იეჰოვაა ჩვენი თავშესაფარი
‘რადგან ღმერთია ჩვენი თავშესაფარი, არ შეგვემთხვევა სიავე’ (ფსალმუნი 90:9, 10).
1. რატომ ვამბობთ, რომ იეჰოვა ჩვენი თავშესაფარია?
იეჰოვა თავისი ხალხის საიმედო თავშესაფარია. თუ მას მთელი გულით ვემსახურებით, შეიძლება, ‘ყველაფერში შევიწროებულნი ვიყოთ, მაგრამ არა დათრგუნულნი, შეწუხებულნი, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი. დევნილნი, მაგრამ არა მიტოვებულნი; გადაყრილნი, მაგრამ არა დაღუპულნი’. რატომ? იმიტომ, რომ იეჰოვა ‘აღმატებულ ძლიერებას’ გვაძლევს (2 კორინთელთა 4:7—9). დიახ, ჩვენი ზეციერი მამა გვეხმარება, რომ ღვთისმოსაწონად ვიცხოვროთ; ამიტომაც, მოდი გულთან ახლოს მივიტანოთ ფსალმუნმომღერლის სიტყვები: ‘ღმერთო შენა ხარ ჩვენი თავშესაფარი, ჩვენს საცხოვრისად ავირჩიეთ უზენაესი. არ შეგვემთხვევა სიავე’ (ფსალმუნი 90:9, 10).
2. რა ვიცით 90-ე ფსალმუნის შესახებ და რას აღგვითქვამს ის?
2 90-ე ფსალმუნიც შეიძლება მოსეს დაწერილი იყოს. საქმე ისაა, რომ 89-ე ფსალმუნის დასაწყისში დამწერად მოსეა მოხსენიებული და 90-ე ფსალმუნი მას ისე ებმის, რომ შუალედში სხვა ავტორის სახელი არ გვხვდება. 90-ე ფსალმუნს შესაძლოა თავისებურად, მონაცვლეობით მღეროდნენ — როგორც ჩანს, შესავალ სიტყვებს პირველი ხმა მღეროდა (90:1,2), რომელსაც გუნდი ენაცვლებოდა (90:3—8). შემდეგ შესაძლოა კვლავ ერთი ხმა განაგრძობდა (90:9ა) და მას ისევ გუნდი ეპასუხებოდა (90:9ბ—13). დასკვნით ნაწილს კი, ალბათ, კვლავ ერთი მომღერალი ასრულებდა (90:14—16). მიუხედავად იმისა, თუ როგორ ასრულებდნენ სიმღერას, 90-ე ფსალმუნი სულიერ უსაფრთხოებას აღუთქვამს როგორც სულით ცხებულ ქრისტიანთა კლასს, ისე ღვთისადმი მიძღვნილ მათ თანამსახურ სხვა ქრისტიანთა ჯგუფსაცa. მოდი კარგად გამოვიკვლიოთ ეს ფსალმუნი და მისი განხილვისას იეჰოვას ყველა ეს მსახური ვიქონიოთ მხედველობაში.
საიმედო თავშესაფარი ‘ღვთის საფარქვეშ’
3. ა) რა არის ‘უზენაესის საფარი’? ბ) როგორ ვგრძნობთ თავს, როდესაც ‘ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ვისვენებთ’?
3 ფსალმუნმომღერალი მღერის: „უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს. ვეტყვი უფალს: ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ“ (ფსალმუნი 90:1, 2). ‘უზენაესის საფარი’ ჩვენი და, მეტადრე, სულითცხებულთა სიმბოლური თავშესაფარია — ეს ქრისტიანები ხომ ეშმაკის განსაკუთრებული სამიზნეები არიან (გამოცხადება 12:15—17). იგი ყველას ერთიანად მოგვიღებდა ბოლოს, ღმერთი რომ არ ყოფილიყო ჩვენი მფარველი და მის საფარქვეშ რომ არ გვეპოვა სულიერი თავშესაფარი. რადგან ‘ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ვისვენებთ’, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ (ფსალმუნი 14:1, 2; 120:5). არ არსებობს იეჰოვაზე, ჩვენს უზენაეს უფალზე, უფრო უსაფრთხო და აუღებელი სიმაგრე (იგავნი 18:10).
