სიმართლისთვის დევნილნი
„ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი“ (მათე 5:10).
1. რატომ წარდგა იესო პონტოელი პილატეს წინაშე და რა თქვა მან?
„მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო“ (იოანე 18:37). იესომ ეს სიტყვები პონტოელი პილატეს, იუდეის რომაელი მმართველის, წინაშე წარმოთქვა. ის პილატესთან არც საკუთარი სურვილით მისულა და არც ამ მმართველის მიწვევით. ამის მიზეზი ის იყო, რომ იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა ბრალი დასდეს მას ბოროტმოქმედებაში, რის გამოც, მათი აზრით, სიკვდილს იმსახურებდა (იოანე 18:29—31).
2. როგორ მოიქცა იესო და რა შედეგი გამოიღო ამან?
2 იესომ ძალიან კარგად იცოდა, რომ პილატეს ჰქონდა მისი გათავისუფლების ან მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის უფლება (იოანე 19:10). მაგრამ ამან ვერ შეაკავა იესო, რომ გაბედულად ელაპარაკა პილატესთან სამეფოს შესახებ. თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, იესომ ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, დაემოწმებინა იმ ოლქის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლისთვის. ამ დამოწმების მიუხედავად, იესოს განაჩენი გამოუტანეს, ბოძზე გააკრეს და მოწამებრივი სიკვდილით მოკვდა (მათე 27:24—26; მარკოზი 15:15; ლუკა 23:24, 25; იოანე 19:13—16).
მოწმე თუ წამებული?
3. ბიბლიურ დროში რას ნიშნავდა „წამებულად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა, მაგრამ რას ნიშნავს ის დღეს?
3 დღეს ბევრი წამებულებს, გარკვეულწილად, ფანატიკოსებად ან ექსტრემისტებად მიიჩნევს. მათ, ვინც საკუთარი შეხედულებების, განსაკუთრებით კი რელიგიური მრწამსის გამო სიკვდილისთვისაც მზად არის, ხშირად ტერორისტებად, ან, სულ მცირე, საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანებად თვლიან. „წამებულად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა („მარტის“) ბიბლიურ დროში ნიშნავდა „მოწმეს“. ეს სიტყვა მიუთითებდა ადამიანზე, რომელიც სასამართლო პროცესზე ამოწმებდა იმას, რისიც თავად სწამდა. ამ სიტყვამ მხოლოდ მოგვიანებით შეიძინა სხვა მნიშვნელობა, კერძოდ „ადამიანი, ვინც დასამოწმებლად საკუთარ სიცოცხლეს სწირავს“, ან ვინც თვით საკუთარი სიცოცხლის ფასად ამოწმებს.
4. უმთავრესად, რა გაგებით იყო იესო წამებული?
4 იესო წამებული („მარტის“), უმთავრესად, ამ სიტყვის ძველი მნიშვნელობით იყო. როგორც პილატეს უთხრა, ის ‘ჭეშმარიტების დასამოწმებლად’ იყო მოსული. ხალხი სხვადასხვაგვარად ეხმაურებოდა მის ქადაგებას. ზოგიერთ უბრალო ადამიანზე ძალიან მოქმედებდა ის, რასაც მისგან ისმენდნენ და ხედავდნენ და ამიტომ, მათ იწამეს იესო (იოანე 2:23; 8:30). მთლიანობაში კი ხალხი, განსაკუთრებით რელიგიური წინამძღოლები, უარყოფითად რეაგირებდნენ მის სიტყვებზე. იესომ თავის ურწმუნო ნათესავებს უთხრა: „წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ იმის გამო, რომ მე ვამოწმებ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია“ (იოანე 7:7). ჭეშმარიტების დამოწმებისთვის მას ერის წინამძღოლების რისხვა დაატყდა თავს და, საბოლოოდ, მოკლეს კიდეც. იესო მართლაც რომ ‘ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე („მარტის“)’ იყო (გამოცხადება 3:14, აფ).
„მოძულებულნი იქნებით“
5. რა თქვა იესომ დევნასთან დაკავშირებით თავისი მსახურების დასაწყისში?
