ძალიან გიყვართ თუ არა იეჰოვას შეხსენებები?
«იცავდა ჩემი სული შენს მცნებებს [„შეხსენებებს“, აქ] და მე ისინი მიყვარს ძალიან» (ფსალმუნი 118:167).
1. სად არის იეჰოვას შეხსენებები არაერთხელ ნახსენები?
იეჰოვას სურს, რომ მისი ხალხი ბედნიერი იყოს. ნამდვილი ბედნიერებისთვის კი, რა თქმა უნდა, ღვთის კანონებით ხელმძღვანელობა და მისი მითითებების დაცვაა საჭირო. ამისათვის ღმერთი შეხსენებებით უზრუნველგვყოფს. ასეთი შეხსენებები საღვთო წერილში, განსაკუთრებით კი 118-ე ფსალმუნში, არაერთხელ არის ნახსენები. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ფსალმუნი იუდას ახალგაზრდა უფლისწულის, ხიზკიას, მიერ არის დაწერილი. ეს შესანიშნავი სიმღერა შემდეგი სიტყვებით იწყება: «ნეტარ არიან გზიანები, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე. ნეტარ არიან შემნახველნი მის მცნებათა [„შეხსენებათა“, აქ], მთელი გულით რომ ეძიებენ მას» (ფსალმუნი 118:1, 2).
2. როგორ უკავშირდება ღვთის შეხსენებები ბედნიერებას?
2 ჩვენ „უფლის [იეჰოვას] რჯულზე“ მისი სიტყვიდან ზუსტი შემეცნების მიღებითა და ამ შემეცნების თანახმად ცხოვრებით ‘დავდივართ’, მაგრამ არასრულყოფილების გამო შეხსენება მაინც გვჭირდება. ებრაული სიტყვა, რომელიც „შეხსენებად“ ითარგმნა, ღვთის მიერ ჩვენს გონებაში თავისი მოთხოვნების, ბრძანებების, წესების, მცნებებისა და კანონების აღდგენაზე, კვლავ შეხსენებაზე მიუთითებს (მათე 10:18—20). ბედნიერებას მხოლოდ მაშინ შევინარჩუნებთ, თუ განვაგრძობთ ასეთი შეხსენებების გათვალისწინებას, რადგან ასე მოქმედება იმ სულიერი მახეების არიდებაში დაგვეხმარება, რომელთაც უბედურება და მწუხარება მოაქვთ.
‘მიეკარით’ იეჰოვას შეხსენებებს
3. 118-ე ფსალმუნის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე, რაში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ?
3 ღვთის შეხსენებები ძალიან ძვირფასი იყო ფსალმუნმომღერლისთვის, რომელიც მღეროდა: „ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას. ბოროტეულთა ბორკილები გარს შემომერტყნენ, შენი რჯული არ დავივიწყე“ (ფსალმუნი 118:60, 61). იეჰოვას შეხსენებები დევნის ატანაში გვეხმარება, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ზეციერ მამას შეუძლია შეგვიხსნას მტრების მიერ დადებული ბორკილები. თავის დროზე ის გვათავისუფლებს ასეთი დაბრკოლებებისგან და ჩვენც სამეფოს შესახებ ქადაგების გაგრძელების შესაძლებლობა გვეძლევა (მარკოზი 13:10).
4. რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ღვთის შეხსენებებზე?
4 იეჰოვას შეხსენებები ზოგჯერ ჩვენ გამოსწორებას ემსახურება. ფსალმუნმომღერალივით, მოდი ჩვენც ყოველთვის დავაფასოთ ასეთი შეხსენებები. მან ლოცვაში ღმერთს უთხრა: «შენი მცნებებიც [„შეხსენებები“, აქ] სიხარულია ჩემთვის. . . შევიყვარე მცნებანი [„შეხსენებები“, აქ] შენნი» (ფსალმუნი 118:24, 119). ფსალმუნმომღერალთან შედარებით ჩვენ უფრო მეტი შეხსენებები გვაქვს. ებრაული წერილებიდან ასობით ციტატა, რომლებიც ბერძნულ წერილებში გვხვდება, არა მარტო იეჰოვას მიერ თავისი ხალხისთვის რჯულის საშუალებით გადაცემულ დარიგებებს შეგვახსენებს, არამედ ქრისტიანული კრების მიმართ იეჰოვას განზრახვასაც. როდესაც ღმერთი საჭიროდ მიიჩნევს, შეგვახსენოს თავის კანონებთან დაკავშირებული საკითხები, ჩვენ ვაფასებთ ასეთ ხელმძღვანელობას. ‘იეჰოვას შეხსენებებზე მიკვრით’ ავირიდებთ ცოდვის ჩადენამდე მიმყვან საცდურებს, რომლებიც ჩვენს შემოქმედს არ მოსწონს, ჩვენ კი ბედნიერებას გვაკარგვინებს (ფსალმუნი 119:31, აქ [118:31]).
