შეიძინეთ იეჰოვასთვის სასურველი გული
„სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში“ (ფსალმუნი 50:12).
1, 2. რატომ უნდა ვიყოთ დაინტერესებული ჩვენი გულით?
იგი ტანმაღალი და პირმშვენიერი იყო. მან იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წინასწარმეტყველ სამუელზე, რომ დაასკვნა: უთუოდ იესეს ეს უფროსი ვაჟი ამოურჩევიაო ღმერთს საულის შემდეგ გასამეფებლად. მაგრამ იეჰოვამ უთხრა მას: „ნუ უყურებ [ამ ვაჟის] გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე დავიწუნე იგი... რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს“. იეჰოვამ „თავისი გულისთვის სასურველი კაცი“ (აქ), იესეს უმცროსი ვაჟი, დავითი აირჩია (პირველი მეფეთა 13:14; 16:7).
2 როგორც ღმერთმა მოგვიანებით ნათელყო, მას ადამიანთა გულების წაკითხვა შეუძლია: „მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავისი საქციელის მიხედვით, როგორც მისი მოქმედება იმსახურებს“ (იერემია 17:10). დიახ, «გულების გამომწრთობი [„გამომკვლევი“, აქ] უფალია» (იგავნი 17:3). მაგრამ საინტერესოა, რა არის ადამიანში დაფარული ეს გული, რომელსაც იეჰოვა იკვლევს? და რა უნდა გავაკეთოთ, მისთვის მოსაწონი გული რომ შევიძინოთ?
„გულის დაფარული კაცი“
3, 4. ძირითად რა გაგებით არის გამოყენებული სიტყვა „გული“ ბიბლიაში? მოიყვანეთ მაგალითები.
3 სიტყვა „გული“ დაახლოებით ათასჯერ გვხვდება წმინდა წერილებში. უმრავლეს შემთხვევაში იგი სიმბოლური გაგებითაა გამოყენებული. მაგალითად, წინასწარმეტყველ მოსეს იეჰოვამ უთხრა: „უთხარი ისრაელიანებს, შესაწირავი ამიკრიფონ. ყველასგან, ვისაც გული უთქვამს, ამიკრიფეთ შესაწირავი“. და ყველანი, ვინც შესაწირავი გაიღო, „მივიდნენ სათითაოდ, ვისაც კი გულმა გაუწია“ (გამოსვლა 25:2; 35:21). აქედან ცხადი ხდება, რომ ერთ-ერთი, რაც სიმბოლურ გულთანაა დაკავშირებული, აღმძვრელი ანუ ის შინაგანი ძალაა, რომელიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს. ჩვენს სიმბოლურ გულში აისახება აგრეთვე ჩვენი ემოციები და გრძნობები, სურვილები და სიყვარული. გული შეიძლება ბრაზისგან ცეცხლწაკიდებული, ანდა შიშით სავსე იყოს, იგი შეიძლება დარდით იყოს დაკოდილი ანდა სიხარულით აფანცქალებული (ფსალმუნი 26:3; 38:4; იოანე 16:22; რომაელთა 9:2). გული შეიძლება იყოს ამაყი ან თავმდაბალი, მოსიყვარულე ან მოძულე (იგავნი 16:5; მათე 11:29, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი, 1990“; 1 პეტრე 1:22).
4 აქედან გამომდინარე, „გული“ ხშირად აღძვრებსა და ემოციებთან არის დაკავშირებული, ხოლო „გონება“ — ჭკუასა და ინტელექტთან. სწორედ ასე უნდა გავიგოთ ამ ორი სიტყვის მნიშვნელობა, როდესაც ისინი საღვთო წერილის ერთსა და იმავე მონაკვეთში გვხვდება (მათე 22:37; ფილიპელთა 4:7). მაგრამ გული და გონება მკვეთრად არ არის გამიჯნული ერთმანეთისგან. მაგალითად, მოსემ მოუწოდა ისრაელებს: «გულს ჩაიბეჭდე [ან „გონებაში უნდა აღიდგინოთ“, აქ, სქოლიო], რომ უფალი ღმერთია» (მეორე რჯული 4:39). თავის წინააღმდეგ შეთქმულ მწიგნობრებს იესომ უთხრა: „რატომ ფიქრობთ თქვენ გულში ბოროტს?“ (მათე 9:4). გულთან გონიერება, ცოდნა და ფიქრიც შეიძლება იყოს დაკავშირებული (მესამე მეფეთა 3:12; იგავნი 15:14; მარკოზი 2:6). ამიტომ სიმბოლურ გულში შეიძლება ჩვენი ჭკუაც — ჩვენი ფიქრები და აზროვნების უნარი — იგულისხმებოდეს.
