ბიოგრაფია
სიხარულით ვმსახურობ უძლურების მიუხედავად
მოგვითხრო ვარნავას სპეციოტისმა
1990 წელს, 68 წლის ასაკში, მთლიანად პარალიზებული ვიყავი. მიუხედავად ამისა, უკვე 15 წელია, რაც სიხარულით ვმსახურობ სრული დროით კუნძულ კვიპროსზე. რა მეხმარება, აქტიურად ვემსახურო იეჰოვას უძლურების მიუხედავად?
დავიბადე 1922 წლის 11 ოქტომბერს სოფელ ქსილოფაგუში (კვიპროსი). ჩემს მშობლებს ცხრა შვილი ჰყავდათ, ოთხი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი. მართალია შეძლებულ ოჯახში დავიბადე, მაგრამ ცხრა შვილის უზრუნველსაყოფად მშობლები ბევრს მუშაობდნენ.
მამაჩემი, ანტონისი, გულმოდგინე და ცნობისმოყვარე კაცი იყო. ერთხელ მამამ სკოლის მასწავლებელთან შენიშნა ტრაქტატი „სახალხო მქადაგებლები“, რომელიც მასწავლებლისთვის ბიბლიის მკვლევარებს (ამ სახელით იცნობდნენ ადრე იეჰოვას მოწმეებს) დაეტოვებინათ. მაშინ მე ძალიან პატარა ვიყავი. მამაჩემზე ძალიან იმოქმედა იმან, რაც ტრაქტატში წაიკითხა. მამა და მისი მეგობარი, ანდრეას კრისტუ, ერთ–ერთი პირველები იყვნენ მათგან, რომლებმაც კუნძულ კვიპროსზე იეჰოვას მოწმეებთან დაიწყეს ურთიერთობა.
სულიერი წინსვლა წინააღმდეგობის მიუხედავად
დროთა განმავლობაში მამამ და ანდრეასმა უფრო მეტი პუბლიკაცია მიიღეს იეჰოვას მოწმეებისგან. მალე მათ გადაწყვიტეს, ბიბლიური ჭეშმარიტება თანასოფლელებისთვის გაეზიარებინათ. ისინი უდიდეს წინააღმდეგობას შეხვდნენ ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოებისა და სხვების მხრიდან, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები რყვნიდნენ მოსახლეობას.
ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი ძალიან აფასებდა ბიბლიის ამ ორ მასწავლებელს, თუმცა ისინი ვერაფერს აკეთებდნენ მათ დასაცავად. მამაჩემს კეთილ და გულუხვ კაცად იცნობდნენ. ის ხშირად ეხმარებოდა ღარიბ ოჯახებს. ზოგჯერ სახლიდან გვიან ღამით გადიოდა და გაჭირვებულების კართან ხორბალს ან პურს ტოვებდა. ასეთი უანგარო ქრისტიანული მოქმედების გამო, ღვთის ამ ორი მსახურის ცნობა ხალხს უფრო მეტად იზიდავდა (მათე 5:16).
მალე ბიბლიურ ცნობას 12 ადამიანი გამოეხმაურა. სულიერ ზრდასთან ერთად, ისინი მიხვდნენ, რომ საჭირო იყო, სხვადასხვა სახლში შეკრებილიყვნენ ბიბლიის ჯგუფური შესწავლისათვის. დაახლოებით 1934 წელს საბერძნეთიდან კვიპროსზე ჩავიდა სრული დროით მსახური, ნიკოს მათეაკისი, რათა ქსილოფაგუში არსებული ჯგუფი მოენახულებინა. ძმა მათეაკისი დაეხმარა ძმებს ჯგუფის ორგანიზებაში და ბიბლიის უკეთ გაგებაში. ამას ის დიდი მოთმინებითა და ენთუზიაზმით აკეთებდა. მოგვიანებით იეჰოვას მოწმეთა პირველი კრება კვიპროსზე სწორედ ამ ჯგუფიდან ჩამოყალიბდა.
კვიპროსზე სამქადაგებლო საქმიანობა წინ მიიწევდა, რის შედეგადაც ბევრი იღებდა ჭეშმარიტებას. ძმებმა დაინახეს იმის საჭიროება, რომ ჰქონოდათ მუდმივი ადგილი ქრისტიანული შეხვედრების ჩასატარებლად. ჩემმა უფროსმა ძმამ, ჯორჯმა და მისმა მეუღლემ, ელენიმ, ძმებს შესთავაზეს მათი სახლის გვერდით მდებარე შენობა, რომელსაც მარცვლეულის შესანახად იყენებდნენ. შეკეთების შემდეგ ეს შენობა შესაფერისი ადგილი აღმოჩნდა შეხვედრების ჩასატარებლად. კუნძულზე ეს პირველი სამეფო დარბაზი იყო. ძმები მართლაც რომ მადლიერნი იყვნენ! ამ დარბაზმა ხელი შეუწყო შემდგომ ზრდას.
