იცოდით თუ არა?
რომელი გზით ჩავიდა პავლე თავისი პირველი მოგზაურობის დროს რომში?
▪ საქმეების 28:13—16-ში ნათქვამია, რომ იტალიისკენ მიმავალი გემი, რომელშიც პავლე იჯდა, ნეაპოლის ყურეში, პუტეოლეში შევიდა (დღევანდელი პოცუოლი). იქიდან პავლე რომისკენ აპიუსის გზით წავიდა, რომელიც ქალაქის მთავარი გზა იყო.
აპიუსის გზას სახელი რომაელი სახელმწიფო მოღვაწის აპიუს კლავდიუს ცეკუსის საპატივსაცემოდ ეწოდა, რომელმაც ძვ. წ. 312 წელს დაიწყო ამ გზის მშენებლობა. ეს გზა, რომლის სიგანეც 5-6 მეტრს აღწევდა, მოკირწყლული იყო ვულკანური ქანის დიდი ზომის ქვებით და რომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 583 კილომეტრზე იყო გადაჭიმული. რომს ის ბრინდიზიუმის (თანამედროვე ბრინდიზი) პორტთან აკავშირებდა და აღმოსავლეთისკენ გასასვლელს უხსნიდა. მგზავრს ამ გზაზე დაახლოებით ყოველ 24 კილომეტრში შეეძლო დასასვენებლად გაჩერებულიყო, ეყიდა საკვები, დაეძინა ან ცხენები თუ ეტლები შეეცვალა.
მაგრამ პავლემ ეს გზა ალბათ ფეხით გაიარა. მას აპიუსის გზაზე დაახლოებით 212 კილომეტრის გავლა მოუწია. ამ გზის ერთი მონაკვეთი გადიოდა ჭანჭრობიან ადგილზე, რომლის შესახებაც ერთი რომაელი მწერალი უკმაყოფილოდ ამბობდა, რომ ის ადგილი კოღოებით იყო სავსე და საშინელი სუნი იდგა. ამ ადგილიდან ჩრდილოეთით იყო აპიუსის მოედანი, რომელიც რომიდან დაახლოებით 65 კილომეტრით იყო დაშორებული, და „სამი ფუნდუკი“, მგზავრების დასასვენებელი ადგილი, საიდანაც ქალაქამდე დაახლოებით 50 კილომეტრი იყო. ამ ორ ადგილას ელოდებოდნენ რომაელი ქრისტიანები პავლეს. „მათ დანახვაზე პავლემ ღმერთს მადლობა გადაუხადა და გამხნევდა“ (საქმეები 28:15).
როგორ დაფაზეა საუბარი ლუკას 1:63-ში?
▪ ლუკას სახარებიდან ვიგებთ, რომ ზაქარიასთან მეგობრები მივიდნენ და ჰკითხეს, რა დაერქმიათ მისი ახალშობილი ვაჟისთვის. ზაქარიამ «ხის დაფა მოითხოვა და დაწერა: „იოანე ჰქვია“» (ლუკა 1:63). ერთი ნაშრომის თანახმად, „დაფად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ნიშნავს „ხის პატარა ნაჭერს, რომელიც ცვილით იყო დაფარული“. ხის დაფის უსწორმასწორო ზედაპირს ცვილით ასწორებდნენ და ზედ წკირით წერდნენ. ასეთ დაფაზე შესაძლებელი იყო ნაწერის წაშლა, მისი ზედაპირის ახალი ცვილით დაფარვა და ხელახლა დაწერა.
ერთ წიგნში აღნიშნულია: „პომპეის ფერწერული ნამუშევრები, რომის იმპერიის სხვადასხვა ნაწილში ნაპოვნი სკულპტურები და სხვა ნიმუშები, რომლებიც ეგვიპტიდან ადრიანეს კედლამდე [ბრიტანეთის ჩრდილოეთი ნაწილი] ჩატარებული არაერთი გათხრის შედეგად იქნა აღმოჩენილი, ცხადყოფს, რომ ასეთი დაფები საკმაოდ გავრცელებული იყო“. ცვილით დაფარული დაფები შეიძლებოდა ჰქონოდა ნებისმიერს — ვაჭრებს, სახელმწიფო მოხელეებს და პირველი საუკუნის ზოგ ქრისტიანსაც კი (Reading and Writing in the Time of Jesus).
[სურათი 11 გვერდზე]
აპიუსის გზა
[სურათი 11 გვერდზე]
სკოლის მოსწავლის ცვილით დაფარული დაფა, ახ. წ. II საუკუნე
[საავტორო უფლება]
By permission of the British Library