„ძვირფასი მარგალიტის“ ძიება დღეს
„ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში . . . დასამოწმებლად“ (მათე 24:14).
1, 2. ა) რას ფიქრობდნენ იესოს დღეებში მცხოვრები იუდეველები ღმერთის სამეფოს შესახებ? ბ) რა გააკეთა იესომ, რათა სათანადოდ აეხსნა სამეფოს მნიშვნელობა და როგორი იყო შედეგი?
დედამიწაზე იესოს ყოფნის დროს, ღვთის სამეფო უდიდეს ინტერესს იწვევდა იუდეველებში (მათე 3:1, 2; 4:23—25; იოანე 1:49). მაგრამ, თავიდან უმეტესობას ბოლომდე არ ესმოდა ამ სამეფოს მასშტაბები — თუ რას მოიცავდა ის და რამხელა ძალაუფლება ექნებოდა. არც ის ესმოდათ, რომ ეს ზეციერი მთავრობა უნდა ყოფილიყო (იოანე 3:1—5). ზოგიერთ მათგანსაც კი, რომლებიც იესოს მიმდევრები გახდნენ, ბოლომდე ვერ გაეგოთ, რა იყო ღმერთის სამეფო ან რა უნდა გაეკეთებინათ, რათა მიეღოთ კურთხევები — გამხდარიყვნენ ქრისტეს თანამმართველები (მათე 20:20—22; ლუკა 19:11; საქმეები 1:6).
2 გავიდა დრო. იესომ მოთმინებით მრავალი რამ ასწავლა თავის მოწაფეებს. ამ სწავლების დროს მოყვა ძვირფასი მარგალიტის შესახებ იგავიც, რომელიც წინა სტატიაში განვიხილეთ, და რომლითაც მათ დაანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზეციერი სამეფოს ძიება (მათე 6:33; 13:45, 46; ლუკა 13:23, 24). ნასწავლმა, როგორც ჩანს, ძალიან იმოქმედა მათ გულებზე, რადგან სულ მალე ისინი — როგორც ამას საქმეების წიგნი ადასტურებს — დედამიწის კიდით კიდემდე სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის დაუცხრომელი და გაბედული მქადაგებლები გახდნენ (საქმეები 1:8; კოლოსელები 1:23).
3. რა თქვა იესომ სამეფოს შესახებ იმ დროს, როდესაც ჩვენს დღეებზე ლაპარაკობდა?
3 რა შეიძლება ითქვას ჩვენს დღეებზე? მილიონებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სამეფოს ქვეშევრდომობით სამოთხედქცეულ დედამიწაზე კურთხევებით. იესომ „ამ სისტემის აღსასრულის“ შესახებ თავისი მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველების წარმოთქმისას კონკრეტულად თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:3, 14; მარკოზი 13:10). მან აგრეთვე განმარტა, რომ დიდი დაბრკოლებების, სირთულეების ან დევნის მიუხედავად, ეს გრანდიოზული დავალება უნდა შესრულებულიყო. მაგრამ იესომ თავისი მიმდევრები დაარწმუნა, რომ „ბოლომდე მომთმენი . . . გადარჩება“ (მათე 24:9—13). ყოველივე ამას ისეთივე თავგანწირვის სულისკვეთება და თავდადება სჭირდება, როგორიც იესოს იგავში მოხსენიებულმა დიდვაჭარმა გამოავლინა. არიან დღესაც ადამიანები, რომლებიც ასეთ რწმენასა და გულმოდგინებას ავლენენ სამეფოს ძიებისას?
ჭეშმარიტების პოვნით გამოწვეული სიხარული
4. რა გავლენას ახდენს ხალხზე სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება დღეს?
4 იესოს იგავში მოხსენიებულ ვაჭარს ძალიან გაუხარდა, როდესაც „ძვირფასი მარგალიტი“ იპოვა. სწორედ ამ სიხარულმა აღძრა ის, რომ არაფერი დაეშურებინა მის შესაძენად (ებრაელები 12:1). დღესაც, ღმერთისა და მისი სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება მსგავსადვე იზიდავს და აღძრავს ადამიანებს. ეს გვახსენებს ძმა ა. მაკმილანის სიტყვებს, რომელმაც დაწერა, თუ როგორ ეძებდა ღმერთს და ცდილობდა გაეგო, რა იყო მისი განზრახვა კაცობრიობის მიმართ. მან თქვა: „რაც მე ვიპოვე, იმას, ყოველწლიურად ჯერაც ათასობით ადამიანი პოულობს. და ისინიც ზუსტად ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც მე და თქვენ. ისინი სხვადასხვა ასაკისანი არიან, ყველა ერიდან, რასიდან და საზოგადოებრივი ფენიდან. ჭეშმარიტება განურჩევლად ყველასთვისაა. ის იზიდავს ყველანაირ ადამიანს“ (Faith on the March).