4. რა იარაღებს იყენებს „მონადირე“ ანუ სატანა მსხვერპლის დასაჭერად და როგორ ვაღწევთ თავს მის ხრიკებს?
4 ფსალმუნმომღერალი დასძენს: „ის [იეჰოვა] დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომსრავი ჭირისაგან“ (ფსალმუნი 90:3). ძველ ისრაელში მონადირე ხშირად ხაფანგით ან მახით იჭერდა ჩიტებს. აქ მოხსენიებული მონადირის ანუ სატანის მიერ გამოყენებულ მახეში იგულისხმება, როგორც მისი ბოროტი ორგანიზაცია, ისე მისი ‘მზაკვრობები’ (ეფესელთა 6:11). სატანა შეუმჩნევლად გვიგებს ხაფანგებს ჩვენს სავალ ბილიკებზე, რათა ბოროტების კეთებაში ჩაგვითრიოს და სულიერად დაგვღუპოს (ფსალმუნი 141:4). მაგრამ, რადგან ჩვენ უარი ვთქვით უღვთო ცხოვრებაზე, ‘ჩვენი სული თავს აღწევს, როგორც ჩიტი მონადირის მახეს’ (ფსალმუნი 123:7, 8). დიდად მადლობლები ვართ, რომ იეჰოვა გვიცავს ბოროტი „მონადირის“ მახისგან! (მათე 6:13).
5, 6. რა არის „მომსრავი ჭირი“ და რატომ ვერ მუსრავს ის იეჰოვას ხალხს?
5 ფსალმუნმომღერალმა „მომსრავი ჭირი“ მოიხსენია. რაღაც უხილავს, როგორც ჩანს, ეპიდემიის მსგავსად „ჭირი“ მოაქვს კაცობრიობისა და იეჰოვას უზენაესობის მხარდამჭერთათვის. ამის თაობაზე ისტორიკოსმა არნოლდ ტოინბიმ დაწერა: „მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გაღვივებულმა ნაციონალიზმმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა რიცხვის გაორმაგება გამოიწვია... კაცობრიობას დღესდღეობით გათიშულობისა და დაყოფისკენ აქვს გეზი აღებული“.
6 საუკუნეების განმავლობაში, ზოგი მმართველი კიდევ უფრო აღვივებდა გათიშულობის გამომწვევ საერთაშორისო კონფლიქტებს. ისინი იმასაც კი მოითხოვდნენ, რომ ადამიანებს მათთვის ან სხვადასხვა კერპისა და სიმბოლოსთვის ეცათ თაყვანი. მაგრამ იეჰოვა არასოდეს უშვებდა, რომ მისი ერთგული ადამიანები ასეთ „ჭირს“ მოესრა (დანიელი 3:1, 2, 20—23, 91—94; 6:8—11, 17—23). ჩვენ, როგორც მოსიყვარულე საერთაშორისო საძმო, მხოლოდ იეჰოვასადმი ვართ განსაკუთრებით ერთგულნი, წმინდა წერილების პრინციპებიდან გამომდინარე ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებთ, და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, სრულად ვაცნობიერებთ, რომ „ყოველ ხალხში... [ღვთის] მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35; გამოსვლა 20:4—6; იოანე 13:34, 35; 17:16; 1 პეტრე 5:8, 9). თუმცა, როგორც ქრისტიანები, დევნილი ვართ და ამას „ჭირი“ მოაქვს ჩვენთვის, მაინც სიხარულით ვართ სავსე და სულიერ უსაფრთხოებას ვგრძნობთ „უზენაესის საფარქვეშ“.
7. როგორ გვიფარავს იეჰოვა ‘თავისი ფრთებით’?
