მწყემსები მაგალითს აძლევენ სამწყსოს
„მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო . . . სიამოვნებით . . . გულმოდგინებით . . . მაგალითი იყავით სამწყსოსთვის“ (1 პეტრე 5:2, 3).
1, 2. ა) რა საქმე მიანდო იესომ მოციქულ პეტრეს და რატომ არ იყო ეს უსაფუძვლო? ბ) როგორი დამოკიდებულება აქვს იეჰოვას სულიერი მწყემსებისადმი?
გალილეის ზღვის ნაპირთან, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე ცოტა ხნით ადრე, პეტრე და სხვა ექვსი მოწაფე იესოს მიერ მომზადებულ საუზმეს მიირთმევდნენ. მკვდრეთით აღმდგარი იესო პეტრეს აქამდეც ჰყავდა ნანახი. უეჭველია, მას ძალიან უხაროდა, რომ იესო ცოცხალი იყო. მაგრამ პეტრეს, ალბათ, ერთი რამ აღელვებდა. რამდენიმე დღის წინ მან სხვების წინაშე უარყო, რომ იცნობდა იესოს (ლუკა 22:55—60; 24:34; იოანე 18:25—27; 21:1—14). გაკიცხა იესომ პეტრე რწმენის ნაკლებობის გამო? არა. პირიქით, იესომ მას თავისი „ბატკნების“ მწყემსვა მიანდო (იოანე 21:15—17). პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების შესახებ ბიბლიური ჩანაწერები ცხადყოფს, რომ პეტრეს მიმართ იესოს ნდობა უსაფუძვლო არ ყოფილა. სხვა მოციქულებსა და უხუცესებთან ერთად, პეტრე წლების მანძილზე მწყემსავდა ქრისტიანულ კრებას სერიოზული განსაცდელებისა და სწრაფი ზრდის პერიოდში (საქმეები 1:15—26; 2:14; 15:6—9).
2 დღეს იეჰოვა იესო ქრისტეს მეშვეობით ნიშნავს გამოცდილ მამაკაცებს, რათა სულიერ მწყემსებად იმსახურონ და უხელმძღვანელონ მის სამწყსოს ამ ურთულეს დროში (ეფესოელები 4:11, 12; 2 ტიმოთე 3:1). აქვს იეჰოვას მათდამი ნდობის საფუძველი? დიახ. ამაზე მეტყველებს მთელ მსოფლიოში მშვიდობისმოყვარე ქრისტიანული საძმოს არსებობა. პეტრეს მსგავსად, ეს მწყემსებიც უშვებენ შეცდომებს (გალატელები 2:11—14; იაკობი 3:2). მიუხედავად ამისა, იეჰოვა ანდობს მათ ‘საკუთარი ძის სისხლით შეძენილ’ ცხვრებზე მზრუნველობას (საქმეები 20:28). იეჰოვას უყვარს ეს მამაკაცები და მათ „ორმაგი პატივის ღირსად“ მიიჩნევს (1 ტიმოთე 5:17).
3. რა ეხმარება სულიერ მწყემსებს მზადყოფნის სულისა და გულმოდგინების შენარჩუნებაში?
3 როგორ ინარჩუნებენ სულიერი მწყემსები მზადყოფნის სულსა და გულმოდგინებას, რითაც მაგალითს აძლევენ სამწყსოს? პეტრესა და პირველ საუკუნეში მცხოვრები სხვა მწყემსების მსგავსად, ისინი ღვთის წმინდა სულზე არიან დაიმედებულნი. წმინდა სული მათ აძლევს საჭირო ძალას თავიანთი პასუხისმგებლობის შესასრულებლად (2 კორინთელები 4:7). წმინდა სული მათ იმაშიც ეხმარება, რომ გამოიღონ სულის ნაყოფი — სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, სიკარგე, რწმენა, რბილი ხასიათი და თავშეკავება (გალატელები 5:21—23). განვიხილოთ, კონკრეტულად როგორ შეუძლიათ მწყემსებს ამ ნაყოფის გამოვლენით მაგალითი მისცენ სამწყსოს, რომელზე ზრუნვაც ღმერთმა მათ მიანდო.
