უძლურების მიუხედავად ბედნიერი
მოგვითხრო პოლეტ გასპარმა
მართალია 3 კილო დავიბადე, მაგრამ ექიმმა მაშინვე შენიშნა, რომ რაღაც სერიოზული მჭირდა. დაბადებისას რამდენიმე ძვლის მოტეხილობა მივიღე. აღმოჩნდა, რომ არასრული ოსტეოგენეზი მქონდა, რომელსაც ზოგჯერ ძვლების სიმყიფესაც უწოდებენ. მაშინვე საოპერაციოში გამაქანეს, თუმცა ექიმებს ჩემი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ 24 საათზე მეტს ვერ ვიცოცხლებდი.
დავიბადე 1972 წლის 14 ივნისს ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში. ექიმების პროგნოზის მიუხედავად, ის დღე გადავიტანე. მაგრამ ცოტა ხანში ფილტვების ანთება დამემართა. ექიმებს ამჯერადაც ეგონათ, რომ არაფერი მეშველებოდა. ისინი წამლებს აღარ მაძლევდნენ, რადგან ფიქრობდნენ, დაე მოხდეს, რაც მოსახდენიაო. მოსახდენი მოხდა და მე გადავრჩი.
წარმომიდგენია, რა დღეები გამოიარეს ჩემმა მშობლებმა; ჩემი გადარჩენის შანსი თითქმის არ იყო. ძალიან რომ არ შევყვარებოდი, ექიმებმა მშობლებს ურჩიეს, ჩემ მიმართ სითბო არ გამოევლინათ. საავადმყოფოში ყოფნის პირველი სამი თვის განმავლობაში მშობლებს ჩემი შეხების ნებასაც კი არ აძლევდნენ, რადგან დიდი იყო ტრავმირების ალბათობა. ბოლოს ექიმები დარწმუნდნენ, რომ ვიცოცხლებდი და მშობლებს ურჩიეს, ინვალიდ ბავშვთა სახლში ჩავებარებინე.
ყველაფრის მიუხედავად მშობლებმა ჩემი სახლში წაყვანა გადაწყვიტეს. დედაჩემს ახალი დაწყებული ჰქონდა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა. ნასწავლმა მას მშობლის პასუხისმგებლობა გაუძლიერა. ის მთელ ემოციურ და ფიზიკურ ძალებს ჩემს მოვლას ახმარდა. დედას ხშირად დავყავდი საავადმყოფოში, რადგან ბანაობის დროსაც კი ძვლები მემტვრეოდა. ზოგჯერ დაცემინებაზეც მიტყდებოდა ძვალი.
დეპრესიის პერიოდი
ინვალიდის ეტლი ჩემი განუყრელი მეგობარი გახდა. სიარულის სწავლაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. ჩემი ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, მშობლები ყველანაირად ზრუნავდნენ ჩემზე.
დედაჩემი მთელი მონდომებით ცდილობდა, ბიბლიით ვენუგეშებინე. ის მეუბნებოდა, რომ მომავალში ღმერთი დედამიწას სამოთხედ გადააქცევდა და ყველა სულიერად, ფიზიკურად თუ გონებრივად ჯანმრთელი იქნებოდა (ფსალმუნი 37:10, 11; ესაია 33:24). თუმცა დედა გულწრფელად აღიარებდა, რომ ვერ წარმოედგინა, მანამდე ჩემს ცხოვრებაში რაიმე კარგი თუ მოხდებოდა.
თავიდან ინვალიდ ბავშვთა სკოლაში დავდიოდი. მასწავლებლებს ჩემი იმედი არ ჰქონდათ და ჩემთვისაც ყველაფერი სულერთი იყო. სკოლაში სიარული დიდ პრობლემად მექცა, რადგან ბავშვები ცუდად მექცეოდნენ. მოგვიანებით ჩვეულებრივ სკოლაში გადამიყვანეს. ბავშვებთან ურთიერთობას მთელი ჩემი ძალა და ემოცია მიჰქონდა. მიუხედავად ამისა, ძალიან მინდოდა, თორმეტივე კლასი დამემთავრებინა.
