„ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს, და არა ადამიანებს“
ღმერთს შეუძლია ჩვენი ხსნა
მართლაც, საოცარი და შიშისმომგვრელი სანახაობაა. ბაბილონის მახლობლად, დურას ველზე უზარმაზარი ოქროს კერპია აღმართული. ამ კერპის მიძღვნაზე მოწვეულნი არიან დიდებულები, რათა საკრავების ხმის გაგონებაზე თაყვანი სცენ კერპს. ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის ბრძანებით, ის, ვინც არ სცემს თაყვანს აღმართულ კერპს, გავარვარებულ ღუმელში მოხვდება. ვინ გაბედავს ამ ბრძანების უგულებელყოფას?
ყველას გასაოცრად, იეჰოვას სამი თაყვანისმცემელი შადრაქი, მეშაქი და ყაბედ–ნეგო თაყვანს არ სცემს ამ კერპს. მათ იციან, რომ, თუ ასე მოიქცევიან, იეჰოვას უღალატებენ (მეორე რჯული 5:8—10). ისინი ნაბუქოდონოსორის წინაშე მტკიცედ და უშიშრად აცხადებენ: „თუ ასე იქნება, ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შესწევს ძალა, რომ ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც გვიხსნას, მეფეო! თუ არა და, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ აღმართე“ (დანიელი 3:17, 18).
ეს სამი ახალგაზრდა ებრაელი ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ისინი სასწაულებრივად გადარჩნენ. ღმერთმა ანგელოზის მეშვეობით იხსნა თავისი ერთგული მსახურები. თუმცა მათ მანამდე უკვე გააკეთეს არჩევანი და ღვთისადმი დაუმორჩილებლობას სიკვდილი ამჯობინეს.a ექვსი საუკუნის შემდეგ ქრისტეს მოციქულებმაც მსგავსი პოზიცია დაიკავეს, როდესაც იუდეველთა უმაღლესი სასამართლოს წინაშე განაცხადეს: „ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს, და არა ადამიანებს“ (საქმეები 5:29).
მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩვენთვის
შადრაქი, მეშაქი და ყაბედ–ნეგო რწმენის, მორჩილებისა და ერთგულების შესანიშნავ მაგალითს იძლევიან. ამ სამმა ახალგაზრდამ რწმენა გამოავლინა იეჰოვას მიმართ. საღვთო წერილით გაწაფულმა სინდისმა არ დართო მათ იმის ნება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ნებისმიერი ფორმის ცრუ თაყვანისმცემლობასა თუ ეროვნულ დღესასწაულში. დღეს ქრისტიანებიც სრულად ენდობიან ჭეშმარიტ ღმერთს. ისინი ბიბლიით გაწაფული სინდისით ხელმძღვანელობენ და არ მონაწილეობენ ცრუ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ დღესასწაულებსა თუ იმ ცერემონიალებში, რომლებიც ღვთის კანონებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ეს სამი ერთგული ახალგაზრდა მიენდო იეჰოვას. მათ ღვთისადმი მორჩილება ბაბილონის იმპერიის მიერ შემოთავაზებულ დიდებასა და მაღალ მდგომარეობაზე არ გაცვალეს. ებრაელი ახალგაზრდები მზად იყვნენ, დატანჯულიყვნენ და მომკვდარიყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა გაფუჭებოდათ. მოსეს მსგავსად, ისინი ‘მტკიცენი იყვნენ, თითქოს უხილავს ხედავდნენ’ (ებრაელები 11:27). იმის მიუხედავად, იხსნიდა იეჰოვა მათ სიკვდილისგან თუ არა, ამ სამმა ახალგაზრდამ სიცოცხლეს უმწიკვლობის შენარჩუნება არჩია. როგორც ჩანს, პავლე მოციქული ამ ერთგულ მსახურებს გულისხმობდა, როცა თქვა: „ცეცხლის ძალას უძლებდნენ“ (ებრაელები 11:34). მსგავს რწმენასა და მორჩილებას ავლენენ დღეს იეჰოვას მსახურები, როდესაც ღვთისადმი მათი ერთგულება იცდება.
შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ–ნეგოს მაგალითიდან ასევე ვხედავთ, რომ იეჰოვა აჯილდოებს თავის ერთგულ მსახურებს. ფსალმუნმომღერალი ამბობს: „უფალი . . . არ მიატოვებს თავის წმიდებს“ (ფსალმუნები 36:28). დღეს არ უნდა მოველოდეთ იმას, რომ ღმერთი სასწაულებრივად გვიხსნის, როგორც ეს სამი ებრაელის შემთხვევაში მოხდა. მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ როგორი გამოცდის წინაშეც უნდა ვიდგეთ, ჩვენი ზეციერი მამა ყოველთვის დაგვეხმარება. ღმერთი ძალებს მოგვცემს პრობლემის ასატანად ან, თუ სიკვდილამდე ერთგულებას შევინარჩუნებთ, მკვდრეთით აღგვადგენს (ფსალმუნები 36:10, 11, 29; იოანე 5:28, 29). ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებთ, როცა რწმენასა და ერთგულებას ვავლენთ, და ღმერთს უფრო მეტად ვემორჩილებით, ვიდრე ადამიანებს.
[სქოლიოები]
a იხილეთ „იეჰოვას მოწმეების 2006 წლის კალენდარი“, ივლისი/აგვისტო.
[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]
იცოდით?
• სამი ებრაელი ახალგაზრდა 30 წელს იყო მიღწეული, როცა ღვთისადმი მათი ერთგულება გამოიცადა.
• ღუმელი ჩვეულებრივზე მეტად იყო გახურებული (დანიელი 3:19).