უხუცესებს უყვართ როგორც მთელი სამწყსო, ისე თითოეული ცხვარი
4, 5. ა) როგორ ავლენენ სამწყსოსადმი სიყვარულს იეჰოვა და იესო? ბ) რა მხრივ ავლენენ სულიერი მწყემსები სიყვარულს სამწყსოს მიმართ?
4 ღვთის წმინდა სულის უმთავრესი ნაყოფი სიყვარულია. იეჰოვა მთელი სამწყსოსადმი სიყვარულს იმით ავლენს, რომ უხვად აწვდის სულიერ საზრდოს (ესაია 65:13, 14; მათე 24:45—47). მაგრამ ის მთელი სამწყსოს გამოკვებაზე ზრუნვით არ შემოიფარგლება. იეჰოვა სიყვარულით თითოეულ ცხვარზე ზრუნავს (1 პეტრე 5:6, 7). ღვთის სამწყსო იესოსაც უყვარს. მან საკუთარი სიცოცხლე გაიღო მისთვის. იესო თითოეულ ცხვარს „სახელით“ იცნობს (იოანე 10:3, 14—16).
5 სულიერი მწყემსები იეჰოვასა და იესოს ბაძავენ. ისინი სიყვარულს ავლენენ მთლიანი სამწყსოსადმი იმით, რომ ‘მთელი გულმოდგინებით’ ასწავლიან კრებას. ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენებებით ისინი კვებავენ და იცავენ სამწყსოს. მათ ასეთ თავდაუზოგავ შრომას კრებაში ყველა ხედავს (1 ტიმოთე 4:13, 16). თუმცა შეიძლება ნაკლებად ჩანდეს, რამდენ დროს ხარჯავენ ისინი კრების ანგარიშებისა თუ გეგმების შედგენაზე, კორესპონდენციის წარმოებაზე და უამრავ წვრილმანზე, რაც აუცილებელია კრების შეხვედრებისა და სხვა საქმეების „წესიერად და ორგანიზებულად“ წარმართვისთვის (1 კორინთელები 14:40). ამ სამუშაოების დიდი ნაწილი კრებისთვის შეუმჩნევლად სრულდება. ეს ნამდვილად სიყვარულით მსახურებაა (გალატელები 5:13).
6, 7. ა) როგორ შეუძლიათ უხუცესებს კრების წევრების უკეთესად გაცნობა? ბ) რატომ არის ზოგჯერ კარგი უხუცესებისთვის საკუთარი გრძნობების გაზიარება?
6 ქრისტიანი მწყემსები ყოველმხრივ ცდილობენ, სიყვარულით იზრუნონ კრების თითოეული წევრის ინტერესებზე (ფილიპელები 2:4). კრების თითოეული წევრის უკეთესად გაცნობის ერთ-ერთი საშუალება მათთან ერთად ქადაგებაა. თავისი მიმდევრები იესოს ხშირად ახლდნენ თან სამქადაგებლო მსახურებისას და ასეთ შემთხვევებს იგი მათ გასამხნევებლად იყენებდა (ლუკა 8:1). ერთი გამოცდილი ქრისტიანი უხუცესი ამბობს: „და-ძმების გაცნობისა და გამხნევების ერთ-ერთი საუკეთესო გზა მათთან ერთად მსახურებაა“. ამ ბოლო დროს თუ არ გქონია რომელიმე უხუცესთან ერთად ქადაგების შესაძლებლობა, კარგი იქნება, თუ არ გადადებ და დაგეგმავ მასთან მსახურებას.
