ხართ ‘ღვთის წყალობის მმართველები’?
„ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომ. 12:10).
1. რაში გვარწმუნებს ღვთის სიტყვა?
ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა გვეხმარება, როცა დათრგუნულები ან გულგატეხილები ვართ. ბიბლიაში ვკითხულობთ მანუგეშებელ სიტყვებს: „იეჰოვა მხარში უდგას ყველას, ვინც ეცემა, და აყენებს ყველა მოდრეკილს“; „ის კურნავს გულგატეხილებს და უხვევს მტკივნეულ ჭრილობებს“ (ფსალმ. 145:14; 147:3). უფრო მეტიც, ჩვენი ზეციერი მამა გვეუბნება: „მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“ (ეს. 41:13).
2. როგორ უწვდის იეჰოვა დახმარების ხელს თავის მსახურებს?
2 როგორ უჭირავს იეჰოვას ‘ჩვენი მარჯვენა’, როცა ის ადამიანის თვალისთვის უხილავია და ზეცაში მკვიდრობს? როგორ გვაყენებს ის, როცა მწუხარებით ვართ მოდრეკილები? იეჰოვა მრავალმხრივ გვიწვდის დახმარების ხელს. მაგალითად, ის წმინდა სულის მეშვეობით თავის ხალხს აძლევს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7; იოან. 14:16, 17). ღვთის მსახურებისთვის ბიბლია უდიდესი გამხნევების წყაროა (ებრ. 4:12). კიდევ როგორ გვეხმარება იეჰოვა? ამ კითხვაზე პასუხს პეტრეს პირველი წერილი გაგვცემს.
„ღვთის მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობა“
3. ა) რა თქვა პეტრემ განსაცდელებზე? ბ) რა არის განხილული პეტრეს პირველი წერილის მე-4 თავში?
3 მოციქული პეტრე სულითცხებულ ქრისტიანებს სწერდა, რომ მათ დიდებული ჯილდოთი უნდა გაეხარათ. მან ისიც უთხრა: „თუმცა ცოტა ხნით უნდა დამწუხრდეთ კიდეც სხვადასხვა განსაცდელის გამო“ (1 პეტ. 1:1—6). პეტრეს სიტყვების თანახმად, განსაცდელები სხვადასხვანაირი იქნებოდა. მაგრამ პეტრეს საგონებელში არ ჩაუგდია ძმები, შეძლებდნენ თუ არა ამ განსაცდელების გადატანას. მან დაარწმუნა ქრისტიანები, რომ იეჰოვა დაეხმარებოდათ ნებისმიერ სირთულესთან გამკლავებაში. ამაზე პეტრე თავისი წერილის იმ ნაწილში საუბრობს, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად „ყველაფრის დასასრულს“ მოიხსენიებს (1 პეტ. 4:7).
4. რატომ არის 1 პეტრეს 4:10-ში ჩაწერილი სიტყვები მანუგეშებელი?
4 პეტრე წერდა: „რა ძღვენიც მიიღეთ თითოეულმა, იმ ძღვნით ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც ღვთის მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობის კარგი მმართველები“ (1 პეტ. 4:10). პეტრე აქ იყენებს სიტყვას „მრავალმხრივ“, რითაც ფაქტობრივად ამბობს, რომ განსაცდელები სხვადასხვაგვარია, მაგრამ ღვთის წყალობაც მრავალმხრივ ვლინდება. რატომ არის ეს სიტყვები მანუგეშებელი? როგორ განსაცდელსაც არ უნდა შევხვდეთ, ღმერთი ისე გამოავლენს წყალობას, რომ მისი გადატანა შევძლოთ. პეტრეს სიტყვებიდან იმის დანახვაც შეიძლება, რომ იეჰოვა წყალობას ჩვენი თანაქრისტიანების მეშვეობითაც ავლენს.
„ემსახურეთ ერთმანეთს“
5. ა) რა ევალება თითოეულ ქრისტიანს? ბ) რა კითხვები წამოიჭრება ძღვენთან დაკავშირებით?
5 პეტრე შემდეგი სიტყვებით მიმართავს ყველა ქრისტიანს: „რაც მთავარია, გულითადად გიყვარდეთ ერთმანეთი . . . რა ძღვენიც მიიღეთ თითოეულმა, იმ ძღვნით ემსახურეთ ერთმანეთს“ (1 პეტ. 4:8, 10). აქედან გამომდინარე, თითოეულმა ქრისტიანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს თანაქრისტიანების აღშენებაში. ჩვენ მონდობილი გვაქვს ძვირფასი რამ, რაც იეჰოვას ეკუთვნის და ვალდებულნი ვართ, ის სხვებსაც გავუზიაროთ. რა არის ეს? პეტრეს სიტყვებით თუ ვიტყვით, ეს არის „ძღვენი“. რა არის ეს „ძღვენი“ და როგორ უნდა ვემსახუროთ ამ ძღვნით ერთმანეთს?