7 რადგან ვიცით, რომ იეჰოვა ჩვენი თავშესაფარია, შემდეგი სიტყვები დიდად გვანუგეშებს: «თავის ფრთებს გადაგაფარებს და მის კალთებქვეშ შეაფარებ თავს; ფარი და ბურჯია მისი ჭეშმარიტება [„სიმართლე“, აქ]» (ფსალმუნი 90:4). როგორც ფრინველი ეფოფრება თავის პატარებს, იეჰოვაც ასე გვიცავს ჩვენ (ესაია 31:5). ‘იგი თავის ფრთებს გვაფარებს’. ფრინველი ფრთებქვეშ იფარებს თავის ბარტყებს და ამით მტაცებლებისგან იცავს. რადგან იეჰოვას ჭეშმარიტ ქრისტიანულ ორგანიზაციას შევაფარეთ თავი, ბარტყების მსგავსად, ჩვენც უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს მისი სიმბოლური ფრთების ქვეშ (რუთი 2:12; ფსალმუნი 5:2, 12).
8. რა გაგებით არის იეჰოვას „სიმართლე“ დიდი ფარი და ბურჯი?
8 ჩვენ გვწამს იეჰოვას „სიმართლისა“ და ერთგულების. მისი სიმართლე იმ ძველებურ, დიდ ოთხკუთხედ ფართან არის შედარებული, რომელიც მთლიანად ფარავს ადამიანის სხეულს (ფსალმუნი 5:13, აქ). თუკი დარწმუნებული ვიქნებით იეჰოვას მფარველობაში, ჩვენს გულებს აღარ გაეკარება შიში (დაბადება 15:1; ფსალმუნი 83:12). რწმენის ფარის მსგავსად, ღვთის სიმართლეც დიდი ფარია, რომლითაც სატანის გავარვარებული ისრების ჩაქრობა და მტრის შემოტევების მოგერიება შეგვიძლია (ეფესელთა 6:16). ის ბურჯიც არის — მტკიცე სიმაგრე — რომელიც საიმედოდ გვიცავს.
არ შევშინდებით
9. რატომ არის ღამე შიშისმომგვრელი, მაგრამ ჩვენ რატომ არ გვეკარება შიში?
9 ღვთის მფარველობასთან დაკავშირებით ფსალმუნმომღერალი ამბობს: „ნუ შეგაშინებს საშინელება ღამისა, ისარი დღისით გაფრენილი. შავი ჭირი — ბნელში მოარული, სენი — შუადღის მძარცველი“ (ფსალმუნი 90:5, 6). რადგან ადამიანებს ხშირად სწორედ მაშინ სჩვევიათ ბოროტების ჩადენა, როცა ყველაფერი წყვდიადის საბურველშია გახვეული, ღამე შეიძლება შიშს ჰგვრიდეს ვინმეს. ახლა, როდესაც დედამიწა სულიერ სიბნელეშია გახვეული, ჩვენი მტრები ხშირად მიმართავენ მზაკვრულ ხერხებს, რათა როგორმე სულიერობა დაგვაკარგვინონ და ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა შეაჩერონ. მაგრამ ჩვენ იეჰოვა გვიცავს და ‘ღამის საშინელება ვერ გვაშინებს’ (ფსალმუნი 63:2, 3; 120:4; ესაია 60:2).
10. ა) რას უნდა ნიშნავდეს „ისარი დღისით გაფრენილი“ და ჩვენ როგორი დამოკიდებულება გვაქვს მისადმი? ბ) რა არის ‘ბნელში მოარული შავი ჭირი’ და რატომ არ გვაშინებს ის?
10 „ისარი დღისით გაფრენილი“, როგორც ჩანს, სიტყვიერ თავდასხმას გულისხმობს (ფსალმუნი 63:4—6; 93:20). რადგან ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ ხალხს სანდო ინფორმაცია მივაწოდოთ, მტრების მიერ ჩვენი წმინდა მსახურებისადმი გაწეული წინააღმდეგობა სრულიად უშედეგოა. გარდა ამისა, ჩვენ არ გვაკრთობს ‘ბნელში მოარული შავი ჭირი’. ეს სიმბოლური შავი ჭირი სატანის ძალაუფლებაში მყოფ, ზნეობრივად და სულიერად დაავადებულ და წყვდიადით მოცულ მთელ წუთისოფელსაა მოდებული (1 იოანე 5:19). იგი მომაკვდინებლად მოქმედებს ადამიანების გონებასა და გულზე; მათ არაფერი იციან იეჰოვას, მისი განზრახვებისა და იმ ღონისძიებების შესახებ, რითაც მან სიყვარულით უზრუნველგვყო (1 ტიმოთე 6:4). უკუნეთით მოცულ ამ მსოფლიოში ჩვენს გულებს სულაც არ ეკარება შიში, რადგან უხვად გვაქვს სულიერი სინათლე (ფსალმუნი 42:3).
