შესაძლებელია ბიბლიის გაგება?
„კვირაობით მთელი ოჯახი ბიბლიას ვკითხულობდით. სიმართლე რომ ვთქვა, ეს დიდად არ მსიამოვნებდა. ვიცოდი, რომ ბიბლია ღვთის სიტყვა იყო, მაგრამ კითხვისას ბევრ რამეს ვერ ვიგებდი“ (სტივენი, დიდი ბრიტანეთი).
„ჩვიდმეტი წლისამ ბიბლიის წაკითხვა გადავწყვიტე. მაგრამ ბევრი ვერაფერი გავიგე და კითხვას თავი მივანებე“ (ბალბანერა, ესპანეთი).
„როგორც კათოლიკე, თავს ვალდებულად ვთვლიდი, ბიბლია ერთხელ მაინც წამეკითხა. ამისთვის სამი წელი დამჭირდა. წაკითხვით კი წავიკითხე, მაგრამ თითქმის ვერაფერი გავიგე“ (ჯოანი, ავსტრალია).
ბიბლია მთელ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ხელმისაწვდომი წიგნია. ის დღემდე ყველაზე დიდი ტირაჟით იბეჭდება თითქმის ყველა ენაზე და გამოიცემა თითქმის ყველა ფორმატით. მიუხედავად ამისა, ბევრს უჭირს ბიბლიის გაგება. თქვენ შემთხვევაშიც ასეა?
რას ფიქრობს თავად ავტორი?
„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“, — ნათქვამია ბიბლიაში (2 ტიმოთე 3:16). დიახ, ბიბლიის ავტორი იეჰოვა ღმერთია. სურს მას, რომ ბიბლია ყველასთვის გასაგები იყოს? თუ ყველაფერი ისე იყო გათვლილი, რომ მისი გაგება მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს, მაგალითად სამღვდელოებასა და თეოლოგებს შეძლებოდათ?
ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ბიბლიურ მუხლებს:
„ეს მცნება, რომელსაც დღეს გიბრძანებ, არც ძნელი შესასრულებელია და არც მიუწვდომელი“ (კანონი 30:11).
„შენი სიტყვების ახსნა სინათლის მომცემია, გამოუცდელს გამჭრიახობას აძლევს“ (ფსალმუნი 119:130).
«მაშინ იესომ დიდად გაიხარა წმინდა სულით და თქვა: „ყველას წინაშე გაქებ, მამა, ცისა და დედამიწის უფალო, რადგან ბრძენებსა და ჭკვიანებს დაუფარე ეს ყოველივე და ჩვილებს გაუმჟღავნე. დიახ, მამა, რადგან ასე იყო მოსაწონი შენთვის“» (ლუკა 10:21).
ბიბლიის ავტორს ნამდვილად სურს, რომ მისი წერილობითი სიტყვა ყველასთვის გასაგები იყოს. მაგრამ, ფაქტია, რომ ბევრ გულწრფელ ადამიანს უჭირს მისი გაგება. არსებობს გამოსავალი? ამას შემდეგი სამი სტატიიდან გავიგებთ.