მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი
ჯოდი ანდერძით მიღებული ქონების შეფასებისა და გაყიდვის საქმიანობას ეწევა. ის ერთ ქალს გარდაცვლილი დის მიერ დატოვებული ნივთების დახარისხებასა და გაყიდვაში ეხმარება. ძველი ბუხრის დათვალიერებისას ჯოდი პოულობს სათევზაო მოწყობილობების ორ ძველ ყუთს. ის ხსნის ამ ყუთებიდან ერთ–ერთს და საკუთარ თვალებს არ უჯერებს. იქ ჩაწყობილია ფოლგის ქაღალდით შეკრული 100 დოლარიანების დასტები — სულ 82 000 დოლარი ნაღდი ფული! ჯოდი ოთახში მარტოა. რა უნდა ქნას მან? მალულად აიღოს ყუთი, თუ დაუძახოს თავის კლიენტს და უთხრას, რომ ფული იპოვა?
დილემა, რომლის წინაშეც ჯოდი დგას, თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს ერთ–ერთი თვისება, რომელიც განსჯის უნარს მოკლებული ცხოველებისგან განგვასხვავებს. ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ ნათქვამია: „ადამიანისთვის დამახასიათებელი ერთ–ერთი თავისებურება ის არის, რომ განსაჯოს, რა უნდა გააკეთოს და რა — არა“. მშიერი ძაღლი, რომელიც პიკნიკზე გაშლილ სუფრაზე ხორცის ნაჭერს ხედავს, არ დაფიქრდება, უნდა აიღოს ეს ნაჭერი თუ არა. ჯოდის კი აქვს უნარი, აწონ–დაწონოს, მორალურად გამართლებული იქნება თუ არა მისი გადაწყვეტილება. თუ ის თავად დაიტოვებს ფულს, ქურდი იქნება, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ქურდობაში ამხილონ. ფული ჯოდის საკუთრება არ არის, მაგრამ კლიენტმა არაფერი იცის მისი არსებობის შესახებ. გარდა ამისა, ყველა სულელად ჩათვლიდა ჯოდის, თუ ის ფულს თავის კლიენტს მისცემდა.
რას იზამდით თქვენ, ჯოდის ადგილას რომ ყოფილიყავით? ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებული იქნება იმ ეთიკურ ნორმებზე, რომელთა თანახმად ცხოვრებაც თქვენ აირჩიეთ.
როგორ განისაზღვრება ეთიკა?
„ეთიკა“ განიმარტება, როგორც „მოძღვრება ზნეობის, მორალის შესახებ“ ანუ იმის შესახებ, თუ რა არის ზნეობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე სწორი და რა — არასწორი. მწერალი ერიკ ისტონი ამბობს: «ეთიკასა და მორალს მსგავსი ფუძეები აქვთ. პირველი არის ბერძნული — „ეთიკე“, „ეთოს“, ზნე — ხოლო მეორე ლათინური წარმოშობის — „მორალის“, ზნეობრივი — სიტყვა და ორივე მიუთითებს ადათებისა და ზნე–ჩვეულებების გავლენაზე».
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ჩვეულებრივ, რელიგია ადგენდა ეთიკურ ნორმებს, რომელთა თანახმადაც ხალხს უნდა ეცხოვრა. მრავალ ქვეყანაში ღვთის სიტყვას, ბიბლიას, დიდი გავლენა ჰქონდა. მაგრამ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა უარყო რელიგიური ნორმები და ბიბლიური მორალი, რადგან პირველი არაპრაქტიკულად მიიჩნიეს, ხოლო მეორე — დრომოჭმულად. რამ შეავსო ამით გამოწვეული ვაკუუმი? წიგნში „ეთიკა ბიზნესის სამყაროში“ ნათქვამია: „არარელიგიურმა შეხედულებებმა მოიპოვა ის ავტორიტეტი და გავლენა, რომელიც ადრე რელიგიას ჰქონდა“. ნაცვლად იმისა, რომ ეთიკური ნორმებისთვის რელიგიას მიმართონ, მრავალი დღეს ეთიკის მეცნიერებათა დარგის სპეციალისტების შეხედულებებით ხელმძღვანელობს. ეთიკისა და სამართლის მეცნიერებათა პროფესორი პოლ მაკნილი ამბობს: „ვფიქრობ, ეთიკოსები საერო მღვდლები არიან . . . ხალხი დღეს ეთიკური ნორმებით ხელმძღვანელობს და არა რელიგიით, როგორც ამას წარსულში აკეთებდა“.
რთული გადაწყვეტილების მიღების პირისპირ აღმოჩენისას, თქვენ როგორ წყვეტთ, რა არის სწორი და რა — არასწორი? ვინ გიდგენთ ეთიკურ ნორმებს — ღმერთი თუ საკუთარი თავი?