ნუ მოგეწყინებათ სიკეთის კეთება
„სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით“ (გალატელთა 6:9).
1, 2. ა) რატომ გვმართებს მოთმინება იმისათვის, რომ ღმერთს ვემსახუროთ? ბ) როგორ გამოავლინა აბრაამმა მოთმინება, და რა დაეხმარა ამაში?
ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, დიდ სიამოვნებას გვანიჭებს ღვთის ნება-სურვილის შესრულება. გვახალისებს მოწაფეობის „უღლის“ ტარებაც (მათე 11:29). მაგრამ იეჰოვასთვის, და მასთან ერთად ქრისტესთვის, მსახურება ყოველთვის ადვილი როდია. მოციქულმა პავლემ სწორედ ამას გაუსვა ხაზი, როდესაც თანაქრისტიანებს შეაგონებდა: „მოთმინება გმართებთ თქვენ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული“ (ებრაელთა 10:36). მოთმინება იმიტომ გვმართებს, რომ ღვთისთვის მსახურება შეიძლება სირთულეებთან იყოს დაკავშირებული.
2 აბრაამის ცხოვრება უსათუოდ ამ ფაქტის დამადასტურებელია. იგი ხშირად მდგარა რთული არჩევანის წინაშე და არაერთხელ მოხვედრილა დაძაბულ სიტუაციაში. ღვთის ბრძანების თანახმად, მას ურის კეთილმოწყობილი ყოფა-ცხოვრება უნდა მიეტოვებინა, რაც მხოლოდ დასაწყისი იყო. მალე ის მრავალ უსიამოვნებას წააწყდა: შიმშილობა, მეზობლების მტრული განწყობა, ცოტაც და საყვარელი ცოლის დაკარგვა, დაპირისპირება ზოგიერთი ნათესავის მხრიდან და სასტიკი ომი. ამაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უფრო დიდი განსაცდელები ჯერ კიდევ ელოდა. მაგრამ აბრაამს არასოდეს მოსწყენია სიკეთის კეთება. ეს მართლაც ღირსშესანიშნავია, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ, ჩვენგან განსხვავებით, მას არ ჰქონდა ღვთის დასრულებული სიტყვა. მიუხედავად ამისა, მას უთუოდ ეცოდინებოდა პირველი წინასწარმეტყველება, რომელშიც ღმერთმა განაცხადა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის“ (დაბადება 3:15). რადგან თესლი აბრაამის მეშვეობით უნდა მოსულიყო, ბუნებრივია, რომ იგი სატანის თავდასხმის მთავარი სამიზნე იქნებოდა. ამ ფაქტის გაცნობიერება, რაღა თქმა უნდა, დაეხმარა აბრაამს განსაცდელების სიხარულით მოთმენაში.
3. ა) რატომ უნდა მოელოდეს დღეს იეჰოვას ხალხი განსაცდელებს? ბ) რა გამამხნევებელი სიტყვებია ჩაწერილი გალატელთა 6:9-ში?
3 იეჰოვას ხალხი დღესაც უნდა მოელოდეს განსაცდელებს (1 პეტრე 1:6, 7). გამოცხადების 12:17-იც გვაფრთხილებს, რომ სატანა ცხებულთა დარჩენილ ნაწილს ‘ებრძვის’. რადგან „სხვა ცხვრები“ მჭიდროდ თანამშრომლობენ ცხებულებთან, ისინიც სატანის რისხვის სამიზნეები ხდებიან (იოანე 10:16). გარდა იმ წინააღმდეგობისა, რომელსაც ქრისტიანები შეიძლება სამქადაგებლო მსახურებისას წააწყდნენ, ისინი შესაძლოა პირად ცხოვრებაშიც აღმოჩნდნენ განსაცდელების წინაშე. პავლე შეგვაგონებს: „სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით“ (გალატელთა 6:9). დიახ, თუმცა სატანას განზრახული აქვს ჩვენი რწმენის შერყევა, მტკიცე რწმენით უნდა აღვუდგეთ წინ (1 პეტრე 5:8, 9). რა შედეგს მოიტანს ჩვენი ერთგულება? იაკობის 1:2, 3 განმარტავს: „ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც სხვადასხვა განსაცდელში ცვივდებით. რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს“.