5. როგორ შევიყვარებთ იეჰოვას შეხსენებებს?
5 რამდენად უნდა გვიყვარდეს იეჰოვას შეხსენებები? «იცავდა ჩემი სული შენს მცნებებს [„შეხსენებებს“, აქ] და მე ისინი მიყვარს ძალიან» (ფსალმუნი 118:167). ჩვენ ძალიან შევიყვარებთ იეჰოვას შეხსენებებს, თუ მათ ისე შევხედავთ და მივიღებთ, როგორც ნამდვილად მზრუნველი მამის დარიგებას (1 პეტრე 5:6, 7). ჩვენ გვჭირდება შეხსენებები მისგან და უფრო მეტ სიყვარულს ვგრძნობთ ამ შეხსენებებისადმი, როდესაც მათ სარგებლიანობას ვხედავთ.
რატომ გვჭირდება ღვთის შეხსენებები
6. რა არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იეჰოვას შეხსენებები გვჭირდება და რა დაგვეხმარება მათ გახსენებაში?
6 ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შეხსენებები გვჭირდება, ისაა, რომ გულმავიწყები ვართ. ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“ ამბობს: „ჩვეულებრივ, დროთა განმავლობაში ადამიანს უფრო და უფრო მეტი რამ ავიწყდება. . . ალბათ, გეცნობათ ის განცდა, როცა ენის წვერზე გადგათ ვინმეს სახელი ან რაღაც სხვა რამ, მაგრამ ვერაფრით იხსენებთ. . . ასეთი დროებითი დავიწყება, რომელიც ხშირია, ისეთი ტიპის მეხსიერების დაკარგვაა, რომლის აღდგენაც შესაძლებელია. მეცნიერები ამას არეულ-დარეულ ოთახში სადღაც მიგდებული საგნის პოვნის მცდელობას ადარებენ. . . აუცილებლად კარგად დაიმახსოვრებთ ამა თუ იმ ინფორმაციას, თუ მას შემდეგ, რაც ფიქრობთ, რომ სრულყოფილად იცით, ისევ დაუბრუნდებით და კვლავ შეისწავლით მას“. გულმოდგინედ სწავლა და გამეორება ღვთის შეხსენებების გახსენებასა და მათ ჩვენსავე სასიკეთოდ გამოყენებაში დაგვეხმარება.
7. რატომ გვჭირდება ღვთის შეხსენებები დღეს ყველაზე მეტად?
7 დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება იეჰოვას შეხსენებები, რადგან ბოროტებამ კაცობრიობის ისტორიაში არნახულ მასშტაბებს მიაღწია. თუ ღვთის შეხსენებებს ყურად ვიღებთ, გამჭრიახობას შევიძენთ; ეს კი იმისთვის არის აუცილებელი, რომ არავინ გაგვიტყუოს ამ წუთისოფლის უკეთური გზებისკენ. «ყველა ჩემს მოძღვარზე გონიერი გავხდი, — თქვა ფსალმუნმომღერალმა, — რადგან შენი მცნებანი [„შეხსენებები“, აქ] სააზროვნოა ჩემი. მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს ბრძანებებს ვიცავ. ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი სიტყვა» (ფსალმუნი 118:99—101). ღვთის შეხსენებების გათვალისწინებით „ყოველგვარ ბოროტ გზას მოვერიდებით“ და არ დავემსგავსებით მათ, რომლებიც „გონებადაბნელებულნი და ღვთის ცხოვრებისაგან გაუცხოებულნი“ არიან (ეფესელთა 4:17—19).
8. როგორ შეგვიძლია უკეთესად აღვიჭურვოთ რწმენის გამოცდებთან წარმატებით გასამკლავებლად?
