ჯონ მილტონის დაკარგული ტრაქტატი
იშვიათია მწერალი, რომელმაც ისეთი დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოზე, როგორიც ჯონ მილტონმა. მის კალამს ეკუთვნის ინგლისურ ენაზე შესრულებული ეპიკური პოემა „დაკარგული სამოთხე“. ერთმა ბიოგრაფმა დაწერა, რომ მილტონი „ბევრს უყვარდა, ცოტას სძულდა და მხოლოდ ზოგისთვის იყო უცნობი“. ინგლისური ლიტერატურა და კულტურა დღემდე უმადლის მილტონს მისი ნაშრომებისთვის.
რით გაითქვა მილტონმა სახელი? რატომ გახდა მისი ბოლო ტრაქტატი „ქრისტიანობის დოქტრინის შესახებ“ იმდენად სადავო, რომ 150 წლის მანძილზე არ გამოაქვეყნეს?
ახალგაზრდობის წლები
ჯონ მილტონი 1608 წელს ლონდონში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ის წერდა: „მამაჩემი პატარაობიდანვე მინერგავდა ლიტერატურის სიყვარულს. კითხვა იმდენად მიყვარდა, რომ თორმეტი წლის ასაკიდან ყოველდღე ვკითხულობდი, ზოგჯერ შუაღამემდეც კი“. მილტონი ბეჯითი მოსწავლე იყო. კემბრიჯის უნივერსიტეტში მან 1632 წელს მაგისტრის წოდება მიიღო. მას შემდეგშიც არ შეუწყვეტია ისტორიისა და კლასიკური ლიტერატურის კითხვა.
მილტონს უნდოდა პოეტი გამხდარიყო, მაგრამ იმდროინდელი ინგლისი რევოლუციის ქარცეცხლში იყო გახვეული. პარლამენტმა, რომელსაც ძირითადად ოლივერ კრომველი ხელმძღვანელობდა, მეფე ჩარლზ I-ს სასამართლო მოუწყო და 1649 წელს ის სიკვდილით დასაჯეს. მილტონმა მტკიცე ლოგიკით გაამართლა ეს თავის პუბლიცისტურ წერილებში და კრომველის მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახდა. ფაქტობრივად, პოეტის სახელის მოხვეჭამდე მილტონმა პოლიტიკური და ეთიკური შინაარსის ტრაქტატებით გაითქვა სახელი.
1660 წელს ჩარლზ II-ის კორონაციით მონარქიის აღდგენის შემდეგ, კრომველთან კავშირმა მილტონის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. ის იძულებული გახდა, დამალულიყო და მხოლოდ გავლენიანი მეგობრების წყალობით გადაურჩა სიკვდილს. მთელი ამ ხნის მანძილზე მას სულიერი საკითხებისადმი ინტერესი არ განელებია.
„ბიბლია ეტალონად“
მილტონმა სულიერი საკითხებისადმი თავისი ინტერესის შესახებ დაწერა: „ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა გულმოდგინედ დავიწყე ძველი და ახალი აღთქმის დედნისეულ ენებზე გამოკვლევა“. ის წმინდა წერილებს ზნეობრივ და რელიგიურ საკითხებში ერთადერთ სანდო სახელმძღვანელოდ მიიჩნევდა. იმ დროს აღიარებული თეოლოგიური ნაშრომების შესწავლამ მილტონი გულგატეხილობამდე მიიყვანა. მოგვიანებით ის წერდა: „იმ აზრამდე მივედი, რომ ჩემი რწმენა და ხსნის იმედი ასეთ სახელმძღვანელოებზე არ უნდა დამეფუძნებინა“. მილტონმა გადაწყვიტა, თავისი მრწამსის შესაფასებლად „მხოლოდ ბიბლია გამოეყენებინა ეტალონად“. მან შეადგინა სია და დაყო ქვესათაურებად, რომლებშიც მნიშვნელოვანი მუხლები ჩამოწერა; ბიბლიურ მუხლებს ის ამ სიიდან ციტირებდა.