უშუალო თავდასხმა
4. როგორ ცდილობს სატანა, უშუალო თავდასხმებით შებღალოს ღვთის ხალხის უმწიკვლობა?
4 აბრაამის ცხოვრება, მართლაც რომ, თვალსაჩინო მაგალითია იმ „სხვადასხვა განსაცდელისა“, რომელთაც დღეს შეიძლება ქრისტიანი წააწყდეს. მაგალითად, ის იძულებული იყო, შინყარიდან მოსულ დამპყრობთა თავდასხმაზე საპასუხო ზომები მიეღო (დაბადება 14:11—16). გასაკვირი არ არის, რომ სატანა კვლავ მიმართავს უშუალო თავდასხმებს, რაც ღვთის ხალხის დევნაში გამოიხატება. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მრავალ ქვეყანაში მთავრობამ ოფიციალურად აკრძალა იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა. 2001 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული“ მოგვითხრობს, თუ რა ძალადობის ატანა უწევდათ მტრების მხრიდან ანგოლელ ქრისტიანებს. ასეთ ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი ძმები იეჰოვაზე იყვნენ მინდობილი და გადაჭრით ამბობდნენ უარს რწმენის უარყოფაზე! ისინი საპასუხოდ ძალადობას ან აჯანყებას კი არ მიმართავდნენ, არამედ გონივრულად და შეუპოვრად განაგრძობდნენ სამქადაგებლო საქმიანობას (მათე 24:14).
5. როგორ შეიძლება ქრისტიანი ახალგაზრდები დევნის მსხვერპლი გახდნენ სკოლაში?
5 მაგრამ დევნა, შესაძლოა, ძალადობაში არც კი გამოიხატებოდეს. აბრაამს საბოლოოდ ორი ვაჟი შეეძინა — ისმაელი და ისაკი. დაბადების 21:8—12-ში ვკითხულობთ, რომ ერთხელ ისმაელი ისაკს „დასცინოდა“. გალატელთა მიმართ წერილში პავლე გვანახვებს, რომ ეს ბავშვურ თამაშზე უფრო სერიოზული რამ იყო — ის ამბობს, რომ ისმაელი ისაკს დევნიდა! (გალატელთა 4:29). ასე რომ, თანასკოლელების მხრიდან მასხრად აგდებასა და მოწინააღმდეგეების სიტყვიერ შეურაცხყოფას მართებულად შეიძლება დევნა ეწოდოს. ახალგაზრდა ქრისტიანი, სახელად რაიენი, იხსენებს, თუ როგორ ტანჯავდნენ მას თანაკლასელები: „სახლიდან სკოლისკენ და უკან ავტობუსით 15-წუთიანი მგზავრობა საათებად მეჩვენებოდა, რადგან სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ისინი სიგარეტის სანთებელათი გაცხელებული ქაღალდის სამაგრებით მიწვავდნენ კანს“. რა იყო ასეთი უხეში მოპყრობის მიზეზი? „თეოკრატიულმა განათლებამ სკოლის სხვა ახალგაზრდებისგან განსხვავებული გამხადა“, — დასძენს იგი. მაგრამ მშობლების მხარდაჭერით რაიენმა ბოლომდე ერთგულად მოითმინა. ახალგაზრდებო, გული ხომ არ გაგიტეხათ თანატოლების დაცინვამ? ნუ შედრკებით! თუ ბოლომდე ერთგულად მოითმენთ, იესოს სიტყვები თქვენზე შესრულდება: „ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო“ (მათე 5:11).
ყოველდღიური უსიამოვნებები
6. რას შეუძლია დღეს თანაქრისტიანებს შორის ურთიერთობის დაძაბვა?
6 განსაცდელების უმრავლესობა, რომლებსაც დღეს ვაწყდებით, ჩვეულებრივი ყოველდღიური უსიამოვნებებია. აბრაამს თავად მოუწია იმ დაძაბულობის განმუხტვაზე ზრუნვა, რომელმაც მის მწყემსებსა და ძმისწულ ლოტის მწყემსებს შორის იჩინა თავი (დაბადება 13:5—7). მსგავსად ამისა, ხასიათში არსებულ სხვაობებს და წვრილმანების გამო შურს ურთიერთობების დაძაბვა და კრების მშვიდობისთვის საფრთხის შექმნაც კი შეუძლია. „სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტმოქმედებაა“ (იაკობი 3:16). რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ისე, როგორც აბრაამს, არც ჩვენ მოგვწყინდეს სიკეთის კეთება და სიამაყეს მშვიდობის დარღვევის საშუალება არ მივცეთ, და სხვისი ინტერესები ჩვენს ინტერესებზე წინ დავაყენოთ! (1 კორინთელთა 13:5; იაკობი 3:17).