8 ღვთის შეხსენებები გვაძლიერებენ, რათა ამ „უკანასკნელ ჟამს“ მრავალი განსაცდელი ავიტანოთ (დანიელი 12:4). ასეთი შეხსენებების გარეშე ‘დამვიწყებელი მომსმენები’ გავხდებოდით (იაკობი 1:25). მაგრამ „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ გამოცემული პუბლიკაციების გამოყენებით საღვთო წერილის როგორც პირადი, ისე კრებასთან ერთად შესწავლა, რწმენის გამოცდებთან წარმატებით გამკლავებაში დაგვეხმარება (მათე 24:45—47). ასეთი სულიერი ღონისძიებები იმის დანახვის საშუალებას გვაძლევს, თუ რა უნდა ვაკეთოთ და როგორ ვასიამოვნოთ იეჰოვას, როცა ჩვენი რწმენა იცდება.
ჩვენი შეხვედრების მნიშვნელოვანი როლი
9. რას ნიშნავს „ძღვენი ადამიანთა სახით“ და როგორ ეხმარება ეს ძღვენი თანამორწმუნეებს?
9 ღვთისგან საჭირო შეხსენებების მიღების ერთ-ერთი საშუალება ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებაა, სადაც დანიშნული ძმები გვარიგებენ. მოციქული პავლე წერდა, რომ, როდესაც იესო «ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვე და ნიჭები უბოძა ადამიანს [„უბოძა ძღვენი ადამიანთა სახით“, აქ]». პავლემ დასძინა: „[ქრისტემ] დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი წინასწარმეტყველებად, ზოგნი მახარებლად, ზოგნი მწყემსებად და მოძღვრებად, რათა სრულეყოთ წმიდანი მსახურების საქმისათვის — ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად“ (ეფესელთა 4:8, 11, 12). რამდენად მადლიერები ვართ, რომ ეს „ძღვენი ადამიანთა სახით“ — დანიშნული უხუცესები — ყურადღებას გვამახვილებინებენ იეჰოვას შეხსენებებზე, როცა ერთად ვიკრიბებით თაყვანისცემისას!
10. რა აზრია ჩადებული ებრაელთა 10:24, 25-ში?
10 ღვთის ღონისძიებებისადმი მადლიერება აღგვძრავს, ყოველკვირეულად დავესწროთ კრების ხუთ შეხვედრას. პავლემ ყურადღება გაამახვილა რეგულარულად ერთად შეკრების მნიშვნელოვნებაზე. ის წერდა: „ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს. და, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელთა 10:24, 25).
11. რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის თითოეულ ყოველკვირეულ შეხვედრას?
11 მადლიერნი ხართ თუ არა იმ სარგებლობისთვის, რაც ჩვენთვის კრების შეხვედრებს მოაქვს? „საგუშაგო კოშკის“ ყოველკვირეული შესწავლა რწმენას გვიძლიერებს, იეჰოვას შეხსენებების გათვალისწინებაში გვეხმარება და „წუთისოფლის სულისთვის“ წინააღმდეგობის გაწევის ძალას გვაძლევს (1 კორინთელთა 2:12; საქმეები 15:31). საჯარო შეხვედრაზე მომხსენებელი გადმოგვცემს ღვთის სიტყვაში მოცემულ დარიგებებს, რომლებიც იეჰოვას შეხსენებებსა და იესოს შესანიშნავ ‘საუკუნო სიცოცხლის სიტყვებსაც’ მოიცავს (იოანე 6:68; 7:46; მათე 5:1—7:29). თეოკრატიული სამსახურის სკოლაში სწავლების უნარს ვიუმჯობესებთ. სამსახურებრივი შეხვედრა ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევს, რომ უკეთ ვიქადაგოთ კეთილი ცნობა კარდაკარ, განმეორებითი მონახულებისას, ბიბლიის საშინაო შესწავლისა და ჩვენი მსახურების სხვადასხვა სფეროში მონაწილეობისას. წიგნის შესწავლის შედარებით პატარა ჯგუფი აზრების უფრო თავისუფლად გამოთქმის საშუალებას გვაძლევს. ხშირად ამ დროსაც ღვთის შეხსენებებს ვისმენთ.
