დაეხმარეთ სხვებს, მიჰყვნენ ბიბლიის სწავლებებს
„კარგ ნიადაგზე დაცვენილები ისინი არიან, ვინც კარგი და კეთილი გულით მოისმინა სიტყვა, იცავს მას და მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი“ (ლუკა 8:15).
1, 2. ა) რა მიზნით გამოიცა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში“? ბ) როგორ აკურთხა იეჰოვამ ბოლო წლებში თავისი ხალხის ძალისხმევა მოწაფეების მოსამზადებლად?
„შესანიშნავი წიგნია! მეც და მათაც, ვისაც ბიბლიას ვასწავლი, ძალიან მოგვწონს ის. ამ წიგნით კართანვე შეიძლება ბიბლიის შესწავლის დაწყება“. ასეთი აზრი გამოთქვა ერთმა პიონერმა წიგნზე „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“a ამავე პუბლიკაციის შესახებ ერთმა ხანდაზმულმა მაუწყებელმა თქვა: „50 წლის განმავლობაში მრავალს დავეხმარე იეჰოვას გაცნობაში. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ეს წიგნი განსაკუთრებულია. მასში მოცემული სურათები და მაგალითები ძალიან ეფექტურია“. თქვენ რას იტყოდით ამ წიგნზე? ბიბლიის შესასწავლად განკუთვნილი ეს პუბლიკაცია დაგეხმარებათ, მიჰყვეთ იესოს მოწოდებას: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20).
2 იეჰოვას გულს უხარებს იმის ხილვა, რომ დაახლოებით 6,6 მილიონი ადამიანი, რომლებიც მას ემსახურებიან, მზადყოფნით მიჰყვებიან იესოს მითითებას და ამზადებენ მოწაფეებს (იგავები 27:11). აშკარად ჩანს, რომ იეჰოვა აკურთხებს მათ ძალისხმევას. მაგალითად, 2005 სამსახურებრივი წლის განმავლობაში სასიხარულო ცნობა 235 ქვეყანაში ვრცელდებოდა და, საშუალოდ, ბიბლიის 6 061 500-ზე მეტი შესწავლა ტარდებოდა. ამის წყალობით მრავალმა ‘მოისმინა ღვთის სიტყვა და მიიღო იგი არა როგორც ადამიანის სიტყვა, არამედ როგორც სინამდვილეშია — როგორც ღვთის სიტყვა’ (1 თესალონიკელები 2:13). გასული ორი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა ცხოვრება იეჰოვას ნორმებს შეუსაბამა, გახდა ქრისტეს მოწაფე და ღმერთს თავი მიუძღვნა.
3. რა კითხვებს შევეხებით ამ სტატიაში ახალ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით?
3 გაქვთ ვინმესთან ბიბლიის შესწავლა? მსოფლიოში ჯერ კიდევ არიან „კარგი და კეთილი გულის“ ადამიანები, რომლებიც ღვთის სიტყვის მოსმენის შემდეგ ‘დაიცავენ მას და მოთმინებით გამოიღებენ ნაყოფს’ (ლუკა 8:11—15). მოდი ვნახოთ, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ მოწაფეების მომზადების საქმეში. ამ განხილვისას ჩვენ სამ კითხვას შევეხებით: 1) როგორ შეგიძლიათ ბიბლიის შესწავლის დაწყება? 2) სწავლების რა მეთოდებია განსაკუთრებით ეფექტური? 3) როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ადამიანს, გახდეს არა მხოლოდ ღვთის სიტყვის, ბიბლიის, შემსწავლელი, არამედ — მასწავლებელიც?
როგორ შეგიძლიათ ბიბლიის შესწავლის დაწყება?
4. რატომ იკავებს ზოგი თავს ბიბლიის შესწავლისგან და როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ?
