აღდგომის იმედი — რას ნიშნავს ის შენთვის?
«აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს [„ყოველი ცოცხალი არსების სურვილს,“ აქ]» (ფსალმუნები 144:16).
1—3. რა იმედი აქვს ზოგს მომავალთან დაკავშირებით? მოიყვანეთ მაგალითი.
ერთხელ ცხრა წლის ქრისტოფერი და მისი უფროსი ძმა დეიდასთან, ბიძასთან და ორ დეიდაშვილთან ერთად კარდაკარ ქადაგებდნენ მანჩესტერთან (დიდი ბრიტანეთი) ახლოს. ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“–ში მოთხრობილია, თუ რა მოხდა შემდგომ: «ნაშუადღევს ისინი ერთად გაემგზავრნენ საინტერესო ადგილების დასათვალიერებლად ახლომდებარე ზღვისპირა კურორტზე, ბლეკპულში. მოულოდნელად 12 ადამიანი, მათ შორის ზემოთ მოხსენიებული ექვსივე ქრისტიანი, ავტოკატასტროფაში მოყვა და დაიღუპა. ამ შემზარავ მოვლენას პოლიციამ „აბსოლუტური ჰოლოკოსტი“ უწოდა».
2 წინა საღამოს, სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, ქრისტოფერის ოჯახი წიგნის შესწავლას დაესწრო, რომელზეც სიკვდილთან დაკავშირებული თემა განიხილებოდა. «ქრისტოფერი ჭკვიანი ბავშვი იყო, — ჰყვება მამამისი. — იმ საღამოს ის საკმაოდ დამაჯერებლად ლაპარაკობდა ახალ ქვეყნიერებასა და მომავლის იმედზე. განხილვის დროს ქრისტოფერმა მოულოდნელად თქვა: „მართალია, სიკვდილს ტკივილი მოაქვს, მაგრამ დიდი ნუგეშია, იყო იეჰოვას მოწმე, რადგან ვიცით, რომ ერთ მშვენიერ დღეს კვლავ შევხვდებით ერთმანეთს დედამიწაზე“. იქ დამსწრეთაგან ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ ეს სიტყვები ღრმად ჩაგვებეჭდებოდა გონებაში»a.
3 1940 წელს, ავსტრიელ მოწმეს, ფრენცს, სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა, რადგან უარი არ თქვა იეჰოვას მსახურებაზე. გამოტანილი განაჩენის თანახმად, ფრენცისთვის თავი უნდა მოეკვეთათ. მან ბერლინის ციხიდან დედას წერილი მისწერა: „თუ ფიცს დავდებდი და სამხედრო სამსახურზე უარს არ ვიტყოდი, ბიბლიური ცოდნის თანახმად, სასიკვდილო ცოდვას ჩავიდენდი. ეს კი ღალატში ჩამეთვლებოდა და არასდროს აღვდგებოდი . . . დღეს, ჩემო საყვარელო დედა, და–ძმებო, განაჩენი გამომიტანეს — სიკვდილი. ძალიან არ იდარდოთ! განაჩენს ხვალ დილით მოიყვანენ სისრულეში. ვგრძნობ, რომ ამ წუთებში იეჰოვა ისე მაძლიერებს, როგორც წარსულში ჭეშმარიტ ქრისტიანებს აძლიერებდა . . . თუ თქვენც სიკვდილამდე სიმტკიცეს შეინარჩუნებთ, აღდგომისას კვლავ შევხვდებით ერთმანეთს . . . მომავალ შეხვედრამდე“b.
4. როგორ იმოქმედა ამ ორმა შემთხვევამ შენზე და რა საკითხებს განვიხილავთ?
4 აღდგომის იმედს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტოფერისა და ფრენცისთვის. ეს იმედი მათთვის რეალური იყო. უეჭველია, ეს ორი შემთხვევა ღრმად შეეხო ჩვენს გულს! იეჰოვასადმი მადლიერების გრძნობა რომ გაგვიღრმავდეს და აღდგომის იმედი ჩვენთვის უფრო რეალური გახდეს, განვიხილოთ, რატომ უნდა აღდგნენ მკვდრები და როგორ უნდა იმოქმედოს ამის ცოდნამ პირადად ჩვენზე.