5 სასტიკი დევნა მხოლოდ იესოს არ განუცდია. მან თავისი მოწაფეები გააფრთხილა, რომ მათაც მოუწევდათ მსგავსი დევნის გადატანა. მსახურების დასაწყისში მთაზე ქადაგებისას იესომ თავის მსმენელებს უთხრა: „ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა. ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში“ (მათე 5:10—12).
6. რა გაფრთხილება მისცა იესომ 12 მოციქულს, როცა საქადაგებლად აგზავნიდა?
6 მოგვიანებით, როცა 12 მოციქულს საქადაგებლად აგზავნიდა, იესომ მათ უთხრა: „მოერიდეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი გადაგცემენ სამსჯავროებში და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ თქვენ. წაგიყვანენ განმგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად“. მოწაფეებს დევნა მხოლოდ რელიგიური წინამძღოლების მხრიდან არ ელოდათ. იესომ აგრეთვე აღნიშნა: „ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა — შვილს; აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება“ (მათე 10:17, 18, 21, 22). პირველი საუკუნის ქრისტიანთა ისტორია ადასტურებს ამ სიტყვების ჭემშმარიტებას.
ღვთის მსახურთა ერთგულება და სიმტკიცე
7. რამ გამოიწვია სტეფანეს მოწამებრივი სიკვდილი?
7 იესოს სიკვდილის შემდეგ სტეფანე პირველი ქრისტიანი იყო, რომელიც ჭეშმარიტების დამოწმების გამო მოკლეს. „მადლით და ძალით აღსავსე სტეფანე დიდ სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა ხალხში“. რელიგიურმა მოწინააღმდეგეებმა „ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა“ (საქმეები 6:8, 10). მისდამი შურით აღვსილმა მოწინააღმდეგეებმა ის მიიყვანეს სინედრიონში, იუდეველთა უმაღლეს სასამართლოში, სადაც სტეფანეს ცრუბრალმდებლები დაუპირისპირდნენ. იქ მან შესანიშნავად დაამოწმა ყველას წინაშე. მიუხედავად ამისა, ბოლოს მტრებმა მოკლეს ეს ერთგული მოწმე (საქმეები 7:59, 60).
8. როგორი რეაქცია ჰქონდათ იერუსალიმში მცხოვრებ მოწაფეებს დევნაზე, რომელიც სტეფანეს მოკვლის შემდეგ დაიწყო?
8 სტეფანეს მოკვლის შემდეგ „მოხდა იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და ყველა, მოციქულების გარდა, გაიფანტა იუდეასა და სამარიის მხარეებში“ (საქმეები 8:1). შეაჩერა დევნამ ქრისტიანთა ქადაგება? პირიქით, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „გაფანტულები მიმოდიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას“ (საქმეები 8:4). ისინი, როგორც ჩანს, იზიარებდნენ პეტრე მოციქულის თვალსაზრისს, რომელმაც შედარებით ადრე განაცხადა: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 5:29). დევნის მიუხედავად, ეს ერთგული და გაბედული მოწაფეები შეუპოვრად ამოწმებდნენ ჭეშმარიტებას, თუმცა იცოდნენ, რომ ეს უფრო მეტ სირთულეებს გამოიწვევდა (საქმეები 11:19—21).
9. როგორ გრძელდებოდა იესოს მიმდევრების დევნა?
9 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იმ დღეებში ქრისტიანების მდგომარეობა არ შემსუბუქებულა. სავლე, რომელიც სტეფანეს ჩაქოლვას იწონებდა, „ჯერ კიდევ სიკვდილის მუქარით სუნთქავდა უფლის მოწაფეთა წინააღმდეგ, მღვდელმთავართან გამოცხადდა. და სთხოვა ბარათები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც იპოვიდა ამ გზაზე მდგომს, მამაკაცებს თუ დედაკაცებს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმში“ (საქმეები 9:1, 2). შემდეგ, დაახლოებით ახ. წ. 44 წელს „ჰეროდემ ხელი აღმართა ეკლესიის ზოგიერთ წევრზე, საბოროტოდ და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა“ (საქმეები 12:1, 2).
