შეაყვარეთ ბავშვებს კითხვა და სწავლა
შეაყვარეთ ბავშვებს კითხვა და სწავლა, რადგან მათი მომავალი კეთილდღეობისთვის ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ! დაფიქრდით, რამხელა სიხარული მოაქვს კითხვასა და სწავლას. ბავშვობის ყველაზე სასიამოვნო მოგონებებს ზოგი სწორედ იმ პერიოდს უკავშირებს, როცა მშობლები მათ წიგნებს უკითხავდნენ. კითხვის პროცესი ისევე, როგორც მისი შედეგი სიამოვნების მომგვრელია. კითხვისა და სწავლის ფასი განსაკუთრებით ღვთის მსახურებმა იციან, ვინაიდან სულიერ ზრდას სწორედ ბიბლიის სწავლა განაპირობებს. ერთმა ქრისტიანმა მშობელმა აღნიშნა: „ის, რაც ჩვენთვის ყველაზე მეტად ფასეულია, პირდაპირ უკავშირდება კითხვასა და სწავლას“.
თუ ბავშვებს სწავლას მიაჩვევთ, ისინი იეჰოვას უფრო დაუახლოვდებიან (ფსალმ. 1:1—3, 6). მართალია, კითხვის ცოდნა გადარჩენის აუცილებელი პირობა არ არის, მაგრამ როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, კითხვას ბევრი სულიერი კურთხევა მოჰყვება. მაგალითად, გამოცხადების 1:3-ში ნათქვამია: „ბედნიერია, ვინც ხმამაღლა კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს“. გარდა ამისა, ტიმოთესთვის მიწერილ წერილში პავლე მოციქულმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაკვირვებით კითხვა. ის ტიმოთეს ურჩევდა: „ამაზე იფიქრე და ამით დაკავდი“. რატომ უნდა მოქცეულიყო ტიმოთე ასე? „რათა ყველასთვის ცხადი გახდეს შენი წარმატება“, — დასძინა პავლემ (1 ტიმ. 4:15).
რასაკვირველია, კითხვისა და სწავლის ცოდნა არაფერს არგებს ადამიანს, თუ მან ეს უნარი არ გამოიყენა. ბევრი კითხვასა და სწავლას ფუჭი საქმეების კეთებას ამჯობინებს. როგორ შეუძლიათ მშობლებს ცოდნის მიღების სურვილი გაუღვივონ შვილებს?
გამოავლინეთ სიყვარული და მიეცით მაგალითი
ბავშვები ხალისით სწავლობენ ისეთ გარემოში, სადაც სითბო და სიყვარულია. ქრისტიანი ცოლ-ქმარი ოუენი და კლაუდია, რომლებსაც ორი შვილი ჰყავთ, იხსენებენ: „ჩვენი შვილები სულმოუთქმელად ელოდნენ შესწავლის დაწყებას. ეს დრო მათთვის განსაკუთრებული იყო, რადგან ამ დროს განსაკუთრებით გრძნობდნენ ჩვენს სითბოსა და სიყვარულს. შესწავლა მათთვის თბილ გარემოსთან ასოცირდებოდა“. სიყვარულით გარემოცული ოჯახური შესწავლა სწავლისადმი მოზარდის დამოკიდებულებაზე გარდატეხის ასაკშიც კი, სასიკეთოდ იმოქმედებს. ოუენისა და კლაუდიას შვილები დღეს პიონერებად მსახურობენ. კითხვისა და სწავლის სიყვარულმა, რაც მშობლებმა ჩაუნერგეს, მათ ძალიან ბევრი კურთხევა მოუტანა.