11. რა ემართება მათ, ვინც ‘შუადღისას იძარცვებიან’?
11 ჩვენ არც ‘შუადღის მძარცველი სენი’ გვაშინებს. ‘შუადღე’ შეიძლება ეგრეთ წოდებულ ქვეყნიურ განათლებას ნიშნავდეს. იმ ადამიანებს, ვისაც ეს განათლება ეგოიზმსა და სიხარბეს უვითარებს, სულიერი სენი ეყრებათ (1 ტიმოთე 6:20, 21). ჩვენ გაბედულად ვაუწყებთ სამეფოს შესახებ ცნობას და არ გვაშინებს მტერი, რადგან იეჰოვაა ჩვენი მფარველი (ფსალმუნი 63:2; იგავნი 3:25, 26).
12. ვის გვერდით და რა გაგებით ‘ეცემიან’ ათასნი?
12 ფსალმუნმომღერალი განაგრძობს: „დაეცემა შენს გვერდით ათასი და ათი ათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება. ოღონდ შენი თვალებით შეხედე და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა“ (ფსალმუნი 90:7, 8). ბევრი, ვინც იეჰოვას ფრთებქვეშ არ აფარებს თავს, სულიერი გაგებით კვდება და ‘ჩვენს გვერდით ეცემა’; დღევანდელი სულიერი ისრაელის წევრების „მარჯვნივ“ მართლაც „ათი ათასი“ დაეცა (გალატელთა 6:16). მაგრამ მიუხედავად იმისა, ცხებული ქრისტიანები ვართ თუ ღვთისადმი მიძღვნილი მათი თანამსახურნი, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ ღვთის „საფარქვეშ“. ჩვენ უბრალოდ ‘ვუყურებთ და ვხედავთ ბოროტეულთა მისაგებელს’, რომლებიც ჭირსა და განსაცდელს იმკიან კომერციის, რელიგიის თუ ცხოვრების სხვა სფეროებში (გალატელთა 6:7).
არ შეგვემთხვევა სიავე
13. რა სიავეები არ შეგვემთხვევა და რატომ?
13 მაშინ, როცა წუთისოფლის უსაფრთხოებას საძირკველი ერყევა, ჩვენ ღმერთს ვაყენებთ პირველ ადგილზე და ვმხნევდებით ფსალმუნმომღერლის სიტყვებით: „რადგან, ღმერთო, შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, შენს საცხოვრისად აირჩიე უზენაესი. არ შეგემთხვევა სიავე და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს“ (ფსალმუნი 90:9, 10). დიახ, იეჰოვაა ჩვენი თავშესაფარი. ‘ჩვენს საცხოვრისადაც’ უზენაეს ღმერთს ვირჩევთ და თავს საიმედოდ ვგრძნობთ. ვაქებთ და ვადიდებთ იეჰოვას — სამყაროს უზენაეს მმართველს, ‘ვმკვიდრობთ’ მასში — ჩვენს საიმედო სიმაგრეში, და სხვებს სასიხარულო ცნობას ვაუწყებთ სამეფოს შესახებ (მათე 24:14). ამიტომ ამ ფსალმუნში ჩამოთვლილი არცერთი უბედურება, ‘არანაირი სიავე არ შეგვემთხვევა’. მაშინაც კი, როცა სხვებთან ერთად ჩვენც ვხდებით ისეთ უბედურებათა მსხვერპლი, როგორებიცაა მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა, შიმშილობა და გამანადგურებელი ომები, ისინი ვერ არყევენ ჩვენს რწმენას და ძირს ვერ უთხრიან ჩვენს სულიერ უსაფრთხოებას.