6. რა ძღვენი გვიბოძა ღმერთმა ქრისტიანებს?
6 ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდანაა“ (იაკ. 1:17). ყოველი ძღვენი, რომელსაც იეჰოვა თავის ხალხს აძლევს, მისი წყალობის მაჩვენებელია. იეჰოვასგან ბოძებული ერთ-ერთი ძღვენი წმინდა სულია. ეს ძღვენი გვეხმარება ისეთი თვისებების განვითარებაში, როგორიცაა სიყვარული, სიკეთე და რბილი ხასიათი. ეს თვისებები გვეხმარება, გულითადი სიყვარული გამოვავლინოთ თანაქრისტიანებისადმი და მზად ვიყოთ მათ დასახმარებლად. წმინდა სულის დახმარებით მიღებულ ძღვენში ჭეშმარიტი სიბრძნე და ცოდნაც შედის (1 კორ. 2:10—16; გალ. 5:22, 23). ჩვენი შესაძლებლობებიცა და ნიჭიც ძღვენია, რომელიც ზეციერი მამის განსადიდებლად უნდა გამოვიყენოთ. ღვთისგან გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი შესაძლებლობები და თვისებები თანაქრისტიანებისთვის ღვთის წყალობის საჩვენებლად გამოვიყენოთ.
როგორ ‘ვემსახუროთ ერთმანეთს’?
7. ა) რა იგულისხმება ფრაზაში „რა ძღვენიც მიიღეთ“? ბ) რაზე უნდა დავფიქრდეთ და რატომ?
7 ყურადღება მიაქციეთ პეტრეს სიტყვებს: „რა ძღვენიც მიიღეთ თითოეულმა, იმ ძღვნით ემსახურეთ ერთმანეთს“. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ყველა განსხვავებული თვისებებითა და უნარით არის დაჯილდოებული. მნიშვნელობა არა აქვს, ვის რა ძღვენი გვაქვს, ის ერთმანეთის მსახურებისთვის უნდა გამოვიყენოთ. პეტრე პირდაპირ მოგვიწოდებს: „ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც ღვთის წყალობის კარგი მმართველები“. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ: ვიყენებთ ჩვენთვის მონდობილ ძღვენს თანამორწმუნეების განსამტკიცებლად? (შეადარეთ 1 ტიმოთეს 5:9, 10). თუ იეჰოვასგან ბოძებულ უნარს მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის, მაგალითად გამდიდრებისთვის ან მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მოპოვებისთვის ვიყენებთ? (1 კორ. 4:7). ჩვენს ძღვენს თუ იმისთვის ვიყენებთ, რომ „ვემსახუროთ ერთმანეთს“, იეჰოვას გავუხარებთ გულს (იგავ. 19:17; წაიკითხეთ ებრაელების 13:16).
8, 9. ა) როგორ ემსახურებიან ქრისტიანები თანამორწმუნეებს? ბ) როგორ ეხმარებიან ერთმანეთს და-ძმები თქვენს კრებაში?
8 ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, როგორ ემსახურებოდნენ პირველ საუკუნეში ქრისტიანები ერთმანეთს (წაიკითხეთ რომაელების 15:25, 26; 2 ტიმოთეს 1:16—18). ჭეშმარიტი ქრისტიანები დღესაც სიხარულით ემორჩილებიან ამ მოწოდებას და თავიანთ ძღვენს თანამორწმუნეების სასიკეთოდ იყენებენ. მოდი განვიხილოთ, როგორ აკეთებენ ისინი ამას.
9 მრავალი ძმა ყოველთვიურად დიდ დროს ახმარს შეხვედრებისთვის მომზადებას. შეხვედრებზე ისინი სხვებსაც უზიარებენ იმ ძვირფას აზრებს, რაც პირადად გამოიკვლიეს ბიბლიის შესწავლის დროს. მათი სიტყვები კრების წევრებს მოთმინებაში ეხმარება (1 ტიმ. 5:17). ჩვენი და-ძმებიდან ბევრი თბილი და თანამგრძნობია (რომ. 12:15). ზოგიერთი მათგანი რეგულარულად აკითხავს მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფ თანამორწმუნეებს და მათთან ერთად ლოცულობს (1 თეს. 5:14). ზოგი თბილი წერილით ამხნევებს განსაცდელში ჩავარდნილ თანაქრისტიანებს. ზოგი ფიზიკურად დასუსტებულ და-ძმებს ეხმარება კრების შეხვედრებზე დასწრებაში. მრავალი მოწმე მოხალისედ მიდის, რომ სტიქიური უბედურებით დაზარალებულ თანამორწმუნეებს საცხოვრებლის აღდგენაში დაეხმაროს. მზრუნველი და-ძმების მიერ გამოვლენილი სიყვარული და დახმარებისთვის გაწვდილი ხელი „ღვთის მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობის“ მაჩვენებელია (წაიკითხეთ 1 პეტრეს 4:11).