მშობელი სიყვარულს თავისი მაგალითითაც ავლენს. იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ხედავენ მშობლებს წიგნით ხელში, კითხვა ცხოვრების ნაწილი ხდება. მაგრამ როგორ მისცემს მშობელი შვილს მაგალითს, თუ ამა თუ იმ მიზეზის გამო კითხვა არ უხერხდება? ასეთ შემთხვევაში მან უნდა შეცვალოს პრიორიტეტები ან კითხვისადმი დამოკიდებულება (რომ. 2:21). თუ კითხვა თქვენი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, თქვენი შვილებისთვის ეს ბევრის მთქმელი იქნება. იკითხეთ გულმოდგინედ, განსაკუთრებით ბიბლია. მოემზადეთ კრების შეხვედრებისა და ოჯახური შესწავლისთვის და თქვენი შვილები დაინახავენ, რომ კითხვა და სწავლა ფასდაუდებელია.
ამრიგად, შვილებს კითხვა რომ შეაყვაროთ, უპირველესად, თბილი გარემო უნდა შეუქმნათ და პირადი მაგალითი მისცეთ. მაგრამ კონკრეტულად როგორ უნდა წაახალისოთ ბავშვები კითხვისკენ?
შეაყვარეთ წიგნი
რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგათ, ბავშვებს კითხვა რომ შეაყვაროთ? ბავშვს წიგნი ადრეული ასაკიდანვე მიეცით. ერთი უხუცესი ძმა, რომელსაც მშობლებმა კითხვის სიყვარული ჩაუნერგეს, მშობლებს ურჩევს: „შეაჩვიეთ ბავშვები წიგნის ჭერას. ამგვარად, წიგნი მათი მეგობარი და ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება“. ბიბლიაზე დაფუძნებული ისეთი წიგნები, როგორიცაა, „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ და „ბიბლიური მოთხრობები“, ბევრი ბავშვის მეგობარი წერა-კითხვის სწავლამდე გახდება. როცა ბავშვებს ასეთ წიგნებს უკითხავთ, არა მხოლოდ ენას აცნობთ, არამედ „სულიერ საკითხებსა და სულიერ სიტყვებს“ (1 კორ. 2:13).
იკითხეთ რეგულარულად და ხმამაღლა. ჩვევად იქციეთ ბავშვებთან ერთად ყოველდღე ბიბლიის კითხვა. ასეთი სახით, ისინი სიტყვების სწორად წარმოთქმას ისწავლიან და კითხვის ჩვევასაც ადვილად გამოიმუშავებენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია კითხვის მანერაც. იკითხეთ ცოცხლად და ისინიც მოგბაძავენ. ბავშვებმა შეიძლება ერთი და იგივე მოთხრობის წაკითხვა არაერთხელ გთხოვონ. უარს ნუ ეტყვით. დროთა განმავლობაში ისინი სხვა თემებითაც დაინტერესდებიან. მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ: ნურასოდეს წაუკითხავთ ბავშვს ძალით. ამ მხრივ კარგ მაგალითს გვაძლევს იესო, რომელიც თავის მსმენელებს იმდენს ასწავლიდა, „რამდენის მოსმენაც შეეძლოთ“ (მარ. 4:33). ძალდატანების გარეშე ბავშვებს ერთი სული ექნებათ, სხვა დროს როდის წაუკითხავთ. ასე უფრო ახლოს იქნებით იმ მიზანთან, რასაც ბავშვისთვის წიგნის შეყვარება ჰქვია.
წაახალისეთ ბავშვი, ილაპარაკოს წაკითხულზე. თქვენდა გასახარად, პატარა ცოტა ხანში მრავალი სიტყვის ამოცნობას, წარმოთქმასა და მნიშვნელობას ისწავლის. და თუ ბავშვს წაკითხულის შესახებ ესაუბრებით, მნიშვნელოვანწილად შეუწყობთ ხელს მის გონებრივ განვითარებას. საუბრის დროს ბავშვი იმახსოვრებს „სიტყვებს, რომლებსაც მოგვიანებით, როცა კითხვას ისწავლის, ამოიცნობს და მათ მნიშვნელობას გაიგებს“, — ნათქვამია ერთ წიგნში, რომელიც მოგვითხრობს, როგორ ვასწავლოთ ბავშვს კარგი კითხვა. „ბავშვის გონებისთვის, რომელიც განვითარების პროცესშია და წერა-კითხვის ათვისებას ცდილობს, საუბარი არსებითია, თანაც რაც უფრო აზრიანი იქნება . . . მით უკეთესი“ — ნათქვამია იმავე წიგნში.