4 ვინმემ რომ გითხრათ დიდ გუბეს გადაახტითო, ალბათ თავს შეიკავებდით. მაგრამ თუ გადასასვლელად იქ ქვები იქნებოდა ჩალაგებული, უფრო გაბედავდით. შეიძლება ადამიანმაც დროის უკმარისობის გამო თავი შეიკავოს ბიბლიის შესწავლის დაწყებისგან. ის შეიძლება ფიქრობდეს, რომ ბიბლიის შესწავლას დიდი დრო უნდა გამოუყოს. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მას? წიგნზე „რას გვასწავლის ბიბლია?“ დაფუძნებული რამდენიმე მოკლე, შინაარსიანი საუბრით თქვენ შეძლებთ, ასეთ ადამიანთან რეგულარულად ჩაატაროთ ბიბლიის შესწავლა. თქვენი კარგი მომზადების შედეგად თითოეული მონახულება შემსწავლელისთვის იქცევა „გადასასვლელ ქვად“, რომელიც მას იეჰოვასთან დააახლოებს.
5. რატომ არის საჭირო, რომ კარგად იცნობდეთ წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია“?
5 მაგრამ, ვიდრე სხვას დაეხმარებოდეთ ამ წიგნით, თავადვე კარგად უნდა გაეცნოთ მის შინაარსს. უკვე წაიკითხეთ წიგნი ბოლომდე? ზღვაზე დასასვენებლად წასულმა ერთმა წყვილმა თან წაიღო ეს წიგნი და იქ კითხულობდა მას. ერთმა ქალმა, რომელსაც პლაჟზე სხვადასხვა რამე დაჰქონდა გასაყიდად, შეამჩნია წიგნის სათაური „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მან ამ ცოლ-ქმარს უთხრა, რომ სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ ღმერთს ლოცვით მიმართა და სთხოვა, დახმარებოდა, რომ ზუსტად ამ კითხვაზე გაეგო პასუხი. წყვილმა სიხარულით მისცა ამ ქალს ეს წიგნი. ‘გამოისყიდეთ დრო’ ამ წიგნის თუნდაც მეორედ წასაკითხად, როცა ვინმეს ელოდებით ან სკოლასა თუ სამსახურში შესვენება გაქვთ (ეფესოელები 5:15, 16). თუ ასე აკეთებთ, უკეთ გაეცნობით ბიბლიის შესწავლაში დამხმარე ამ სახელმძღვანელოს და ხელიდან არ გაუშვებთ შესაძლებლობას, რომ სხვებს ამ წიგნის შესახებ ესაუბროთ.
6, 7. როგორ შეგიძლიათ ბიბლიის შესწავლის დაწყება წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია“?
6 მსახურების დროს ეცადეთ, ეფექტურად გამოიყენოთ მე-4—6 გვერდებზე მოცემული სურათები, იქვე მითითებული მუხლები და კითხვები. მაგალითად, საუბარი შეგიძლიათ შემდეგნაირად დაიწყოთ: „თუ გავითვალისწინებთ ყველა იმ პრობლემას, რასაც კაცობრიობა ხვდება, თქვენი აზრით, სად უნდა ვეძებოთ საიმედო ხელმძღვანელობა?“ მას შემდეგ, რაც ყურადღებით მოისმენთ მოსაუბრის პასუხს, წაუკითხეთ მას 2 ტიმოთეს 3:16, 17 და აუხსენით, რომ ბიბლია კაცობრიობის პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზას გვიჩვენებს. შემდეგ მობინადრის ყურადღება გაამახვილეთ მე-4 და მე-5 გვერდებზე და ჰკითხეთ: „სურათზე ასახული პრობლემებიდან რომელი გაწუხებთ ყველაზე მეტად?“ როდესაც მობინადრე ერთ-ერთ მათგანზე მიგითითებთ, წიგნი მას დააჭერინეთ, თავად კი ბიბლიიდან ამოუკითხეთ თანდართული მუხლი. შემდეგ წაიკითხეთ მე-6 გვერდზე მოცემული მასალა და შეეკითხეთ მობინადრეს, ამ გვერდზე ჩამოთვლილი ექვსი კითხვიდან რომლის პასუხი აინტერესებს. როდესაც მობინადრე ამ კითხვებიდან ერთ-ერთს დაასახელებს, წიგნიდან უჩვენეთ შესაბამისი თავი, დაუტოვეთ წიგნი და კონკრეტულად შეუთანხმდით, თუ როდის მიხვალთ და იმსჯელებთ ამ საკითხზე.