5. რას ნიშნავს სიმბოლური გული?
5 ერთი ცნობარის თანახმად, სიმბოლური გული გულისხმობს „რაღაც ცენტრალურს, შიდას და აქედან გამომდინარე იგი ადამიანის შინაგანი სამყაროს სიმბოლოა. ეს შინაგანი სამყარო კი ვლინდება ადამიანის სხვადასხვაგვარ მოქმედებაში, მის სურვილებში, სიყვარულში, ემოციებში, გრძნობებში, მიზნებში, ფიქრებში, განცდებში, წარმოსახვაში, მის სიბრძნეში, ცოდნასა და ნიჭში, მის მრწამსსა და მსჯელობაში, მის მეხსიერებასა და ცნობიერებაში“. ჩვენი სიმბოლური გული სხვებს ანახვებს, სინამდვილეში როგორია ჩვენი შინაგანი ბუნება — „გულის დაფარული კაცი“ (1 პეტრე 3:4). აი, ამ გულს ხედავს და იკვლევს იეჰოვა. ამიტომაც ლოცულობდა დავითი: „სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში“ (ფსალმუნი 50:12). როგორ შეგვიძლია სუფთა გულის შეძენა?
‘გული დაუდეთ’ ღვთის სიტყვას
6. რა შეგონება მისცა მოსემ მოაბის ველზე დაბანაკებულ ისრაელებს?
6 ვიდრე აღთქმულ მიწაზე შევიდოდნენ, ისრაელებმა მოაბის ველზე მოიყარეს თავი, სადაც მათ მოსე შეაგონებდა: „გული დაუდევით თითოეულ სიტყვას, რომელსაც ჩაგაგონებთ დღეს, უანდერძეთ თქვენს შვილებს, რომ დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის თითოეული სიტყვა“ (მეორე რჯული 32:46). ისრაელებს უნდა „გაეთავისებინათ“ მოსეს სიტყვები („ნოქსის თარგმანი“). მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდნენ შვილებისთვის ღვთის მცნებების ჩაგონებას, თუ თავად საფუძვლიანად ეცოდინებოდათ ისინი (მეორე რჯული 6:6—8).
7. რას ნიშნავს, ‘გული დავუდოთ’ ღვთის სიტყვას?
7 უმთავრესი, რაც სუფთა გულის შესაძენად მოგვეთხოვება, ღვთის ნება-სურვილისა და განზრახვების შესახებ ზუსტი შემეცნების მიღებაა. ამ შემეცნების ერთადერთი წყარო კი ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვაა (2 ტიმოთე 3:16, 17). მაგრამ, მხოლოდ გარკვეული ცოდნით გონების ავსება ვერ დაგვეხმარება ისეთი გულის შეძენაში, რომელიც იეჰოვას აამებს. მიღებულმა შემეცნებამ რომ ჩვენს შინაგან სამყაროზეც მოახდინოს გავლენა, ‘გული უნდა დავუდოთ’ ანუ ‘გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ’ ის, რასაც ვსწავლობთ. (მეორე რჯული 32:46, „ამერიკული თარგმანი“). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ფსალმუნმომღერალი დავითი განმარტავს: „ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე, შენი ხელის ნასაქმარზე ვისაუბრებ“ (ფსალმუნი 142:5).
8. რაზე შეგვიძლია დავფიქრდეთ შესწავლის დროს?