7. ა) როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუ მას თანაქრისტიანმა აწყენინა? ბ) რა შესანიშნავი მაგალითი მოგვცა აბრაამმა სხვებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაში?
7 მშვიდობიანი განწყობის შენარჩუნება შეიძლება ძნელი იყოს, თუ ვფიქრობთ, რომ თანამორწმუნე უსამართლოდ მოგვექცა. იგავნის 12:18-ში ნათქვამია: „გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს“. დაუფიქრებელ სიტყვებს, თუნდაც მიამიტურად იყოს ნათქვამი, დიდი ტკივილის მიყენება შეუძლია. ტკივილი კიდევ უფრო დიდია, თუ ვფიქრობთ, რომ ცილი დაგვწამეს ან ჭორაობის მსხვერპლი გავხდით (ფსალმუნი 6:7, 8). მაგრამ ქრისტიანმა წყენას არ უნდა მისცეს იმის საშუალება, რომ სიკეთის კეთების ხალისი დააკარგვინოს! თუ ასეთ სიტუაციაში იმყოფებით, თავად გამოავლინეთ ინიციატივა საქმის მოსაგვარებლად და გულთბილად გაესაუბრეთ მწყენინებელს (მათე 5:23, 24; ეფესელთა 4:26). მზად იყავი, აპატიო ამ ადამიანს (კოლასელთა 3:13). თუ წყენას გულში არ ჩავიტოვებთ, ამით ჩვენს ემოციურ მდგომარეობასაც გავიუმჯობესებთ და ძმასთან ურთიერთობასაც. აბრაამს შეიძლება ჰქონდა კიდეც ლოტზე განაწყენების საფუძველი, მაგრამ გულში არ ჩაუტოვებია წყენა. წარმოიდგინეთ, აბრაამი ლოტისა და მისი ოჯახის დასაცავადაც კი გაეშურა! (დაბადება 14:12—16).
განსაცდელები, რომლებშიც თვითონვე ვიგდებთ თავს
8. ა) რით შეიძლება ქრისტიანებმა ‘მრავალი ტკივილი მიაყენონ თავიანთ თავს’? ბ) რა დაეხმარა აბრაამს იმაში, რომ გაწონასწორებული შეხედულება ჰქონოდა მატერიალურ ნივთებზე?
8 უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგიერთ განსაცდელში თავად ვიგდებთ თავს. მაგალითად, იესომ უბრძანა თავის მიმდევრებს: „ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ“ (მათე 6:19). მაგრამ ზოგი ძმა მატერიალურ ნივთებს სამეფოს ინტერესებზე წინ აყენებს და ამით ‘მრავალ ტკივილს აყენებს საკუთარ თავს’ (1 ტიმოთე 6:9, 10). აბრაამი მზად იყო, მსხვერპლად გაეღო უზრუნველი ცხოვრება, ოღონდ კი ღვთისთვის ესიამოვნებინა. „რწმენით იყო, რომ შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს, და კარვებში მკვიდრობდა ისაკთან და იაკობთან — იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად. ვინაიდან ელოდა ქალაქს საძირკვლიანს, რომლის მშენებელი და შემოქმედი ღმერთია“ (ებრაელთა 11:9, 10). მომავალი ‘ქალაქისადმი’, ანუ ღვთის მთავრობისადმი, რწმენა დაეხმარა აბრაამს, რომ სიმდიდრეზე არ დაემყარებინა იმედი. განა გონივრული არ იქნებოდა, ჩვენც ასე მოვქცეულიყავით?
9, 10. ა) როგორ შეიძლება პირველობის სურვილმა განსაცდელში ჩაგვყაროს? ბ) როგორ შეუძლია დღეს ქრისტიანს ‘უმცირესივით’ მოქცევა?