12, 13. როგორ ცხადყვეს ერთ აზიურ ქვეყანაში მცხოვრებმა ღვთის მსახურებმა, რომ აფასებდნენ ქრისტიანულ შეხვედრებს?
12 კრების შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება ხელს გვიწყობს ღვთის მცნებების შეხსენებაში და ომების, ეკონომიკური სირთულეებისა და რწმენის სხვა გამოცდების დროს სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში გვეხმარება. შეხვედრების მნიშვნელოვნება კარგად ესმოდა აზიაში მცხოვრებ დაახლოებით 70 ქრისტიანს, რომლებიც იძულებული გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ და უღრან ტყეში ეცხოვრათ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ არ შეეწყვიტათ რეგულარულად ერთად შეკრება, რის გამოც ომით გატიალებულ თავიანთ ქალაქში დაბრუნდნენ, დაშალეს ის, რაც ყოფილი სამეფო დარბაზიდან შემორჩა და იმ მასალით ჯუნგლში დარბაზი ააგეს.
13 იმავე ქვეყნის სხვა კუთხეში, მრავალწლიანი ომის მიუხედავად, იეჰოვას ხალხი კვლავაც ენთუზიაზმით განაგრძობს მსახურებას. იმ კუთხეში მცხოვრებ ერთ უხუცესს ჰკითხეს, თუ ყველაზე მეტად ხელი რამ შეუწყო ძმებს ერთიანობის შენარჩუნებაში. რა უპასუხა მან? „19 წლის განმავლობაში კრება არასოდეს გაგვიცდენია. ზოგჯერ დაბომბვის თუ სხვაგვარი სირთულეების გამო ზოგი ძმა ვერ ესწრებოდა შეხვედრას, მაგრამ თვითონ შეხვედრა ყოველთვის ტარდებოდა“. ამ ძვირფას ძმებსა და დებს ნამდვილად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ‘არ მიატოვონ შესაკრებელი’.
14. რის სწავლა შეგვიძლია ხანდაზმული ანას ჩვეულებიდან?
14 ოთხმოცდაოთხი წლის ქვრივი, ანა, „არ შორდებოდა ტაძარს“. ამიტომ, როდესაც ჩვილი იესო დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ტაძარში მიიყვანეს, ისიც იქ იყო (ლუკა 2:36—38). მტკიცედ გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, თქვენც არასოდეს გააცდინოთ შეხვედრები? ყველაფერს აკეთებთ თუ არა იმისათვის, რომ ყველა კონგრესს დაესწროთ? ამ შეხვედრებზე სასარგებლო დასწავლება იმის აშკარა მტკიცებაა, რომ ჩვენი ზეციერი მამა ზრუნავს თავის ხალხზე (ესაია 40:11). ასეთი შეხვედრები სიხარულის მომგვრელია; ამასთანავე, მათზე დასწრებით ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ იეჰოვას შეხსენებებს (ნეემია 8:5—8, 12).
გამოცალკევებულნი იეჰოვას შეხსენებებით
15, 16. რა გავლენას ახდენს ჩვენს მოქმედებაზე იეჰოვას შეხსენებების გათვალისწინება?
15 ღვთის შეხსენებების ყურად ღება საშუალებას გვაძლევს, რომ გამოვირჩეოდეთ ამ ბოროტი წუთისოფლისგან. მაგალითად, მათი გათვალისწინება სექსუალური უზნეობისგან გვიცავს (მეორე რჯული 5:18; იგავნი 6:29—35; ებრაელთა 13:4). როდესაც ღვთის შეხსენებებს ვითვალისწინებთ, ადვილად შეგვიძლია ვძლიოთ მოტყუების, უპატიოსნობის ან ქურდობის ცდუნებას (გამოსვლა 20:15, 16; ლევიანნი 19:11; იგავნი 30:7—9; ეფესელთა 4:25, 28; ებრაელთა 13:18). იეჰოვას შეხსენებების ყურად ღება შურისძიებისგან, ბოღმის გულში ჩატოვებისა და სხვისთვის ცილის დაწამებისგან გვიცავს (ლევიანნი 19:16, 18; ფსალმუნი 14:1, 3).