5. რა ბრწყინვალე შედეგები შეინიშნება 2004 სამსახურებრივი წლის ანგარიშში?
5 ამ სიტყვების ჭეშმარიტება ყოველწლიურად დასტურდება. ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ასობით ათას გულწრფელ ადამიანს აღძრავს, რომ საკუთარი თავი მიუძღვნას იეჰოვას და მისი ნება შეასრულოს. ამ მხრივ არც 2004 სამსახურებრივი წელი ყოფილა გამონაკლისი, რომელიც 2003 წლის სექტემბრიდან დაიწყო და 2004 წლის აგვისტოთი დამთავრდა. აღნიშნული თორმეტი თვის განმავლობაში 262 416 ადამიანი იეჰოვასადმი თავის მიძღვნის ნიშნად საჯაროდ წყალში მოინათლა. ეს მოხდა იმ 235 ქვეყანაში, სადაც იეჰოვას მოწმეები, ყოველკვირეულად 6 085 387 ბიბლიის საშინაო შესწავლას ატარებენ, რათა დაეხმარონ ხალხს, განურჩევლად საზოგადოებრივი ფენისა, ერისა, ტომისა და ენისა, რომ გაიგონ ჭეშმარიტება ღვთის სიტყვიდან (გამოცხადება 7:9).
6. რის დახმარებით მიმდინარეობს ზრდა ყოველწლიურად?
6 რამ გახადა ყოველივე ეს შესაძლებელი? ეჭვგარეშეა, იეჰოვა იზიდავს მისდამი სწორად განწყობილ ადამიანებს (იოანე 6:65; საქმეები 13:48). თუმცა, არც მათ უნდა დავუკარგოთ ამაგი, რომლებმაც არაეგოისტური სულისკვეთება და დაუღალავი მცდელობა გამოავლინეს ღმერთის სამეფოს ძიებისთვის. 79 წლის ასაკში ძმა მაკმილანმა დაწერა: „მას შემდეგ, რაც პირველად გავიგე საცოდავ მდგომარეობაში მყოფი და მომაკვდავი კაცობრიობის მიმართ ღვთის დანაპირები, ჩემი იმედი იმისადმი, რაც ბიბლიიდან გავიგე, არ შესუსტებულა. მაშინვე გადავწყვიტე, უფრო მეტი გამეგო ბიბლიური სწავლებების შესახებ, რათა დავხმარებოდი სხვებს, ჩემნაირებს, რომლებიც ეძებდნენ ყოვლისშემძლე ღმერთის შესახებ შემეცნებას და კაცობრიობის მიმართ მისი შესანიშნავი განზრახვების გაგების სურვილი ჰქონდათ“.
7. რომელი შემთხვევა გვიჩვენებს, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების პოვნა ხალხს სიხარულითა და ენთუზიაზმით ავსებს?
7 ასეთი სულისკვეთება იეჰოვას მსახურებს შორის დღესაც შეინიშნება. მოვიყვანოთ ვენაში (ავსტრია) მცხოვრები დანიელას შემთხვევა. მან თქვა: „ბავშობიდანვე, ღმერთი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მე ყოველთვის მინდოდა მცოდნოდა მისი სახელი, რადგან სიტყვა ‘ღმერთის’ უკან პიროვნებას ვერ ვხედავდი. მაგრამ 17 წლამდე მომიწია მოცდა, სანამ იეჰოვას მოწმეები ჩემს კარზე დააკაკუნებდნენ. მათ ამიხსნეს ყველაფერი, რაც მაინტერესებდა ღმერთის შესახებ. როგორც იქნა ვიპოვე ჭეშმარიტება და ეს შესანიშნავი იყო! ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, რომ ყველასთან ვქადაგებდი“. მალე თანაკლასელებმა მის ენთუზიაზმს დაცინვა დაუწყეს. „ეს ჩემთვის ბიბლიური წინასწარმეტყველების ჩემ თვალწინ შესრულება იყო, — განაგრძო დანიელამ, — რადგან ნასწავლი მქონდა იესოს სიტყვები, რომ მისი მიმდევრები შეძულებულნი და დევნილნი იქნებოდნენ მისი სახელის გამო. გაოცებული ვიყავი და, ამავე დროს, ძალიან ბედნიერი“. მალევე დანიელამ იეჰოვას მიუძღვნა თავი და მოინათლა. მან მიზნად დაისახა მისიონერული მსახურება. გათხოვების შემდეგ დანიელამ და მისმა ქმარმა, ჰელმუტმა, ვენაში მცხოვრებ აფრიკელ, ჩინელ, ფილიპინელ და ინდოელ მოსახლეობასთან დაიწყეს ქადაგება. ისინი ახლა სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში მისიონერებად მსახურობენ.