7 იესოს უყვარდა თავისი მიმდევრები და იზიარებდა მათ სიხარულსა და მწუხარებას. მაგალითად, როცა 70 მოწაფე სიხარულით დაბრუნდა სამქადაგებლო მსახურებიდან, იესომ „დიდად გაიხარა“ (ლუკა 10:17—21). ხოლო როცა დაინახა, ლაზარეს სიკვდილის გამო როგორ იყვნენ დამწუხრებულნი მარიამი, მისი ოჯახის წევრები და მეგობრები, „იესო აცრემლდა“ (იოანე 11:33—35). მსგავსად ამისა, დღეს მზრუნველი მწყემსებისთვის სულერთი არ არის, თუ რას განიცდიან კრების წევრები. სიყვარული აღძრავს მათ, რომ ‘მოხარულებთან იხარონ და მოტირალებთან იტირონ’ (რომაელები 12:15). ნუ მოგერიდებათ, ქრისტიან მწყემსებს გაუზიაროთ თქვენი სიხარული თუ მწუხარება. მათთვის გამამხნევებელი იქნება იმის მოსმენა, რაც თქვენ გახარებთ (რომაელები 1:11, 12). ხოლო იმის ცოდნა, თუ რა განსაცდელებთან გიწევთ გამკლავება, მათ გაუადვილებს თქვენს განმტკიცებასა და ნუგეშისცემას (1 თესალონიკელები 1:6; 3:1—3).
8, 9. ა) როგორ ავლენდა ერთი უხუცესი სიყვარულს მეუღლის მიმართ? ბ) რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მწყემსი სიყვარულს ავლენდეს ოჯახის წევრებისადმი?
8 სამწყსოსადმი მწყემსის სიყვარულზე ბევრს ამბობს ის, თუ როგორ ეპყრობა იგი საკუთარი ოჯახის წევრებს (1 ტიმოთე 3:1, 4). თუ უხუცესი დაქორწინებულია, ცოლისადმი გამოვლენილი მისი სიყვარული და პატივისცემა მაგალითი იქნება სხვა დაქორწინებული მამაკაცებისთვის (ეფესოელები 5:25; 1 პეტრე 3:7). ყურადღება მიაქციეთ ერთი ქრისტიანი ქალის, ლინდას, სიტყვებს, რომლის მეუღლეც სიკვდილამდე 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა ზედამხედველად. იგი ამბობს: „ჩემი ქმარი ძალიან იყო დაკავებული კრების საქმეებით. მაგრამ ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ არასოდეს მეგრძნო თავი მარტოდ. იგი ხშირად გამოხატავდა მადლიერებას ჩემი მხარდაჭერისთვის და თავისუფალ დროს ჩემ გვერდით იყო. თუმცა დიდ დროს უთმობდა კრების საქმეებს, ყოველთვის ვგრძნობდი მის სიყვარულს“.
9 თუ უხუცესს ჰყავს შვილები, სიყვარულით აღზრდითა და ხშირი შექებით ის მაგალითს მისცემს სხვა მშობლებს (ეფესოელები 6:4). ოჯახის წევრებზე სიყვარულით ზრუნვა იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ის, როგორც წმინდა სულით დანიშნული მწყემსი, ამართლებს ნდობას (1 ტიმოთე 3:4, 5).
აზრთა ურთიერთგაზიარება სიხარულისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად
10. ა) რამ შეიძლება იმოქმედოს უარყოფითად კრების სიხარულსა და მშვიდობაზე? ბ) რამ შეუქმნა საფრთხე პირველი საუკუნის კრების მშვიდობას და როგორ გადაწყდა ეს საკითხი?
10 წმინდა სულს შეუძლია სიხარული და მშვიდობა მისცეს როგორც ცალკეულ ქრისტიანებს, ისე უხუცესთა საბჭოს და კრებას მთლიანობაში. მაგრამ ამ სიხარულსა და მშვიდობაზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გულწრფელი ურთიერთობის ნაკლებობამ. სოლომონმა დაწერა: „რჩევის გარეშე ჩაიშლება განზრახვანი, ბევრი მრჩევლისას კი შესრულდება“ (იგავები 15:22). მეორე მხრივ, გულღია და თავაზიანი საუბრები ხელს უწყობს სიხარულისა და მშვიდობის შენარჩუნებას. მაგალითად, ერთხელ წინადაცვეთასთან დაკავშირებით წამოჭრილმა საკითხმა საფრთხე შეუქმნა პირველი საუკუნის კრების მშვიდობას. იერუსალიმში მყოფი ხელმძღვანელი საბჭოს წევრები ეძებდნენ წმინდა სულის ხელმძღვანელობას. ამ საკითხის გარშემო მათ თავიანთი განსხვავებული შეხედულებებიც გამოთქვეს. მსჯელობის შედეგად მათ შეძლეს გადაწყვეტილების მიღება. როცა ერთსულოვნად მიღებული ეს გადაწყვეტილება კრებებს აცნობეს, ძმები „გამხნევდნენ და [მათ] დიდად გაიხარეს“ (საქმეები 15:6—23, 25, 31; 16:4, 5). ამგვარად, კრებებში სიხარული და მშვიდობა შენარჩუნდა.