8 ჩვენც მადლიერებით აღვსილებმა უნდა ვიფიქროთ იეჰოვას ნამოქმედარზე. როდესაც ბიბლიას ან ბიბლიაზე დაფუძნებულ ლიტერატურას ვკითხულობთ, საჭიროა დავფიქრდეთ: რას მეუბნება წაკითხული იეჰოვას შესახებ? იეჰოვას რომელი თვისებები შევნიშნე? რას ვსწავლობ ამ მასალიდან იმის შესახებ, რა მოსწონს იეჰოვას და რა — არა? რა შედეგები მოაქვს იეჰოვას მოსაწონი გზით სიარულს და რას მოიტანს მის საძულველ გზაზე დადგომა? როგორ უკავშირდება ეს ინფორმაცია იმას, რაც უკვე ვიცი?
9. რამდენად დასაფასებელია პირადი შესწავლა და ფიქრი?
9 ოცდათორმეტი წლის ლიზაa თავისი გამოცდილებიდან გვიზიარებს, თუ როგორ დააფასა მიზანმიმართული შესწავლა და ფიქრი: „1994 წელს მოვინათლე და მას შემდეგ დაახლოებით ორი წლის განმავლობაში საკმაოდ აქტიურ ქრისტიანულ ცხოვრებას ვეწეოდი. ვესწრებოდი ყველა ქრისტიანულ შეხვედრას, ყოველ თვე 30—40 საათს ვუთმობდი სამქადაგებლო მსახურებას და თანაქრისტიანებთან ურთიერთობისთვისაც ვნახულობდი დროს. შემდეგ კი, ნელ-ნელა განზე გადგომა დავიწყე. ისე დავეცი სულიერად, რომ ღვთის კანონიც კი დავარღვიე. მაგრამ მალე გონს მოვეგე და გადავწყვიტე, კვლავ მაღალზნეობრივ ცხოვრებას დავბრუნებოდი. ძალიან მიხარია, რომ იეჰოვამ დააფასა ჩემი მონანიება და კვლავ მიმიღო. ხშირად დავფიქრებულვარ, რამ გამოიწვია სულიერად ჩემი დაცემა. ამ კითხვაზე ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი მომდის თავში, — მიზანმიმართულ შესწავლასა და ფიქრს უგულებელვყოფდი. ბიბლიური ჭეშმარიტება თურმე გულთან ახლოს არ მიმიტანია. ამიერიდან კი, პირადი შესწავლა და ფიქრი ყოველთვის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება“. რაც უფრო იზრდება ჩვენი შემეცნება იეჰოვას, მისი ძისა და მისი სიტყვის შესახებ, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება, დრო გამოვუყოთ მიზანმიმართულ ფიქრს.
10. რატომ არის გადაუდებელი დროის გამონახვა პირადი შესწავლისა და ფიქრისთვის?
10 მოუცლელობის სინდრომით დაავადებულ დღევანდელ მსოფლიოში, მართლაც რომ არ არის ადვილი შესწავლისა და ფიქრისთვის დროის გამონახვა. როგორც უნდა იყოს, დღეს ქრისტიანები შესანიშნავი აღთქმული მიწის — ღვთის სამართლიანი ახალი ქვეყნიერების — ზღურბლზე დგანან (2 პეტრე 3:13). სულ მალე ისეთი გასაოცარი მოვლენები მოხდება, როგორიცაა „დიდი ბაბილონის“ განადგურება და იეჰოვას ხალხზე ‘გოგ მაგოგელის’ თავდასხმა (გამოცხადება 17:1, 2, 5, 15—17; ეზეკიელი 38:1—4, 14—16; 39:2). მომავალმა მოვლენებმა შეიძლება იეჰოვასადმი ჩვენი სიყვარული გამოსცადოს. ამიტომ გადაუდებლობის გრძნობით აღძრულებმა ხელსაყრელი დრო უნდა გამოვისყიდოთ და გული უნდა დავუდოთ ღვთის სიტყვას! (ეფესელთა 5:15, 16, აქ).
‘გაიმზადეთ გული ღვთის სიტყვის საძიებლად’
11. რით ჰგავს ჩვენი გული ნიადაგს?
