გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხე „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? თუ დიახ, შეამოწმე, შეძლებ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას:
• როგორ შეუძლია „განსჯის უნარს“ ჩვენი დაცვა? (იგავნი 1:4).
ის გვაფრთხილებს, რომ ჩვენს სულიერობას საფრთხე ემუქრება და სწორად მოქმედებისკენ აღგვძრავს, მაგალითად, მოვერიდოთ სექსუალურ ცდუნებებს სამსახურში. ის იმის გათვითცნობიერებაშიც გვეხმარება, რომ თანაქრისტიანები არასრულყოფილები არიან. ეს კი გვეხმარება სწრაფი რეაგირება არ მოვახდინოთ გაღიზიანებაზე. ის აგრეთვე საშუალებას გვაძლევს, ქონების დაგროვების სურვილის გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ, რაც ჩვენს სულიერობას საფრთხეს შეუქმნის (15.08, გვერდები 21—24).
• როგორ შეიძლება იყო კარგი მეზობელი?
იმისათვის, რომ კარგი მეზობელი იყო, უნდა გიყვარდეს გულუხვად გაცემა და შეგეძლოს მადლიერებით მიღება. კარგი მეზობელი გაჭირვების დროს გამოჩნდება ხოლმე. იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, კარგი მეზობლები იყვნენ და მეზობლებს აფრთხილებენ, რომ მალე იეჰოვა მოსპობს ბოროტებას (01.09, გვერდები 4—7).
• ბიბლიის თანახმად, ვინ არიან ნამდვილი წმინდანები და როგორ შეუძლიათ მათ ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენა?
პირველი ქრისტიანები ნამდვილად წმინდანები იყვნენ. მაგრამ ისინი ადამიანების ან ორგანიზაციების მიერ კი არ იყვნენ წმინდანებად შერაცხული, არამედ ღვთის მიერ (რომაელთა 1:7). ზეციური ცხოვრებისთვის აღდგენის შემდეგ, წმინდანები იესოსთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას დედამიწაზე ერთგული ადამიანების კურთხევაში (ეფესელთა 1:18—21) (15.09, გვერდები 5—7).
• რატომ შეიძლება იყოს ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, თუ რა სპორტული შეჯიბრებები ტარდებოდა ძველ საბერძნეთში?
მოციქულ პავლესა და პეტრეს წერილებში ძველად არსებული თამაშები მაგალითებადაა მოყვანილი ან უბრალოდ მოხსენიებულია ისინი (1 კორინთელთა 9:26; 1 ტიმოთე 4:7; 2 ტიმოთე 2:5; 1 პეტრე 5:10). სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანი იყო კარგი მწვრთნელის ყოლა, თავშეკავების გამომუშავება და მიზანმიმართული მცდელობა. იგივე შეიძლება ითქვას დღეს ქრისტიანების მცდელობებზე სულიერ საკითხებთან დაკავშირებით (01.10, გვერდები 28—31).
• რა სირთულეები და კურთხევები სდევს თან შვილების სხვა ქვეყანაში აღზრდას?
ხშირად ბავშვები უფრო სწრაფად სწავლობენ ახალ ენას, ვიდრე მშობლები, რაც მათ შვილების აზროვნებისა და მოქმედებების გაგებაში უშლით ხელს. ბავშვებმა კი შეიძლება კარგად ვერ გაიგონ ბიბლიური ჭეშმარიტება მშობლების ენაზე. თუმცა ოჯახი შეიძლება უფრო განმტკიცდეს, თუ მშობლები თავიანთ ენას ასწავლიან შვილებს, რომლებმაც ამგვარად შეიძლება ორივე ენა და კულტურა კარგად შეითვისონ (15.10, გვერდები 22—26).
• რატომ არის მობოდიშება მნიშვნელოვანი?
გულწრფელი მობოდიშება ხშირად გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენას უწყობს ხელს. ბიბლიაში მოცემულია იმის მაგალითები, თუ რა ძალა აქვს მობოდიშებას (პირველი მეფეთა 25:2—35; საქმეები 23:1—5). როდესაც ორ ადამიანს შორის რაღაც უთანხმოებაა, ამაში ორივე დამნაშავეა. ამიტომ ორივეს მხრიდანაა საჭირო დათმობაზე წასვლა და მობოდიშება (01.11, გვერდები 4—7).
• რატომ არის აზარტული თამაშები ცუდი, თუნდაც ძალიან მცირე თანხაზეც კი?
აზარტული თამაში ადამიანში აღვივებს ეგოიზმს, ჯიბრსა და სიხარბეს, რასაც ღმერთი განსჯის (1 კორინთელთა 6:9, 10). ბევრმა ამას ბავშვობაში მიჰყო ხელი მცირე თანხებზე თამაშით (01.11, გვერდი 31).
• ბიბლიის ბევრი წიგნი ბერძნულ ენაზე დაიწერა; მაშ, რატომღა გახდა საჭირო ამ წიგნების ბერძნულ ენაზე თარგმნა და რა მოჰყვა ყოველივე ამას?
თანამედროვე ბერძნული სრულიად განსხვავდება სეპტუაგინტის ბერძნულისგან, რომელზეც ებრაული წერილები ითარგმნა და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ენისგან. გასული საუკუნეების განმავლობაში რამდენჯერმე სცადეს მთელი ბიბლიისა თუ მისი ცალკეული ნაწილების სასაუბრო ბერძნულზე თარგმნა. დღეს თანამედროვე ბერძნულ ენაზე ბიბლიის დაახლოებით 30 თარგმანი არსებობს, იქნება ეს მთლიანი ბიბლია თუ მისი ნაწილი, რომლებიც უბრალო ბერძნებისთვისაც გასაგებია. მათ შორის აღსანიშნავია „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელიც 1997 წელს გამოქვეყნდა (15.11, გვერდები 26—29).
• რატომ არ მოეთხოვებათ ქრისტიანებს მეათედის გაღება?
რჯულის ქვეშ მყოფი ისრაელი ხალხისთვის მეათედის გაღება აუცილებელი იყო ლევიანებისა და გაჭირვებულების სარჩენად (ლევიანნი 27:30; მეორე რჯული 14:28, 29). იესომ თავისი გამომსყიდველური სიკვდილით გააუქმა რჯული და მასთან ერთად მეათედის აკრეფაც (ეფესელთა 2:13—15). პირველ საუკუნეში ქრისტიანულ კრებებში თითოეულ ქრისტიანს იმდენი უნდა შეეწირა, რამდენის საშუალებაც ჰქონდა და რამდენსაც გული ჰკარნახობდა (2 კორინთელთა 9:5, 7) (01.12, გვერდები 4—6).
• ნიშნავს თუ არა გამოცხადების 20:8, რომ ბოლო გამოცდის დროს სატანა ძალიან ბევრ ადამიანს შეაცდენს?
ამ მუხლში ნათქვამია, რომ შეცდენილთა რიცხვი „ზღვის ქვიშასავით“ იქნება. ბიბლიაში გამოყენებული ეს გამოთქმა ხშირად უცნობ რიცხვზე მიუთითებს, რაც მაინცდამაინც დიდ რაოდენობას არ ნიშნავს. აბრაამის თესლი, რომელიც „ზღვის ქვიშასავით“ იქნებოდა, იესო ქრისტეს გარდა 144 000 აღმოჩნდა (დაბადება 22:17; გამოცხადება 14:1—4) (01.12, გვერდი 29).