ჭეშმარიტების გათავისება
1938 წელს, 16 წლის ასაკში, გადავწყვიტე, დურგლობა მესწავლა. მამამ კვიპროსის დედაქალაქში, ნიქოზიაში, გამგზავნა. მან წინასწარ იზრუნა იმაზე, რომ ნიკოს მათეაკისთან მეცხოვრა. თავისი გულმოდგინებისა და სტუმართმოყვარეობის გამო ამ ერთგულ ძმას დღესაც ბევრი იხსენებს კუნძულზე. იმ დროს კვიპროსზე მცხოვრებ ყველა ქრისტიანს სჭირდებოდა ისეთი მოშურნეობისა და გაბედულების გამოვლენა, როგორსაც ძმა ნიკოსი ავლენდა.
ძმა ნიკოს მათეაკისი ძალიან დამეხმარა ბიბლიური ცოდნის გაღრმავებასა და სულიერ წინსვლაში. მასთან ცხოვრების პერიოდში რეგულარულად ვესწრებოდი შეხვედრებს, რომლებიც მის სახლში ტარდებოდა. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ იეჰოვასადმი სიყვარული მიღრმავდებოდა. მტკიცედ გადავწყვიტე, ღმერთთან აზრით აღსავსე ურთიერთობა განმევითარებინა. რამდენიმე თვეში ძმა მათეაკისს ვკითხე, შემეძლო თუ არა მასთან ერთად ქადაგება. ეს იყო 1939 წელი.
გარკვეული პერიოდის შემდეგ სახლში დავბრუნდი. მამასთან ყოფნისას უფრო მეტად დავრწმუნდი იმაში, რომ ჭეშმარიტება და სიცოცხლის აზრი ვიპოვე. 1939 წლის სექტემბერში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ჩემი ასაკის ბევრი ახალგაზრდა მოხალისედ წავიდა ომში, მაგრამ მე გადავწყვიტე, ბიბლიური მითითებების თანახმად მოვქცეულიყავი და მტკიცედ დამეცვა ქრისტიანული ნეიტრალიტეტი (ესაია 2:4; იოანე 15:19). იმავე წელს თავი მივუძღვენი იეჰოვას და 1940 წელს მოვინათლე. მას შემდეგ ადამიანებისადმი შიში გამიქრა.
1948 წელს ეუფრეპიაზე დავქორწინდი. ჩვენ ოთხი შვილი შეგვეძინა. შვილები „იეჰოვას მოსაწონად“ რომ აღგვეზარდა, ჩვენგან დიდი ძალისხმევა მოითხოვებოდა (ეფესოელები 6:4). ჩვენ ვლოცულობდით და ყოველმხრივ ვცდილობდით, რომ შვილებისთვის იეჰოვას სიყვარული ჩაგვენერგა. გვინდოდა, რომ მათ ღვთის კანონებითა და პრინციპებით ეცხოვრათ.
ჯანმრთელობის გაუარესება
1964 წელს, როცა 42 წლის ვიყავი, მარჯვენა კიდურებში მგრძნობელობა დავკარგე. თანდათანობით მარცხენა კიდურებიდანაც წამერთვა შეგრძნების უნარი. კუნთების ატროფიის დიაგნოზი დამისვეს. ეს არის უკურნებელი დაავადება, რომლის შედეგადაც ადამიანი დროთა განმავლობაში მთლიანად პარალიზებული ხდება. ამ დიაგნოზის მოსმენამ თავზარი დამცა. ყველაფერი ძალიან სწრაფად და მოულოდნელად მოხდა. აღშფოთებულსა და სასოწარკვეთილს თავში ასეთი კითხვები მიტრიალებდა: რატომ უნდა დამმართოდა ეს? რისთვის დავიმსახურე ასეთი სასჯელი? დროთა განმავლობაში შოკიდან გამოვედი, მაგრამ გაურკვევლობა და დარდი მოსვენებას არ მაძლევდა. გამუდმებით შემდეგ კითხვებზე ვფიქრობდი: მთლიანად პარალიზებული და სხვაზე დამოკიდებული გავხდები? როგორ გავუმკლავდები ამ მდგომარეობას? შევძლებ ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფას? ეს კითხვები მოსვენებას არ მაძლევდა.
