„მეფე ჰეროდეს დროს“
იუდეის მეფე ჰეროდე დიდმა ახალშობილი იესოს მოკვლის მიზნით ბრძანა, რომ ბეთლემში მამრობითი სქესის ყველა ბავშვი მოეკლათ. „მეფე ჰეროდეს დროს“ მომხდარი არაერთი ისტორიული ფაქტის შესახებ გაკეთებული ჩანაწერები ნათელს ჰფენს იმას, თუ რა მოვლენები უძღოდა წინ იესოს დაბადებასა და მსახურებას (მათე 2:1—16).
რატომ უნდოდა ჰეროდეს იესოს მოკვლა? როგორ მოხდა, რომ იესოს დაბადების დროს იუდეველებს მეფე ჰყავდათ, იესოს სიკვდილის დროს კი მათ ქვეყანას რომაელი მმართველი პონტიუს პილატე განაგებდა? სრულად რომ დავინახოთ ჰეროდეს როლი ისტორიაში და გავიგოთ, რატომ არის ის საინტერესო ბიბლიის მკითხველებისთვის, იესოს დაბადებამდე ათეულობით წლით ადრე მომხდარი მოვლენები განვიხილოთ.
ძალაუფლებისთვის ბრძოლა იუდეაში
ძვ. წ. მეორე საუკუნის პირველ ნახევარში იუდეას მართავდნენ სირიელი სელევკიდები. სელევკიდების დინასტია იმ ოთხი დინასტიიდან ერთ-ერთი იყო, რომლებიც ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა. მაგრამ დაახლოებით ძვ. წ. 168 წელს, როცა სელევკიდი მეფე შეეცადა იერუსალიმის ტაძარში იეჰოვას თაყვანისმცემლობა ზევსის კულტით შეეცვალა, იუდეველები აჯანყდნენ. აჯანყებულებს სათავეში მაკაბელთა ოჯახი ედგა. მაკაბელები ანუ ხასმონელები იუდეას ძვ. წ. 142 წლიდან ძვ. წ. 63 წლამდე მართავდნენ.
ძვ. წ. 66 წელს ორი ხასმონელი პრინცი, ჰირკანოს II და არისტობული, ტახტის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. იფეთქა სამოქალაქო ომმა. ორივე მათგანს რომაელი სარდლის პომპეუსის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, რომელიც იმ დროს სირიაში იმყოფებოდა. პომპეუსმაც ხელიდან არ გაუშვა იუდეის საშინაო საქმეებში ჩარევის შესაძლებლობა.
რომაელებს უკვე ჰქონდათ გავლენა აღმოსავლეთზე და იმ დროისთვის მცირე აზიის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ. მაგრამ სირიის სუსტი მმართველების გამო აღმოსავლეთი ანარქიას მოეცვა, რაც საფრთხეს უქმნიდა რომაელებისთვის სასურველ მშვიდობას. ამიტომ პომპეუსმა სირიის დაპყრობა განიზრახა.
მან გადაწყვიტა, ხასმონელთა დაპირისპირებაში მხარი დაეჭირა ჰირკანოსისთვის. ამიტომ ძვ. წ. 63 წელს რომაელები შეიჭრნენ იერუსალიმში და ჰირკანოსი გაამეფეს. მაგრამ ჰირკანოსს არ სურდა, რომ ერთპიროვნული მმართველი ყოფილიყო. ახლა რომაელებს იუდეის სადავეები ხელში ეჭირათ და გაშვებას არ აპირებდნენ. ჰირკანოსი რომის ეთნარქი გახდა და თუ სურდა, მეფობა შეენარჩუნებინა, რომაელების სურვილისამებრ უნდა მოქცეულიყო და მათთვის მხარი უნდა დაეჭირა. მას შეეძლო შიდა საქმეები თავისით გადაეწყვიტა, მაგრამ საგარეო საქმეებში რომის პოლიტიკა უნდა გაეტარებინა.
ჰეროდეს მოღვაწეობის დასაწყისი
ჰირკანოსი სუსტი მმართველი იყო. მას მხარს უჭერდა ჰეროდე დიდის მამა იდუმეელი ანტიპატრე. სინამდვილეში ქვეყანას ანტიპატრე მართავდა. მან საშუალება არ მისცა იუდეველ დაჯგუფებებს, რომ ქვეყნის სათავეში მოსულიყვნენ და მალე თავად დაიწყო იუდეის მართვა. ანტიპატრე იულიუს კეისარს ეგვიპტელების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარა, რის გამოც რომაელებმა პროკურატორად დანიშნეს. ის უშუალოდ რომაელების დაქვემდებარებაში იქნებოდა. ანტიპატრემ თავისი ვაჟები — ფაზაელი და ჰეროდე იერუსალიმისა და გალილეის მმართველებად დანიშნა.