7 ზემოაღწერილ შეთავაზებას დაახლოებით ხუთი წუთი დასჭირდება. ამ რამდენიმე წუთში თქვენ გაიგებთ, რა აწუხებს მობინადრეს, წაუკითხავთ და აუხსნით მას ორ მუხლს და საფუძველს ჩაუყრით განმეორებით მონახულებას. მობინადრესთან ხანმოკლე საუბარი და თქვენი მანუგეშებელი სიტყვები, რომელთა მსგავსი მას შესაძლოა დიდი ხანია არავისგან სმენია, მისთვის შეიძლება ძალიან გამამხნევებელი აღმოჩნდეს. შედეგად, დაკავებული ადამიანიც კი სიამოვნებით დაგელოდებათ, რათა მომავალში კიდევ რამდენიმე წუთი დაგითმოთ; თქვენ კი შესაძლებლობა მოგეცემათ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაადგმევინოთ იმ „გზაზე, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს“ ადამიანები (მათე 7:14). რაც უფრო გაუღრმავდება მობინადრეს ინტერესი, შესწავლის ხანგრძლივობაც დროთა განმავლობაში უნდა გაიზარდოს. ამის შესაძლებლობა მოგეცემათ, თუ მობინადრეს შესთავაზებთ, რომ ჩამოსხდეთ და შესწავლას ცოტა მეტი დრო დაუთმოთ.
სწავლებისთვის განსაკუთრებით ეფექტური მეთოდები
8, 9. ა) როგორ შეგიძლიათ მოამზადოთ ბიბლიის შემსწავლელი დაბრკოლებების გადასალახავად? ბ) სად შეიძლება რწმენის განმამტკიცებელი „ცეცხლგამძლე მასალის“ პოვნა?
8 როდესაც ადამიანი ბიბლიიდან ნასწავლის გამოყენებას იწყებს, ის ალბათ ისეთ დაბრკოლებებსაც შეხვდება, რომლებმაც შეიძლება მისი წინსვლა შეაფერხოს. პავლე მოციქულმა თქვა: „ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12). პავლემ ასეთი განსაცდელები შეადარა ცეცხლს, რომელიც ანადგურებს უხარისხო მასალას, მაგრამ ვერაფერს ვნებს ოქროს, ვერცხლსა და ძვირფას ქვებს (1 კორინთელები 3:10—13; 1 პეტრე 1:6, 7). ბიბლიის შემსწავლელს ისეთი თვისებების განვითარებაში რომ დაეხმაროთ, რომლებიც განსაცდელებს აატანინებს, რწმენა „ცეცხლგამძლე მასალით“ უნდა „აშენებინოთ“.
9 „იეჰოვას სიტყვებს“ ფსალმუნმომღერალი ადარებს ‘მიწის ღუმელში შვიდჯერ გაწმენდილ ხალას ვერცხლს’ (ფსალმუნი 12:6). ბიბლიაში მოცემულია ყველანაირი „ძვირფასი მასალა“, რომელიც რწმენას განგვიმტკიცებს (ფსალმუნი 19:7—11; იგავები 2:1—6). წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია?“ ნაჩვენებია, როგორ შეიძლება ბიბლიის ეფექტურად გამოყენება.
10. როგორ შეგიძლიათ შემსწავლელის ყურადღება ბიბლიაზე მიმართოთ?