ხილვა დედამიწაზე აღდგომის შესახებ
5, 6. რას გვიმჟღავნებს გამოცხადების 20:12, 13–ში იოანე მოციქულის მიერ ჩაწერილი ხილვა?
5 იოანე მოციქულმა იესო ქრისტეს ათასწლიანი მეფობის პერიოდის შესახებ ხილვაში მკვდრეთით აღდგომა იხილა. „ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, — გვაუწყებს ის. — ზღვამ მისცა მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და ჰადესმაც მისცეს მათში მყოფი მკვდრები“ (გამოცხადება 20:12, 13). ისინი, ვინც ჰადესში (შეოლში) ანუ საერთო საკაცობრიო სამარეში იმყოფებიან, იმისდა მიუხედავად, თუ რა მდგომარეობა ეკავათ სიცოცხლეში — „დიდები“ იყვნენ თუ „პატარები“ — აღდგებიან. იმ დროს ზღვაში დაღუპულებიც აღდგებიან. ეს სასწაულებრივი მოვლენაც იეჰოვას განზრახვაა.
6 ათასწლიანი მეფობა დაიწყება იმით, რომ ქრისტე სატანას შებოჭავს და უფსკრულში ჩააგდებს. იესოს მეფობის დროს სატანა ვერავის შეაცდენს, ვერც აღდგენილებს და ვერც მათ, ვინც დიდ გასაჭირს გადაურჩება, რადგან უმოქმედო მდგომარეობაში იქნება (გამოცხადება 20:1—3). ათასი წელი შეიძლება ხანგრძლივ პერიოდად მოგეჩვენოთ, მაგრამ იეჰოვასთვის ის „ერთი დღეა“ (2 პეტრე 3:8).
7. რის საფუძველზე გასამართლდებიან ადამიანები ქრისტეს ათასწლიანი მმართველობისას?
7 ამ ხილვის თანახმად, ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს მოეწყობა სასამართლო. იოანე მოციქულმა დაწერა: „ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გაშლილი იყო გრაგნილები. გაშლილი იყო სხვა გრაგნილიც — სიცოცხლის გრაგნილი. მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ . . . და თითოეული თავისი საქმეებისამებრ გასამართლდა“ (გამოცხადება 20:12, 13). ყურადღება მიაქციეთ, რომ ადამიანები არ გასამართლდებიან იმ ცოდვების საფუძველზე, რომლებიც სიკვდილამდე ჩაიდინეს (რომაელები 6:7). ნაცვლად ამისა, „გამოცხადებაში“ მოხსენიებულია „გრაგნილები“, რომლებიც მომავალში გაიშლება. ამ გრაგნილების შესწავლის შემდეგ გაკეთებული საქმეების საფუძველზე გადაწყდება, ჩაიწერება თუ არა მათი სახელები „სიცოცხლის გრაგნილში“.
„სიცოცხლის აღდგომისთვის“ ან „სასამართლოს აღდგომისთვის“
8. რა ელით მკვდრეთით აღდგენილებს?
8 იოანესთვის მიცემულ ხილვაში იესოზე ნათქვამია, რომ მას აქვს „სიკვდილისა და ჰადესის გასაღებები“ (გამოცხადება 1:18). იესოს, იეჰოვას დანიშნულ „სიცოცხლის მეთაურს“, მიცემული აქვს ძალაუფლება, გაასამართლოს „ცოცხლები და მკვდრები“ (საქმეები 3:15; 2 ტიმოთე 4:1). როგორ გააკეთებს ის ამას? იესო აღადგენს სიკვდილის ძილით მიძინებულებს. „ნუ გაიკვირვებთ ამას, — მიმართა იესომ ხალხს. — რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის“ (იოანე 5:28—30). მაშ როგორი მომავალი ელით ძველ დროში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მამაკაცებსა და ქალებს?