ანტიპატრე თავის ვაჟებს ასწავლიდა, რომ რომის გარეშე ვერაფერს მიაღწევდნენ. ჰეროდემ კარგად დაიმახსოვრა მამის სიტყვები. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ჰეროდე არც თავის რომაელ მფარველებს უმტყუნებდა იმედებს და არც იუდეველ ქვეშევრდომებს. ამაში მას ორგანიზატორული ნიჭი და გენერლის მოხერხებულობა ეხმარებოდა. მმართველად არჩეულმა 25 წლის ჰეროდემ სწრაფად მოიხვეჭა იუდეველებისა და რომაელების კეთილგაწყობა იმით, რომ ქვეყანაში ყაჩაღთა დაჯგუფებებს ბოლო მოუღო.
ძვ. წ. 43 წელს ანტიპატრე მოწინააღმდეგემ მოწამლა, რის შემდეგაც ჰეროდე ყველაზე გავლენიანი კაცი გახდა იუდეაში. თუმცა მასაც ბევრი მტერი ჰყავდა. იერუსალიმის არისტოკრატია მას უზურპატორად თვლიდა და ცდილობდა დაერწმუნებინა რომი, რომ ის გადაეყენებინათ. მათი მცდელობა ამაო აღმოჩნდა. რომმა არ დაივიწყა ანტიპატრეს ერთგულება და სათანადოდ შეაფასა მისი ვაჟის უნარიანობა.
იუდეაზე გამეფება
დაახლოებით 20 წლის წინ პომპეუსის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ იუდეაზე ჰირკანოსი გაემეფებინა, ბევრი განარისხა. არისტობულის მხარდამჭერებმა არაერთი მცდელობის შემდეგ ძვ. წ. 40 წელს რომაელების მტრების, პართელების დახმარებით ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში. მათ ისარგებლეს რომში სამოქალაქო ომით გამოწვეული ქაოსით და სირიაში შეიჭრნენ, ტახტიდან ჩამოაგდეს ჰირკანოსი და გაამეფეს ხასმონელთა შთამომავალი, რომელიც რომის მოწინააღმდეგე იყო.
ჰეროდე რომში გაიქცა, სადაც ის გულთბილად მიიღეს. რომაელებს სურდათ, პართელები გაეყარათ იუდეიდან, დაკარგული ტერიტორიები დაებრუნებინათ და თავიანთი მმართველი დაეყენებინათ. მათ საიმედო მოკავშირე სჭირდებოდათ და ჰეროდე სწორედ ასეთ კაცად მიაჩნდათ. რომის სენატმა ჰეროდე იუდეის მეფედ გამოაცხადა. სხვა ყველაფერთან ერთად, რომის სენატის გულის მოსაგებად და მეფობის შესანარჩუნებლად ჰეროდე სენატთან ერთად გაემართა იუპიტერის ტაძარში, სადაც წარმართულ ღვთაებებს მსხვერპლი შესწირა.
ჰეროდემ რომის ლეგიონების დახმარებით იუდეაში თავისი მტრები გაანადგურა და ტახტზე ავიდა. ის სასტიკად უსწორდებოდა ყველას, ვინც წინ ეღობებოდა. მან გაანადგურა ხასმონელები და ის იუდეველები, რომლებიც მათ უჭერდნენ მხარს, აგრეთვე ისინიც, ვინც რომაელთა მმართველობას ეწინააღმდეგებოდნენ.
ჰეროდე განამტკიცებს თავის ძალაუფლებას
როცა ახ. წ. 31 წელს რომის უცილობელმა მმართველმა ოქტავიანემ (რომელიც მოგვიანებით კეისარ ავგუსტუსის სახელით გახდა ცნობილი) მარკუს ანტონიუსი აქციუმთან ბრძოლაში დაამარცხა, ჰეროდემ იფიქრა, რომ ბევრი ეჭვის თვალით შეხედავდა მარკუს ანტონიუსთან მის დიდი ხნის მეგობრობას. ამიტომ ჰეროდე შეეცადა, ოქტავიანესთვის დაუყოვნებლივ დაემტკიცებინა თავისი ერთგულება. თავის მხრივ, რომის ახალმა მმართველმა ოქტავიანემ ჰეროდეს მეფობა განამტკიცა და ახალი ტერიტორიები უბოძა.