11 სიმბოლური გული შეგვიძლია ნიადაგს შევადაროთ, რომელშიც ჭეშმარიტების თესლი ითესება (მათე 13:18—23). მიწათმოქმედი ყოველწლიურად ამუშავებს ნიადაგს, რათა ბარაქიანი მოსავალი მიიღოს. ასევე, ჩვენი გულიც გამზადებას ანუ დამუშავებას საჭიროებს, რათა ღვთის სიტყვამ უფრო ადვილად გაიდგას მასში ფესვები. ეზრა მღვდელმა „გული გაიმზადა იეჰოვას რჯულის საძიებლად და მის შესასრულებლად“ (პირველი ეზრა 7:10, აქ). ჩვენ როგორ შეგვიძლია გულის გამზადება?
12. რა დაგვეხმარება შესწავლისთვის გულის გამზადებაში?
12 გულწრფელი ლოცვა შესანიშნავად მოამზადებს ჩვენს გულს ღვთის სიტყვის ძიებისთვის. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისთვის ქრისტიანული შეხვედრები იწყება და მთავრდება ლოცვით. ამიტომ, მართებული იქნება, თუ ბიბლიის პირად შესწავლას ყოველთვის გულწრფელი ლოცვით დავიწყებთ და შემდეგ მთელი შესწავლის მანძილზე გულმოდგინებას შევინარჩუნებთ.
13. რა უნდა გავაკეთოთ, რომ იეჰოვასთვის სასურველი გული შევიძინოთ?
13 სიმბოლური გული წინასწარ შექმნილი შეხედულებებისგან გასათავისუფლებლადაც უნდა გავიმზადოთ. იესოს თანამედროვე რელიგიურ წინამძღოლებს არ სურდათ, ასე მოქცეულიყვნენ (მათე 13:15). იესოს დედა მარიამი კი „გულში“ იდებდა ჭეშმარიტების იმ სიტყვებს, რომლებსაც ისმენდა (ლუკა 2:19, 51). იგი იესოს ერთგული მოწაფე გახდა. თიატირელი ლიდია პავლეს უგდებდა ყურს და მას „უფალმა გაუხსნა გული... მოსასმენად“. ისიც მორწმუნე გახდა (საქმეები 16:14, 15). დაე, ნურასდროს გამოვედევნებით პირად იდეებსა და იმ დოგმატურ შეხედულებებს, რომლებსაც შეიძლება დიდი ხანია გულში ვატარებთ. ნაცვლად ამისა, მოდი ვაღიაროთ, რომ „ღმერთია ჭეშმარიტი და ყოველი ადამიანი — ცრუ“ (რომაელთა 3:4).
14. როგორ შეგვიძლია ქრისტიანულ შეხვედრებზე მოსასმენად გულის გამზადება?
14 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრისტიანულ შეხვედრებზე მოსასმენად გულის გამზადება. სხვადასხვა ხელისშემშლელმა ფაქტორმა შეიძლება ყურადღება გაგვიფანტოს და ვეღარ მოვისმინოთ ის, რაც წარმოითქმება. იქ ნათქვამმა შეიძლება ვეღარ მოახდინოს დიდი გავლენა ჩვენზე თუ ჩვენი გონება დღის განმავლობაში მომხდარი ამბებით ანდა ხვალინდელი დღის საზრუნავით იქნება დაკავებული. თუ გვინდა, რომ სარგებლობა მივიღოთ შეხვედრებზე წარმოთქმულიდან, მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ მოვისმენთ და ვისწავლით კიდეც. უხვ კურთხევებს მივიღებთ, თუკი ყოველთვის მოწადინებული ვიქნებით, ჩავწვდეთ საღვთო წერილის იმ მონაკვეთებს, რომლებსაც შეხვედრებზე კითხულობენ და განმარტავენ! (ნეემია 8:5—8, 12).
15. როგორ გვეხმარება თავმდაბლობა იმაში, რომ უფრო ადვილად განვეწყოთ სწავლისთვის?