16 ღვთის შეხსენებების გათვალისწინებით ჩვენ სიწმინდეს ვინარჩუნებთ, ანუ გამოცალკევებულნი ვართ, რათა მსახურება აღვასრულოთ. მართლაც ძალზე მნიშვნელოვანია, გამოვირჩეოდეთ ამ წუთისოფლისგან! დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ საღამოს ლოცვაში იესომ იეჰოვას თავისი მიმდევრების შესახებ სთხოვა: „მე მათ მივეცი შენი სიტყვა და წუთისოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან წუთისოფლისანი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა. არ გევედრები, რომ წუთისოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ, რომ დაიცვა ბოროტისაგან. ისინი წუთისოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა. განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:14—17). მოდი კვლავაც გულში ვატაროთ ღვთის სიტყვა, რომლის წყალობითაც იეჰოვასთვის წმინდა მსახურებისთვის ვართ გამოცალკევებულნი.
17. რა შეიძლება მოხდეს, თუ ღვთის შეხსენებებს უგულებელვყოფთ და რის გაკეთება გვმართებს?
17 ჩვენი, როგორც იეჰოვას მსახურთა, სურვილია, ისეთებად დავრჩეთ, რომ ღვთისთვის მისაღები იყოს ჩვენი მსახურება. მაგრამ, თუ ღვთის შეხსენებებს უგულებელვყოფდით, გვძლევდა ამ წუთისოფლის სული, რომელიც ხშირად წუთისოფლისეული ლაპარაკის მანერაში, ლიტერატურაში, გართობასა და ქცევაში ვლინდება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, გავხდეთ ფულის მოყვარულნი, ამპარტავანნი, ამაყნი, უმადურნი, ორგულნი, მრისხანენი, თავხედნი, გაბღენძილნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა; დიახ, აქ ჩამოთვლილია მხოლოდ ის რამდენიმე თავისებურება, რომლებიც ღვთისგან გაუცხოებულ ადამიანებს ახასიათებთ (2 ტიმოთე 3:1—5). რადგან ამ ბოროტი სისტემის უკანასკნელი დღეების მიწურულს ვცხოვრობთ, მოდი ვილოცოთ ღვთის დახმარებაზე, რათა შევძლოთ ღვთის შეხსენებების გათვალისწინება და ‘მისი სიტყვისამებრ თავის დაცვა’ (ფსალმუნი 118:9).
18. რომელი სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაგვეხმარება ღვთის შეხსენებების გათვალისწინება?
18 იეჰოვა მხოლოდ იმას არ გვახსენებს, თუ რა არ უნდა ვაკეთოთ. მისი შეხსენებების გათვალისწინება დაგვეხმარება, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგათ, უყოყმანოდ მივენდოთ იეჰოვას და მთელი გულით, სულითა და ძალით შევიყვაროთ იგი (მეორე რჯული 6:5; ფსალმუნი 4:6; იგავნი 3:5, 6; მათე 22:37; მარკოზი 12:30). ღვთის შეხსენებები მოყვასის შესაყვარებლადაც აღგვძრავს (ლევიანნი 19:18; მათე 22:39). ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულს კი განსაკუთრებით ღვთის ნების შესრულებითა და სიცოცხლის მომცემი ‘ღვთის შემეცნების’ სხვებისთვის გაზიარებით გამოვავლენთ (იგავნი 2:1—5).
ღვთის შეხსენებების გათვალისწინება სიცოცხლის ტოლფასია!
19. როგორ დავანახვებთ სხვებს, რომ იეჰოვას შეხსენებების გათვალისწინება პრაქტიკული და სასარგებლოა?
19 თუ იეჰოვას შეხსენებებს გავითვალისწინებთ და სხვებსაც დავეხმარებით ამაში, საკუთარ თავსაც ვიხსნით და ჩვენს მსმენელთაც (1 ტიმოთე 4:16). როგორ შეგვიძლია სხვებს დავანახვოთ, რომ იეჰოვას შეხსენებების გათვალისწინება ნამდვილად პრაქტიკული და სასარგებლოა? ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენებით. ‘საუკუნო სიცოცხლისთვის სწორად განწყობილნი’ ამგვარად დაინახავენ, რომ ღვთის სიტყვაში მოცემული მითითებების თანახმად ცხოვრება ნამდვილად საუკეთესოა (საქმეები 13:48, აქ). გარდა ამისა, ისინი დაინახავენ, რომ ‘ჭეშმარიტად ჩვენ შორის არის ღმერთი’ და სურვილი გაუჩნდებათ, ჩვენთან ერთად თაყვანი სცენ სამყაროს უზენაეს უფალს, იეჰოვას (1 კორინთელთა 14:24, 25).