9. ა) რას მოეფინება ნათელი მკვდრეთით ადღდგენილებისთვის? ბ) რა უდიდესი საგანმანათლებლო საქმიანობა განხორციელდება იმ პერიოდში?
9 როდესაც ძველად მცხოვრები ღვთის ერთგული ადამიანები აღდგებიან, მიხვდებიან, რომ მათი იმედი რეალობად იქცა. რა საინტერესო იქნება მათთვის დაბადების 3:15–ში მოხსენიებული „დედაკაცის თესლის“ ვინაობის გაგება! რა ბედნიერები იქნებიან ისინი, როდესაც გაიგებენ, რომ ეს აღთქმული მესია, იესო, სიკვდილამდე ერთგული დარჩა და საკუთარი სიცოცხლე გაიღო გამომსყიდველურ მსხვერპლად! (მათე 20:28). ისინი, ვინც მკვდრეთით აღდგენილებს შეხვდებიან, დიდი სიხარულით დაეხმარებიან მათ იმის გაგებაში, რომ გამომსყიდველური მსხვერპლი იეჰოვას წყალობისა და გულმოწყალების მაჩვენებელია. როდესაც მკვდრეთით აღდგენილებისთვის ნათელი მოეფინება, თუ როგორ სრულდება სამეფოს მეშვეობით იეჰოვას ნება დედამიწაზე, უდავოა, მათი გულები ღვთისადმი მადლიერებით აივსება. მათ უამრავი შესაძლებლობა ექნებათ, დაუმტკიცონ თავიანთ მოსიყვარულე ზეციერ მამასა და მის ძეს ერთგულება. ყველა იქ მცხოვრები მონაწილეობას მიიღებს უდიდეს საგანმანათლებლო საქმიანობაში; ეს იმისათვის იქნება საჭირო, რომ მკდრეთით აღმდგარმა მილიარდობით ადამიანმა საჭირო ცოდნა მიიღოს და გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენა გამოავლინოს.
10, 11. ა) რა გახდება ყველასთვის შესაძლებელი ათასწლიანი პერიოდის განმავლობაში? ბ) როგორ უნდა იმოქმედოს ამან ჩვენზე?
10 აღდგენილი აბრაამი უდიდეს სიხარულს იგრძნობს, როდესაც თავად იცხოვრებს იმ „ქალაქის“ მმართველობის ქვეშ, რომლის ხილვაც ასე სწყუროდა (ებრაელები 11:10). რა სასიხარულო იქნება ერთგული იობისთვის იმის გაგება, რომ მისმა ისტორიამ იეჰოვას ბევრი ისეთი მსახური გაამხნევა, რომელთა უმწიკვლობაც გამოიცადა! და რამდენად ძლიერი სურვილი ექნება დანიელს, გაიგოს, თუ როგორ შესრულდა ის წინასწარმეტყველებები, რომლებიც მან ღვთის შთაგონებით დაწერა!
11 სინამდვილეში, ყველანი, რომლებიც სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში იცხოვრებენ — არმაგედონს გადაიტანენ თუ მკვდრეთით აღდგებიან — ბევრს გაიგებენ დედამიწასთან დაკავშირებით იეჰოვას განზრახვის შესახებ. უსასრულოდ ცხოვრება, რაც იეჰოვას მარადიულად განდიდების შესაძლებლობას მოგვცემს, ნამდვილად სასიამოვნოს გახდის ათასწლიან საგანმანათლებლო პროგრამას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იქნება, ვიცხოვრებთ თუ არა გრაგნილებში ჩაწერილის თანახმად. გამოვიყენებთ ცხოვრებაში ნასწავლს? ვიფიქრებთ და გულთან ახლოს მივიტანთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც ძალებს მოგვცემს, წინააღმდეგობა გავუწიოთ სატანის საბოლოო მცდელობას, ჩამოგვაშოროს ჭეშმარიტებას?
12. რა დაეხმარება ახალ ქვეყნიერებაში მცხოვრებთ, სრული მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო საქმიანობაში და დედამიწა სამოთხედ გადააქციონ?