15 როგორც სათანადო სასუქის შეტანა ზრდის ნიადაგის ნაყოფიერებას, ასევე ჩვენ მიერ თავმდაბლობის, სულიერობისადმი წყურვილის, ნდობის, ღვთისმოშიშობის და ღვთისადმი სიყვარულის განვითარება ანოყიერებს ჩვენს სიმბოლურ გულს. თავმდაბლობა გულს გვილბობს და სწავლისთვის განგვაწყობს. იუდას მეფე იოშიას იეჰოვამ უთხრა: „რაკი გული აგიჩვილდა და ქედი მოიდრიკე უფლის წინაშე, როცა გაიგე, რაც დავძახე... და ატირდი ჩემს წინაშე, მაშინ მეც ვისმინე შენი“ (მეოთხე მეფეთა 22:19). იოშიას თავმდაბალი და მგრძნობიარე გული ჰქონდა. იესოს „უწიგნურ და უმეცარ“ მოწაფეებს თავმდაბლობა დაეხმარა სულიერი ჭეშმარიტებების ჩაწვდომასა და გამოყენებაში, რომლებიც დაფარული დარჩა „ბრძენთა და გონიერთათვის“ (საქმეები 4:13; ლუკა 10:21). მოდი, ‘ქედი მოვიდრიკოთ ჩვენი ღმერთის წინაშე’ და ასე შევეცადოთ იეჰოვასთვის სასურველი გულის შეძენას (პირველი ეზრა 8:21).
16. რატომ არის საჭირო ძალისხმევა სულიერი საკვებისადმი სიყვარულის განსავითარებლად?
16 იესომ თქვა: „ბედნიერია ის, ვისაც შეგნებული აქვს თავისი სულიერი მოთხოვნილებები“ (მათე 5:3, აქ). თუმცა სულიერობისკენ სწრაფვის უნარით ვართ დაჯილდოებული, ბოროტი წუთისოფლის ზეგავლენამ და ისეთმა თვისებებმა, როგორიცაა, მაგალითად სიზარმაცე, შეიძლება იმის შეგნება დაგვიჩლუნგოს, რომ სულიერი მოთხოვნილებები გვაქვს (მათე 4:4). სულიერი საკვებისადმი ჯანსაღი სიყვარული უნდა განვივითაროთ. თუნდაც, თავდაპირველად, ბიბლიის კითხვა და პირადი შესწავლა სასიამოვნოდ არ გვეჩვენებოდეს, თუ შეუპოვრობას გამოვიჩენთ, ცოდნა ‘ეტკბობა ჩვენს სულს’ და მორიგ შესწავლას მოუთმენლად დაველოდებით (იგავნი 2:10, 11).
17. ა) რატომ იმსახურებს იეჰოვა ჩვენგან მთელი გულით ნდობას? ბ) როგორ შეგვიძლია ღვთისადმი ნდობის განვითარება?
17 „ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას,“ — შეგვაგონებდა მეფე სოლომონი (იგავნი 3:5). გულმა, რომელიც იეჰოვას ესავს, უწყის, რომ ყველაფერი, რასაც იეჰოვა ჩვენგან მოითხოვს ან რაზეც თავისი სიტყვის მეშვეობით მიგვითითებს, ყოველთვის მართებულია (ესაია 48:17). იეჰოვა უდავოდ იმსახურებს ჩვენგან მთელი გულით ნდობას. მას ძალუძს ყველაფერი, რაც კი რამ განუზრახავს, აღასრულოს (ესაია 40:26, 29). დიახ, მისი სახელი სიტყვასიტყვით ნიშნავს — „აქცევინებს“. ეს კი რწმენას გვინერგავს, რომ მას ყოველი თავისი დანაპირების შესრულების უნარი აქვს! იგი „მართალია... ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში“ (ფსალმუნი 144:17). მისადმი ნდობა რომ განვივითაროთ, რასაკვირველია, უნდა ‘განვიცადოთ და ვნახოთ, რომ კარგია უფალი’. ამას კი იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ბიბლიიდან ნასწავლს ცხოვრებაში გამოვიყენებთ და ამგვარი მოქმედების სასიკეთო შედეგებზე ვიფიქრებთ (ფსალმუნი 33:9).