მაღალ კლასებში იმაზე დავიწყე ფიქრი, რა უაზრო და უიმედო იყო ჩემი კლასელების ცხოვრება. იმაზეც ვფიქრობდი, რასაც დედა მასწავლიდა ბიბლიიდან. ვხვდებოდი, რომ ის სიმართლეს ამბობდა, მაგრამ იმ დროისთვის ბიბლიური იმედი ჩემს გულს არ ეხებოდა. გადავწყვიტე, ცხოვრება გამეხალისებინა და ხვალინდელ დღეზე არ მეფიქრა.
თვრამეტი წლის რომ გავხდი, მშობლებისგან საცხოვრებლად სხვაგან გადავედი. რამდენიმე ინვალიდთან ერთად ერთ სახლში დავსახლდი. ერთი მხრივ მიხაროდა, მაგრამ ცოტა მეშინოდა კიდეც; დამოუკიდებლობა და მეგობრების წრეში ტრიალი ძალიან მხიბლავდა. ჩემი მეგობრებიდან ბევრმა ოჯახი შექმნა. მეც მინდოდა, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი მყოლოდა, მაგრამ ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, მეუღლის პოვნა თითქმის არარეალური იყო. ამის გაანალიზებამ ძალიან დამამწუხრა.
მიუხედავად ამისა, ღმერთი არასდროს დამიდანაშაულებია. ღვთის შესახებ იმდენი მაინც ვიცოდი, რომ მის სამართლიანობაში ეჭვი არ შემპარვოდა (იობი 34:10). ვცდილობდი, შევგუებოდი ჩემს მდგომარეობას, თუმცა ღრმა დეპრესიას მაინც ვერ გავექეცი.
წინ გადადგმული ნაბიჯები
საბედნიეროდ, დედაჩემმა შეიტყო ჩემი მდგომარეობის შესახებ და დაუკავშირდა იმ კრების უხუცესს, რომელიც ჩემს სახლთან ახლოს ცხოვრობდა. ის ტელეფონით დამიკავშირდა და იეჰოვას მოწმეების ადგილობრივ სამეფო დარბაზში დამპატიჟა. ამავე კრებიდან ერთმა დამ დაიწყო ჩემთან ბიბლიის შესწავლა.
ჩემი შეხედულებები ნელ-ნელა შეცვალა იმის გახსენებამ, რასაც ერთ დროს დედა მასწავლიდა. ქრისტიანებთან ურთიერთობა მსიამოვნებდა, მაგრამ გულს არავის ვუშლიდი, რადგან ემოციურ ტკივილს გავურბოდი. ალბათ, სწორედ ამიტომ მიძნელდებოდა ღვთის მთელი გულით შეყვარება. თუმცა იმასაც ვგრძნობდი, რომ თავი უნდა მიმეძღვნა მისთვის. ამიტომ 1991 წლის დეკემბერში მიძღვნის ნიშნად მოვინათლე.
საცხოვრებელიც შევიცვალე და ცალკე გადავედი. ეს კარგიც იყო და ცუდიც. თავს მარტოდ ვგრძნობდი და მეშინოდა, სახლში ვინმე არ შემომვარდნოდა. მალე ისევ დეპრესიაში ჩავვარდი. თუმცა გარეგნულად არ ვიმჩნევდი, რომ ძალიან მიჭირდა. აშკარად კარგი მეგობარი მჭირდებოდა.
იეჰოვამ იზრუნა, რომ ასეთი მეგობარი მყოლოდა. უხუცესების თხოვნით, ერთმა გათხოვილმა დამ, სიუზიმ, ჩემთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ის ჩემთვის მარტო მასწავლებელი კი არა, ძვირფასი მეგობარიც გახდა.
სიუზიმ კარდაკარ მსახურებასთან ერთად არაფორმალურად ქადაგებაც მასწავლა. ამის შემდეგ უფრო დავაფასე ღვთის თვისებები. მონათლული ვიყავი, მაგრამ ღვთის სიყვარულს ჩემს გულში ფესვები ღრმად არ ჰქონდა გადგმული. ერთი პერიოდი იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ღვთის მსახურებაზე უარი მეთქვა, მაგრამ სიუზი დამეხმარა ამ პრობლემასთან გამკლავებაში.