რა უფრო მნიშვნელოვანია?
10. ა) მსახურების რომელი ორი მხარე იყო პავლესთვის მნიშვნელოვანი? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს?
10 ღვთის მსახურებს მინდობილი აქვთ არა მარტო ძღვენი, რომელიც თანაქრისტიანების სასიკეთოდ უნდა გამოიყენონ, არამედ ცნობა, რომელიც სხვებს უნდა გაუზიარონ. პავლე მოციქულს კარგად ესმოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მსახურების ეს ორივე მხარე. პავლე ეფესოელებს სწერდა „ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობის მმართველობის შესახებ“, რომელიც მათ სასარგებლოდ მიეცა (ეფეს. 3:2). მან აგრეთვე თქვა: „ღმერთმა გამოგვცადა და იმის ღირსად მიგვიჩნია, რომ ჩვენთვის სასიხარულო ცნობა მოენდო“ (1 თეს. 2:4). პავლეს მსგავსად, ჩვენც გვესმის, რომ სამეფოს შესახებ ქადაგება გვაქვს მონდობილი. თუ გულმოდგინედ ვქადაგებთ, ამით პავლე მოციქულს ვბაძავთ, რომელიც დაუღალავად აცხადებდა სასიხარულო ცნობას (საქ. 20:20, 21; 1 კორ. 11:1). ჩვენ ვიცით, რომ ქადაგება ადამიანების გადარჩენას ემსახურება. ამასთანავე, პავლეს იმითაც ვბაძავთ, რომ „სულიერ ძღვენს“ ვუზიარებთ თანამორწმუნეებს (წაიკითხეთ რომაელების 1:11, 12; 10:13—15).
11. როგორ უნდა მოვეკიდოთ ქადაგებასა და თანამორწმუნეების აღშენებას?
11 მსახურების ამ ორი სფეროდან რომელი უფრო მნიშვნელოვანია ქრისტიანისთვის? ეს იგივე იქნებოდა, რომ გვეკითხა, რომელი ფრთა უფრო მნიშვნელოვანია ჩიტისთვის. ფაქტია, ფრენა რომ შეძლოს, ჩიტს ორივე ფრთა სჭირდება. მსგავსად ამისა, ამ ორი დავალებიდან არც ერთი არ უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ, რათა სრულფასოვნად შევასრულოთ ჩვენი, როგორც ქრისტიანის მოვალეობა. მოციქულ პეტრესა და პავლეს მსგავსად, ვთვლით, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თანამორწმუნეების აღშენება. ფაქტობრივად, ორივე მხარე ავსებს ერთმანეთს. როგორ?
12. როგორ ვაძლევთ იეჰოვას შესაძლებლობას, რომ გამოგვიყენოს?
12 ჩვენს უნარს მაქსიმალურად ვიყენებთ, რათა ადამიანების გულამდე მივიტანოთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამგვარად დავეხმარებით მათ, ქრისტეს მოწაფეები გახდნენ. გარდა ამისა, თუ რაიმე უნარი ან ძღვენი გაგვაჩნია იმისთვის ვიყენებთ, რომ გამამხნევებელი სიტყვებით გულები გავუთბოთ თანაქრისტიანებს და პრაქტიკული დახმარება აღმოვუჩინოთ, რაც ღვთის წყალობის გამოვლინებაა (იგავ. 3:27; 12:25). ამგვარად, ჩვენ მათ ვეხმარებით, რომ ქრისტეს მოწაფეებად დარჩნენ. როცა ვქადაგებთ და ‘ვემსახურებით ერთმანეთს’, იეჰოვას შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ გამოგვიყენოს (გალ. 6:10).
„სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ“
13. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხელს ავიღებთ ერთმანეთის მსახურებაზე?
