ნუგეშის ძიება კრიზისულ პერიოდში
ახალ ამბებს მანუგეშებელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ერთი პიროვნება წერდა: „მიმდინარე მოვლენები იმდენად შემზარავია, რომ ხშირად ვყოყმანობთ, ვუყუროთ თუ არა საინფორმაციო გამოშვებას ექვს საათზე“. მსოფლიო წალეკა ომებმა, ტერორიზმმა, უბედურებებმა, დამნაშავეობამ და დაავადებებმა. ეს ყველაფერი შეიძლება დღემდე პირადად არ შეგვხებია, მაგრამ დაზღვეული არ ვართ იმისაგან, რომ მალე ჩვენც გავხდეთ რომელიმე მათგანის მსხვერპლი.
ბიბლიაში ზუსტად იყო ნაწინასწარმეტყველები ეს მოვლენები. ჩვენს დროზე საუბრისას იესომ მოიხსენია მასშტაბური ომები, ეპიდემიები, საკვების უკმარისობა და მიწისძვრები (ლუკა 21:10, 11). მოციქული პავლეც წერდა „საზარელი ჟამის“ შესახებ, როდესაც ადამიანები სასტიკნი, ფულის მოყვარულნი და კეთილის მოძულენი იქნებოდნენ. ამ პერიოდს მან „უკანასკნელი დღეები“ უწოდა (2 ტიმოთე 3:1—5).
როგორც ვხედავთ, საინფორმაციო გამოშვებები ისევე აღწერს მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას, როგორც ბიბლია წინასწარმეტყველებს. მაგრამ ახალი ამბებისგან განსხვავებით, ბიბლია გვაწვდის ისეთ ცნობას, რომელსაც საინფორმაციო პროგრამაში ვერ მოვისმენთ. ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვიდან არა მარტო ამდენი ბოროტების არსებობის მიზეზებს ვიგებთ, არამედ იმასაც, თუ რას მოგვიტანს მომავალი.
ღვთის თვალსაზრისი ბოროტებაზე
ბიბლია გვიხსნის, როგორ უყურებს ღმერთი დღევანდელ შემაშფოთებელ მდგომარეობას. მართალია მან წინასწარ განჭვრიტა დღეს არსებული სირთულეები, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მოსწონს ისინი ან მარადიულად დაუშვებს მათ არსებობას. „ღმერთი სიყვარულია“, — წერდა მოციქული იოანე (1 იოანე 4:8). იეჰოვა ზრუნავს ადამიანებზე და სძულს ყოველგვარი ბოროტება. ამიტომ მართებული იქნებოდა, ნუგეში ღმერთთან გვეძია, რადგან ის კეთილი და თანამგრძნობია. ამასთანავე, მას დედამიწაზე ბოროტების მოსპობის სურვილიც აქვს და ამის ძალაც შესწევს. ფსალმუნმომღერალი წერდა: „[ღვთის მიერ დანიშნული ზეციერი მეფე] იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში“ (ფსალმუნი 71:12—14).
განა არ გებრალებათ ისინი, ვინც იტანჯებიან? ალბათ, დიახ. თანაგრძნობა ის ერთ-ერთი თვისებაა, რომელიც იეჰოვამ ჩადო ჩვენში, რადგან თავის მსგავსად შეგვქმნა (დაბადება 1:26, 27). ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა გულგრილად არ ეკიდება ადამიანთა პრობლემებს. იესო, რომელიც ყველაზე უკეთ იცნობდა იეჰოვას, ასწავლიდა, რომ ღმერთი ჩვენდამი დიდი ინტერესითა და თანაგრძნობით არის გამსჭვალული (მათე 10:29, 31).
თვით ღვთის შემოქმედების ნაყოფი ადასტურებს, რომ ღმერთი ზრუნავს კაცობრიობაზე. იესოს სიტყვების თანახმად, ღმერთს „თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს“ (მათე 5:45). ქალაქ ლისტრას მცხოვრებლებს მოციქულმა პავლემ უთხრა: „[ღმერთი] ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დროებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს“ (საქმეები 14:17).
ვისი ბრალია?
ყურადსაღებია ლისტრას მცხოვრებთათვის პავლეს მიერ ნათქვამი სიტყვები: „წარსულ თაობებში [ღმერთმა] ნება მისცა, ყველა ერს თავისი გზებით ევლო“. ამგვარად, თავს რომ ამდენი გაჭირვება ატყდებათ, ამაში უმეტესწილად თავად „ერები“ ანუ ადამიანები არიან დამნაშავენი. ამის გამო ღმერთი არ უნდა დავადანაშაულოთ (საქმეები 14:16).
მაშინ რატომ უშვებს ღმერთი ბოროტების არსებობას? იღონებს ოდესმე რამეს ამასთან დაკავშირებით? ამ კითხვებზე პასუხების პოვნა მხოლოდ ღვთის სიტყვაში შეიძლება, რადგან ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული კიდევ ერთ სულიერ ქმნილებასთან და საკამათო საკითხთან, რომელიც ამ ქმნილებამ უხილავ, სულიერ სამყაროში წამოჭრა.
[სურათები 4 გვერდზე]
თუ ჩვენ, ადამიანებს, გვახასიათებს თანაგრძნობა, განა ღმერთი უფრო ნაკლებად განიცდის კაცობრიობის სატანჯველს?
[სურათის საავტორო უფლებები 2 გვერდზე]
COVER: Tank: UN PHOTO 158181/J. Isaac; earthquake: San Hong R-C Picture Company
[საავტორო უფლება 3 გვერდზე]
Upper left, Croatia: UN PHOTO 159208/S. Whitehouse; starving child: UN PHOTO 146150 BY O. MONSEN