14. რატომ არა ვართ ჩვენ, იეჰოვას მსახურები, მომაკვდინებელი ჭირით დაავადებული?
14 ცხებული ქრისტიანები კარვებში მცხოვრებ ხიზნებს ჰგვანან, რომლებიც ამ სისტემისგან არიან გამოცალკევებული (1 პეტრე 2:11). ‘მათ კარავს წყლულიც კი ვერ ეკარება’. მიუხედავად იმისა, ზეციერი იმედი გვაქვს თუ მიწიერი, ჩვენ განზე ვდგავართ ამ წუთისოფლისგან და არა ვართ დაავადებული სულიერად მომაკვდინებელი ისეთი ჭირით, როგორიცაა უზნეობა, სიხარბე, ცრუ რელიგია და „მხეცისა“ და მისი ‘ხატებისადმი’ — გაეროსადმი — თაყვანისცემა (გამოცხადება 9:20, 21; 13:1—18; იოანე 17:16).
15. როგორ გვეხმარებიან ანგელოზები?
15 იმ მფარველობასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, ფსალმუნმომღერალი დასძენს: „რადგან თავის ანგელოზებს უბრძანა შენზე — დაგიცვან ყველა შენს გზაზე. ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვაზე“ (ფსალმუნი 90:11, 12). ანგელოზებს ღმერთმა უბოძა ძალა ჩვენს დასაცავად (მეოთხე მეფეთა 6:17; ფსალმუნი 33:8—10; 103:4; მათე 26:53; ლუკა 1:19). ისინი ‘ყველა ჩვენს გზაზე’ გვიცავენ (მათე 18:10). ჩვენ, სამეფოს მაუწყებლებს, ანგელოზები გვიკვალავენ გზას, გვმფარველობენ და ამიტომაც არ ვბორძიკობთ სულიერი გაგებით (გამოცხადება 14:6, 7). თვით ისეთი ‘ქვებიც’ კი ვერ გვაბრკოლებს, როგორიცაა, მაგალითად, ჩვენი საქმიანობის აკრძალვა; ეს ‘ქვები’ ვერც ღვთის კეთილგანწყობას გვაკარგვინებს.
16. რით განსხვავდება „ბოკვრისა“ და „უნასის“ თავდასხმა ერთმანეთისგან და ჩვენ როგორ ვრეაგირებთ მათ თავდასხმებზე?
16 ფსალმუნმომღერალი განაგრძობს: „ლომსა და უნასს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერს და ურჩხულს გაქელავ“ (ფსალმუნი 90:13). ლომის ბოკვრის მსგავსად, რომელიც აშკარად და პირდაპირ ესხმის თავის მსხვერპლს, ზოგი მტერი დაუფარავად გვეწინააღმდეგება და ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის შესაჩერებლად გამიზნულ კანონებს იღებს. ხანდახან უნასივითაც — მოულოდნელად და სამალავებიდან — გვესხმიან თავს. კულისებს მიღმა მიმალული მღვდლები ზოგჯერ კანონმდებლების, მოსამართლეებისა და სხვა ადამიანების მეშვეობით ცდილობენ დარტყმა მოგვაყენონ. ჩვენ კი იეჰოვას მხარდაჭერით მშვიდობიანი გზით ვცდილობთ, რომ სასამართლოებში სამართლიანობამ გაიმარჯვოს და ‘სასიხარულო ცნობა დავიცვათ და კანონიერად განვამტკიცოთ’ (ფილიპელთა 1:7, აქ; ფსალმუნი 93:14, 20—22).
17. რა გაგებით ვქელავთ „ლომის ბოკვერს“?