ისინი ფარ-ხმალს არ ყრიან
8. კურთხევების მომტანი რომელი ერთ-ერთი საშუალებით ავლენს მრავალი ღვთისადმი სიყვარულს და სამეფოსადმი ერთგულებას?
8 ნამდვილად, მისიონერული მსახურება ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც დღეს იეჰოვას ხალხი ღვთისადმი სიყვარულსა და სამეფოსადმი ერთგულებას ავლენს. იესოს იგავში მოხსენიებული დიდვაჭრის მსგავსად, ისინიც, რომლებიც მისიონერულ მსახურებას იწყებენ, მზად არიან, შორეულ ქვეყნებშიც კი წავიდნენ სამეფოს გულისთვის. რა თქმა უნდა, ეს მისიონერები იმიტომ კი არ მოგზაურობენ, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა იპოვონ, არამედ დედამიწის დაშორებულ ადგილებში მცხოვრებ ხალხს ასწავლონ და დაეხმარონ, გახდნენ იესო ქრისტეს მოწაფეები (მათე 28:19, 20). მრავალ ქვეყანაში მათ უჩვეულო გასაჭირის ატანა უწევთ. მაგრამ მათი ამტანობა უხვად ჯილდოვდება.
9, 10. რა საინტერესო შემთხვევები აქვთ მისიონერებს შორეულ ქვეყნებში, მაგალითად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში?
9 მოვიყვანოთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მაგალითი. გასულ წელს იქ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 16 184 ადამიანი დაესწრო, დაახლოებით შვიდჯერ მეტი, ვიდრე სამეფოს მაუწყებელთა საერთო რაოდენობაა ამ ქვეყანაში. რადგანაც ამ ქვეყნის მრავალ ნაწილში ელექტროენერგია არ არის, ხალხი, ჩვეულებრივ, თავიანთ ყოველდღიურ საქმეებს გარეთ, ხის ჩრდილში აკეთებს. ასე რომ, ბუნებრივია მისიონერებიც თავიანთ სამქადაგებლო საქმიანობას — ბიბლიის შესწავლებს — გარეთ, ხის ჩრდილში ატარებენ. ასე მოქმედება არა მარტო სინათლისა და ხასხასა ფერებით ტკბობის გამოა კარგი, არამედ მას სხვა უპირატესობაც აქვს. ხალხს ნამდვილად უყვარს ბიბლია და რელიგიურ თემებზე მსჯელობა მათთვის ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც სხვა ქვეყნებში სპორტისა და ამინდის შესახებ საუბარი. ხშირად გამვლელები ინტერესდებიან იმით, თუ რა ხდება და შემდეგ თავადაც უერთდებიან მათ შესწავლაში.
10 ასე რომ, როცა ერთხელ მისიონერი გარეთ ბიბლიის შესწავლას ატარებდა, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა და უთხრა, რომ მასთან არვინ მისულა. ამიტომ მოსთხოვა, რომ მისიონერს მასთანაც დაეწყო ბიბლიის შესწავლა. რა თქმა უნდა, მისიონერმა სიხარულით შეუსრულა თხოვნა და ახალგაზრდა მამაკაცმა სულიერად სწრაფად წაიწია წინ. ამ ქვეყანაში პოლიცია მოწმეებს ხშირად აჩერებს არა იმიტომ, რომ განყოფილებაში დაიბაროს ან დააჯარიმოს, არამედ „საგუშაგო კოშკის“ ან „გამოიღვიძეთ!“-ის ბოლო ნომრები სთხოვოს, ან მადლობა გადაუხადოს იმ სტატიისთვის, რომელიც განსაკუთრებით მოეწონა.