13 პავლემ თანამორწმუნეებს მოუწოდა: „ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომ. 12:10). ძმებისადმი სათუთი გრძნობები აღგვძრავს, რომ მთელი გულით შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა და ვიყოთ ღვთის წყალობის მმართველები. გვესმის, რომ სატანა თუ ერთმანეთის მსახურებაზე აგვაღებინებს ხელს, ეს ჩვენს ერთობაზე უარყოფითად იმოქმედებს (კოლ. 3:14). თუ ერთიანობა არ გვექნება, ვერც გულმოდგინედ ვიქადაგებთ. სატანამ კარგად იცის, ერთი „ფრთაც“ რომ დაგვიზიანოს, ჩვენი დავალების შესრულებას სრულფასოვნად ვეღარ შევძლებთ.
14. ვისთვის მოაქვს სარგებლობა ერთმანეთის მსახურებას? მოიყვანე მაგალითი.
14 ერთმანეთის მსახურება დადებით გავლენას ახდენს არა მარტო მათზე, ვის მიმართაც ღმერთი წყალობას ავლენს, არამედ მათზეც, ვისი მეშვეობითაც ვლინდება ეს წყალობა (იგავ. 11:25). მაგალითად, განვიხილოთ ერთი წყვილის, 29 წლის რაიანისა და 25 წლის რონის შემთხვევა, რომლებიც ილინოისის შტატში (აშშ) ცხოვრობენ. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ქარიშხალმა კატრინამ ასობით მათი სულიერი და-ძმის საცხოვრებელი დაანგრია, მათ მიატოვეს სამსახური და გაყიდეს ბინა, შეიძინეს და შეაკეთეს ნახმარი ავტომისაბმელი და ლუიზიანამდე 1 400 კილომეტრი გაიარეს. ისინი იქ ერთ წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ და თავიანთ დროს, ენერგიასა და სახსრებს ძმების დასახმარებლად იყენებდნენ. „მოხალისედ მსახურებამ ღმერთთან უფრო დამაახლოვა, — ამბობს რაიანი. — თავად გავხდი იმის მოწმე, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ხალხზე. გამოცდილ ძმებთან თანამშრომლობამ მასწავლა, რას ნიშნავს სხვებზე ზრუნვა. ისიც დავინახე, რომ ახალგაზრდებს ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია იეჰოვას ორგანიზაციაში“. რონი კი ამბობს: „მიხარია, რომ სხვების დახმარება შევძელი. თავი ასე ბედნიერად არასოდეს მიგრძნია. ვიცი, ეს არაჩვეულებრივი გამოცდილება მომავალშიც მომიტანს კურთხევებს“.
15. რატომ უნდა განვაგრძოთ მსახურება, როგორც ღვთის წყალობის მმართველებმა?
15 აშკარაა, სასიხარულო ცნობის ქადაგებას და თანამორწმუნეების აღშენებას ყველასთვის მოაქვს კურთხევები. ჩვენ სულიერად ვაძლიერებთ მათ, ვისაც ვეხმარებით, თავად კი გულწრფელ სიხარულს ვგრძნობთ, რომელიც გაცემას მოაქვს (საქ. 20:35). კრებაში თბილი ატმოსფერო ისადგურებს, როცა კრების წევრები სიყვარულით ზრუნავენ ერთმანეთზე. გარდა ამისა, ის სითბო და სიყვარული, რომელსაც ერთმანეთის მიმართ ვავლენთ, ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ. იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:35). ერთმანეთზე ზრუნვით იეჰოვას მივაგებთ პატივს, რადგან მისი სურვილიც სწორედ თავისი მიწიერი მსახურების გაძლიერება და გამხნევებაა. ნამდვილად შესანიშნავი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ კვლავაც გამოვიყენოთ ჩვენი ძღვენი და ვემსახუროთ ერთმანეთს, როგორც ‘ღვთის წყალობის მმართველებმა’! (წაიკითხეთ ებრაელების 6:10).
გახსოვთ?
• როგორ აძლიერებს იეჰოვა თავის მსახურებს?
• რა გვაქვს მონდობილი?
• როგორ შეგვიძლია ვემსახუროთ თანამორწმუნეებს?
• რა აღგვძრავს, კვლავაც ვემსახუროთ ერთმანეთს ჩვენი ძღვნით?
[სურათები 13 გვერდზე]
შენს „ძღვენს“ სხვების სასიკეთოდ იყენებ თუ საკუთარი სიამოვნებისთვის?
[სურათები 15 გვერდზე]
ჩვენ ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას და მხარში ვუდგავართ თანაქრისტიანებს
[სურათი 16 გვერდზე]
მოხალისეები ქებას იმსახურებენ თავდაუზოგავი შრომისთვის