17 ფსალმუნმომღერალმა ‘ლომის ბოკვრისა და ურჩხულის გაქელვა’ მოიხსენია. ლომის ბოკვერი შეიძლება დაუნდობელი იყოს, ხოლო ურჩხულში დიდი ზომის ქვეწარმავალი უნდა იყოს ნაგულისხმები (ესაია 31:4). როგორი დაუნდობელიც უნდა იყოს ლომის ბოკვერი, როდესაც პირდაპირ გვესხმის თავს, ჩვენ სიმბოლური გაგებით ვქელავთ მას, რადგან ღმერთს უფრო ვემორჩილებით, ვიდრე „ლომის“ მსგავს ადამიანებსა და ორგანიზაციებს (საქმეები 5:29). ასე რომ, ეს საშიში „ლომი“ ვერ გვაყენებს სულიერ ზიანს.
18. ვინ შეიძლება მოგვაგონოს „ურჩხულმა“ და როგორ უნდა მოვიქცეთ მისი თავდასხმის დროს?
18 სიტყვა „ურჩხული“ ალბათ მაშინვე გვაგონებს ‘დიდ გველეშაპს, ძველ გველს, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია’ (გამოცხადება 12:7—9; დაბადება 3:15). იგი შემზარავი ქვეწარმავლის მსგავსია, რომელსაც მსხვერპლის შემუსვრა და გადაყლაპვა სწადია (იერემია 51:34). როდესაც სატანა ცდილობს, რომ უშველებელი კუდი შემოგვარტყას, თავისი წუთისოფლის გავლენით მოგვაშთოს და მერე გადაგვყლაპოს, მოდი უმალ გამოვუსხლტეთ მის მარწუხებს და უშიშრად გავქელოთ „გველეშაპი“ (1 პეტრე 5:8). სულით ცხებული დარჩენილი ნაწილი სწორედ ასე უნდა მოიქცეს, რათა რომაელთა 16:20-ის შესრულების თანამოზიარენი იყვნენ.
იეჰოვა — ჩვენი მხსნელი
19. რატომ ვაფარებთ თავს იეჰოვას?
19 ფსალმუნმომღერლის სიტყვების თანახმად, ღმერთი ასეთ რამეს ამბობს თავის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებზე: „რაკი მისურვა, გადავარჩენ მას, დავიფარავ მას, რადგან იცნო ჩემი სახელი“ (ფსალმუნი 90:14). ფრაზა — „დავიფარავ მას“ — სიტყვასიტყვით ნიშნავს: „შემაღლებულზე დავაყენებ“, ესე იგი იქ, სადაც ვერავინ მისწვდება. ჩვენ, იეჰოვას თაყვანისმცემლები, უმთავრესად თავს იმიტომ ვაფარებთ მას, რომ ‘ვისურვეთ’ იგი (მარკოზი 12:29, 30; 1 იოანე 4:19). ის კი ჩვენი მტრებისაგან ‘გადაგვარჩენს’. ჩვენ არასოდეს გავნადგურდებით. პირიქით, ჩვენ გადავრჩებით, რადგან ვიცით ღვთის სახელი და რწმენით მოვუხმობთ მას (რომაელთა 10:11—13). და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ‘უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელით უკუნითი უკუნისამდე ვიაროთ’ (მიქა 4:5; ესაია 43:10—12).
20. რას ჰპირდება იეჰოვა თავის ერთგულ მსახურს 90-ე ფსალმუნის დასკვნითი ნაწილის თანახმად?
20 90-ეს ფსალმუნის დასკვნით ნაწილში თავისი ერთგული მსახურის შესახებ იეჰოვა ამბობს: „მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ. დღეთა ხანგრძლივობით გავაძღებ და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას“ (ფსალმუნი 90:15, 16). როდესაც ღმერთს ლოცვაში მისი ნებისამებრ ვთხოვთ რაიმეს, იგი სათანადოდ გვპასუხობს (1 იოანე 5:13—15). სატანის მიერ გაღვივებული მტრული განწყობის გამო ჩვენ უკვე მრავალი განსაცდელის გადატანა მოგვიხდა. მაგრამ სიტყვები — „მასთან ვარ გასაჭირში“ — მომავალში მოსალოდნელი განსაცდელებისთვის გვამზადებს და გვარწმუნებს იმაში, რომ ამ ბოროტი სისტემის განადგურებისას ღმერთი ჩვენ გვერდით იქნება.