დღეს ჯონ მილტონი ყველაზე მეტად ცნობილია ნაწარმოებით „დაკარგული სამოთხე“, რომელშიც პოეტური ენით არის მოთხრობილი, როგორ დაკარგეს ადამიანებმა სრულყოფილება (დაბადების მესამე თავი). ეს ნაშრომი პირველად 1667 წელს გამოქვეყნდა. სწორედ მისი წყალობით დაიმკვიდრა მილტონმა მწერლის სახელი, განსაკუთრებით კი ინგლისურენოვან ქვეყნებში. მოგვიანებით მან გამოსცა ამ ნაწარმოების გაგრძელება სათაურით „დაბრუნებული სამოთხე“. ამ პოემებში წარმოდგენილია ღვთის თავდაპირველი განზრახვა, რომლის მიხედვითაც ადამიანებს სრულყოფილი სიცოცხლით უნდა გაეხარათ სამოთხეში დედამიწაზე; ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ ღმერთი ქრისტეს მეშვეობით აღადგენს დედამიწაზე სამოთხეს. მაგალითად, „დაკარგულ სამოთხეში“ მთავარანგელოზი მიქაელი წინასწარმეტყველებს დროზე, როცა ქრისტე „დააჯილდოებს თავის ერთგულებს მარადიული ნეტარებით დედამიწასა თუ ზეცაში; მაშინ მთელი დედამიწა სამოთხედ იქცევა და ადამიანები იმაზე ბედნიერები იქნებიან, ვიდრე ედემში იყვნენ“.
„ქრისტიანობის დოქტრინის შესახებ“
წლების მანძილზე მილტონს უნდოდა დაეწერა წიგნი, რომელშიც ვრცლად განიხილავდა ქრისტიანულ ცხოვრებასა და სწავლებებს. მიუხედავად იმისა, რომ 1652 წელს საერთოდ დაკარგა მხედველობა, მდივნების დახმარებით მან სიცოცხლის ბოლომდე, 1674 წლამდე, ამ პროექტზე იმუშავა. მილტონმა თავის ბოლო ნაშრომს უწოდა „ტრაქტატი ქრისტიანობის დოქტრინის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წერილებზე დაფუძნებით“. წინასიტყვაობაში მან დაწერა: „მწერალთა უმეტესობა, რომლებიც ამ საკითხებს განიხილავდნენ, . . . შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ მარგინალური შენიშვნებით, თავითა და მუხლით, ანუ იმ ბიბლიური მუხლების მოკლე მინიშნებით, რომლებზეც სწავლებები იყო დაფუძნებული. მე კი შევეცადე, რომ ჩემი ნაშრომის ფურცლები სავსე ყოფილიყო მთელი ბიბლიიდან აღებული ციტატებით“. მართლაც, როგორც მილტონმა აღნიშნა, ტრაქტატში „ქრისტიანობის დოქტრინის შესახებ“ წმინდა წერილები პირდაპირ თუ გაკვრით 9 000-ზე მეტჯერ არის ციტირებული.
ადრე მილტონს არ ერიდებოდა თავისი თვალსაზრისის საჯაროდ გაცხადება, მაგრამ ამჯერად თავი შეიკავა ამ ნაშრომის გამოქვეყნებისგან. მან იცოდა, რომ ბიბლიური მუხლების მისეული ახსნა ძალიან განსხვავდებოდა საყოველთაოდ აღიარებული საეკლესიო სწავლებებისგან. გარდა ამისა, მონარქიის აღდგენის შემდეგ მან მთავრობის კეთილგანწყობა დაკარგა. ამიტომ ის, ალბათ, მდგომარეობის გამოსწორებას ელოდებოდა. მილტონის სიკვდილის შემდეგ მისმა მდივანმა ლათინური ხელნაწერები გამომცემლობაში წაიღო, მაგრამ ის უარით გაისტუმრეს. ინგლისის სახელმწიფო მდივანმა ხელნაწერების კონფისკაცია მოახდინა და არქივში შეინახა ისინი. დღის სინათლე მილტონის ნაშრომმა მხოლოდ საუკუნე-ნახევრის შემდეგ იხილა.