12 ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის შესანიშნავი კურთხევები, რომლებსაც იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე მივიღებთ. მკვდრეთით აღდგენილები ყველანაირი უძლურებისა თუ ავადმყოფობისგან გათავისუფლდებიან (ესაია 33:24). ჯანსაღი სხეული და სრულყოფილი ჯანმრთელობის მოლოდინი ახალ ქვეყნიერებაში მცხოვრებთ საშუალებას მისცემს, სრული მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო პროგრამაში და მილიარდობით აღდგენილს დაეხმარონ აუცილებელი ცოდნის შეძენაში. იქ მცხოვრებნი აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ ყველაზე გრანდიოზულ საქმიანობაში — მთელ დედამიწას სამოთხედ გადააქცევენ და, ამგვარად იეჰოვას განადიდებენ.
13, 14. რა მიზნით გათავისუფლდება სატანა კაცობრიობის საბოლოო გამოცდისას და რის შესაძლებლობას მოგვცემს ეს პირადად ჩვენ?
13 სატანა გათავისუფლდება და კიდევ ერთხელ შეეცდება კაცობრიობის შეცდენას საბოლოო გამოცდის დროს. გამოცხადების 20:7—9–ის თანახმად, ‘შეცდომაში შეყვანილი ხალხები’, რომლებიც სატანის საზიანო გავლენის ქვეშ მოექცევიან, განადგურებას დაიმსახურებენ — ‘ციდან ცეცხლი ჩამოვა და შთანთქავს მათ’. ათასწლიან პერიოდში აღდგენილთათვის ამ განადგურების გამო მათი აღდგომა „სასამართლოს აღდგომად“ ჩაითვლება. ამის საპირისპიროდ, უმწიკვლობის დამცველი მკვდრეთით აღდგენილები მარადიული სიცოცხლის ჯილდოს მიიღებენ. მათი აღდგომა „სიცოცხლის აღდგომა“ იქნება (იოანე 5:29).
14 როგორ გვანუგეშებს დღესვე აღდგომის იმედი? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღდგომის საფუძველზე ჩვენც მივიღოთ სარგებლობა?
დღესვე შეგვიძლია სარგებლობის მიღება
15. როგორ დაგეხმარებათ დღესვე აღდგომის იმედი?
15 შესაძლოა ახლახან საყვარელი ადამიანი დაკარგე და ძალიან გიჭირს მძიმე დანაკლისთან შეგუება. აღდგომის იმედი ძალებს მოგცემს და ისეთ შინაგან სიმშვიდეს მოგგვრის, რასაც ვერ პოულობენ ისინი, რომლებმაც არ იციან ჭეშმარიტება. „არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ სიკვდილის ძილით მიძინებულთა შესახებ, — ანუგეშებდა პავლე თესალონიკელებს. — რათა არ წუხდეთ დანარჩენებივით, რომლებსაც იმედი არ გააჩნიათ“ (1 თესალონიკელები 4:13). ხედავ საკუთარ თავს ახალ ქვეყნიერებაში, სადაც მკვდართა აღდგომის თვითმხილველნი გავხდებით? დღესვე დაგამშვიდებს იმაზე ფიქრი, რომ კვლავ შეხვდები საყვარელ ადამიანებს.
16. როგორი გრძნობები დაგეუფლებათ აღდგომის დროს?
16 შესაძლოა ამჟამად ადამის ურჩობის შედეგებს იმკი და ძალიან ცუდი ჯანმრთელობა გაქვს. არ დაუშვა, რომ გასაჭირმა დაგავიწყოს აღდგომასთან დაკავშირებული სასიხარულო იმედი; ახლა რომც მოგვიწიოს სიკვდილის ძილით დაძინება, ახალ ქვეყნიერებაში კვლავ დავუბრუნდებით სიცოცხლეს და სრულიად ჯანმრთელები და ენერგიულები ვიქნებით. როდესაც თვალს გავახელთ და დავინახავთ მათ ბედნიერ სახეებს, რომლებიც მთელი გულით იზიარებენ აღდგომით გამოწვეულ ჩვენს სიხარულს, მადლობას აღვუვლენთ ღმერთს მისი სიკეთისთვის.
