შვიდი რჩევა ბიბლიის კითხვა სასარგებლო რომ იყოს
„ბიბლია ყველა დროის ბესტსელერია და მასზე მოთხოვნა დღითი დღე კვლავ იზრდება“ (ჟურნალი „ტაიმი“).
„ხანდახან ვკითხულობ ბიბლიას, მაგრამ ის ძალიან მოსაწყენია ჩემთვის“ (ქეითი, ცნობილი ინგლისელი მუსიკოსი).
პარადოქსია, რომ ბევრს აქვს ბიბლია, მაგრამ ისინი თითქმის არ აფასებენ იმას, რასაც კითხულობენ. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც აფასებენ ბიბლიაში წაკითხულს. აი, რას ამბობს ერთი ქალბატონი, სახელად ნენსი: „რადგან დილაადრიან ვიწყებ ბიბლიის კითხვას და წაკითხულზე ფიქრს, ცხოვრებისეულ სირთულეებს ყოველთვის მზადყოფნით ვხვდები. დეპრესიასთან ბრძოლაში ეს ჩვევა უფრო დამეხმარა ვიდრე, სხვა რომელიმე მეთოდი, რომელიც 35 წლის განმავლობაში მოვსინჯე“.
მაშინაც კი, თუ არასოდეს გადაგიშლიათ ბიბლია, განა არ დაგაინტერესებთ ის ფაქტი, რომ ბევრს დაეხმარა ის?! და თუ უკვე კითხულობთ ბიბლიას, გსურთ გაიგოთ, რა შემთხვევაში იქნება ბიბლიის კითხვა უფრო მეტის მომცემი თქვენთვის? თუ ასეა, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ შვიდ ნაბიჯს.
რჩევა 1 — იკითხეთ სწორი მოტივით
◼ ბიბლია შეიძლება წაიკითხოთ, როგორც მშვენიერი ლიტერატურული ნაწარმოები ან წაიკითხოთ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ან იმ მიზნით, რომ იპოვოთ ხელმძღვანელობა ამ სიძნელეებით აღსავსე ქვეყნიერებაში. თუმცა, საუკეთესო შედეგს მიაღწევთ, თუ იმიტომ წაიკითხავთ მას, რომ გაიგოთ ჭეშმარიტება ღვთის შესახებ. გარდა ამისა, უამრავ კურთხევას მიიღებთ, თუ მას იმ მიზნით წაიკითხავთ, რომ ცხოვრებაში გამოიყენოთ.
ის, რომ წმინდა წერილები ბიბლიას სარკეს ადარებს, იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი სწორი მიზნით წაკითხვა: „ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება. უყურებს თავის თავს, მაგრამ მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება როგორია. ხოლო ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ კანონს და ასე განაგრძობს, ბედნიერი იქნება, რადგან გახდა არა გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის შემსრულებელი“ (იაკობი 1:23—25).
ამ მაგალითში მოყვანილმა კაცმა სარკეში დაინახა თავისი თავი, მაგრამ არაფერი შეუცვლია საკუთარ გარეგნობაში. შეიძლება, მან მხოლოდ ცალი თვალი შეავლო სარკეს ან, უბრალოდ, საჭიროდ არ ჩათვალა, რაიმე შეეცვალა. ვერც ჩვენ მივიღებთ საუკეთესო შედეგს, თუ იშვიათად ჩავიხედავთ ბიბლიაში ან წაკითხულს არ გამოვიყენებთ. ნამდვილ ბედნიერებას კი იმ შემთხვევაში ვეზიარებით, თუ ბიბლიას იმ მიზნით წავიკითხავთ, რომ გავხდეთ „შემსრულებლები“, ანუ საშუალება მივცეთ ღვთის სიტყვას, შეცვალოს ჩვენი ფიქრები და მოქმედებები.
რჩევა 2 — შეარჩიეთ სანდო თარგმანი
◼ შესაძლოა, თქვენს ენაზე ბიბლიის არაერთი თარგმანი არსებობს. მართალია, ბიბლიის ნებისმიერი თარგმანის წაკითხვა სასარგებლოა, მაგრამ იმის გამო, რომ ზოგი ძველი ან მეცნიერული ენითაა დაწერილი, შეიძლება, საკმაოდ რთული გასაგები იყოს (საქმეები 4:13). ტრადიციების მიყოლამ განაპირობა, რომ ბიბლიის ზოგიერთი თავდაპირველი ცნობა შეცვლილია. მაგალითად, ამ ჟურნალის შესავალ სტატიებში აღვნიშნეთ, რომ ზოგ თარგმანში ღვთის სახელი, იეჰოვა, ჩანაცვლებულია ტიტულებით „ღმერთი“ და „უფალი“. ასე რომ, ისეთი თარგმანი შეარჩიეთ, რომელიც ზუსტია, ადვილად გასაგები იქნება და თქვენთვის ბიბლიის კითხვა სახალისო გახდება.