1823 წელს ერთმა კლერკმა აღმოაჩინა ქაღალდში გახვეული მანუსკრიპტი, რომელიც ამ გამოჩენილ პოეტს ეკუთვნოდა. ინგლისის მეფე ჯორჯ IV-მ ბრძანება გასცა, რომ ნაშრომი ლათინურიდან ეთარგმნათ და გამოექვეყნებინათ. ორი წლის შემდეგ გამოაქვეყნეს მისი ინგლისური ვარიანტი, რომელიც თეოლოგიურ და ლიტერატურულ წრეებში ცხარე კამათის საგნად იქცა. ერთმა ეპისკოპოსმა მაშინვე განაცხადა, რომ მანუსკრიპტი ყალბი იყო; ის ვერ იჯერებდა, რომ მილტონმა — ინგლისის გამოჩენილმა რელიგიურმა მგოსანმა — ეკლესიის წმინდა სწავლებები უარყო. მთარგმნელმა იცოდა, რომ მილტონის ნაშრომს უნდობლად შეხვდებოდნენ, ამიტომ საავტორო უფლებების დასაცავად გამოცემას დაურთო სქოლიოები, სადაც მოცემული იყო 500 მსგავსება ამ ტრაქტატსა და „დაკარგულ სამოთხეს“ შორისa.
მილტონის რელიგიური შეხედულებები
მილტონის მოღვაწეობის პერიოდში ინგლისს რომის კათოლიკურ ეკლესიასთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა და ქვეყანაში პროტესტანტული რეფორმაცია მიმდინარეობდა. პროტესტანტების უმეტესობა მიიჩნევდა, რომ რწმენისა და ზნეობის საკითხებში ერთადერთი ავტორიტეტი წმინდა წერილები იყო და არა რომის პაპი. მაგრამ ტრაქტატში „ქრისტიანობის დოქტრინის შესახებ“ მილტონმა აღნიშნა, რომ არც მრავალი პროტესტანტული სწავლება და ჩვეულება ეთანხმებოდა წმინდა წერილებს. ბიბლიის საფუძველზე მან აღიარა ნების თავისუფლება და უარყო კალვინიზმის სწავლება ბედისწერის შესახებ. ის სავალდებულოდ თვლიდა ღვთის სახელის სათანადოდ გამოყენებას და ხშირად მოიხსენიებდა იეჰოვას თავის ნაშრომებში.
მილტონი ასევე წმინდა წერილების საფუძველზე ამტკიცებდა, რომ სული კვდება. დაბადების 2:7-იდან გამომდინარე, ის შემდეგ კომენტარს აკეთებდა: «როცა ადამიანი შეიქმნა, ნათქვამი იყო, რომ „იქცა კაცი ცოცხალ სულად“. . . ის არ შედგება ორი ნაწილისგან ანუ შეუძლებელია მისი განცალკევება, როგორც ხშირად ფიქრობენ, რომ ის არის ორი განსხვავებული და ცალკეული ელემენტი — სული და სხეული. პირიქით, ადამიანი არის სული და სული არის ადამიანი». შემდეგ მილტონი სვამს კითხვას: „ადამიანი მთლიანად კვდება, თუ მხოლოდ მისი სხეული კვდება?“ ამის შემდეგ მას მოჰყავს უამრავი ბიბლიური მუხლი იმის დასადასტურებლად, რომ ადამიანი მთლიანად კვდება და დასძენს: «ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი, რომლის მოყვანაც შემიძლია იმის დასამტკიცებლად, რომ სული კვდება, არის ეზეკ[იელის 18:]20-ში ჩაწერილი ღვთის სიტყვები: „სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება“». მილტონი აგრეთვე ციტირებდა ლუკას 20:37-სა და იოანეს 11:25-ს იმის საჩვენებლად, რომ გარდაცვლილები მომავალი აღდგომის დროს გაცოცხლდებიან.