10 შესწავლის დროს დაინტერესებულს ყურადღება გაუმახვილეთ თითოეულ თავში ციტირებულ მუხლებზე. კითხვების საშუალებით დაეხმარეთ შემსწავლელს, ჩასწვდეს ძირითად ბიბლიურ მუხლებს და პირადად გამოიყენოს ისინი. თქვენ არ უნდა უკარნახოთ მას, რა გადაწყვეტილებები მიიღოს და რა ცვლილებები მოახდინოს ცხოვრებაში. ნაცვლად ამისა, მიჰბაძეთ იესოს. როდესაც კანონში ჩახედულმა ერთმა კაცმა მას კითხვა დაუსვა, იესომ მიუგო: „კანონში რა წერია? რას კითხულობ?“ მამაკაცმა იესოს წმინდა წერილებიდან უპასუხა, იესომ კი დაანახვა მას, როგორ გამოეყენებინა ეს პრინციპი ცხოვრებაში. მაგალითის საშუალებით იესომ ისიც უჩვენა, თუ რა გავლენა უნდა მოეხდინა ამ სწავლებას თვით ამ მამაკაცზე (ლუკა 10:25—37). წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია?“ მოცემულია მრავალი მარტივი მაგალითი, რომელთა საშუალებითაც დაეხმარებით შემსწავლელს, ბიბლიური პრინციპები პრაქტიკაში გამოიყენოს.
11. რა ოდენობის მასალა უნდა გაიაროთ ერთ შეხვედრაზე?
11 იესო მარტივად გადასცემდა რთულ აზრებს. ამ წიგნშიც მარტივი და გასაგები ენით არის ახსნილი ღვთის სიტყვა (მათე 7:28, 29). მიჰბაძეთ იესოს! ინფორმაცია მარტივად, გასაგებად და ზუსტად გადაეცით. სწრაფად ნუ გაივლით მასალას. ნაცვლად ამისა, გაითვალისწინეთ შემსწავლელის მდგომარეობა თუ უნარი და ამის მიხედვით განსაზღვრეთ, რამდენ აბზაცს განიხილავთ თითო შეხვედრაზე. იესომ იცოდა თავისი მოწაფეების შესაძლებლობები და იმაზე მეტი არ უთქვამს მათთვის, რაც იმ დროს აუცილებელი იყო, რომ სცოდნოდათ (იოანე 16:12).
12. როგორ შეიძლება დანართის გამოყენება?
12 წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია?“ მოცემულია 14 თემისგან შემდგარი დანართი. თქვენ თვითონ უნდა განსაზღვროთ, როგორ შეიძლება შემსწავლელისთვის ამ მასალის საუკეთესოდ გადაცემა. მაგალითად, თუ ძველი რელიგიური შეხედულებების გამო ბიბლიის შემსწავლელს უჭირს ამა თუ იმ სწავლებასთან დათანხმება და მრავალი კითხვაც აქვს, შეიძლება საკმარისი იყოს, დანართში უჩვენოთ კონკრეტული საკითხი, რათა მან დამოუკიდებლად გამოიკვლიოს ის. მეორე მხრივ კი, შეიძლება გარკვეული მიზეზების გამო უმჯობესი იყოს, მასთან ერთად გაიაროთ ეს მასალა. დანართში განხილულია ისეთი ძირითადი ბიბლიური სწავლებები, როგორიცაა «რას ნიშნავს სიტყვა „სული“?» და «რა არის „დიდი ბაბილონი“?» შეიძლება საჭიროდ ჩათვალოთ შემსწავლელთან ერთად ამ საკითხების განხილვა. რადგან დანართში მოცემულ თემებს თანდართული კითხვები არა აქვს, თქვენ კარგი მომზადება გჭირდებათ, რომ დაინტერესებულს გააზრებული კითხვები დაუსვათ.
13. რატომ არის ლოცვა მნიშვნელოვანი რწმენის გასაძლიერებლად?
