გაუწევს, ღმერთი აბსოლუტურად გაამართლებს (ანუ დაამტკიცებს), რომ აქვს უფლება, იყოს ჩვენი უზენაესი უფალი. ეს სამეფო ბოლოს მოუღებს დედამიწაზე ადამიანთა და დემონთა მმართველობას და ათასი წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ მისი მმართველობა იქნება ზეციდან (რომაელთა 16:20; გამოცხადება 20:1—6). მაგრამ იმ დროის განმავლობაში როგორ გამოვლინდება იეჰოვას მმართველობის უპირატესობა? და ათასი წლის შემდეგ რა როლს შეასრულებს სამეფო? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.
გასამეორებელი საკითხები
• რა არის ბიბლიის თემა?
• ვინ შედის დედამიწის ახალ მმართველობაში?
• რატომ არის შეუძლებელი, ღვთისგან დამოუკიდებლად ადამიანთა მმართველობა წარმატებული იყოს?
• როგორ უნდა გამოვლინდეს ნების თავისუფლება?
[სურათი 10 გვერდზე]
იესო სწავლებისას ყურადღებას ამახვილებდა ღვთის მმართველობაზე, რომელსაც ღმერთი თავისი სამეფოს საშუალებით განახორციელებდა.
[სურათები 12 გვერდზე]
ყველა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა ძირითადი სწავლება სამეფოს შესახებ სწავლებაა.
[სურათები 14 გვერდზე]
ისტორია გვიდასტურებს, თუ რა ცუდი შედეგები მოუტანა კაცობრიობას ღვთისგან დამოუკიდებლად მოქმედებამ.
[საავტორო უფლება]
WWI soldiers: U.S. National Archives photo; concentration camp: Oświęcim Museum; child: UN PHOTO 186156/J. Isaac