რომელმა საკითხმა გამოიწვია ამ ნაშრომიდან ყველაზე მძაფრი რეაქცია? მილტონის მარტივმა, მაგრამ, ამავე დროს, ძლიერმა ბიბლიურმა მტკიცებამ, რომ ქრისტე, ღვთის ძე, ემორჩილება მამა ღმერთს. იოანეს 17:3-ისა და იოანეს 20:17-ის ციტირების შემდეგ მილტონი სვამს კითხვას: „თუ მამა არის ქრისტეს ღმერთი და ჩვენი ღმერთი, და თუ მხოლოდ ერთადერთი ღმერთი არსებობს, მაშინ ვინღაა ღმერთი, თუ არა მამა?“
მილტონი დასძენს: „თავად ძე და მისი მოციქულები ყოველთვის აღიარებდნენ საუბარსა თუ წერილებში, რომ მამა ძეზე დიდია ყველაფერში“ (იოანე 14:28). «მათ. xxvi 39-ში ქრისტე ამბობს: „მამაო ჩემო, თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ“. . . რატომ მიმართავს ის ლოცვით მხოლოდ მამას და არა საკუთარ თავს, თუ თავად ღმერთია? თუ ის კაციცაა და უზენაესი ღმერთიც, რატომ ითხოვს ლოცვაში იმას, რისი გაკეთების ძალა თავადაც შესწევს? . . . ვინაიდან ძე ყველგან განადიდებს და თაყვანს სცემს მხოლოდ მამას, ის ჩვენც გვასწავლის, რომ მსგავსად მოვიქცეთ».
მილტონის შეცდომები
ჯონ მილტონი ჭეშმარიტებას ეძებდა. თუმცა შეცდომებისგან დაზღვეული არ იყო. მის თვალსაზრისზე ზოგჯერ ცხოვრებისეული გამოცდილება ახდენდა გავლენას. მაგალითად, დაქორწინებიდან მალევე მისმა ცოლმა, რომელიც მემამულის ქალიშვილი იყო, მიატოვა ის და დაახლოებით სამი წელი მშობლებთან ცხოვრობდა. ამ ხნის მანძილზე მილტონმა დაწერა ტრაქტატები, რომლებიც ამართლებდა განქორწინებას არა მარტო ღალატის მიზეზით (ერთადერთი მიზეზი, რომელსაც იესო ამართლებდა), არამედ იმ მიზეზითაც, თუ წყვილი არ შეეფერებოდა ერთმანეთს (მათე 19:9). მილტონმა იგივე აზრი განავითარა ტრაქტატში „ქრისტიანობის დოქტრინის შესახებ“.
მიუხედავად მილტონის შეცდომებისა, ტრაქტატში „ქრისტიანობის დოქტრინის შესახებ“ განხილულია ბიბლიის თვალსაზრისი მრავალ მნიშვნელოვან სწავლებაზე. მისი ნაშრომი დღესაც უბიძგებს მკითხველებს, თავიანთი რწმენის შეუმცდარ ეტალონად წმინდა წერილები გამოიყენონ.
[სქოლიო]
a იელის უნივერსიტეტმა 1973 წელს გამოსცა ახალი თარგმანი ტრაქტატისა „ქრისტიანობის დოქტრინის შესახებ“, რომელიც უკეთესად გადმოსცემს მილტონის თავდაპირველ ტექსტს.
[სურათი 11 გვერდზე]
მილტონი გულმოდგინედ იკვლევდა ბიბლიას
[საავტორო უფლება]
Courtesy of The Early Modern Web at Oxford
[სურათი 12 გვერდზე]
მილტონმა სახელი გაითქვა პოემით „დაკარგული სამოთხე“
[საავტორო უფლება]
მილტონის ბოლო ნაშრომი 150 წლის მანძილზე დაკარგული იყო
[სურათის საავტორო უფლება 11 გვერდზე]
Image courtesy of Rare Books and Special Collections, Thomas Cooper Library, University of South Carolina