მკითხველთა შეკითხვები
ნეემიას 8:10-ის თანახმად, ებრაელებს უნდა ეჭამათ „მსუყე კერძები“. იგულისხმებოდა ამაში ქონის ჭამა, რაც ლევიანების 3:27-ში იკრძალებოდა: „საერთოდ არ ჭამოთ ქონი“?
არა, არ იგულისხმებოდა. „ნეემიასა“ და „ლევიანებში“ სხვადასხვა ებრაული სიტყვაა გამოყენებული. ებრაულ სიტყვაში „ქელევ“, რომელიც ლევიანების 3:17-ში ქონად არის ნათარგმნი, იგულისხმება ცხოველის ან ადამიანის ქონი (ლევ. 3:3; მსაჯ. 3:22). მე-17 მუხლის კონტექსტიდან ჩანს, რომ ისრაელებს ეკრძალებოდათ შესაწირავი ცხოველის ნაწლავებსა და თირკმელებზე, აგრეთვე ფერდებზე გადაკრული ქონის ჭამა, რადგან „მთელი ქონი იეჰოვასია“ (ლევ. 3:14—16). აქედან გამომდინარე, იეჰოვასთვის შესაწირავი ცხოველის ქონი არ იჭმებოდა.
ნეემიას 8:10-ში „მსუყე კერძებად“ ნათარგმნია ებრაული სიტყვა „მაშმანიმ“. ეს სიტყვა ებრაულ წერილებში მხოლოდ ამ მუხლში გვხვდება. ის მომდინარეობს ზმნიდან „შამენ“, რაც ნიშნავს „სიმსუქნეს, გასუქებას“. ამ ზმნიდან მომდინარე სიტყვათა ძირითადი მნიშვნელობა, როგორც ჩანს, კეთილდღეობასა და სიუხვეს უკავშირდება (შეადარეთ ესაიას 25:6). ამ ზმნიდან ნაწარმოები ყველაზე გავრცელებული სიტყვა „შემენ“ ხშირად „ზეთად“ ითარგმნება, მაგალითად ისეთ კომბინაციებში როგორიცაა „ზეთისხილის ზეთი“ (კან. 8:8; ლევ. 24:2). როგორც ჩანს, ნეემიას 8:10-ში მოხსენიებულ სიტყვა „მაშმანიმში“ იგულისხმება დიდი რაოდენობით ზეთზე დამზადებული საკვები, რომელშიც შეიძლება ხორციც შედიოდა მცირეოდენი ქონით და არა ქონის სქელი ფენით.
თუმცა ისრაელებს ეკრძალებოდათ ქონის ჭამა, მათ შეეძლოთ ეჭამათ მსუყე და გემრიელი საკვები. მაგალითად, კვერები მცენარეულ ზეთზე, კერძოდ ზეითუნის ზეთზე მზადდებოდა და არა ცხოველის ქონზე (ლევ. 2:7). „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ ახსნილია, რომ ამ მუხლში მოხსენიებული „მსუყე კერძები“ „მიანიშნებს გემრიელ წვნიან საკვებზე, რომელსაც მცენარეულ ზეთზე ამზადებენ, და არა გამოფიტულ ან გამომშრალ საკვებზე“.
ქრისტიანებს ესმით, რომ ქონის ჭამასთან დაკავშირებული აკრძალვა მოსეს კანონის ნაწილი იყო. მათ აღარ მოეთხოვებათ ამ კანონის დაცვა, მათ შორის იმ მოთხოვნების შესრულება, რომლებიც მსხვერპლშეწირვასთან იყო დაკავშირებული (რომ. 3:20; 7:4, 6; 10:4; კოლ. 2:16, 17).