10. რას გვამცნობს „მოციქულთა საქმეები“ და „გამოცხადება“ ქრისტიანთა დევნის შესახებ?
10 „მოციქულთა საქმეების“ მომდევნო თავებში შემონახულია ცნობები იმ განსაცდელების, პატიმრობებისა და დევნების შესახებ, რომელთა წინაშე დგომაც მოუწიათ ღვთის ერთგულ მსახურებს, მაგალითად, პავლეს. ამ ყოფილმა მდევნელმა, რომელიც მოციქული გახდა, შესაძლოა დაახლოებით ახ. წ. 65 წელს რომის იმპერატორის, ნერონის, ბრძანებით მოწამებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე (2 კორინთელთა 11:23—27; 2 ტიმოთე 4:6—8). პირველი საუკუნის მიწურულს დაწერილი წიგნიდან, „გამოცხადებიდან“, კი ვიგებთ, რომ ხანდაზმული იოანე მოციქული კუნძულ პატმოსზე პატიმრობაში იმყოფებოდა „ღვთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის“. „გამოცხადებაში“ აგრეთვე მოხსენიებულია „ერთგული მოწმე ანტიპა . . . რომელიც მოკლეს“ პერგამონში (გამოცხადება 1:9; 2:13, აქ).
11. პირველ ქრისტიანთა შემთხვევაში როგორ შესრულდა დევნასთან დაკავშირებით ნათქვამი იესოს სიტყვები?
11 ყოველივე ამით შესრულდა იესოს მიერ თავის მოწაფეებისათვის ნათქვამი სიტყვები: „მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას“ (იოანე 15:20). პირველი საუკუნის ერთგული ქრისტიანები მზად იყვნენ, თვალი გაესწორებინათ უსაშინლესი გამოცდისთვის, სიკვდილისთვის — მათ აწამებდნენ, გარეულ ცხოველებს უგდებდნენ ან სხვა მეთოდებს მიმართავდნენ — რათა შეესრულებინათ უფალ იესო ქრისტეს მიერ მიცემული დავალება: „იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე“ (საქმეები 1:8).
12. ქრისტიანთა დევნა რატომ არ არის მხოლოდ წარსულის ისტორია?
12 ის, ვინც ფიქრობს, რომ ასე სასტიკად იესოს მიმდევრებს მხოლოდ წარსულში ეპყრობოდნენ, ძალიან ცდება. პავლემ, რომელმაც საკმაოდ ბევრი გაჭირვება გამოიარა, დაწერა: „ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12). დევნის თაობაზე პეტრემ აღნიშნა: „ამისათვის ხართ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ“ (1 პეტრე 2:21). იმ დროიდან ამ ბოროტი სისტემის ‘უკანასკნელ დღეებამდე’ იეჰოვას ხალხი სძულთ და მათ წინააღმდეგობას უწევენ (2 ტიმოთე 3:1). დღეს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, დიქტატორულ თუ დემოკრატიულ ქვეყნებში, იეჰოვას მოწმეები დროდადრო მაინც იდევნებიან ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად.
რატომ არიან შეძულებულნი და დევნილნი?
13. რა უნდა ჰქონდეთ კარგად გაანალიზებული იეჰოვას თანამედროვე მსახურებს დევნასთან დაკავშირებით?
13 თუმცა დღეს უმეტესობა შედარებითი თავისუფლებით ვსარგებლობთ და დაუბრკოლებლად ქადაგებისა და ერთად შეკრების შესაძლებლობა გვაქვს, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ბიბლიაში მოცემული შეხსენება: „წარმავალია წუთისოფლის სახე“ (1 კორინთელთა 7:31). ყველაფერი შეიძლება ისე სწრაფად შეიცვალოს, რომ, თუ გონებრივად, ემოციურად და სულიერად მომზადებული არ ვიქნებით, ადვილად დავბრკოლდებით. როგორ შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა? საუკეთესოდ ის დაგვიცავს, თუ კარგად გვექნება გაანალიზებული, რატომ არიან შეძულებულნი და დევნილნი მშვიდობის მოყვარული და კანონის დამცველი ქრისტიანები.