სიუზიმ ისიც დამანახვა, რომ ჩემი პრობლემების მთავარი მიზეზი ისეთ ადამიანებთან მეგობრობა იყო, რომლებსაც ნაკლებად უყვარდათ იეჰოვა. ამიტომ დავუმეგობრდი სულიერად მოწიფულ ქრისტიანებს, განსაკუთრებით კი უფროსი ასაკის და-ძმებს. აგრეთვე გადავწყვიტე, ურთიერთობა აღმედგინა დედასთან და ძმასთან. თავი საოცრად ბედნიერად ვიგრძენი. ჩემი ოჯახი, სულიერი და-ძმები და, რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვა ღმერთი სიცოცხლის ხალისს მმატებდნენ და მაძლიერებდნენ (ფსალმუნი 28:7).
ახალი ეტაპი
საოლქო კონგრესზე მოვისმინე მოხსენება, სადაც აღნიშნული იყო, თუ რამხელა სიხარული მოაქვს სრული დროით მსახურებას ქრისტიანებისთვის. მაშინ გავიფიქრე, იქნებ ეს მეც შევძლო-მეთქი. მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემს სიტუაციაში ამის გაკეთება ადვილი არ იქნებოდა. ლოცვის შემდეგ გადავწყვიტე, განცხადება შემევსო და სრული დროით მსახური გავმხდარიყავი. 1998 წლის აპრილში დავიწყე სრული დროით მსახურება.
როგორ უნდა მექადაგა ჩემი ჯანმრთელობის პატრონს? ბუნებით ძალიან დამოუკიდებელი ვარ და არ მიყვარს, როცა ვინმესთვის ტვირთი ვხდები. სიუზანმა და მისმა მეუღლემ მაიკლმა მოტოციკლეტის ყიდვა შემომთავაზეს. მაგრამ ამან კიდევ ერთი კითხვა წამოჭრა, როგორ უნდა მეტარებინა მოტოციკლეტი. როგორც სურათიდან ჩანს, ის სპეციალურად ჩემთვის გააკეთეს. ასე რომ, მის სამართავად ინვალიდის ეტლიდან გადმოსვლა არ მჭირდება მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 19 კილოგრამს ვიწონი.
მოტოციკლეტი საშუალებას მაძლევს ბიბლიის შესწავლები ჩავატარო ადამიანებთან არა მარტო მათთვის, არამედ ჩემთვის ხელსაყრელ დროსაც. გამოგიტყდებით და ძალიან მომწონს ჩემი მოტოციკლეტი და ის, რომ მართვის დროს ნიავი სახეზე მელამუნება.
მიყვარს ადამიანებთან ქუჩაში გამოლაპარაკება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში პატივისცემით მეპყრობიან. მსიამოვნებს, როცა სხვებს ბიბლიის გამოკვლევაში ვეხმარები. მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა ერთ მაღალ ძმასთან ერთად კარდაკარ ვმსახურობდი. ის მიესალმა მობინადრეს, რომელიც დამაშტერდა და ძმას ჩემზე ჰკითხა, ლაპარაკი თუ შეუძლიაო. ორივეს სიცილი აგვიტყდა. როცა ვუქადაგე, ქალბატონს უკვე აღარ ეპარებოდა ეჭვი, რომ ლაპარაკი ნამდვილად შემეძლო.
სიცოცხლე მიხარია და იეჰოვა ღმერთის სიყვარულიც ვისწავლე. მადლიერი ვარ დედის, რომელმაც ბიბლიიდან ჭეშმარიტება გამაგებინა და ველოდები იმ დროს, როცა ღმერთი შექმნის „ყველაფერს ახალს“ და მეც სხვანაირი ვიქნები (გამოცხადება 21:4, 5).
[ჩანართი 30 გვერდზე]
„ვცდილობდი, შევგუებოდი ჩემს მდგომარეობას, თუმცა ღრმა დეპრესიას მაინც ვერ გავექეცი“