სთხოვეთ ბავშვს, წაგიკითხოთ; დაასმევინეთ კითხვები. შეგიძლიათ კითხვები თავად დასვათ და სავარაუდო პასუხებიც შესთავაზოთ. ამგვარად ბავშვები გაიგებენ, რომ წიგნი ინფორმაციის წყაროა და ნებისმიერი სიტყვა აზრის მატარებელია. ეს რჩევა განსაკუთრებით ღვთის სიტყვის, ყველაზე შინაარსიანი წიგნის, კითხვისას გამოგადგებათ (ებრ. 4:12).
ნუ დაგავიწყდებათ, რომ კითხვა ადვილი არ არის. კარგი კითხვის სწავლას დრო და ვარჯიში სჭირდება.a თუ გინდათ, რომ თქვენს შვილებს უფრო მეტად შეაყვაროთ კითხვა, საქებარ სიტყვებს ნუ დაიშურებთ. შექება მათ კითხვის სტიმულს მისცემს.
კითხვა — ღირებული და სასიამოვნო საქმე
კითხვას მაშინ ექნება აზრი, თუ მშობელი ბავშვს აუხსნის, რომ კითხვის მიზანი სწავლას უნდა იყოს. სწავლაში ფაქტების ცოდნა და მათი ერთმანეთთან დაკავშირება იგულისხმება. ამისთვის საჭიროა ინფორმაციის დალაგება, დამახსოვრება და გამოყენება. ბავშვისთვის კითხვა ფასეული და სასიამოვნო საქმე გახდება, თუ ეცოდინება, როგორ ისწავლოს და როგორ დაინახოს სწავლის პრაქტიკული ღირებულება (ეკლ. 10:10).
აუხსენით შვილებს, რას მოიცავს სწავლა. ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო, ყოველდღიური მუხლის განხილვა და მსგავსი ღონისძიებები ბავშვებს კარგ შესაძლებლობას აძლევს, გაიგონ, რას ნიშნავს სწავლა. ერთ ადგილას ჯდომა და მცირე ხნით კონკრეტულ თემაზე ყურადღების მიპყრობა ბავშვებს გულისყურის მოკრებაში დაეხმარება, რაც ცოდნის შეძენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, შეგიძლიათ თქვენს შვილს ჰკითხოთ, როგორ დააკავშირებდა ახალ ინფორმაციას ძველთან. ასეთი სახით ბავშვი შედარების გაკეთებას ისწავლის. ან შეგიძლიათ სთხოვოთ, რომ მთავარი აზრები შეაჯამოს. ეს დაეხმარება წაკითხულის გაგებასა და დამახსოვრებაში. გამეორება, ანუ სტატიის წაკითხვის შემდეგ მთავარი აზრების საკუთარი სიტყვებით გადმოცემა, დამახსოვრებას აადვილებს. ბავშვებს აგრეთვე შეგიძლიათ ასწავლოთ შესწავლისა თუ კრების შეხვედრების დროს მოკლე ჩანაწერების გაკეთება. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ დაეხმარება ეს მათ ყურადღების მოკრებაში. სწავლის ამ მარტივი მეთოდების ცოდნა თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის სწავლის პროცესს სახალისოსა და აზრიანს გახდის.
შექმენით სწავლისთვის კარგი პირობები. კარგი ვენტილაცია, განათება და მასთან ერთად მშვიდი და მყუდრო გარემო, ყურადღების მოკრებას აადვილებს. რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია სწავლის მიმართ მშობლის დამოკიდებულება. ერთი დედა ამბობს: „უაღრესად მნიშვნელოვანია, იყო რეგულარული და თანმიმდევრული, როცა საქმე კითხვასა და სწავლას ეხება. ეს თქვენს შვილებს დაეხმარება, რომ მოწესრიგებულები იყვნენ. მათ ეცოდინებათ, რომ ესა თუ ის საქმე თავის დროზეა დასამთავრებელი“. ბევრი მშობელი შესწავლის დროს ყველა სხვა საქმეს გვერდზე დებს. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ასეთი მიდგომა ბავშვებს სწავლის კარგ ჩვევებს უყალიბებს.