9 განვიხილოთ ამ საკითხის სხვა მხარეც. ბიბლია შემდეგ მტკიცე მითითებას გვაძლევს: „ვინაიდან, ვისაც თავისი თავი რაიმე ჰგონია და არაფერიც არ არის, ის თავის თავს ატყუებს“ (გალატელთა 6:3). გარდა ამისა, ბიბლია მოგვიწოდებს, ‘არაფერი გავაკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით’ (ფილიპელთა 2:3). ზოგი განსაცდელში იგდებს თავს იმიტომ, რომ ვერ იყენებს ამ რჩევას. რადგან, „კეთილი საქმის“ კეთების ნაცვლად, პირველობის დიდი სურვილი აქვთ, გულგატეხილობა იპყრობთ და უკმაყოფილონი არიან, როდესაც კრებაში რაიმე უპირატესობას არ იღებენ (1 ტიმოთე 3:1).
10 აბრაამმა იმის შესანიშნავი მაგალითი მოგვცა, რომ ‘ჩვენს თავზე იმაზე მეტს არ ვფიქრობდეთ, ვიდრე გვმართებს, რომ ვფიქრობდეთ’ (რომაელთა 12:3, სსგ). როდესაც მელქიცედეკს შეხვდა, აბრაამს ისე არ დაუჭერია თავი, თითქოსდა ღვთის თვალში თავისი პრივილეგიური მდგომარეობა აღმატებულს ხდიდა. პირიქით, მან აღიარა მელქიცედეკის, როგორც მღვდლის, პრივილეგიური მდგომარეობა და მეათედი მისცა (ებრაელთა 7:4—7). ასევე, ქრისტიანები დღესაც ‘უმცირესივით’ უნდა იქცეოდნენ და არ უნდა ისწრაფოდნენ ყურადღების ცენტრში მოხვედრისკენ (ლუკა 9:48). თუ ფიქრობთ, რომ ძმები, რომლებსაც კრების ხელმძღვანელობა ავალიათ, თავს იკავებენ თქვენთვის გარკვეული უპირატესობების მოცემისგან, შეეცადეთ, ობიექტურად გამოიკვლიოთ საკუთარი თავი. ეს იმის განსაზღვრაში დაგეხმარებათ, რა მხრივ შეგეძლოთ გაუმჯობესება და როგორ შეგეძლოთ უფრო უკეთ გაგერთვათ თავი ამა თუ იმ ამოცანისთვის. ნაცვლად იმისა, რომ ამა თუ იმ უპირატესობის არქონის გამო გაღიზიანდეთ, სრულად ისარგებლეთ იმ უპირატესობით, რომელიც გაქვთ — ეს არის სხვებისთვის იეჰოვასთან გაცნობაში დახმარების უპირატესობა. დიახ, „დამდაბლდით ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა აგამაღლოთ მან თავის დროზე“ (1 პეტრე 5:6).
უხილავისადმი რწმენა
11, 12. ა) რატომ შეიძლება, რომ კრებაში ზოგმა გადაუდებლობის გრძნობა დაკარგოს? ბ) რა შესანიშნავი მაგალითი მოგვცა აბრაამმა იმით, რომ თავისი ცხოვრება ღვთის აღთქმებისადმი რწმენაზე დააფუძნა?
11 სხვა განსაცდელი შეიძლება ამ ბოროტი სისტემის აღსასრულის თითქოსდა დაგვიანებაში მდგომარეობდეს. მე-2 პეტრეს 3:12-ის თანახმად, ქრისტიანები უნდა ‘ელოდნენ და ესწრაფოდნენ ღვთის მოსვლის დღეს’. მაგრამ ბევრი წლების, ხოლო ზოგი ათწლეულების, განმავლობაში ელის ამ „დღეს“. შედეგად, ზოგმა შეიძლება ხალისი და გადაუდებლობის გრძნობა დაკარგოს.