11. რას ფიქრობენ გამოცდილი მისიონერები თავიანთ მსახურებაზე, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სირთულეებთან უწევთ გამკლავება?
11 მრავალი მათგანი, რომლებმაც 40—50 წლის წინ დაიწყეს მისიონერობა, ჯერ კიდევ ერთგულად განაგრძობენ მსახურებას. რწმენისა და დაუცხრომელი მსახურების რა კარგ მაგალითს გვაძლევენ ისინი! 42 წლის განმავლობაში ერთმა წვილმა მისიონერად სამ ქვეყანაში იმსახურა. ქმარი ამბობს: „სირთულეები გვქონდა. მაგალითად, დაახლოებით 35 წლის განმავლობაში მალარიასთან გვიწევდა ბრძოლა. მაგრამ არასოდეს გვინანია, მისიონერებად მსახურება რომ გადავწყვიტეთ“. მისი მეუღლე კი დასძენს: „ყოველთვის გვაქვს მადლიერების მრავალი მიზეზი. სამქადაგებლო მსახურება უდიდეს სიხარულს გვანიჭებს. ბიბლიის შესწავლებს ადვილად ვიწყებთ. როდესაც ხედავ, რომ შემსწავლელები კრების შეხვედრებს ესწრებიან და ერთმანეთს ეცნობიან, ეს გაგონებს ოჯახს, რომელიც რეგულარულად ერთად იკრიბება.
ისინი ‘ყველაფერს წაგებად მიიჩნევენ’
12. როგორ ცხადყოფს პიროვნება, რომ ნამდვილად აფასებს სამეფოს?
12 დიდვაჭარი ძვირფასი მარგალიტის პოვნისთანავე „მიდის, რაც კი რამ აბადია, ყველაფერს მაშინვე ყიდის და ყიდულობს მას“ (მათე 13:46). მზადყოფნა, გასცენ ის, რაც ძვირფასია, დღეს დამახასიათებელია მათთვის, ვინც ნამდვილად აფასებს სამეფოს. პავლე, რომელიც ქრისტესთან ერთად გაიზიარებდა სამეფო დიდებას, წერდა: „ყველაფერს წაგებად მივიჩნევ ჩემი უფლის ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის გულისთვის. მისთვის დავკარგე ყველაფერი და ამ ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა შევიძინო ქრისტე“ (ფილიპელები 3:8).
13. როგორ გამოხატა ჩეხეთის რესპუბლიკაში მცხოვრებმა ერთმა პიროვნებამ სამეფოსადმი თავისი სიყვარული?
13 დღეს მრავალი ავლენს მსგავს მზადყოფნას და სამეფოს კურთხევების მისაღებად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს. მაგალითად, ჩეხეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი სკოლის 60 წლის დირექტორს, 2003 წლის ოქტომბერში, ხელში ჩაუვარდა ბიბლიის შესასწავლი დამხმარე პუბლიკაცია „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. მისი წაკითხვის შემდეგ ის დაუყოვნებლივ დაუკავშირდა თავის მხარეში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს, რათა ბიბლიის შესწავლა დაეწყო. მან სულიერად სწრაფად წაიწია წინ და მალევე დაიწყო კრების ყველა შეხვედრაზე დასწრება. მაგრამ რა მოუვიდა მის გეგმებს მაღალი თანამდებობის დაკავებასა და სენატორის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით? მან სხვა სარბიელი არჩია — გადაწყვიტა სამეფოს მაუწყებელი გამხდარიყო და სიცოცხლისათვის რბოლაში მიეღო მონაწილეობა. ამ კაცმა თქვა: „ჩემს მოსწავლეებს შორის ძალიან ბევრი ბიბლიური ლიტერატურა გავავრცელე“. მან თავი მიუძღვნა იეჰოვას და 2004 წლის ივლისში კონგრესზე მოინათლა.
14. ა) რისკენ აღძრავს მილიონებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა? ბ) რა გამომაფხიზლებელი კითხვები უნდა დავუსვათ თითოეულმა საკუთარ თავს?