მთელ მსოფლიოში ბიბლიის მილიონობით მკითხველი დარწმუნდა, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სწორედ ასეთია.a ამაზე მეტყველებს ერთი ბულგარელი მამაკაცის შემთხვევა. ის იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ კრების შეხვედრას დაესწრო, სადაც მისცეს „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. მოგვიანებით მან თქვა: „წლებია, რაც ბიბლიას ვკითხულობ, მაგრამ აქამდე არასოდეს წამიკითხავს ასეთი თარგმანი, რომელიც ასე ადვილი გასაგებია და ასე ძალიან შეეხო ჩემს გულს“.
რჩევა 3 — ილოცეთ
◼ თუ წმინდა წერილების ავტორს ფსალმუნმომღერალივით სთხოვთ დახმარებას, უკეთ ჩასწვდებით მის მნიშვნელობას. ის ლოცულობდა: „თვალები ამიხილე, რათა ვიხილო შენი კანონის საოცრებები“ (ფსალმუნი 119:18). ყოველი წაკითხვის წინ ილოცეთ და სთხოვეთ ღმერთს, დაგეხმაროთ თავისი სიტყვის გაგებაში. შეგიძლიათ მადლიერებაც გამოხატოთ იმისთვის, რომ არსებობს ეს წიგნი, რომლის გარეშეც ნამდვილად ვერ გავიცნობდით ღმერთს (ფსალმუნი 119:62).
შეისმენს ღმერთი თქვენს ლოცვას, როცა დახმარებისთვის მიმართავთ? ვნახოთ, რა შეემთხვა ურუგვაიში მცხოვრებ ორ ახალგაზრდა ღვიძლ დას. მათ ვერ გაიგეს, რას ნიშნავდა დანიელის 2:44-ში ჩაწერილი ბიბლიური სიტყვები; ლოცვით მიმართეს ღმერთს და სთხოვეს, გამოეგზავნა მათთვის ვინმე, ვინც ამ სიტყვების გაგებაში დაეხმარებოდა. გოგონებს ბიბლია ჯერ კიდევ გადაშლილი ჰქონდათ, როცა მათ კართან ორი იეჰოვას მოწმე მივიდა. მოწმეებმა გოგონებს ბიბლიიდან ზუსტად ის მუხლი ამოუკითხეს, რომლის გაგებასაც სთხოვდნენ ღმერთს და აუხსნეს, რომ მიწიერ მთავრობებს ღვთის სამეფო შეცვლიდა.b გოგონები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ღმერთმა უპასუხა მათ ლოცვას.
რჩევა 4 — იკითხეთ ყოველდღე
◼ როგორც ერთი წიგნის გამომცემელი აღნიშნავს, 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებში მომხდარი ტერაქტის შემდეგ „თითქმის ყველა ყიდულობდა ბიბლიას“. ბევრს მხოლოდ გასაჭირში ახსენდება ღვთის სიტყვა. თავად ბიბლია კი მოგვიწოდებს, ყოველდღე ვიკითხოთ ის: „არ მოშორდეს შენს ბაგეს კანონის ეს წიგნი, იკითხე ის დღედაღამ, რათა გულდასმით შეასრულო ყველაფერი, რაც მასში წერია; მაშინ წარგემართება გზა და მაშინ იმოქმედებ ბრძნულად“ (იესო ნავეს ძე 1:8).
ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიბლიის რეგულარული კითხვა, შეგვიძლია დავინახოთ იმ კაცის მაგალითზე, რომელმაც ინფარქტი გადაიტანა და გადაწყვიტა, დიეტა დაეცვა და ჯანსაღი საკვები მიეღო. დაეხმარება ეს საკვები მას, თუ მხოლოდ მაშინ მიიღებს, როცა გულმკერდის არეში მწვავე ტკივილს იგრძნობს? რა თქმა უნდა, არა. დიეტამ რომ შედეგი გამოიღოს, მან ყოველდღიურად უნდა დაიცვას ის. ასევე, თქვენც „მაშინ წარგემართებათ გზა“, როცა ყოველდღე წაიკითხავთ ბიბლიას.
რჩევა 5 — შეარჩიეთ კითხვის მეთოდი
◼ ბიბლიის თავიდან ბოლომდე წაკითხვა კარგია, თუმცა, ამ წიგნის სხვა მეთოდით წაკითხვა, შეიძლება, თქვენთვის უფრო წამახალისებელი აღმოჩნდეს. აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა.