12 მოდი კიდევ ერთხელ განვიხილოთ აბრაამის მაგალითი. მთელი თავისი ცხოვრება მან ღვთის აღთქმებისადმი რწმენაზე დააფუძნა, მიუხედავად იმისა, რომ ამ აღთქმებიდან ყველა არ შესრულდებოდა მისი სიცოცხლის განმავლობაში; ეს შეუძლებელი იყო. მართალია, ის შეესწრო თავისი ვაჟის, ისაკის, სიყმაწვილეს, მაგრამ საუკუნეები უნდა გასულიყო, ვიდრე აბრაამის შთამომავლობის ‘ცის ვარსკვლავებსა’ და ‘ზღვის ქვიშასთან’ შედარება გახდებოდა შესაძლებელი (დაბადება 22:17). მაგრამ ამას არც გაუღიზიანებია და არც გული გაუტეხავს აბრაამისთვის. მოციქულმა პავლემ აბრაამისა და სხვა პატრიარქების შესახებ დაწერა: „რწმენაში დაიხოცნენ ესენი ყველანი და ვერ მიიღეს აღთქმულნი, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ მათ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე“ (ებრაელთა 11:13).
13. ა) რა გაგებით არიან ქრისტიანები დღეს ‘ხიზნებივით’? ბ) რატომ გაანადგურებს იეჰოვა ამ სისტემას?
13 თუკი აბრაამმა შეძლო თავისი ცხოვრების იმ აღთქმებზე დაფუძნება, რომელთა შესრულება ‘შორს’ იყო, მით უმეტეს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს, როცა მათი შესრულება ასე ახლოსაა! აბრაამის მსგავსად, ჩვენც „ხიზნებად“ უნდა ვთვლიდეთ თავს სატანის სისტემაში და უარს უნდა ვამბობდეთ მასში განცხრომით ცხოვრებაზე. ბუნებრივია, ჩვენ ვამჯობინებდით, რომ „ყველაფრის აღსასრული“, უბრალოდ, მოახლოებული კი არ იყოს, არამედ ახლავე დადგეს (1 პეტრე 4:7). შესაძლებელია, რაიმე სერიოზული ავადმყოფობა გვტანჯავს ან ეკონომიკური სიდუხჭირის ტვირთი გვაწევს მხრებზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა დამამძიმებელი პირობებიდან მხოლოდ ჩვენს სახსნელად კი არ მოუღებს ბოლოს ამ სისტემას, არამედ — თავისი სახელის განწმენდის მიზნით (ეზეკიელი 36:23; მათე 6:9, 10). აღსასრული აუცილებლად ჩვენთვის ხელსაყრელ დროს კი არ დადგება, არამედ მაშინ, როდესაც ეს საუკეთესო იქნება იეჰოვას განზრახვებიდან გამომდინარე.
14. რა სარგებლობა მოაქვს დღეს ღვთის სულგრძელობას ქრისტიანებისთვის?
14 ისიც გახსოვდეთ, რომ „არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9). ყურადღება მიაქციეთ, რომ ღმერთი „სულგრძელია თქვენდამი“ — ქრისტიანული კრების წევრებისადმი. ალბათ, ზოგიერთ ჩვენგანს უფრო მეტი დრო ესაჭიროება ცვლილებების მოსახდენად, რათა საბოლოოდ ‘შეუბღალავი და უბიწო წარვდგეთ მშვიდობით მის წინაშე’ (2 პეტრე 3:14). განა მადლიერი არ უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ღმერთმა ასეთი სულგრძელობა გამოავლინა?
წინააღმდეგობების მიუხედავად, სიხარულის შენარჩუნება
15. როგორ შეძლო იესომ სიხარულის შენარჩუნება განსაცდელების დროს, და რა სარგებლობას მიიღებენ დღეს ქრისტიანები, მას თუ მიჰბაძავენ?
15 აბრაამის ცხოვრებიდან დღეს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ქრისტიანებს. მან არა მარტო რწმენა, არამედ მოთმინება, გამჭრიახობა, გამბედაობა და უანგარო სიყვარულიც გამოავლინა. იეჰოვასადმი თაყვანისცემას იგი თავის ცხოვრებაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საუკეთესო მისაბაძი მაგალითი იესო ქრისტემ მოგვცა. მანაც უამრავი განსაცდელი და გასაჭირი გადაიტანა, მაგრამ არასოდეს დაუკარგავს სიხარული. რატომ? იმიტომ რომ იგი ყურადღებას იმაზე ამახვილებდა, რაც მომავალში მოელოდა (ებრაელთა 12:2, 3). ამიტომ ლოცულობდა პავლე: „მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა“ (რომაელთა 15:5, აქ). თუ სწორი აზროვნება გვექნება, შევძლებთ სიხარულის შენარჩუნებას იმ დაბრკოლებების მიუხედავად, რომლებიც შეიძლება სატანამ შეგვიქმნას.