17, 18. რა ორი მნიშვნელოვანი აზრი უნდა გვახსოვდეს?
17 ამასობაში კი დავფიქრდეთ ორ მნიშვნელოვან აზრზე, რომლებიც ღრმად უნდა ჩავიბეჭდოთ გონებაში. პირველი ის არის, რომ ახლავე უნდა ვემსახუროთ იეჰოვას მთელი გულითა და სულით. ჩვენ ვბაძავთ იესო ქრისტეს და თავგანწირვის სულისკვეთებას ვავლენთ, რითაც ვამტკიცებთ, რომ გვიყვარს იეჰოვა და მოყვასი. თუ წინააღმდეგობის ან დევნის გამო დავკარგავთ არსებობისთვის საჭირო სარჩო–საბადებელს ან თავისუფლებას, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ნებისმიერი ასეთი განსაცდელის მიუხედავად, სიმტკიცე შევინარჩუნოთ. მაშინაც კი, როცა მოწინააღმდეგეები სიკვდილით გვემუქრებიან, აღდგომის იმედი გვანუგეშებს და გვაძლიერებს, რომ იეჰოვასა და მისი სამეფოს ერთგულნი დავრჩეთ. დიახ, თუ სამეფოს შესახებ ქადაგებასა და მოწაფეების მომზადების საქმეში გულმოდგინებას ვავლენთ, იეჰოვასგან მივიღებთ მარადიულ კურთხევებს, რომლებიც მართალთათვისაა განკუთვნილი.
18 მეორე მნიშვნელოვანი აზრი კი დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ვუმკლავდებით არასრულყოფილებით გამოწვეულ ცდუნებებს. აღდგომის იმედი და იეჰოვას წყალობისადმი მადლიერების გრძნობა უფრო მეტად აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, მტკიცენი დავრჩეთ რწმენაში. „ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია. — გვაფრთხილებს იოანე მოციქული. — ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს; ვინაიდან ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არ არის, არამედ ქვეყნიერებისგან. გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:15—17). ქვეყნიური სიმდიდრე ჩვენთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება, როცა მას „ჭეშმარიტ სიცოცხლესთან“ ვადარებთ (1 ტიმოთე 6:17—19). თუ ქვეყნიერება უზნეობის ჩადენისკენ გვიბიძგებს, მტკიცედ შევეწინააღმდეგებით მას. ჩვენ გვესმის, რომ ღვთისთვის მიუღებელ ცხოვრების წესს თუ მივყვებით და არმაგედონამდე დავიღუპებით, შესაძლოა არ აღვდგეთ.
19. რა პატივი გვერგო წილად და რატომ უნდა გვახსოვდეს ეს ყოველთვის?
19 რაც ყველაზე მთავარია, დიდ პატივად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ შეგვიძლია გული გავუხაროთ იეჰოვას ახლა და მარადიულად (იგავები 27:11). თუ სიკვდილის ბოლომდე ან ამ ბოროტი სისტემის აღსასრულამდე ერთგულებას შევინარჩუნებთ, დავამტკიცებთ, რომ იეჰოვას უზენაესობასთან დაკავშირებულ საკამათო საკითხში ღვთის მხარე გვიკავია. მართლაც, რა სასიხარულო იქნება სამოთხეში ცხოვრება — იმისგან დამოუკიდებლად, დიდ გასაჭირს გადავიტანთ თუ სასწაულებრივად აღვდგებით!
ჩვენი სურვილების დაკმაყოფილება
20, 21. რა დაგვეხმარება ერთგულების შენარჩუნებაში მაშინაც კი, თუ აღდგომასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა უპასუხოდ რჩება? ახსენით.