უკეთ გაიცანით რომელიმე ბიბლიური პერსონაჟი. წაიკითხეთ ის თავები და ის წიგნები, სადაც საუბარია ღვთის ამა თუ იმ მსახურზე. მაგალითად:
• იოსებზე: დაბადება 37—50.
• რუთზე: რუთი 1—3.
• იესოზე: მათე 1—28; მარკოზი 1—16; ლუკა 1—24; იოანე 1—21.c
შეარჩიეთ თემა. წაიკითხეთ ის მუხლები, რომლებიც შერჩეულ თემას უკავშირდება. მაგალითად, გამოიკვლიეთ ლოცვასთან დაკავშირებული საკითხი, შემდეგ წაიკითხეთ ბიბლიაში მოცემული რჩევა, თუ როგორ ილოცოთ და ბიბლიიდან ამოიკითხეთ რამდენიმე ლოცვა.d
იკითხეთ ხმამაღლა. კარგია ბიბლიის ხმამაღლა კითხვა (გამოცხადება 1:3). შეგიძლიათ მთელმა ოჯახმა რიგრიგობით ხმამაღლა იკითხოთ შერჩეული თავები ან გაახმოვანოთ ესა თუ ის ბიბლიური პერსონაჟი. ზოგს ძალიან მოსწონს ბიბლიის ჩანაწერების მოსმენა. „ვერა და ვერ მოვაბი თავი ბიბლიის კითხვას, ამიტომ ჩანაწერის მოსმენით დავიწყე. ახლა კი ვხედავ, რომ ბიბლიის კითხვა გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე რომელიმე რომანის“, — თქვა ერთმა ქალმა.
რჩევა 6 — იფიქრეთ წაკითხულზე
◼ დღევანდელი ცხოვრების რიტმის გამო ფიქრის დრო აღარ გვრჩება. მაგრამ, როგორც საკვებს სჭირდება მონელება, ისე დაფიქრებაა საჭირო, რომ წაკითხული ქარს არ გავატანოთ. ამას კი იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ გონებაში გავიმეორებთ წაკითხულს და საკუთარ თავს დავუსვამთ მსგავს შეკითხვებს: რა ვისწავლე იეჰოვა ღმერთის შესახებ? როგორ მეხება ეს მე? როგორ შემიძლია გამოვიყენო ეს სხვების დასახმარებლად?
ფიქრის წყალობით ბიბლიური ცნობა ჩვენს გულში აღწევს და ღვთის სიტყვის კითხვა უფრო სასიამოვნო ხდება. ფსალმუნის 119:97-ში ვკითხულობთ: „როგორ მიყვარს შენი კანონი! მასზე ვფიქრობ მთელი დღე“. ფსალმუნმომღერალი მთელი დღის განმავლობაში ფიქრობდა ღვთის სიტყვაზე და სწორედ ეს დაეხმარა მას, უფრო შეეყვარებინა ის, რასაც სწავლობდა.
რჩევა 7 — ითხოვეთ დახმარება
◼ ღმერთი არ მოელის, რომ ყველაფერს გავიგებთ, რასაც წავიკითხავთ. თავად მის სიტყვაშია ნათქვამი, რომ „ზოგიერთი რამ ძნელად გასაგებია“ (2 პეტრე 3:16). წიგნ „საქმეებში“ აღწერილია ეთიოპი საჭურისის შემთხვევა, რომელიც ბიბლიიდან ერთ მონაკვეთს კითხულობდა და მისი მნიშვნელობა არ ესმოდა. ღმერთმა მის დასახმარებლად თავისი მსახური გაგზავნა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ეთიოპმა „გახარებულმა განაგრძო გზა“ (საქმეები 8:26—39).
ბიბლიის კითხვა თქვენთვის უფრო სასარგებლო იქნება, თუ მის გაგებაში ვინმე დაგეხმარებათ. თუ გსურთ, უფასოდ შეისწავლოთ ბიბლია, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს ახლო-მახლო მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან მოგვწეროთ ამ ჟურნალის მეოთხე გვერდზე მითითებულ მისამართზე.
[სქოლიოები]
a „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ და მთლიანად ან ნაწილობრივ ხელმისაწვდომია 83 ენაზე. მისი ელექტრონული ვერსია 11 ენაზე ასევე ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: www.watchtower.org.
b დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის ღვთის სამეფო და რას გააკეთებს ის, იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი მე-8. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
c თუ პირველად კითხულობთ ბიბლიას, კითხვა მარკოზის სახარებით დაიწყეთ, სადაც იესოს მსახურება მოკლედ არის აღწერილი.
d ბიბლიის შესწავლისას თემების შერჩევაში ბევრს დაეხმარა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. მაგალითად, მე-17 თავში საუბარია იმაზე, თუ რა არის ნათქვამი ბიბლიაში ლოცვაზე.