დაანახვე შვილებს სწავლის ფასი. დაბოლოს, დაანახვე შვილებს სწავლის პრაქტიკული ღირებულება. სწავლის ნამდვილი მიზანი ცოდნის გამოყენებაა. ერთი ახალგაზრდა ძმა გვიზიარებს: „სწავლის ხალისი მეკარგება, როცა ინფორმაციის პრაქტიკულ ღირებულებას ვერ ვხედავ. მაგრამ დიდი მონდომებით ვსწავლობ იმას, რასაც ვიცი, რომ ნამდვილად გამოვიყენებ“. როცა ახალგაზრდა ნათლად ხედავს სწავლის მიზანს, სწავლა არასდროს დაზარდება. მისთვის სწავლა და კითხვა საყვარელ საქმედ იქცევა.
საუკეთესო ჯილდო
ამ სტატიაში შეუძლებელია ყველა იმ სასიკეთო შედეგის ჩამოთვლა, რაც კითხვის სიყვარულს თან სდევს. სკოლაში, სამსახურში, ადამიანებთან ურთიერთობაში მიღწეული წარმატებები, გარესამყაროს შეცნობა, მშობელსა და შვილს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება, რომ აღარაფერი ვთქვათ კმაყოფილების განცდაზე, მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სასიკეთო შედეგებისა, რაც კითხვასა და სწავლას მოაქვს.
რაც ყველაზე მთავარია, სწავლის სიყვარული დიდად დაეხმარება თქვენს შვილებს, რომ სულიერად მოწიფულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. იგი მათ გონებისა და გულის კარს გაუღებს, რათა ბიბლიური ჭეშმარიტების „სიგანე, სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე“ შეიმეცნონ (ეფეს. 3:18). ქრისტიანმა მშობლებმა ბევრი რამ უნდა ასწავლონ შვილებს. მშობლები, რომლებიც დროსა და ყურადღებას უთმობენ შვილებს და შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებენ, რომ კარგი საფუძველი ჩაუყარონ მათ მომავალს, იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ მათი შვილები იეჰოვას თაყვანისმცემლობას აირჩევენ. ბავშვებისთვის სწავლის კარგი ჩვევების განვითარება მათ სულიერ კეთილდღეობასა და ღმერთთან ახლო ურთიერთობას შეუწყობს ხელს. ამიტომ ლოცვაში სთხოვეთ იეჰოვა ღმერთს, აკურთხოს თქვენი მცდელობა, რომ ბავშვებმა კითხვა და სწავლა შეიყვარონ (იგავ. 22:6).
[სქოლიო]
a კითხვა და სწავლა განსაკუთრებით რთულია უნარდაქვეითებული ბავშვებისთვის. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ასეთ ბავშვებს, იხილეთ 2009 წლის იანვრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 10, 11.
[ჩარჩო⁄სურათები 26 გვერდზე]
კითხვა . . .
• მიეცით ბავშვებს წიგნები
• იკითხეთ ხმამაღლა
• წაახალისეთ ბავშვი, ილაპარაკოს წაკითხულზე
• იმსჯელეთ წაკითხულზე
• წააკითხეთ ბავშვებს
• დაასმევინეთ კითხვები
სწავლა . . .
• მიეცით კარგი მაგალითი
• ასწავლეთ შვილებს
○ ყურადღების მოკრება
○ შედარებების გაკეთება
○ მთავარი აზრების შეჯამება
○ გამეორება
○ ჩანაწერების გაკეთება
• შექმენით სწავლისთვის კარგი პირობები
• დაანახვეთ შვილებს სწავლის ფასი