ამ უმძიმეს წუთებში უფრო მეტად ვიგრძენი, რომ საჭირო იყო, გულწრფელი ლოცვებით მიმემართა იეჰოვასთვის და მთელი ჩემი საწუხარი და სატკივარი მისთვის გამეზიარებინა. დღე და ღამე ცრემლმორეული ვლოცულობდი. მალე შვება ვიგრძენი. საკუთარ თავზე გამოვცადე ფილიპელების 4:6, 7–ში მოცემული მანუგეშებელი სიტყვების ჭეშმარიტება: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“.
პარალიზებასთან შეგუება
ჩემი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. ვხედავდი, რომ ცვლილებებს უნდა შევგუებოდი. რადგან დურგლად მუშაობა აღარ შემეძლო, გადავწყვიტე, ჩემი მდგომარეობისთვის შესაფერისი სამუშაო მეშოვა, რათა ოჯახის რჩენა შემძლებოდა. თავდაპირველად ნაყინის გაყიდვა დავიწყე. ნაყინს ექვსი წლის განმავლობაში ვყიდდი, სანამ ჯანმრთელობა კიდევ უფრო არ გამიუარესდა და ინვალიდის სავარძელს არ მივეჯაჭვე. ამის შემდეგ არაერთ ადვილად შესასრულებელ საქმეს მოვკიდე ხელი.
1990 წლიდან ჯანმრთელობა იმდენად გამიუარესდა, რომ მუშაობა საერთოდ აღარ შემიძლია. მთლიანად სხვებზე გავხდი დამოკიდებული. ისეთ უბრალო რამეშიც კი, როგორიცაა დასაძინებლად წასვლა, დაბანა და ჩაცმა, სხვების დახმარება მჭირდება. ქრისტიანულ შეხვედრებს რომ დავესწრო, ინვალიდის სავარძლიდან მანქანაში მსვავენ, სამეფო დარბაზში მისვლისას კი — მანქანიდან კვლავ სავარძელზე. სამეფო დარბაზში გვერდით ელექტროგამათბობელი მიდგას, ფეხები რომ არ გამეყინოს.
პარალიზების მიუხედავად, თითქმის ყველა კრებას ვესწრები. სამეფო დარბაზი ის ადგილია, სადაც იეჰოვა გვასწავლის. სულიერი და-ძმების გვერდით აქ თავს ნამდვილად უსაფრთხოდ ვგრძნობ. მათგან უდიდეს მხარდაჭერასა და გამხნევებას ვიღებ (ებრაელები 10:24, 25). სულიერად მოწიფული თანაქრისტიანები სახლში ხშირად მაკითხავენ და მეხმარებიან. მართალია მათ ვერაფრით ვეხმარები, მაგრამ დავითის მსგავსად მეც შემიძლია ვთქვა: „სავსეა ჩემი თასი პირთამდე“ (ფსალმუნები 22:5).
ჩემი ძვირფასი მეუღლე მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდიდან არ მომცილებია. შვილებიც მხარში მიდგანან. უკვე რამდენიმე წელია, რაც ისინი ჩემზე ზრუნავენ. ეს მათთვის იოლი არ არის და რაც დრო გადის, მით უფრო რთულდება ჩემი მოვლა. ისინი ნამდვილად დიდ მოთმინებას ავლენენ და ჩემ მოსავლელად ძალ–ღონეს არ იშურებენ. ვლოცულობ, რომ იეჰოვამ კვლავაც აკურთხოს ისინი.
იეჰოვა თავის მსახურებს ლოცვის მეშვეობითაც აძლიერებს. ეს მართლაც უნიკალური საშუალებაა (ფსალმუნები 64:3). იეჰოვა ისმენს ჩემს ვედრებას და მთელი ამ წლების განმავლობაში ძალას მაძლევს, რათა შევძლო რწმენაში დარჩენა. ლოცვები განსაკუთრებით მაშინ მეხმარება, როცა გულგატეხილობა მეუფლება. ამ დროს შვებას ვგრძნობ და სიხარულს ვინარჩუნებ. იეჰოვასთან ასეთი ურთიერთობა ძალას მმატებს და მიძლიერებს გადაწყვეტილებას, განვაგრძო მისადმი მსახურება. დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვა ისმენს თავისი მსახურების ლოცვებს და აძლევს მათ სიმშვიდეს (ფსალმუნები 50:19; 1 პეტრე 5:7).
ძალებს ყველაზე მეტად იმაზე ფიქრი მმატებს, რომ იეჰოვა განკურნავს ყველას, ვინც ღვთის სამეფოს მმართველობის პერიოდში სამოთხეში იცხოვრებს. როცა ამ დიდებულ იმედზე ვფიქრობ, თვალებზე სიხარულის ცრემლები მადგება (ფსალმუნები 36:11, 29; ლუკა 23:43; გამოცხადება 21:3, 4).