11. როგორ უწყობენ ხელს უხუცესები კრებაში სიხარულისა და მშვიდობის შენარჩუნებას?
11 დღესაც, აზრთა ურთიერთგაზიარებით მწყემსები ხელს უწყობენ კრებაში სიხარულისა და მშვიდობის შენარჩუნებას. როდესაც კრების მშვიდობას საფრთხე ემუქრება, უხუცესები იკრიბებიან და თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ აზრებს. ისინი პატივისცემით უსმენენ ერთმანეთს (იგავები 13:10; 18:13). უხუცესები ღმერთს ლოცვაში სთხოვენ წმინდა სულის ხელმძღვანელობას და, შემდეგ, ბიბლიური პრინციპებისა და „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული მითითებების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს (მათე 24:45—47; 1 კორინთელები 4:6). მას შემდეგ, რაც უხუცესთა საბჭო ბიბლიაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველა ემორჩილება წმინდა სულის ხელმძღვანელობას იმით, რომ მხარს უჭერენ გადაწყვეტილებას მაშინაც კი, თუ მათი თვალსაზრისი არ ემთხვევა უმრავლესობის აზრს. ასეთი მოკრძალებული დამოკიდებულება ხელს უწყობს სიხარულისა და მშვიდობის შენარჩუნებას. გარდა ამისა, კრების წევრები ხედავენ იმის შესანიშნავ მაგალითს, თუ როგორ უნდა იარონ ღმერთთან ერთად (მიქა 6:8). ავლენთ მოკრძალებას და ითვალისწინებთ ბიბლიაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც უხუცესები იღებენ კრებაში?
იყავით სულგრძელნი და კეთილნი
12. რატომ სჭირდებოდა იესოს სულგრძელობისა და სიკეთის გამოვლენა მოციქულებთან ურთიერთობაში?
12 მოციქულებთან დამოკიდებულებაში იესო სულგრძელი და კეთილი იყო მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად უშვებდნენ შეცდომებს. მაგალითად, იესომ არაერთხელ დაანახვა მათ თავმდაბლობის აუცილებლობა (მათე 18:1—4; 20:25—27). ყველაფრის მიუხედავად, სწორედ მას შემდეგ, რაც თავისი ცხოვრების უკანასკნელ ღამეს, ფეხების დაბანით იესომ მოციქულებს თავმდაბლობის მაგალითი მისცა, „ატყდა გაცხარებული დავა იმის თაობაზე, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი“ (ლუკა 22:24; იოანე 13:1—5). გაკიცხა იესომ მოციქულები ამის გამო? არა. მან გულთბილად დაიწყო მათთან მსჯელობა: „ვინ უფრო დიდია: ვინც სუფრას უზის თუ ვინც ემსახურება? განა ის არა, ვინც სუფრას უზის? მე კი თქვენ შორის ვარ მომსახურე“ (ლუკა 22:27). იესოს სულგრძელობამ, სიკეთემ და კარგმა მაგალითმა საბოლოოდ დადებითად იმოქმედა მოციქულებზე.
13, 14. განსაკუთრებით როდის მართებთ მწყემსებს სიკეთის გამოვლენა?
13 ზოგჯერ შეიძლება საჭირო იყოს, რომ სულიერმა მწყემსმაც არაერთხელ მისცეს რჩევა ქრისტიანს ამა თუ იმ სისუსტესთან დაკავშირებით. უხუცესისთვის შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს რომელიმე ქრისტიანის ქცევა. მაგრამ ‘წესრიგის დამრღვევების შეგონებისას’ ის შეძლებს სულგრძელობისა და სიკეთის გამოვლენას, თუ ემახსოვრება, რომ თვითონაც უშვებს შეცდომებს. ამგვარად ის მიბაძავს იესოს და იეჰოვას, რომლებიც ამ თვისებებს ყველა ქრისტიანის — მათ შორის უხუცესების — მიმართ ავლენენ (1 თესალონიკელები 5:14; იაკობი 2:13).
