ასწავლეთ შვილებს
ის ღმერთსაც უყვარდა და მეგობრებსაც
მისი სახელი დღეს არავინ იცის. მას მხოლოდ იფთახის ქალიშვილად იცნობენ. მოდი, გადავშალოთ ბიბლია და გავიგოთ იფთახისა და მისი ქალიშვილის შესახებ. ჩვენ დავინახავთ, რომ იფთახის ქალიშვილი ღმერთსაც უყვარდა და მეგობრებსაც.
იფთახისა და მისი ქალიშვილის შესახებ შეგვიძლია წავიკითხოთ ბიბლიის წიგნ „მსაჯულების“ მე-11 თავში. იფთახი ღვთის ერთგული კაცი იყო და უდავოა, რომ თავის ქალიშვილთან ერთად ყოველთვის იმსჯელებდა წმინდა წერილებზე.
იფთახი მანამდე ცხოვრობდა, სანამ ღვთის ხალხი, ისრაელი, მეფეს მოითხოვდა. ის ძლიერი და ბრძოლისუნარიანი კაცი იყო; სწორედ ამიტომ სთხოვეს ისრაელებმა იფთახს, სათავეში ჩასდგომოდა მათ ბრძოლას მეზობელი ერის, ამონელების, წინააღმდეგ.
ამონელების დასამარცხებლად იფთახს ღვთის დახმარება სჭირდებოდა, ამიტომ მან აღთქმა დადო, რომ თუ იეჰოვა ბრძოლაში გაამარჯვებინებდა, ვინც სახლიდან პირველი გამოეგებებოდა, ღმერთს შესწირავდა. იმ ადამიანს დარჩენილი სიცოცხლე ღვთის კარავში უნდა ემსახურა ანუ იქ, სადაც ხალხი იმ დროს ღმერთს სცემდა თაყვანს. იცი, სახლიდან პირველი ვინ გამოვიდა? ~a
დიახ, იფთახის ქალიშვილი! იფთახი ძალიან დანაღვლიანდა. მას ხომ ერთადერთი შვილი ჰყავდა. მაგრამ იეჰოვას აღთქმა დაუდო და სიტყვას როგორ გადავიდოდა?! ქალიშვილმა მამას მაშინვე უთხრა: „მამა, თუ სიტყვა მიეცი იეჰოვას, შენი სიტყვისამებრ მომექეცი“. შემდეგ მას სთხოვა, ორი თვით მთაში საგლოვად გაეშვა. კი მაგრამ, რა ჰქონდა საგლოვი? იმ აღთქმის თანახმად, რომელიც მამამისმა ღმერთს დაუდო, მას არ ჰქონდა გათხოვებისა და ბავშვების ყოლის უფლება. მიუხედავად ამისა, იფთახის ქალიშვილმა თავისი სურვილები უკანა პლანზე გადადო, რადგან მისთვის მთავარი იყო მამის მორჩილი და იეჰოვას ერთგული ყოფილიყო. როგორ ფიქრობ, გაახარა მან მამამისი და იეჰოვა? ~
ამრიგად, იფთახმა თავისი ქალიშვილი დობილებთან ერთად ორი თვით მთაში გაუშვა. როცა ქალიშვილი შინ დაბრუნდა, იფთახმა დაპირება შეასრულა და ის შილოში გაგზავნა, სადაც დარჩენილ ცხოვრებას ღვთის კარავში გაატარებდა. ყოველ წელს ისრაელის ასულები მიდიოდნენ შილოში და ამხნევებდნენ იფთახის ქალიშვილს.
იცნობ ისეთ ბავშვებს, რომლებიც მშობლებს ემორჩილებიან და იეჰოვა უყვართ? ~ კარგი იქნება, თუ გაიცნობ ასეთ ბავშვებს და დაუმეგობრდები. თუ იფთახის ქალიშვილს მორჩილებასა და ერთგულებაში მიჰბაძავ, კარგი მეგობრები გეყოლება, მშობლებს გაახარებ და იეჰოვასაც ეყვარები.
წაიკითხე შენს ბიბლიაში
a ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და მას თავისი აზრი გამოათქმევინეთ.