მკითხველთა შეკითხვები
რამდენი წმინდა ცხოველი შეიყვანა ნოემ კიდობანში — თითოეული წმინდა ცხოველიდან შვიდი თუ შვიდი წყვილი?
კიდობნის აშენების შემდეგ, იეჰოვამ უთხრა ნოეს: „შედით კიდობანში შენ და შენი ოჯახი, რადგან დავინახე, რომ შენა ხარ მართალი ჩემ წინაშე ამ თაობაში. წმინდა ცხოველთაგან აიყვანე შვიდ-შვიდი, დედალ-მამალი, უწმინდურ ცხოველთაგან კი — მხოლოდ ორ-ორი, დედალ-მამალი“ (დაბადება 7:1, 2). ზოგიერთი თარგმანი, მაგალითად, „ახალი ინგლისური ბიბლია“, „ახალი იერუსალიმის ბიბლია“ და „თანახი — წმინდა წერილები“, ამ ებრაულ ტექსტს თარგმნის „შვიდ წყვილად“.
დედანში ამ ადგილას წერია „შვიდ-შვიდი“. მაგრამ ებრაულ ენაში ციფრის ფუძის გაორკეცება სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ციფრი ორზე უნდა გავამრავლოთ. მაგალითად, 2 სამუელის 21:20-ში მოხსენიებულია „ბუმბერაზი, რომელსაც ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ჰქონდა“. ებრაულ ტექსტში ციფრი ექვსი ფუძეგაორკეცებულია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბუმბერაზს თითოეულ ხელსა და ფეხზე ექვსი წყვილი ანუ 12 თითი ჰქონდა. ებრაული ენის გრამატიკაში ფუძის გაორკეცება იმაზე მიუთითებს, რომ მას თითოეულ ხელსა და ფეხზე ექვსი თითი ჰქონდა.
ამიტომ დაბადების 7:2-ში მოხსენიებული „შვიდ-შვიდი“ არ ნიშნავს შვიდ წყვილს ანუ 14-ს, ისევე როგორც დაბადების 7:9, 15-ში ციფრი ორის ფუძის გაორკეცება არ ნიშნავს ორ წყვილს ანუ ოთხს. ამიტომ თითოეული წმინდა ცხოველიდან კიდობანში შეიყვანეს შვიდი და თითოეული უწმინდური ცხოველიდან — მხოლოდ ორი.
მაშ, რაზე მიუთითებს დაბადების 7:2-ში „შვიდ-შვიდის“ შემდეგ მოხსენიებული „დედალ-მამალი“? ზოგმა დაასკვნა, რომ ღმერთმა ნოეს უთხრა, თითოეული წმინდა ცხოველიდან შვიდი წყვილი შეეყვანა კიდობანში მათი გამრავლების მიზნით. მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო მათი გადარჩენის მიზანი. დაბადების 8:20-ში ნათქვამია, რომ კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ „აუგო ნოემ სამსხვერპლო იეჰოვას და წმინდა ცხოველებიდან და წმინდა ფრინველებიდან მსხვერპლი მიიტანა სამსხვერპლოზე დასაწვავ შესაწირავად“. თითოეული წმინდა ცხოველიდან შვიდის ყოლამ ნოეს საშუალება მისცა, ერთი მსხვერპლად შეეწირა, დანარჩენი სამი წყვილი კი გასამრავლებლად დაეტოვებინა.