14 დროდადრო შესაძლოა საჭირო გახდეს, რომ უხუცესებმა მკაცრად მისცენ რჩევა სერიოზული ცოდვის ჩამდენს. თუ შემცოდველი არ ინანიებს, მწყემსებმა ის კრებიდან უნდა გარიცხონ (1 კორინთელები 5:11—13). ამ შემთხვევაშიც კი თავიანთი დამოკიდებულებით ისინი აჩვენებენ, რომ მათ სძულთ ცოდვა და არა შემცოდველი (იუდა 23). მწყემსების მხრიდან სიკეთით მოქმედებამ გზააბნეულ ცხვარს დროთა განმავლობაში შეიძლება გაუადვილოს ფარაში დაბრუნება (ლუკა 15:11—24).
რწმენა კარგის კეთებისკენ აღგვძრავს
15. როგორ ბაძავენ უხუცესები იეჰოვას კარგი საქმეების კეთებაში და რა აღძრავს მათ ამისკენ?
15 „კარგია უფალი ყველას მიმართ“ — მათ მიმართაც კი, ვინც არ აფასებს იმას, რასაც იეჰოვა მათთვის აკეთებს (ფსალმუნები 144:9; მათე 5:45). ეს განსაკუთრებით იმით ვლინდება, რომ იეჰოვა თავის ხალხს აგზავნის სამეფოს შესახებ „სასიხარულო ცნობის“ საქადაგებლად (მათე 24:14). მწყემსები ბაძავენ ღმერთს კარგის კეთებაში და ხელმძღვანელობას უწევენ სამქადაგებლო საქმიანობას. რა აღძრავს მათ ასეთი თავდაუზოგავი შრომისკენ? იეჰოვასა და მისი დაპირებებისადმი მტკიცე რწმენა (რომაელები 10:10, 13, 14).
16. როგორ შეუძლიათ უხუცესებს ‘სიკეთე გაუკეთონ’ კრების წევრებს?
16 ქადაგების მეშვეობით ‘ყველასთვის სიკეთის გაკეთების’ გარდა, უხუცესების პასუხისმგებლობაში ისიც შედის, რომ სიკეთე განსაკუთრებით თანამორწმუნეებს გაუკეთონ (გალატელები 6:10). ამის ერთ–ერთი საშუალება გამამხნევებელი სამწყემსო მონახულებებია. ერთი უხუცესი ამბობს: „სამწყემსო მონახულებებს სიამოვნებით ვაკეთებ. ამ დროს შესაძლებლობა მეძლევა, შევაქო და-ძმები და დავარწმუნო, რომ მათი თავდაუზოგავი შრომა დაფასებულია“. ზოგჯერ უხუცესებმა შეიძლება პიროვნებას მისცენ რჩევა, რომელიც მას იეჰოვასადმი მსახურების გაუმჯობესებაში დაეხმარება. ასეთ დროს გონიერი მწყემსები მოციქულ პავლეს ბაძავენ. ყურადღება მიაქციეთ, როგორ მიმართა მან ძმებს თესალონიკეში: „დარწმუნებულნი ვართ უფალში, რომ აკეთებთ და კვლავაც გააკეთებთ იმას, რასაც მოგითითებთ“ (2 თესალონიკელები 3:4). ასეთი ნდობის გამომხატველი სიტყვები კრების წევრებს დადებითად განაწყობს და გაუადვილებს, ‘გაუგონონ მათ, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია’ (ებრაელები 13:17). გამამხნევებელი სამწყემსო მონახულების შემდეგ კარგი იქნება, თუ მადლიერებას გამოხატავთ უხუცესების მიმართ.
თავშეკავება რბილი ხასიათის გამოსავლენად
17. რა ისწავლა პეტრემ იესოსგან?