20 აღდგომასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას ზოგი კითხვა უპასუხოდ რჩება. რას მოიმოქმედებს იეჰოვა იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც დაღუპვამდე დაქორწინებულები იყვნენ? (ლუკა 20:34, 35). იმ ადგილას აღდგება ადამიანი, სადაც დაიღუპა? ოჯახის წევრების საცხოვრებელ ადგილთან ახლოს აღდგებიან მიცვალებულები? აღდგომასთან დაკავშირებით კიდევ ბევრი სხვა კითხვა რჩება უპასუხოდ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ღრმად უნდა ჩავიბეჭდოთ გონებაში იერემიას მიერ წარმოთქმული სიტყვები: „კეთილია უფალი მისი მოიმედისთვის, მისი მაძიებელი სულისთვის. სიკეთე მას, ვინც მდუმარედ ელოდება უფლისაგან ხსნას“ (იერემიას გოდება 3:25, 26). იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს ყველა კითხვაზე დამაკმაყოფილებელ პასუხს მივიღებთ. რატომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ ამაში?
21 დაფიქრდით ღვთის შთაგონებით დაწერილ ფსალმუნმომღერლის სიტყვებზე: «აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს [„ყოველი ცოცხალი არსების სურვილს“, აქ]» (ფსალმუნები 144:16). ასაკში შესვლასთან ერთად ჩვენი სურვილებიც იცვლება. ის, რაც ბავშვობაში გვსურდა, ახლა აღარ გვსურს. ცხოვრებაზე შეხედულებას ის გვიყალიბებს, თუ რა გარემოში ვცხოვრობთ და რისი იმედი გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალ ქვეყნიერებაში იეჰოვა უეჭველად დაგვიკმაყოფილებს ყოველ სურვილს, რომელიც მის ნებასთან იქნება შეთანხმებული.
22. რატომ გვაქვს იეჰოვას განდიდების საფუძვლიანი მიზეზი?
22 ამჟამად თითოეული ჩვენგანისთვის მთავარი ერთგულების შენარჩუნებაა. „მმართველებისგან კი ერთგულება მოითხოვება“ (1 კორინთელები 4:2). ჩვენ ღვთის სამეფოსთან დაკავშირებული სასიხარულო ცნობა გვაქვს მონდობილი. თუ ამ სასიხარულო ცნობას სხვებს გულმოდგინედ ვუზიარებთ, არ გადავუხვევთ სიცოცხლემდე მიმყვანი გზიდან. ნუ დაივიწყებთ, რომ „ჟამი და შემთხვევა“ თითოეულ ჩვენგანზე მოქმედებს (ეკლესიასტე 9:11). მტკიცედ ჩაეჭიდეთ აღდგომის დიდებულ იმედს, რათა ხვალინდელ დღეზე ფიქრით გამოწვეულმა ზედმეტმა საზრუნავმა ნაკლებად დაგამძიმოთ. დარწმუნებულები იყავით, ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დაწყებამდე რომც ვერ იცოცხლოთ, უსათუოდ დადგება შვების მომტანი დრო. იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს იობის სიტყვების გამეორების შესაძლებლობა მოგეცემათ: „დამიძახებდი და გამოგეპასუხებოდი“. ყველა განადიდებს იეჰოვას, რომელსაც ძლიერი სურვილი აქვს, სიცოცხლე დაუბრუნოს თავის მეხსიერებაში მყოფთ! (იობი 14:15).
[სქოლიოები]
a იხილეთ 1990 წლის 8 აგვისტოს ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ (რუს.) (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
b იხილეთ წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, გვერდი 662, (ინგლ.) (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
გახსოვთ?
• რის საფუძველზე გასამართლდებიან ადამიანები ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს?
• რატომ აღდგება ზოგი „სიცოცხლის აღდგომისთვის“, ზოგი კი — „სასამართლოს აღდგომისთვის“?
• როგორ გვანუგეშებს დღესვე აღდგომის იმედი?
• როგორ გვეხმარება ფსალმუნების 144:16–ში ჩაწერილი სიტყვები, მიუხედავად იმისა, რომ აღდგომასთან დაკავშირებული ზოგი კითხვა უპასუხოდ რჩება?
[სურათები 21 გვერდზე]
როგორ გვეხმარება დღესვე აღდგომის იმედი?