მომდევნო წლებში ჰეროდე თავისი სამეფოს სტაბილურობასა და აყვავებაზე ზრუნავდა. მან იერუსალიმი ელინისტური კულტურის ცენტრად გამოაცხადა. მან წამოიწყო გრანდიოზული სამშენებლო პროექტები — ააგო სასახლეები, საპორტო ქალაქი კესარეა და იერუსალიმის ტაძრის ახალი შენობები. ამ ყველაფერს მან რომთან მეგობრობით მიაღწია.
ჰეროდე იუდეის სრულუფლებიანი მმართველი გახდა. მას ემორჩილებოდა მთელი სამღვდელოება და მღვდლად იმას ნიშნავდა, ვინც თვითონ უნდოდა.
ეჭვიანი მკვლელი
ჰეროდეს ცხოვრება შფოთით იყო სავსე. მისი ათი ცოლიდან თითოეულს უნდოდა, რომ თავისი ვაჟი დაუფლებოდა მამის ტახტს. სასახლეში ყველა მეფის ეჭვიანობასა და სისასტიკეზე ლაპარაკობდა. ეჭვიანობით შეპყრობილმა ჰეროდემ სიკვდილით დასაჯა თავისი საყვარელი ცოლი მარიამნა და მოგვიანებით, ორი ვაჟი, რომლებიც მასთან ჰყავდა, თავის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა და მოაკვლევინა. მათეს სახარებაში ნათქვამია, რომ ჰეროდემ ბეთლემში ბავშვები დახოცა. ეს კი იმას ადასტურებს, რომ ჰეროდე ამბიციური კაცი იყო და გზიდან იშორებდა ყველას, ვისაც თავის მეტოქედ მიიჩნევდა.
ზოგის აზრით, ჰეროდემ იცოდა, რომ ხალხს ის არ უყვარდა, ამიტომ გადაწყვიტა, მისი სიკვდილი ეროვნულ ზეიმად კი არა, გლოვის დღედ ქცეულიყო. ამ მიზნის მისაღწევად მან დააჭერინა ქვეყნის წარჩინებულები და ბრძანა, რომ მისი სიკვდილის გამოცხადებისთანავე ყველა დაეხოცათ. ეს ბრძანება არ შესრულებულა.
ჰეროდე დიდის მემკვიდრეობა
ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ რომმა იუდეაში მისი ვაჟი არქელაე გაამეფა, ორი ვაჟი კი პრინცებად ანუ ტეტრარქებად დანიშნა. ანტიპა გალილეასა და პერეაში ბატონობდა, ფილიპე კი — იტურეასა და ტრაქონიტიდაში. არქელაემ თავისი ქვეშევრდომებისა და რომის კეთილგანწყობა ვერ მოიპოვა. ათწლიანი წარუმატებელი მმართველობის შემდეგ, რომმა მის ნაცვლად დანიშნა თავისი მმართველი, რომელიც პონტიუს პილატეს წინამორბედი იყო. ამ პერიოდში ანტიპა, რომელსაც ლუკა ჰეროდედ მოიხსენიებს, და ფილიპე თავიანთ ტერიტორიებს მართავდნენ. ასეთი პოლიტიკური სიტუაცია იყო მაშინ, როცა იესომ მსახურება დაიწყო (ლუკა 3:1).
ჰეროდე დიდი იყო გამჭრიახი პოლიტიკოსი და უმოწყალო მკვლელი. შეიძლება ითქვას, რომ მისი ყველაზე სასტიკი განზრახვა პატარა იესოს მოკვლის მცდელობა იყო. ბიბლიის მკითხველებისთვის მართლაც საინტერესოა იმის ცოდნა, თუ რა როლი შეასრულა ჰეროდემ ისტორიაში. ეს გვეხმარება იმ პერიოდში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების გაგებაში — როგორ გახდნენ რომაელები იუდეველთა მმართველები და როგორი პოლიტიკური მდგომარეობა იყო დედამიწაზე იესოს ცხოვრების დროს.
[რუკა 15 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
პალესტინა და მისი შემოგარენი ჰეროდეს მეფობის დროს
სირია
იტურეა
გალილეა
ტრაქონიტიდა
გალილეის ზღვა
მდინარე იორდანე
კესარეა
სამარია
პერეა
იერუსალიმი
ბეთლემი
იუდეა
მარილოვანი ზღვა
იდუმეა
[სურათები 13 გვერდზე]
ჰეროდე ერთ-ერთი იყო იმ მმართველთაგან, რომლებიც იესოს მსახურებამდე ორი საუკუნის განმავლობაში მართავდნენ იუდეას