13 „თუ იეჰოვა არ აშენებს სახლს, ტყუილად ირჯებიან მისი მშენებლები“, — ნათქვამია ფსალმუნის 127:1-ში. ამიტომ, როდესაც ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად წინასწარ ემზადებით, იეჰოვას სთხოვეთ დახმარება ლოცვაში. შესწავლის დასაწყისში და დასასრულს წარმოთქმული ლოცვებით დაანახვეთ შემსწავლელს, რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვთ იეჰოვასთან. აღძარით შემსწავლელი, ლოცვით მიმართოს იეჰოვას და სთხოვოს სიბრძნე მისი სიტყვის გასაგებად და ძალა, რომ ცხოვრებაში გამოიყენოს ნასწავლი (იაკობი 1:5). თუ ის ასე მოიქცევა, შემსწავლელი ძალებს მოიკრებს განსაცდელების ასატანად და რწმენას განიმტკიცებს.
დაეხმარეთ ბიბლიის შემსწავლელს, გახდეს მასწავლებელი
14. რა მხრივ უნდა წაიწიოს წინ ბიბლიის შემსწავლელმა?
14 თუ ბიბლიის შემსწავლელი ცდილობს, შეასრულოს „ყველაფერი“, რაც იესომ თავის მოწაფეებს დაავალა, ის ღვთის სიტყვის მხოლოდ შემსწავლელი კი არ უნდა დარჩეს, არამედ მასწავლებელიც უნდა გახდეს (მათე 28:19, 20; საქმეები 1:6—8). რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ ამ მხრივ დაეხმაროთ შემსწავლელს?
15. რატომ უნდა აღძრათ შემსწავლელი, რომ დაესწროს ქრისტიანულ შეხვედრებს?
15 შემსწავლელი პირველი შესწავლისთანავე დაპატიჟეთ კრებაზე. აუხსენით მას, რომ შეხვედრები ქრისტიანებს ეხმარება, ღვთის სიტყვის მასწავლებლები იყვნენ. რამოდენიმე კვირის განმავლობაში თითოეული შესწავლის ბოლოს რამდენიმე წუთი დაუთმეთ, რომ აუხსნათ, რა სულიერ დასწავლებას იღებთ კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე. ხალისით ილაპარაკეთ, რა სარგებლობა მოაქვს თქვენთვის ასეთ შეხვედრებს (ებრაელები 10:24, 25). თუ შემსწავლელი შეხვედრებზე დასწრებას დაიწყებს, მეტი ალბათობაა, რომ ის ღვთის სიტყვის მასწავლებელი გახდეს.
16, 17. რა მიზნების დასახვა და მიღწევა შეუძლია შემსწავლელს?
16 დაეხმარეთ შემსწავლელს, რომ ისეთი მიზნები დაისახოს, რომელთა მიღწევასაც შეძლებს. მაგალითად, წაახალისეთ, რომ ნასწავლი მეგობარს ან ნათესავს გაუზიაროს. მოუწოდეთ, რომ მიზნად ბიბლიის წაკითხვაც დაისახოს. თუ ბიბლიის კითხვას ის ჩვევად გაიხდის, ეს მომავალშიც, მონათვლის შემდეგაც, დაეხმარება მას. ამასთანავე, კარგი იქნება, თუ ბიბლიის შემსწავლელს ვურჩევთ, მიზნად დაისახოს თუნდაც ერთი ბიბლიური მუხლის დამახსოვრება, რომელიც პასუხს სცემს წიგნის თითოეულ თავში დასმულ ძირითად კითხვას. თუ ბიბლიის შემსწავლელი ამ ყოველივეს მხედველობაში მიიღებს, ის გახდება „მოსაწონი მუშა, რომელიც სასირცხვილოს არაფერს აკეთებს და სწორად გადასცემს ჭეშმარიტების სიტყვას“ (2 ტიმოთე 2:15).