სრული დროით მსახურება
ჩემს უძლურებაზე ბევრი რომ არ მეფიქრა, გადავწყვიტე, უფრო მეტად მიმეღო მონაწილეობა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში. 1991 წელს პიონერად დავიწყე მსახურება.
ჩემი მდგომარეობის გამო, უმეტესწილად წერილების საშუალებით ვქადაგებ. წერაც ძალიან მიჭირს და ამას დიდი ძალისხმევის ფასად ვახერხებ. ვინაიდან ხელი დასუსტებული მაქვს, კალამს კარგად ვერ ვიჭერ. მიუხედავად ამისა, დიდი მცდელობისა და ლოცვის დახმარებით უკვე 15 წელია, რაც წერილებით ვქადაგებ. ზოგჯერ ტელეფონითაც ვქადაგებ. არასოდეს ვუშვებ შესაძლებლობას და ჩემ სანახავად მოსულ ნათესავებს, მეგობრებსა და მეზობლებს ყოველთვის ვესაუბრები ახალ ქვეყნიერებასა და სამოთხეში ცხოვრების იმ დიდებულ იმედზე, რომელიც მე მაქვს.
შედეგად, მაქვს გამამხნევებელი შემთხვევები, რაც ძალიან მახარებს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილიშვილი, რომელსაც 12 წლის წინ ბიბლიას ვასწავლიდი, სულიერად წინ მიიწევს და აფასებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ბიბლიით განსწავლულმა სინდისმა უკარნახა მას, მტკიცედ დაეცვა ქრისტიანული ნეიტრალიტეტი და ღვთის ერთგული დარჩენილიყო.
განსაკუთრებით მახარებს, როცა ისინი, ვისაც წერილებს ვწერ, ბიბლიის უკეთ გაგების მიზნით დამატებით ინფორმაციას და პუბლიკაციებს მთხოვენ. მაგალითად, ერთხელ ერთმა ქალბატონმა დამირეკა და მადლობა გადამიხადა გამამხნევებელი წერილისთვის, რომელიც მის ქმარს გავუგზავნე. წერილმა იმდენად დააინტერესა ისინი, რომ გადაწყვიტეს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ჩემთვის დაერეკათ. მათ არაერთხელ მომაკითხეს სახლში ბიბლიურ თემებზე სასაუბროდ.
ნათელი მომავლის იმედი
ბოლო წლებში იმის მოწმე გავხდი, თუ როგორ გაიზარდა სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი კუნძულ კვიპროსზე. პატარა სამეფო დარბაზი, რომელიც ჩემი ძმის, ჯორჯის, სახლის გვერდით იდგა, არაერთხელ გაფართოვდა. დღეს იქ მშვენიერი სამეფო დარბაზია, რომლითაც იეჰოვას მოწმეთა ორი კრება სარგებლობს.
მამაჩემი 1943 წელს დაიღუპა, 52 წლის ასაკში. მან მართლაც მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა დატოვა! მისმა რვა შვილმა ჭეშმარიტება მივიღეთ და დღემდე იეჰოვას ვემსახურებით. სოფელ ქსილოფაგუში, სადაც მამა დაიბადა, და ახლომდებარე სოფლებში დღეს სამი კრებაა; სამეფოს მაუწყებელთა რიცხვმა აქ 230–ს მიაღწია!
ასეთი შესანიშნავი ზრდა უდიდეს სიხარულს მანიჭებს. ახლა, როცა 83 წლის ვარ, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ფსალმუნმომღერლის სიტყვები ჭეშმარიტია: „ფაფრიან ლომებს საჭმელი არ ჰყოფნით და მშივრები დადიან, იეჰოვას მაძიებლებს კი არაფერი მოაკლდებათ“ (ფსალმუნები 34:10, აქ [33:11]). მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა შესრულდება ესაიას 35:6–ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „მაშინ ირემივით იხტუნებს ხეიბარი“. მანამდე კი გადაწყვეტილი მაქვს, უძლურების მიუხედავად სიხარულით ვემსახურო იეჰოვას.
[რუკა 17 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
თურქეთი
სირია
ლიბანი
კვიპროსი
ნიქოზია
ქსილოფაგუ
ხმელთაშუა ზღვა
[სურათი 17 გვერდზე]
პირველი სამეფო დარბაზი ქსილოფაგუში. აქ დღემდე ტარდება შეხვედრები.
[სურათი 18 გვერდზე]
ეუფრეპიასთან ერთად 1946 წელს და დღეს.
[სურათი 20 გვერდზე]
ტელეფონით და წერილებით ქადაგება სიხარულს მანიჭებს.