14. როგორ ახსნა პეტრემ ქრისტიანთა დევნის მიზეზი?
14 პეტრე მოციქული შეეხო ამ საკითხს თავის პირველ წერილში, რომელიც დაახლოებით ახ. წ. 62—64 წლებში დაწერა. ეს ის პერიოდი იყო, როცა ქრისტიანები რომის მთელ იმპერიაში სხვადასხვა განსაცდელებსა და წინააღმდეგობებს ხვდებოდნენ. მან თქვა: „საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ დაგმართვოდეთ“. იმისათვის, რომ აეხსნა, რას გულისხმობდა ამ სიტყვებში, პეტრემ განაგრძო: „ოღონდ არც ერთ თქვენგანს არა ევნოს რა, როგორც მკვლელს ან ქურდს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს. ხოლო თუ ვინმე იტანჯება, როგორც ქრისტიანი, ნუ შერცხვება, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო“. პეტრემ ყურადღება გაამახვილა, რომ ქრისტიანები დანაშაულის ჩადენის გამო კი არ იტანჯებოდნენ, არამედ ქრისტიანებად ყოფნის გამო; და თუ მათ გარშემო მყოფი ადამიანების მსგავსად „უზომო გარყვნილებას“ მიეცემოდნენ, ისინი აღიარებდნენ და სიამოვნებით მიიღებდნენ მათ. დიახ, ისინი სწორედ იმის გამო იტანჯებოდნენ, რომ ცდილობდნენ ისე ეცხოვრათ, როგორც ქრისტეს მიმდევრებს შეეფერებოდათ. დღევანდელი ქრისტიანებიც მსგავს მდგომარეობაში არიან (1 პეტრე 4:4, 12, 15, 16).
15. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეები სამაგალითოდ იქცევიან, როგორ ეპყრობიან მათ?
15 მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებს სახალხოდ აქებენ ერთსულოვნებისა და თანამშრომლობის გამო, რასაც კონგრესებსა და სამშენებლო პროექტებზე ავლენენ; აგრეთვე აქებენ პატიოსნებისა და გულმოდგინებისთვის, ზნეობრივი სისუფთავისა და მისაბაძი ოჯახური ცხოვრებისთვის, თვით სამაგალითო გარეგნობისა და საქციელისთვისa. მეორე მხრივ, ამ სტატიის მომზადების პერიოდში, სულ მცირე, 28 ქვეყანაში მათი საქმიანობა აკრძალული ან შეზღუდული იყო, ბევრ მოწმეს ფიზიკურად შეურაცხყოფდნენ და რწმენის გამო სირთულეებს უქმნიდნენ. რატომ ზღუდავენ და შეურაცხყოფენ იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც სამაგალითო ყოფაქცევით გამოირჩევიან? რატომ უშვებს ღმერთი ამას?
16. რომელი ძირითადი მიზეზით უშვებს ღმერთი თავისი მსახურების დევნას?
16 უპირველესად, უნდა გვახსოვდეს იგავების 27:11-ში (სსგ) ჩაწერილი სიტყვები: „შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე; და მეც პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს“. დიახ, საქმე გვაქვს ღვთის უზენაესობასთან დაკავშირებით საუკუნეების წინათ წამოჭრილ საკითხთან. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე ღვთის მრავალმა მსახურმა დაამტკიცა მისდამი ერთგულება, სატანა კვლავაც განაგრძობს გესლის ნთხევას, როგორც ამას მართალი მამაკაცის, იობის, დღეებში აკეთებდა (იობი 1:9—11; 2:4, 5). უეჭველია, რომ დღეს, როცა ღვთის სამეფო უკვე მყარად არის დაფუძნებული და მთელ დედამიწაზე ჰყავს ერთგული ქვეშევრდომები და წარმომადგენლები, სატანა ისე, როგორც არასდროს გააფთრებით ცდილობს უკანასკნელი შესაძლებლობის გამოყენებას თავისი განაცხადის დასამტკიცებლად. სხვადასხვა გაჭირვებისა და სირთულეების მიუხედავად, შეინარჩუნებენ ბოლომდე ღვთის დღევანდელი მსახურები ერთგულებას? ამ კითხვაზე იეჰოვას თითოეულმა მსახურმა პირადად უნდა გასცეს პასუხი (გამოცხადება 12:12, 17).
