ხილვები სულიერ სამყოფელზე
რამდენი ხანიც არ უნდა უცქიროთ ცას, მაინც ვერავის დაინახავთ. სმენადაც რომ იქცეთ, ვერავის ხმას ვერ გაიგებთ. და მაინც, დარწმუნებული იყავით, რომ სულიერი ქმნილებები არსებობენ. ისინი უაღრესად გონიერნი და ძლიერნი არიან, აქვთ თავიანთი სახელები და პიროვნული თვისებები. ზოგს ჩვენთვის კარგი სურს, ზოგს კი — ცუდი. თითოეული მათგანი ჩვენით არის დაინტერესებული.
თავად ჭეშმარიტი ღმერთი სულია (იოანე 4:24). ღმერთს აქვს გამორჩეული სახელი, იეჰოვა, რაც მას ცრუ ღმერთებისგან განასხვავებს (ფსალმუნი 83:18). ფსალმუნმომღერალი წერდა: „დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები; ყველა ღმერთზე მეტად შიშის მომგვრელია იგი. ხალხთა ღმერთები არაფრის მაქნისი ღმერთებია, იეჰოვამ კი ზეცა შექმნა. ღირსება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, ძალა და მშვენიერებაა მის საწმინდარში“ (ფსალმუნი 96:4—6).
ხილვები ჭეშმარიტ ღმერთზე
ბიბლიაში წერია: „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“ (იოანე 1:18). როგორც დაბადებიდან ბრმა ვერ აღიქვამს ფერებს, ისე ღვთის გარეგნობა და სიდიადე რჩება ჩვენი აღქმის მიღმა. ამიტომ ღმერთი თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით ჩვენთვის უხილავ საგნებსა და მოვლენებს ჩვენთვის ხილული საგნებითა და მოვლენებით გვიხსნის, მაგალითად ისე, როგორც კარგი მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს რთულ საკითხებს ადვილი და გასაგები ენით. ძველ დროში იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს ხილვებს აძლევდა. ეს ხილვები გვეხმარება, წარმოვიდგინოთ ზეციური სამყოფელი და გავიგოთ, რა კავშირი შეიძლება გვქონდეს მათთან, ვინც ზეცაში მკვიდრობს.
მაგალითად, წინასწარმეტყველ ეზეკიელის ერთ-ერთ ხილვაში იეჰოვას დიდება აღწერილია ისეთი შედარებებით, როგორიცაა ცეცხლი, სინათლე, საფირონის ქვა და ცისარტყელა. თავის ხილვაში მოციქულმა იოანემ ტახტზე მჯდომი იეჰოვა იხილა და თქვა, რომ ის „შესახედაობით იასპსა და ძვირფას წითელ ქვას ჰგავდა“ და დასძინა, რომ „ტახტის ირგვლივ ცისარტყელა იყო, რომელიც ზურმუხტს ჰგავდა“. ასეთი აღწერილობა წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, რომ იეჰოვას სამყოფელი იშვიათი, თვალისმომჭრელი სილამაზით გამოირჩევა, სადაც ნეტარება და სიმშვიდე სუფევს (გამოცხადება 4:2, 3; ეზეკიელი 1:26—28).
წინასწარმეტყველმა დანიელმაც ნახა ხილვა იეჰოვაზე, რომელშიც „ათი ათასობით ათი ათასი [ანგელოზი] იდგა მის [იეჰოვას] წინაშე“ (დანიელი 7:10). რა დიდებული სანახავი იქნებოდა ეს ყოველივე! ხილვაში ერთი ანგელოზის დანახვაც კი როგორი შთამბეჭდავი იქნებოდა და ახლა წარმოიდგინეთ, უთვალავი სრულყოფილი ანგელოზი!
ბიბლიაში ანგელოზები დაახლოებით 400-ჯერ არიან მოხსენიებულნი. მათ შორის არიან სხვადასხვა რანგის ანგელოზები — სერაფიმები და ქერუბიმები. ბერძნული და ებრაული ენებიდან ნათარგმნი სიტყვა „ანგელოზი“ ნიშნავს „მაცნეს“. აქედან გამომდინარე, ანგელოზებს შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია. ძველ დროში ისინი ადამიანებსაც გადასცემდნენ ინფორმაციას. ანგელოზები არ არიან ერთ დროს დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები. იეჰოვამ ეს სულიერი ქმნილებები ადამიანზე ბევრად ადრე შექმნა (იობი 38:4—7).
დანიელის ხილვაში უთვალავი ანგელოზი უჩვეულო მოვლენის სანახავად იყო შეკრებილი. დანიელმა დაინახა „ვიღაც, კაცის ძის მსგავსი“, რომელიც მიუახლოვდა იეჰოვას ტახტს, რომ მიეღო „მმართველობა, დიდება და სამეფო, რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს“ (დანიელი 7:13, 14). „კაცის ძე“, რომელიც სულიერ სამყაროში მთავარი ფიგურაა, მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეა. მას მთელ დედამიწაზე მმართველობის უფლება მიეცა. მალე მისი მმართველობა შეცვლის ყველა ადამიანთა მმართველობებს და ბოლოს მოუღებს ავადმყოფობას, მწუხარებას, ჩაგვრას, სიღარიბესა და თვით სიკვდილსაც კი (დანიელი 2:44).
უდავოა, რომ იესოს გამეფებამ უდიდესი სიხარული მოუტანა იმ უამრავ ერთგულ ანგელოზს, რომელთაც ჩვენთვის კარგი სურთ. სამწუხაროდ, ეს ამბავი ყველა სულიერ ქმნილებას არ გახარებია.