21. რა გაგებით არიან სულითცხებულები ამჟამად უკვე განდიდებულნი?
21 სატანის გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, იეჰოვას მიერ დანიშნულ სათანადო დროს ჩვენ შორის მყოფი ყველა ცხებული — დედამიწაზე ‘დღეთა ხანგრძლივობის’ შემდეგ — დიდების გვირგვინს მიიღებს ზეცაში. მაგრამ ღვთისგან შესანიშნავმა ხსნამ და მფარველობამ მათ უკვე მოუტანა სულიერი დიდება. რაოდენ დიდი პატივია მათთვის, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციას ხელმძღვანელობენ ამ უკანასკნელ დღეებში! (ესაია 43:10—12). იეჰოვა არმაგედონის დიდ ომშიც დაიხსნის თავის ხალხს და ეს ყველაზე ბრწყინვალე და უდიდესი ხსნა იქნება; ამ დროს იგი საბოლოოდ დაადასტურებს, რომ მხოლოდ იგია უზენაესი მმართველი და თავის წმინდა სახელსაც განწმენდს (ფსალმუნი 82:19; ეზეკიელი 38:23; გამოცხადება 16:14, 16).
22. ვის ‘მოუვლენს შემწეობას’ იეჰოვა?
22 ცხებული ქრისტიანები ვართ თუ იეჰოვასადმი მიძღვნილი მათი თანამსახურები, ხსნას მხოლოდ ღვთისგან ველით. როდესაც დადგება „უფლის დღე, დიდი და საშინელი“, ისინი გადარჩებიან, ვინც ერთგულად ემსახურებიან ღმერთს (იოველი 3:3—5). მათ, ვინც გადარჩენილ „უამრავ ხალხს“ შორის იქნება ღვთის ახალ ქვეყნიერებაში და ვინც ერთგული დარჩება საბოლოო გამოცდის დროს, ღმერთი „დღეთა ხანგრძლივობით“ — მარადიული სიცოცხლით — ‘გააძღობს’. სხვა უამრავ ადამიანს იგი მკვდრეთით აღადგენს (გამოცხადება 7:9; 20:7—15). იეჰოვა მართლაც უზომოდ მოხარული იქნება, როცა იესო ქრისტეს მეშვეობით ‘შემწეობას მოგვივლენს’ (ფსალმუნი 3:9). რადგან ასეთი დიდებული მომავალი გველის, მოდი მუდამ ვეძებოთ ღვთის დახმარება, რომ მან თავისდა სადიდებლად ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლოს. სიტყვითა თუ საქმით, დაე ყოველთვის ვამტკიცებდეთ, რომ იეჰოვაა ჩვენი თავშესაფარი.
[სქოლიოები]
a ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები 90-ე ფსალმუნს არ განიხილავდნენ მესიანური წინასწარმეტყველების თვალსაზრისით. მაგრამ ცხადია, რომ იეჰოვა იყო დედამიწაზე მოვლინებული იესო ქრისტეს თავშესაფარი და სიმაგრე, და იგია იესოს სულით ცხებული მიმდევრებისა და ღვთისადმი მიძღვნილ მათ თანამსახურთა ჯგუფის თავშესაფარიცა და სიმაგრეც ამ ‘უკანასკნელ ჟამს’ (დანიელი 12:4).
როგორ უპასუხებდით?
• რა არის ‘უზენაესის საფარი’?
• რატომ არ ვიკარებთ შიშს?
• რა გაგებით არ ‘შეგვემთხვევა არანაირი სიავე’?
• რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვაა ჩვენი მხსნელი?
[სურათი 17 გვერდზე]
იცით, რომ იეჰოვას სიმართლე დიდი ფარია ჩვენთვის?
[სურათები 18 გვერდზე]
მოულოდნელი თავდასხმებისა და დაუფარავი წინააღმდეგობის მიუხედავად, იეჰოვას დახმარებით მისი მსახურები კვლავ აქტიურად განაგრძობენ მსახურებას.
[საავტორო უფლება]
Cobra: A. N. Jagannatha Rao, Trustee, Madras Snake Park Trust