14 მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მსგავსადვე გამოეხმაურა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. ისინი ბოროტი წუთისოფლიდან გამოვიდნენ. მათ მოიშორეს ძველი პიროვნება, გაწყვიტეს ძველი ურთიერთობები და უარყვეს ქვეყნიური მისწრაფებები (იოანე 15:19; ეფესოელები 4:22—24; იაკობი 4:4; 1 იოანე 2:15—17). რატომ აკეთებენ ისინი ყოველივე ამას? იმიტომ რომ, ისინი ყველაზე მეტად — რაც კი შეიძლება ამ ქვეყნიერებამ შესთავაზოს — ღმერთის სამეფოს კურთხევებს აფასებენ. თქვენც ასეთივე დამოკიდებულება გაქვთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მიმართ? ხართ აღძრული იმისათვის, რომ მოახდინოთ საჭირო ცვლილებები თქვენი ცხოვრების წესში, შეიცვალოთ ფასეულობები და მისწრაფებები, რათა იეჰოვას მოთხოვნებს შეესაბამებოდეთ? ასე მოქმედება უხვ კურთხევებს მოგიტანთ ახლაც და მომავალშიც.
მკა კულმინაციას აღწევს
15. წინასწარმეტყველების თანახმად, რას გააკეთებდა იეჰოვას ხალხი უკანასკნელ დღეებში?
15 ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა შენი ჯარის გალაშქრების დღეს“. ამ ხალხს შორის არიან „ახალგაზრდების ჯგუფი“, რომლებიც ნამთან არიან შედარებულნი, და „დიდი გუნდი მახარობელ ქალთა“ (ფსალმუნები 67:12; 110:3, აქ [109:3]). რა იქნებოდა ამ უკანასკნელ დღეებში იეჰოვას ხალხის — კაცებისა თუ ქალების, ახალგაზრდებისა თუ ხანდაზმულების — მიერ გამოვლენილი გულმოდგინებისა და თავგანწირვის სულისკვეთების შედეგი?
16. მოიყვანეთ მაგალითი, თუ როგორ ცდილობენ ღვთის მსახურები, რომ სხვებს სამეფოს შესახებ ასწავლონ?
16 ინდოეთში მცხოვრები პიონერი, სამეფოს სრული დროით მქადაგებელი, ძალიან ბევრს ფიქრობდა იმის თაობაზე, თუ როგორ დახმარებოდა ამ ქვეყანაში მცხოვრებ ორ მილიონ ყრუ-მუნჯ ადამიანს სამეფოს ცნობის გაგებაში (ესაია 35:5). მან გადაწყვიტა, ჟესტების ენის შემსწავლელ კურსებზე ევლო, რამაც საშუალება მისცა, სამეფოს იმედი მრავალი ყრუ-მუნჯისთვის გაეზიარებინა. შედეგად, ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფები ჩამოყალიბდა. რამდენიმე კვირაში მრავალმა დაიწყო სამეფო დარბაზში კრების შეხვედრებზე დასწრება. მოგვიანებით, ეს პიონერი ქორწილში შეხვდა ახალგაზრდა ყრუ-მუნჯ მამაკაცს კალკუტადან, რომელსაც მრავალი კითხვა და, ამავე დროს, დიდი ინტერესი ჰქონდა, უფრო მეტი გაეგო იეჰოვას შესახებ. მაგრამ ერთმა სირთულემ იჩინა თავი. ეს ახალგაზრდა მამაკაცი დაბრუნდა 1 600 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ კალკუტაში, რათა უნივერსიტეტში შესულიყო, მაგრამ იქ ჟესტების ენის მცოდნე იეჰოვას მოწმეები არ იყვნენ. მან ძლივს დაითანხმა მამა, ნება დაერთო, რომ სასწავლებლად ბანგალორში გადასულიყო, რათა ბიბლიის შესწავლა გაეგრძელებინა. ამ ახალგაზრდამ სულიერად წინ წაიწია და დაახლოებით ერთი წლის შემდეგ თავი მიუძღვნა იეჰოვას. მან მრავალ ყრუ-მუნჯთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა და მათ შორის თავის ბავშვობის მეგობართან. ახლა ინდოეთის ფილიალი ორგანიზებას უწევს, რომ პიონერები ჟესტების ენას დაეუფლონ, რათა ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას დაეხმარონ.
17. რა მოგეწონათ ყველაზე მეტად 19—22 გვერდებზე მოცემულ 2004 სამსახურებრივი წლის ანგარიშში?