17 ბიბლიის შემსწავლელს ასწავლეთ, რომ მასთან საუბრისას, ვინც რწმენის შესახებ ახსნა-განმარტებას სთხოვს, არა მხოლოდ ბიბლიური მუხლი მოიყვანოს, არამედ ახსნას კიდეც მისი მნიშვნელობა. ამაში შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს ისეთი სიტუაციის გათამაშება, რომელშიც თქვენ მისი ნათესავის ან თანამშრომლის როლში გამოხვიდოდით, ის კი ამა თუ იმ სწავლებას აგიხსნიდათ. ასწავლეთ მას, როგორ გიპასუხოთ „რბილად და ღრმა პატივისცემით“ (1 პეტრე 3:15).
18. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შემსწავლელს მას შემდეგაც, როცა ის მოუნათლავი მაუწყებელი გახდება?
18 დროთა განმავლობაში შემსწავლელი შეიძლება სულიერად გაიზარდოს და სამქადაგებლო მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა. დაანახვეთ, რომ დიდი პატივია მსახურებაში მონაწილეობა (2 კორინთელები 4:1, 7). თუ შემსწავლელი უხუცესებთან გასაუბრებას გაივლის და მოუნათლავი მაუწყებელი გახდება, დაეხმარეთ მას მოამზადოს მარტივი შეთავაზება და ერთად წადით მსახურებაში. რეგულარულად ითანამშრომლეთ მასთან მსახურების სხვადასხვა სფეროში. ასწავლეთ, როგორ მოემზადოს განმეორებითი მონახულებისთვის და როგორ გააკეთოს ის ეფექტურად. კარგი მაგალითით დადებით გავლენას მოახდენთ მასზე (ლუკა 6:40).
„შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც“
19, 20. რა მიზანი უნდა დავისახოთ და რატომ?
19 უდავოდ, დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:4). ცხოვრებაში არც ისე ბევრ რამეს შეუძლია ისეთი სიხარულის მონიჭება, როგორიც იმის დანახვას, რომ შემსწავლელი ბიბლიის სწავლებებს მიჰყვება (1 თესალონიკელები 2:19, 20). მართლაც დიდი პატივი გვხვდა წილად, რომ ვიყოთ „ღვთის თანამშრომელნი“ და მონაწილეობა მივიღოთ მსოფლიო სამქადაგებლო საქმეში (1 კორინთელები 3:9).
20 იესო ქრისტესა და ძლევამოსილი ანგელოზების მეშვეობით იეჰოვა მალე პასუხს მოსთხოვს მათ, „ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ“ (2 თესალონიკელები 1:6—8). ადამიანების სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. მიზნად დაისახეთ, რომ სულ მცირე ერთ შესწავლას მაინც ატარებდეთ წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობით „შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც“ (1 ტიმოთე 4:16). დღეს ისე, როგორც არასდროს, ადამიანებს სჭირდებათ დახმარება, რათა მიჰყვნენ ბიბლიის სწავლებებს.
[სქოლიო]
a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
რა ისწავლეთ?
• რა მიზნით გამოიცა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია“?
• როგორ შეგიძლიათ ბიბლიის შესწავლის დაწყება ამ წიგნით?
• სწავლების რა მეთოდებია საუკეთესო?
• როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შემსწავლელს, გახდეს ღვთის სიტყვის მასწავლებელი?
[სურათი 26 გვერდზე]
ეფექტურად იყენებთ ამ წიგნს?
[სურათი 27 გვერდზე]
ხანმოკლე მსჯელობამ ადამიანს შეიძლება ბიბლიისადმი ინტერესი აღუძრას.
[სურათი 29 გვერდზე]
რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ შემსწავლელის ყურადღება ბიბლიაზე გადაიტანოთ?
[სურათი 30 გვერდზე]
დაეხმარეთ ბიბლიის შემსწავლელს, რომ მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა.