ნოე და წარღვნა ისტორიული ფაქტი და არა ლეგენდა
ინატრებდით ისეთ მსოფლიოში ცხოვრებას, სადაც გამეფებულია მშვიდობა, სადაც არავინ ომობს, არავინ სჩადის ბოროტმოქმედებას და არავის ჩაგრავენ? თუ დიახ, გულგრილს ვერ დაგტოვებთ ისტორიული ცნობა, რომელიც შეიძლება თქვენთვის კარგად იყოს ცნობილი. ეს არის ცნობა ნოეს შესახებ, რომელმაც კიდობანი ააგო, რისი წყალობითაც ის და მისი ოჯახი გადარჩა, როცა მსოფლიო წარღვნამ ბოროტები გაანადგურა.
სულ რამდენიმე ისტორიული მოვლენა თუ იქნება ნოეს ისტორიაზე მეტად გავრცელებული. ბიბლიაში, კერძოდ, დაბადების მე-6—9 თავებში აღწერილ ამბავს ყურანიც მოგვითხრობს და ის მსოფლიოს უამრავი ხალხის ლეგენდებშიც მეორდება. მართლა მოხდა წარღვნა? თუ მის შესახებ ლეგენდები მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ხალხი კარგი საქმეების კეთებისკენ აღძრას? თეოლოგები და მეცნიერები საუკუნეებია, რაც ამ საკითხზე კამათობენ. მაგრამ ბიბლია, ღვთის სიტყვა, გვარწმუნებს, რომ წარღვნის შესახებ ისტორია ფაქტია და არა ლეგენდა. გავეცნოთ ამ ფაქტს.
„დაბადება“ ასახელებს წარღვნის დაწყების ზუსტ წელს, თვესა და დღეს; აგრეთვე, როდის და სად გაჩერდა კიდობანი და როდის დაშრა წყალი დედამიწაზე. ამის საპირისპიროდ, ჩვეულებრივ, მითებში ამგვარი დეტალები არ არის მოცემული.
ბიბლიაში მოცემულ ორ საგვარტომო ნუსხაში ვხვდებით ნოეს, როგორც რეალური პიროვნების, სახელს (1 მატიანე 1:4; ლუკა 3:36). ამ ნუსხის შემდგენლები — ეზრა და ლუკა — გულმოდგინე მკვლევარები იყვნენ. ლუკამ იესოს გენეალოგიის აღწერისას მის წინაპართა შორის ნოეც მოიხსენია.
ნოე და წარღვნა მოიხსენიეს წინასწარმეტყველებმა ესაიამ და ეზეკიელმა და ქრისტიანმა მოციქულებმა პავლემ და პეტრემ (ესაია 54:9; ეზეკიელი 14:14, 20; ებრაელები 11:7; 1 პეტრე 3:19, 20; 2 პეტრე 2:5).
წარღვნა იესო ქრისტემაც მოიხსენია: „როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება კაცის ძის დროსაც: ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, სანამ ნოე კიდობანში შევიდოდა. მერე მოვიდა წარღვნა და ყველა დაღუპა“ (ლუკა 17:26, 27). წარღვნა რომ არ მომხდარიყო, „კაცის ძის დროის“ შესახებ იესოს სიტყვებს აზრი არ ექნებოდა.
მოციქულმა პეტრემ იწინასწარმეტყველა, რომ მოვიდოდნენ დამცინავები, რომლებიც სასაცილოდ აიგდებდნენ ბიბლიურ ცნობას. პეტრე წერდა: „თავიანთი ნებისამებრ მხედველობიდან რჩებათ, რომ . . . განადგურდა . . . [ნოეს დროინდელი] ქვეყნიერება, როცა წყლით წაილეკა“. ჩვენც ხომ არ გვრჩება მხედველობიდან ეს ფაქტი? რა თქმა უნდა, არა! პეტრემ განაგრძო: „ახლანდელი ცა და დედამიწა კი იმავე სიტყვით ცეცხლისთვის არის გამზადებული და შემონახული უღვთოთა გასამართლებისა და დაღუპვის დღისთვის“ (2 პეტრე 3:3—7).
ღმერთი კიდევ ერთხელ გაანადგურებს ბოროტებს და ისევ იქნებიან გადარჩენილები. თუ ნოეს მივბაძავთ, ჩვენც შევძლებთ ვიყოთ იმ მართალთა შორის, რომლებიც უკეთეს მსოფლიოში იცხოვრებენ.