18. როგორ გვიადვილებს ღვთისმოშიშობა ღვთის ხელმძღვანელობისადმი მორჩილებას?
18 სოლომონმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ თვისებაზე, რომელიც ჩვენს გულს ღვთის ხელმძღვანელობისადმი მორჩილებას უადვილებს. მან თქვა: „უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე“ (იგავნი 3:7). ძველი დროის ისრაელის შესახებ იეჰოვამ თქვა: „ნეტავ ისეთი გული ჰქონოდათ, რომ შინებოდათ ჩემი და მუდამჟამს დაეცვათ ყოველი ჩემი მცნება, რათა კარგად ყოფილიყვნენ თვითონ და მათი შვილები სამარადისოდ“ (მეორე რჯული 5:26). დიახ, ღვთისმოშიში ადამიანები ღმერთს ემორჩილებიან. იეჰოვას ძალუძს „მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი“ და დასაჯოს ისინი, ვინც არ ემორჩილება (მეორე ნეშტთა 16:9). დაე, შიშითა და კრძალვით ვწონიდეთ ჩვენს თითოეულ მოქმედებას, ფიქრებსა და ემოციებს, რათა ღმერთს არ ვაწყენინოთ.
‘გიყვარდეს იეჰოვა მთელი გულით’
19. როგორ უადვილებს სიყვარული ჩვენს გულს იეჰოვას ხელმძღვანელობისადმი მორჩილებას?
19 სხვა ყველა თვისებაზე მეტად სწორედ სიყვარული უადვილებს ჩვენს გულს იეჰოვას ხელმძღვანელობისადმი მორჩილებას. თუ ადამიანს ღვთისადმი სიყვარულით აქვს გული გამსჭვალული, იგი მთელი გულით შეეცდება იმის გაგებას, რა მოსწონს ღმერთს და რა — არა (1 იოანე 5:3). იესომ თქვა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“ (მათე 22:37). მოდი, გავიღრმავოთ ღვთისადმი ჩვენი სიყვარული. მაგრამ როგორ? როგორ და, ჩვევად გავიხადოთ მის სიკეთეზე ფიქრი, რეგულარულად გადავუშალოთ გული მას, როგორც ახლო მეგობარს, და მონდომებით ვესაუბროთ სხვებს მის შესახებ.
20. როგორ შეგვიძლია იეჰოვასთვის სასურველი გულის შეძენა?
20 ახლა კი, მოდი შევაჯამოთ ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ: იეჰოვასთვის მოსაწონი გული რომ შევიძინოთ, საჭიროა, ღვთის სიტყვას ჩვენი შინაგანი სამყაროს, გულის დაფარული კაცის, ფორმირების საშუალება მივცეთ. აუცილებელია საღვთო წერილის მიზანმიმართული შესწავლა და სულიერ საკითხებზე მადლიერებით ფიქრი. ყველაზე უკეთ ეს მაშინ გამოგვივა, თუ მომზადებული გული გვექნება — გული, რომელიც თავისუფალია წინასწარშექმნილი აზრებისგან და გამსჭვალულია ისეთი თვისებებით, რომლებიც სწავლისთვის განგვაწყობს! დიახ, იეჰოვას დახმარებით შეგვიძლია მისთვის სასურველი გულის შეძენა. მაგრამ, რა ზომები უნდა მივიღოთ ჩვენი გულის დასაცავად?
[სქოლიოები]
a სახელი შეცვლილია.
როგორ უპასუხებდით?
• რა არის ის სიმბოლური გული, რომელსაც იეჰოვა იკვლევს?
• როგორ შეგვიძლია ღვთის სიტყვისთვის ‘გულის დადება’?
• როგორ უნდა გავიმზადოთ გული ღვთის სიტყვის საძიებლად?
• ამ სტატიის განხილვის შემდეგ, რის გასაკეთებლად ხართ აღძრული?
[სურათი 17 გვერდზე]
დავითი მადლიერებით ფიქრობდა სულიერ საკითხებზე. თქვენ თუ ფიქრობთ?
[სურათები 18 გვერდზე]
გაიმზადეთ გული და ისე შეისწავლეთ ღვთის სიტყვა.