მკითხველთა შეკითხვები
სწორია ავადმყოფი ან ბებერი ცხოველის მოკვლა?
ადამიანთა უმრავლესობას იზიდავს ცხოველები და მათთან ყოფნა სიამოვნებას ანიჭებს. ზოგი შინაური ცხოველი პატრონის ერთგული მეგობარი ხდება. მაგალითად, ძაღლები იმით არიან ცნობილი, რომ ერთგულად ემორჩილებიან პატრონებს და ძალიან უყვართ ისინი. ამიტომ ბუნებრივია, თუ ასეთი შინაური ცხოველები ადამიანებსაც უყვარდებათ, განსაკუთრებით მაშინ, თუ წლების განმავლობაში ჰყავთ სახლში.
სამწუხაროდ, ცხოველების უმეტესობა არც ისე დიდხანს ცოცხლობს. ძაღლები დაახლოებით 10-დან 15 წლამდე ცოცხლობენ. იგივე შეიძლება ითქვას კატებზეც, თუმცა ჯიშზეც არის დამოკიდებული. ბებერ შინაურ ცხოველებს შეიძლება დაავადება შეეყაროთ ან ძალა გამოეცალოთ. ამან კი შესაძლოა დაამწუხროს მათი პატრონები, რადგანაც ახსოვთ, როგორი სიცოცხლით სავსე და ენერგიულები იყვნენ ისინი ერთ დროს. ჩაითვლებოდა დანაშაულად, თუ პატრონი ასეთ მდგომარეობაში მყოფი ცხოველის ტანჯვას იმით მოუღებდა ბოლოს, რომ მოკლავდა?
უდავოა, ქრისტიანი ცხოველებთან მოპყრობისას ღვთის ნების შესაბამისად მოქმედებას მოისურვებს. მათდამი სასტიკი მოპყრობა, რასაკვირველია, ეწინააღმდეგება ღვთის ნებას, რადგან ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „მართალი ზრუნავს თავისი პირუტყვის სიცოცხლეზე“ (იგავები 12:10, სსგ). მეორე მხრივ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი ცხოველებს ისევე უყურებს, როგორც ადამიანებს. როდესაც ღმერთმა ადამიანები შექმნა, აშკარად განასხვავა ისინი ცხოველებისგან. მაგალითად, მან ადამიანებს მარადიული ცხოვრების იმედი მისცა, რასაც ვერ ვიტყვით ცხოველებზე (რომაელთა 6:23; 2 პეტრე 2:12). იეჰოვა შემოქმედია და ამიტომაც მას სრული უფლება აქვს, დაადგინოს, როგორი ურთიერთობა უნდა არსებობდეს ადამიანებსა და ცხოველებს შორის.
დაბადების 1:28-ში ნაჩვენებია, როგორი უნდა იყოს ეს ურთიერთობა. ღმერთმა ადამიანთა პირველ წყვილს უთხრა: „ბატონობდეთ ზღვის თევზებზე და ციურ ფრინველებზე, და ყველა ცხოველზე, რომელიც კი მიწაზე დაცოცავს“. მსგავსადვე, ფსალმუნების 8:7—9-ში ნათქვამია: „ყოველივე მას დაუმორჩილე. ყველა პირუტყვი — წვრილფეხა და მსხვილფეხა და ასევე — ნადირი ველისა; ფრინველი ცისა და თევზი ზღვისა“.
ღმერთმა ცხადი გახადა, რომ ადამიანს შეეძლო ცხოველების სათანადოდ გამოყენება და საჭიროებისამებრ მათი დახოცვა. მაგალითად, ცხოველების ტყავი შეეძლო ტანსაცმლისთვის გამოეყენებინა. გარდა ამისა, ნოეს დროინდელი წარღვნის შემდეგ, ღმერთმა ადამიანს ნება დართო, რომ მცენარეულ საზრდოსთან ერთად, რომელიც თავიდანვე მისცა საჭმელად, ცხოველების ხორციც ეჭამა (დაბადება 3:21; 4:4; 9:3).
რა თქმა უნდა, ეს არ იძლევა გართობის მიზნით ცხოველის უაზროდ მოკვლის უფლებას. ბიბლიაში, კერძოდ დაბადების 10:9-ში (აქ), ნიმროდი (ნებროთი) აღწერილია როგორც „ძალოვანი მონადირე“ და ამის გამო ამავე მუხლში მას უფლის მოწინააღმდეგე ეწოდება.
მაშასადამე, თუმცა ადამიანს ცხოველებზე ბატონობის უფლება აქვს, მან ბოროტად კი არ უნდა გამოიყენოს ეს უფლება, არამედ ღვთის სიტყვაში მოცემული პრინციპების თანახმად უნდა იმოქმედოს. ამაში შეიძლება ისიც შედიოდეს, რომ არ დაუშვას თავისი საყვარელი ცხოველის ტანჯვა, რასაც შეიძლება იწვევდეს სიბერე, მძიმე ტრავმა ან სასიკვდილო დაავადება. ასეთ შემთხვევაში ქრისტიანის პირადი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა. თუ ის სიბრალულის გამოვლენად მიიჩნევს იმას, რომ არ დაიტანჯოს ცხოველი, რომელსაც აღარაფერი ეშველება, მან შეიძლება გადაწყვიტოს მისი მოკვლა.