მკითხველთა შეკითხვები
„ახალი ქვეყნიერების“ თარგმანის მიხედვით, 1-ლი პეტრეს 4:3-ში ვკითხულობთ, რომ ზოგი ქრისტიანი ერთდროს „უკანონო კერპთაყვანისმცემლობაში“ მონაწილეობდა. განა ყოველგვარი კერპთაყვანისმცემლობა უკანონო არ არის ღვთის თვალში; განა ყველანაირ კერპთაყვანისმცემლობას არ განსჯის და კრძალავს ღმერთი?
დიახ, ღვთის თვალში ყოველგვარი კერპთაყვანისმცემლობა უკანონოა. ვისაც ღვთის კეთილგანწყობილება სურს, საერთო არაფერი ექნება კერპთაყვანისმცემლობასთან (1 კორინთელთა 5:11; გამოცხადება 21:8).
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, მოციქული პეტრე კერპთაყვანისმცემლობას სხვა თვალსაზრისით უდგებოდა. ერთი მიზეზი ის არის, რომ ძველად ბევრი ერისთვის კერპთაყვანისმცემლობა ჩვეულებრივი რამ იყო და ხელისუფლებისგანაც არ იზღუდებოდა; ესე იგი, ქვეყნის კანონი ასეთ კერპთაყვანისმცემლობას არ კრძალავდა. კერპთაყვანისმცემლობის ზოგიერთი სახეობა ეროვნული თუ სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილიც კი ხდებოდა. ამ გაგებით, ზოგი, სანამ ქრისტიანები გახდებოდნენ, მონაწილეობდა ‘კანონით დაშვებულ კერპთაყვანისმცემლობაში’ („ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, 1950 წლის გამოცემა). მაგალითად, უნდა აღინიშნოს, რომ ბაბილონელთა მეფემ, ნაბუქოდონოსორმა, ოქროს კერპი აღმართა, მაგრამ იეჰოვას მსახურებმა, შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ, უარი თქვეს მისადმი თაყვანისცემაზე (დანიელი 3:1—12).
სხვა თვალსაზრისის თანახმად კი, ბევრი კერპთაყვანისმცემლური რიტუალი შეიცავდა ისეთ მოქმედებებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ სინდისიდან მომდინარე ბუნებრივ კანონსა თუ ზნეობრივ კრედოს (რომაელთა 2:14, 15). მოციქული პავლე მოიხსენიებდა უზნეო ჩვეულებებს, რომ ეს ჩვევები იყო „ბუნების საწინააღმდეგო“ და „სამარცხვინო“ და რომ ხშირად რელიგიურ რიტუალებში იყო დამკვიდრებული (რომაელთა 1:26, 27). მამაკაცები და ქალები, რომლებიც უკანონო კერპთაყვანისმცემლობაში მონაწილეობდნენ, არ იცავდნენ ადამიანის ბუნების კანონიერ შეზღუდვას. რა თქმა უნდა, მართებული იყო ის, რომ, ვინც ქრისტიანი ხდებოდა, ამ გარყვნილ ჩვევებს ტოვებდა.
გარდა ზემოხსენებულისა, ამგვარ კერპთაყვანისმცემლობას რომელიც არაიუდეველებში იყო გავრცელებული, იეჰოვა ღმერთი განსჯიდა. ამგვარად, ისინი უკანონოდ ითვლებოდაa (კოლასელთა 3:5—7).
[სქოლიოები]
a ბერძნულ ტექსტში მოყვანილი სიტყვები 1-ლი პეტრეს 4:3-დან სიტყვასიტყვით ნიშნავს „უკანონო კერპთაყვანისმცემლობებს“. ეს ფრაზა ბიბლიის თარგმანებში სხვადასხვანაირად ითარგმნა, მაგალითად: „კანონით აკრძალული კერპთაყვანისმცემლობა“, „საძაგელი კერპთაყვანისმცემლობა“, „უკეთური კერპთმსახურება“ და „არაკანონიერი კერპთაყვანისმცემლობა“.