ღვთისა და ადამიანების მტრები
კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში განდიდების მანიით შეპყრობილმა ერთმა ანგელოზმა, იეჰოვას ზურგი აქცია და გახდა სატანა, რაც ნიშნავს „მოწინააღმდეგეს“. სატანა, ბოროტების უდიდესი განსახიერება, ოპოზიციაში უდგას იეჰოვას, რომელიც სიყვარულის განსახიერებაა. სატანას სხვა ანგელოზებიც შეუერთდნენ. ბიბლია მათ დემონებს უწოდებს. სატანის მსგავსად, დემონებიც ადამიანების სასტიკი მტრები გახდნენ. დედამიწაზე არსებული მრავალი უბედურება — უსამართლობა, დაავადებები, სიღარიბე და ომები — მათი გავლენის შედეგია.
ბევრ ქრისტიანულ ეკლესიაში დღეს ნაკლებად ლაპარაკობენ სატანაზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის წიგნ „იობში“ კარგად არის დანახვებული ამ მოჯანყე ანგელოზის ხასიათი და მოტივები. მასში ნათქვამია: „ერთ დღეს, როდესაც ჭეშმარიტი ღვთის შვილები იეჰოვას წინაშე წარდგნენ, სატანაც მივიდა და დადგა მათ შორის“. ღმერთთან საუბრისას სატანამ უტიფრად დასდო ბრალი იობს იმაში, რომ ის ღმერთს ანგარებით ემსახურებოდა. თავისი ბრალდების დასამტკიცებლად სატანამ იობს დიდი უბედურება დაატეხა — დაუხოცა საქონელი და ათივე შვილი მოუკლა. ამის შემდეგ იობს მთელ ტანზე წყლული შეჰყარა. სატანის ვერც ერთმა თავდასხმამ მიზანს ვერ მიაღწია (იობი 1:6—19; 2:7).
იეჰოვას აქვს საფუძვლიანი მიზეზები, რის გამოც სატანას ამდენ ხანს უთმენს, თუმცა ეს უსასრულოდ არ გაგრძელდება. ეშმაკი მალე განადგურდება. საამისოდ ღმერთმა უკვე გადადგა ნაბიჯები, რაც კარგად არის აღწერილი „გამოცხადების“ წიგნში. იქ ფარდა ეხდება სულიერ სფეროში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან მოვლენასაც, რასაც ვერასოდეს გავიგებდით, რომ არა იოანეს გამოცხადება. იქ ვკითხულობთ: „ატყდა ზეცაში ომი. მიქაელი [მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე] და მისი ანგელოზები ებრძოდნენ დრაკონს [სატანას]. იბრძოდნენ დრაკონი და მისი ანგელოზები, მაგრამ ვერ სძლია დრაკონმა და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ზეცაში. გადმოგდებულ იქნა დიდი დრაკონი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო, გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად იქნენ გადმოყრილნი“ (გამოცხადება 12:7—9).
დაუკვირდით, სატანაზე ნათქვამია, რომ მას „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“. ის რელიგიურ სიცრუეს ავრცელებს, რათა ადამიანები იეჰოვასა და მის სიტყვას დააშოროს. ერთ-ერთი მისი ტყუილი ის არის, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი სიცოცხლეს სულიერ სამყაროში განაგრძობს. ამ შეხედულების უამრავი ვერსია არსებობს. მაგალითად, აფრიკასა და აზიაში ბევრს სწამს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი განაგრძობს სულიერ სამყაროში ცხოვრებას, სადაც მათი წინაპრები მკვიდრობენ. სწავლება განსაწმენდელისა და ჯოჯოხეთის შესახებ ასევე ეფუძნება იმ იდეას, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გრძელდება.
განაგრძობს ადამიანი სიცოცხლეს ზეცაში?
მაგრამ რას ვიტყვით მილიონობით ადამიანზე, რომლებსაც სწამთ, რომ ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის? ზოგი კარგი ადამიანი მართლა მიდის ზეცაში, მაგრამ მილიარდობით გარდაცვლილთან შედარებით მათი რიცხვი გაცილებით მცირეა. ბიბლია გვიმჟღავნებს, რომ „დედამიწიდან ნაყიდი“ 144 000 ადამიანი „მღვდლებად“ და „დედამიწის მმართველებად“ იმსახურებს (გამოცხადება 5:9, 10; 14:1, 3). კაცის ძესთან, იესო ქრისტესთან ერთად ისინი შეადგენენ ღვთის ზეციერი სამეფოს ხელისუფლებას. ეს ხელისუფლება ბოლოს მოუღებს სატანასა და მის დემონებს, დედამიწას კი სამოთხედ გადააქცევს. გარდაცვლილთა უმეტესობა აღდგება და მარადიულად იცხოვრებს სამოთხეში დედამიწაზე (ლუკა 23:43).
მოკლედ რომ ვთქვათ, სულიერი სამყარო უამრავი ქმნილების სამკვიდროა. ყველაზე აღმატებული სულიერ სამყაროში ყოველივეს შემოქმედი იეჰოვა ღმერთია. მას იქ ერთგულად ემსახურება ურიცხვი ანგელოზი. არიან სხვა ანგელოზებიც, რომლებმაც იეჰოვას ზურგი აქციეს და სატანას გაჰყვნენ. მათ შეცდომაში შეჰყავთ ადამიანები. გარდა ამისა, დედამიწიდან „ნაყიდ“ ანუ არჩეულ განსაზღვრული რაოდენობის ადამიანებს ზეცაში განსაკუთრებული დავალება აქვთ მიცემული. ახლა განვიხილოთ, თუ ვისთან და როგორ შეგვიძლია სულიერ სამყაროში კავშირის დამყარება.