20, 21. რას შეგვაძლებინებს ღვთის შეხსენებები და სულიწმიდა?
20 საღვთო წერილის შესწავლა, ნასწავლის გამოყენება და იეჰოვას სულიერი ღონისძიებებიდან სრული სარგებლობის მიღება ღვთის შეხსენებებს ძალიან შეგვაყვარებს. მათი გათვალისწინება ‘ღვთისამებრ სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმინდით შექმნილ ახალ კაცად’ შემოსვაში დაგვეხმარება (ეფესელთა 4:20—24). იეჰოვას შეხსენებები და მისი სულიწმიდა სიყვარულის, სიხარულის, მშვიდობის, სულგრძელობის, სახიერების, სიკეთის, ერთგულების, სიმშვიდისა და თავშეკავების გამოვლენას შეგვაძლებინებს — თვისებებისა, რომლებიც ასე უცხოა სატანის ძალაუფლებაში მყოფი წუთისოფლისთვის (გალატელთა 5:22, 23; 1 იოანე 5:19, აქ). ამიტომ ძალზე მადლიერები ვართ იმისათვის, რომ პირადი შესწავლით, დანიშნული უხუცესების დახმარებით, კრების შეხვედრებისა და კონგრესების საშუალებით იეჰოვას მოთხოვნების შეხსენების შესაძლებლობა გვაქვს.
21 თუ იეჰოვას შეხსენებებს ვითვალისწინებთ, შეგვიძლია სიხარული შევინარჩუნოთ მაშინაც კი, როდესაც სიმართლისთვის ვიტანჯებით (ლუკა 6:22, 23). როცა დიდი საფრთხის წინაშე ვართ, შველას ღვთისგან ველით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა ყველა ერი იკრიბება „ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისთვის“, არმაგედონისთვის (გამოცხადება 16:14—16).
22. რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ იეჰოვას შეხსენებებთან დაკავშირებით?
22 თუ გვინდა, მივიღოთ მარადიული სიცოცხლის ჯილდო, რომელიც სულაც არ დაგვიმსახურებია, ძალიან უნდა გვიყვარდეს იეჰოვას შეხსენებები და მთელი გულით უნდა ვიღებდეთ მათ. ამიტომ, მოდი გვქონდეს ისეთივე განწყობა, როგორიც ფსალმუნმომღერალს ჰქონდა. ის მღეროდა: «სიმართლეა შენი მცნებანი [„შეხსენებები“, აქ] მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ» (ფსალმუნი 118:144). მოდი ჩვენც მივიღოთ გადაწყვეტილება ფსალმუნმომღერლის მსგავსად, რომელიც ამბობდა: «შენ მოგიხმობ [იეჰოვა], გადამარჩინე, და დავიცავ შენს მცნებებს [„შეხსენებებს“, აქ]» (ფსალმუნი 118:146). დიახ, მოდი სიტყვითა და საქმით დავამტკიცოთ, რომ ნამდვილად ძალიან გვიყვარს იეჰოვას შეხსენებები.
როგორ უპასუხებდით?
• რა თვალსაზრისი ჰქონდა ფსალმუნმომღერალს იეჰოვას შეხსენებებზე?
• რატომ გვჭირდება ღვთის შეხსენებები?
• რა როლს ასრულებს კრების შეხვედრები ღვთის შეხსენებებზე ყურადღების გამახვილებაში?
• როგორ გვაცალკევებს ამ წუთისოფლისგან იეჰოვას შეხსენებები?
[სურათი 15 გვერდზე]
ფსალმუნმომღერალს ძალიან უყვარდა იეჰოვას შეხსენებები.
[სურათები 16, 17 გვერდებზე]
ჰბაძავთ თუ არა ანას და გაქვთ თუ არა მტკიცედ გადაწყვეტილი, არ გააცდინოთ კრების შეხვედრები?
[სურათი 18 გვერდზე]
იეჰოვას შეხსენებების გათვალისწინება სიწმინდის შენარჩუნებისა და მის მსახურად ყოფნის შესაძლებლობას გვაძლევს.