17 ამ ჟურნალის 19—22 გვერდებზე შეგიძლიათ ნახოთ იეჰოვას მოწმეების 2004 სამსახურებრივი წლის სამქადაგებლო მსახურების მსოფლიო ანგარიში. გამოყავით მცირეოდენი დრო, რათა საკუთარი თვალით იხილოთ, რომ იეჰოვას ხალხი დღესაც უდიდეს ყურადღებას უთმობს მთელ მსოფლიოში „ძვირფასი მარგალიტის“ ძიებას!
განაგრძეთ ‘უპირველესად სამეფოს ძიება’
18. რა ინფორმაციას არ შეიცავს დიდვაჭრის შესახებ იესოს იგავი და რატომ?
18 ერთხელ კიდევ თუ გავიხსენებთ იესოს იგავს დიდვაჭრის შესახებ, დავინახავთ, რომ იესოს არაფერი უთქვამს, თუ როგორ ირჩენდა თავს დიდვაჭარი ყველაფრის გაყიდვის შემდეგ. ბუნებრივია, ზოგს შეიძლება დაებადოს კითხვა: როგორღა შეძლებდა დიდვაჭარი საჭმლის, ტანსაცმლისა და თავშესაფრის შოვნას ახლა, როცა უკვე აღარაფერი დარჩა? რა სარგებლობას მოუტანდა ის ძვირფასი მარგალიტი მას? ასეთი კითხვები ხორციელი თვალსაზრისით გონივრული ჩანს. მაგრამ, განა იესომ თვითონ არ მოუწოდა თავის მოწაფეებს: „ამიტომ, უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“? (მათე 6:31—33). ამ იგავის მთავარი არსი ის არის, რომ საჭიროა ღვთისადმი უდიდესი სიყვარულისა და სამეფოსადმი მთელი გულმოდგინების გამოვლენა. ჩვენ რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
19. რის სწავლა შეგვიძლია უმთავრესად ძვირფასი მარგალიტის შესახებ იესოს იგავიდან?
19 მხოლოდ ახლა ვსწავლობთ მშვენიერი სასიხარულო ცნობის შესახებ, თუ უკვე ათეული წლებია, რაც ვაგრძელებთ სამეფოს ძიებასა და მისი კურთხევების შესახებ სხვებთან საუბარს, ყოველთვის საჭიროა კვლავაც მთელი ყურადღება სამეფოზე გვქონდეს მიპყრობილი. მართალია, ჩვენ რთულ დროში ცხოვრობთ, მაგრამ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ ის რისკენაც ვილტვით, ისევე რეალური და შეუდარებელია, როგორც დიდვაჭრის მიერ ნაპოვნი მარგალიტი. მსოფლიო მოვლენები და შესრულებული ბიბლიური წინასწარმეტყველებები გვაძლევს იმის დამაჯერებელ მტკიცებას, რომ ჩვენ „ამ სისტემის აღსასრულის პერიოდში“ ვცხოვრობთ (მათე 24:3). ამიტომ, მოდი დიდვაჭრის მსგავსად, მთელი გულით, ენთუზიაზმით ვეძიოთ ღვთის სამეფო და სიხარულით ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა (ფსალმუნები 9:2, 3).
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• რა განაპირობებს წლების განმავლობაში ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა რაოდენობის ზრდას?
• როგორი სულისკვეთება შეინიშნება მისიონერებში?
• რა ცვლილებები მოახდინეს ადამიანებმა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობისთვის?
• რა მნიშვნელოვანი საკითხის სწავლა შეგვიძლია ძვირფასი მარგალიტის შესახებ იესოს იგავიდან?
[ცხრილი 19-22 გვერდებზე]
იეჰოვას მოწმეების 2004 წლის მსოფლიო ანგარიში
[ტექსტი სრულად მოცემულია პუბლიკაციაში]
[სურათი 14 გვერდზე]
„ჭეშმარიტება . . . იზიდავს ყველანაირ ადამიანს“ (ა. ჰ. მაკმილანი).
[სურათი 15 გვერდზე]
დანიელა და ჰელმუტი ვენაში, უცხოენოვან ტერიტორიაზე ქადაგებისას.
[სურათები 16, 17 გვერდებზე]
დიდვაჭრის მსგავსად, დღეს მისიონერები უხვად არიან კურთხეულნი.
[სურათი 17 გვერდზე]
„შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა“.