16. რის გაკეთება შეგვიძლია, როდესაც პრობლემები გაუსაძლისი გვეჩვენება?
16 როდესაც პრობლემები გაუსაძლისი გეჩვენებათ, გაიხსენეთ, რომ იეჰოვას უყვარდა აბრაამი და უყვარხართ თქვენც. მას სურს, რომ წარმატებული იყოთ (ფილიპელთა 1:6). სრულად მიენდეთ იეჰოვას და დარწმუნებული იყავით ერთ რამეში: ის „არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ გადატანა“ (1 კორინთელთა 10:13). ჩვევად გაიხადეთ ღვთის სიტყვის ყოველდღიურად კითხვა (ფსალმუნი 1:2). გამუდმებით ილოცეთ და სთხოვეთ იეჰოვას, მოთმენაში დაგეხმაროთ (ფილიპელთა 4:6). ის „მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (ლუკა 11:13). ისარგებლეთ იმით, რითაც იეჰოვა სულიერობის შენარჩუნების მიზნით უზრუნველგყოფთ — მაგალითად, ბიბლიაზე დაფუძნებული ჩვენი პუბლიკაციებით. ეცადეთ, საძმოსაგანაც მიიღოთ მხარდაჭერა (1 პეტრე 2:17). რეგულარულად დაესწარით ქრისტიანულ შეხვედრებს — ეს შეგმატებთ სიმხნევეს, რაც მოთმინებისთვისაა აუცილებელი (ებრაელთა 10:24, 25). იხარეთ და იყავით იმაში დარწმუნებული, რომ მოთმინების გამო ღვთის თვალში მოწონებას დაიმსახურებთ და თქვენი ერთგულება გულს გაუხარებს მას! (იგავნი 27:11; რომაელთა 5:3—5).
17. რატომ არ ცვივდებიან ქრისტიანები სასოწარკვეთილებაში?
17 ღმერთს აბრაამი, როგორც „მეგობარი“, ისე უყვარდა (იაკობი 2:23). მიუხედავად ამისა, აბრაამის ცხოვრება სავსე იყო მძიმე განსაცდელებითა და გასაჭირით. ამიტომ ქრისტიანები ამაზე კარგს არაფერს უნდა მოელოდნენ ამ ბოროტ „უკანასკნელ დღეებში“. ბიბლია იმის შესახებაც გვაფრთხილებს, რომ „ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები. . . წინ წაიწევენ უარესისაკენ“ (2 ტიმოთე 3:1, 13). სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის ნაცვლად, იფიქრეთ იმაზე, რომ სირთულეები, რომლებსაც ჩვენ ვაწყდებით, სატანის ბოროტი სისტემის მოახლოებულ აღსასრულზე მოწმობს. მაგრამ, როგორც იესო შეგვახსენებს, „ბოლომდის დამთმენი გადარჩება“ (მათე 24:13). ამიტომ ‘სიკეთის კეთება ნუ მოგეწყინებათ’! მიჰბაძეთ აბრაამს, და თქვენც იყავით ერთ-ერთ მათგანი, „ვინც რწმენით და სულგრძელობით იმკვიდრებენ აღთქმებს“ (ებრაელთა 6:12).
დაიმახსოვრეთ?
• რატომ უნდა მოელოდეს დღეს იეჰოვას ხალხი განსაცდელებსა და გასაჭირს?
• რა სახის უშუალო თავდასხმებს შეიძლება მიმართოს სატანამ?
• როგორ შეიძლება ქრისტიანებს შორის პირადი უთანხმოებების მოგვარება?
• როგორ შეუძლია სიამაყესა და ეგოიზმს განსაცდელებში ჩვენი ჩაგდება?
• რა შესანიშნავი მაგალითი მოგვცა აბრაამმა ღვთის აღთქმების შესრულების მოთმინებით მოლოდინში?
[სურათი 26 გვერდზე]
დღეს ბევრ ახალგაზრდა ქრისტიანს დევნიან — მათ გესლიანად დასცინიან თანატოლები.
[სურათი 29 გვერდზე]
მიუხედავად იმისა, რომ აბრაამის დროს ღვთის აღთქმების შესრულება ‘შორს’ იყო, მან თავისი ცხოვრება ამ აღთქმებზე დააფუძნა.