უკანასკნელი გროშის გაღება
„თუნდაც მათხოვარი დამიძახეთ, ეს არ მადარდებს. მე ქრისტესთვის გთხოვთ“. პროტესტანტული ეკლესიის ერთ–ერთი მღვდლის ამ სიტყვების მოსმენაზე, ალბათ, გვახსენდება კამათი, რომელიც რელიგიების დაფინანსების თაობაზეა ატეხილი. როგორც ჩანს, რელიგიებს მხოლოდ კარგი დაფინანსების შემთხვევაში შეუძლიათ არსებობა. საჭიროა ხელფასების გაცემა, ტაძრების აშენება, მოვლა და სამქადაგებლო კამპანიების დაფინანსება. სად შეიძლება ყოველივე ამისათვის საჭირო თანხების შოვნა?
მრავალმა ეკლესიამ მეათედის აკრებაში იპოვა გამოსავალიa. „მეათედის მეშვეობით ღმერთი თავის მიწიერ სამეფოს აფინანსებს, — ამტკიცებს ევანგელისტი ნორმან რობერტსონი. — ღვთის მიერ არჩეული დაფინანსების მეთოდით შესაძლებელი ხდება სახარების ქადაგება“. მას არ დავიწყებია, თავისი მიმდევრებისთვის შეეხსენებინა მეათედის გადახდის პასუხისმგებლობა და ხაზგასმით აღნიშნა: „მეათედს იმიტომ კი არ იხდი, რომ ამის საშუალება გაქვს. ეს მორჩილების მაჩვენებელია. მეათედის გადაუხდელობა ღვთის კანონების აშკარა დარღვევაა. ეს ფულის მითვისებაა“ („მეათედი — ღვთის ფინანსური გეგმა“).
შესაძლოა, თქვენც ეთანხმებით იმ აზრს, რომ ქრისტიანული თაყვანისმცემლობა გაცემასაც მოითხოვს. მაგრამ, ხომ არ გაღიზიანებთ ფულის ასეთი დაჟინებული მოთხოვნა ან შეურაცხმყოფლად ხომ არ მიიჩნევთ ამას? ბრაზილიელი თეოლოგი ინასიუ სტრიდე ჰკიცხავს ეკლესიებს იმის გამო, რომ ისინი მეათედებს „თავიანთი შიდა პრობლემების მოსაგვარებლად იყენებენ“ და ამგვარ მოქმედებას „უკანონოს, შეურაცხმყოფელსა და ღვთისმეტყველებიდან გადახვევას“ უწოდებს. ამის შედეგად კი, როგორც თავადაც აღნიშნავს, მრავლად არიან „უმუშევრები, ქვრივები, ქალაქის ღარიბ უბნებში მცხოვრებნი და ისინი, რომლებიც ლოგიკური მსჯელობით ვერ ასკვნიან, რომ ღვთისგან მიტოვებული არიან და აიძულებენ, იმდენი მისცენ ეგრეთ წოდებულ მქადაგებელს, რომ ოჯახი მშიერი რჩებათ“.
შესაძლოა, ფიქრობთ: ნუთუ ეკლესიები სწორად იყენებენ საღვთო წერილს, როდესაც დაჟინებით ითხოვენ მეათედს? ან ზოგიერთი რელიგია ღმერთით ხომ არ აშინებს ხალხს, რომ სამწყსო გაატყავოს? ნუთუ მართლა ითხოვს ღმერთი უკანასკნელ გროშებს?
[სქოლიოები]
a მეათედი განიმარტება, როგორც ადამიანის მთელი შემოსავლის 10 პროცენტი.