17 იესო რბილ ხასიათს ავლენდა მაშინაც კი, როდესაც სხვები გამაღიზიანებლად იქცეოდნენ (მათე 11:29). როცა გასცეს და შეიპყრეს, მან რბილი ხასიათი და უდიდესი თავშეკავება გამოავლინა. პეტრე მოციქულმა კი თავი ვერ შეიკავა, მახვილი იშიშვლა და საპასუხო ზომებს მიმართა. მაგრამ იესომ მას შეახსენა: „იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია ვთხოვო მამაჩემს, ახლავე აქ გამიჩინოს ანგელოზთა თორმეტზე მეტი ლეგიონი?“ (მათე 26:51—53; იოანე 18:10). ამ შემთხვევამ პეტრეზე დიდი გავლენა მოახდინა. მოგვიანებით ის ქრისტიანებს სწერდა: „ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ზუსტად მიჰყვეთ მის ნაკვალევს . . . როცა ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა, და როცა იტანჯებოდა, არ იმუქრებოდა“ (1 პეტრე 2:21—23).
18, 19. ა) განსაკუთრებით როდის უნდა გამოავლინონ უხუცესებმა რბილი ხასიათი და თავშეკავება? ბ) რა საკითხებს განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
18 მსგავსად ამისა, კარგი მწყემსებიც რბილ ხასიათს ავლენენ, მაშინაც კი, როდესაც მათ უსამართლოდ ეპყრობიან. მაგალითად, კრებაში ზოგი, ვის დახმარებასაც უხუცესები ცდილობენ, შეიძლება უარყოფითად განეწყოს მათდამი. თუ ადამიანი სულიერად ავად არის ან მოსუსტებულია, რჩევის მიცემის შემდეგ მან შეიძლება ‘ისე ილაპარაკოს, თითქოს მახვილით ჩხვლეტდეს’ (იგავები 12:18). მწყემსები იესოს ბაძავენ და არ ცდილობენ სამაგიეროს მიგებას უხეში სიტყვებითა თუ მოქმედებებით. პირიქით, ისინი თავშეკავებასა და გულისხმიერებას ავლენენ, რაც შეიძლება დაეხმაროს სულიერად მოსუსტებულს (1 პეტრე 3:8, 9). ბაძავთ უხუცესების მაგალითს და ავლენთ რბილ ხასიათს და თავშეკავებას, როდესაც რჩევას გაძლევენ?
19 უდავოა, რომ იეჰოვა და იესო ძალიან აფასებენ ათასობით მწყემსის თავდაუზოგავ შრომას, რომლებიც მთელ მსოფლიოში ხალისით ზრუნავენ სამწყსოზე. იეჰოვა და მისი ძე ასევე დიდად აფასებენ ათასობით მომსახურეს, რომლებიც მხარს უჭერენ უხუცესებს, რათა ‘ემსახურონ წმინდებს’ (ებრაელები 6:10). მაშ, რატომ შეიძლება ზოგმა მონათლულმა ძმამ თავი შეიკავოს იმისგან, რომ ისწრაფოს ამ „კარგი საქმისკენ“? (1 ტიმოთე 3:1). როგორ ამზადებს იეჰოვა მათ, ვისაც სულიერ მწყემსებად ნიშნავს? ამ საკითხებს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.
გახსოვთ?
• როგორ ავლენენ მწყემსები სიყვარულს სამწყსოსადმი?
• როგორ შეუძლია ყველას ხელი შეუწყოს კრებაში სიხარულისა და მშვიდობის შენარჩუნებას?
• რატომ ავლენენ მწყემსები სულგრძელობასა და სიკეთეს რჩევების მიცემისას?
• რა კარგ საქმეებს აკეთებენ უხუცესები და როგორ ვლინდება მათი რწმენა?
[სურათი 18 გვერდზე]
უხუცესები სიყვარულით ემსახურებიან კრებას.
[სურათი 18 გვერდზე]
ისინი ოჯახსაც უთმობენ დროს: ერთად ისვენებენ, ერთობიან . . .
. . .და მსახურობენ.
[სურათი 20 გვერდზე]
აზრთა ურთიერთგაზიარებით უხუცესები ხელს უწყობენ კრებაში სიხარულისა და მშვიდობის შენარჩუნებას.