17. რა ჰქონდა იესოს მხედველობაში, როდესაც თქვა: „ეს თქვენ დამოწმების შესაძლებლობას მოგცემთ“?
17 როდესაც იესო თავის მოწაფეებს უხსნიდა, რა უნდა მომხდარიყო „წუთისოფლის აღსასრულს“, მოიხსენია სხვა მიზეზიც, რის გამოც უშვებს იეჰოვა თავის მსახურთა დევნას. მან უთხრა მათ: «მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ ჩემი სახელის გამო. ეს გექნებათ თქვენ დასამოწმებლად [„ეს თქვენ დამოწმების შესაძლებლობას მოგცემთ“, აქ]» (მათე 24:3, 9; ლუკა 21:12, 13). თავად იესომ ჰეროდესა და პონტოელი პილატეს წინაშე დაამოწმა. პავლე მოციქულიც ‘მიიყვანეს მეფეთა და განმგებელთა წინაშე’. უფალ იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით, პავლე იმ დროის ყველაზე ძლიერი მმართველის წინაშე დამოწმების შესაძლებლობას ეძებდა, როცა განაცხადა: „კეისრის სამსჯავროს მოვითხოვ“ (საქმეები 23:11; 25:8—12). დღესაც, რთულ სიტუაციებში მოწმეებს შესანიშნავი დამოწმების შესაძლებლობა ეძლევათ, როგორც უფლებამოსილი პირების, ისე საზოგადოების წინაშეb.
18, 19. ა) რა სარგებლობას მოგვიტანს დევნის ატანა პირადად ჩვენ? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
18 გასაჭირთან და განსაცდელებთან გამკლავებას პირადად ჩვენთვისაც მოაქვს სარგებლობა. როგორ? მოწაფე იაკობმა თანაქრისტიანებს შეახსენა: „ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც სხვადასხვა განსაცდელში ცვივდებით. რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს“. დიახ, დევნამ შეიძლება რწმენა განგვიმტკიცოს და უფრო მეტი მოთმინება გამოგვამუშავებინოს. ამგვარად, დევნა არ გვაშინებს და არც არაბიბლიური გზებით ვცდილობთ მისგან თავის დაღწევას. ნაცვლად ამისა, ყურად ვიღებთ იაკობის გაფრთხილებას: „მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ სრულქმნილნი, წუნდაუდებელნი და ყოველგვარი ნაკლის გარეშე“ (იაკობი 1:2—4).
19 მართალია, ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რატომ იდევნებიან ღვთის ერთგული მსახურები და რატომ უშვებს ამას იეჰოვა, მაგრამ მისი გადატანა არც ისე ადვილია. რა გაგვაძლიერებს მის გადასატანად? რისი გაკეთება შეგვიძლია დევნის დროს? ამ მნიშვნელოვან საკითხებს შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.
[სქოლიოები]
a იხილეთ 1995 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 27—29 (რუს.); 1994 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 29, 30; 1994 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 22—29 (რუს.).
b იხილეთ 2003 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 3—11.
შეგიძლიათ უპასუხოთ?
• უმთავრესად, რა გაგებით იყო იესო წამებული?
• როგორ იმოქმედა დევნამ პირველი საუკუნის ქრისტიანებზე?
• პეტრეს განმარტების თანახმად, რატომ იდევნებოდნენ პირველი ქრისტიანები?
• რა მიზეზების გამო უშვებს იეჰოვა თავის მსახურთა დევნას?
[სურათები 10, 11 გვერდებზე]
პირველი საუკუნის ქრისტიანები დანაშაულის გამო კი არ იტანჯებოდნენ, არამედ ქრისტიანებად ყოფნის გამო.
პავლე
იაკობი
იოანე
ანტიპა
სტეფანე