დაუახლოვდით ღმერთს
იეჰოვა აჯილდოებს ყველა თავის მსახურს
ყველას სიამოვნებს სამადლობელი სიტყვების მოსმენა კარგად შესრულებული საქმისა თუ მთელი გულით გაღებული საჩუქრისთვის. თითოეულ ჩვენგანს გვიხარია, როცა ვხედავთ, რომ ჩვენს შრომას სხვები აფასებენ, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც გვიყვარს. რასაკვირველია, ყველაზე მეტად ჩვენი ღმერთი, იეჰოვა, გვიყვარს. აფასებს იგი ჩვენს ძალისხმევას, რომელსაც მის მსახურებას ვახმართ? მოდი, ვიმსჯელოთ, როგორ მოეპყრო ის ებედ-მელექს, კაცს, რომელმაც ღვთის ერთი წინასწარმეტყველის გულისთვის საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო (წაიკითხეთ იერემიას 38:7—13; 39:16—18).
ვინ იყო ებედ-მელექი? როგორც ჩანს, ის იუდას მეფე ციდკიას სამეფო კარზე მსახურობდა.a ებედ-მელექი იყო იერემიას თანამედროვე. იერემია ღმერთმა გააგზავნა ორგულ იუდეველებთან, რომელსაც ისინი იუდას მოსალოდნელი განადგურების შესახებ უნდა გაეფრთხილებინა. მიუხედავად იმისა, რომ ებედ-მელექი უღვთო მთავრების გარემოცვაში იყო, ის ღვთისმოშიშებას ავლენდა და დიდ პატივს სცემდა იერემიას. ებედ-მელექის ერთგულება მაშინ გამოიცადა, როცა ბოროტმა მთავრებმა იერემიას ამბოხებაში დასდეს ბრალი. მათ წინასწარმეტყველი ტალახიან ჭაში ჩააგდეს, რათა მომკვდარიყო (იერემია 38:4—6). როგორ მოიქცა ებედ-მელექი?
ებედ-მელექმა გაბედულება გამოავლინა და არ შეუშინდა მთავრების რისხვას. იგი მივიდა მეფე ციდკიასთან და ყველას თანდასწრებით განუცხადა, რომ იერემიას უსამართლოდ მოექცნენ. მან მეფეს პირდაპირ მიუთითა დამნაშავეებზე: „ბოროტად მოექცნენ ეს კაცები იერემიას“ (იერემია 38:9). ებედ-მელექის სიტყვამ გაჭრა და ციდკიას ბრძანებით, ის 30 კაცთან ერთად იერემიას საშველად გაემართა.
ებედ-მელექმა კიდევ ერთი თვისება გამოავლინა — სიკეთე. „აიღო ძონძები და ძველმანები და თოკებით ჩაუშვა იერემიასთან ჭაში“. რატომ მაინცდამაინც ძონძები და ძველმანები? იერემია ძონძებსა და ძველმანებს იღლიებში ამოიდებდა, რის გამოც ნაკლებ ტკივილს იგრძნობდა, როცა ტალახიანი ჭიდან თოკებით ამოათრევდნენ (იერემია 38:11—13).
იეჰოვას მხედველობიდან არ გამორჩენია ის, თუ როგორ მოიქცა ებედ-მელექი. მადლიერი იყო იგი ამისთვის? იერემიას პირით ღმერთმა ებედ-მელექს უთხრა, რომ იუდას განადგურება გარდაუვალი იყო. შემდეგ ღმერთი შეჰპირდა მას, რომ აუცილებლად იხსნიდა. იეჰოვამ უთხრა ებედ-მელექს: „გიხსნი . . . არ ჩავარდები მათ ხელში . . . გადაგარჩენ და არ დაეცემი მახვილით. ნადავლად შენი სული გექნება“. რატომ დაჰპირდა იეჰოვა ებედ-მელექს, რომ გადაარჩენდა? მან უთხრა მას: „რადგან ჩემზე იყავი დაიმედებული“ (იერემია 39:16—18). იეჰოვა ხედავდა, რომ ებედ-მელექი მხოლოდ იერემიაზე კი არ ზრუნავდა, არამედ რწმენასა და ნდობას ავლენდა ღვთის მიმართ.
ამ შემთხვევიდან ვსწავლობთ, რომ იეჰოვა აფასებს ჩვენს მსახურებას. ბიბლია გვარწმუნებს, რომ მას ახსოვს თუნდაც უმნიშვნელო რამ, რასაც მისი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად რწმენით სავსე გულით ვაკეთებთ (მარკოზი 12:41—44). გსურთ, დაუახლოვდეთ ასეთ მადლიერ ღმერთს? თუ ასეა, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მასზე ნამდვილად მართლდება სიტყვები, რომლებსაც ბიბლიაში ვკითხულობთ: „[ღმერთი] აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6).
მაისში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:
[სქოლიო]
a ბიბლიაში ებედ-მელექი საჭურისად მოიხსენიება (იერემია 38:7). მართალია, ეს სიტყვა პირდაპირი გაგებით კასტრირებულს ნიშნავს, მაგრამ ის ფართო გაგებითაც გამოიყენებოდა. „საჭურისად“ მოიხსენიებოდნენ ის პირებიც, რომლებსაც მაღალი თანამდებობა ეკავათ მეფის კარზე.