მკითხველები გვეკითხებიან
რატომ ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები კარდაკარ?
▪ ბიბლიიდან ვიგებთ, რა დაავალა იესომ თავის მოწაფეებს: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან . . . ასწავლეთ მათ“ (მათე 28:19, 20). ყველა ქრისტიანი უნდა ასრულებდეს ამ დავალებას? იესოს პირველმა მოწაფეებმა კარგად იცოდნენ, რომ ეს ყველას ეხებოდა. მაგალითად, პეტრე მოციქულმა თქვა: „მან [იესომ] გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და საფუძვლიანად დავამოწმოთ“ (საქმეები 10:42). პავლე მოციქულმა კი დაწერა: „ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო. ვაი მე, თუ არ ვაუწყებ სასიხარულო ცნობას!“ (1 კორინთელები 9:16).
არა მარტო პავლე და პეტრე, არამედ პირველ საუკუნეში მცხოვრები სხვა ქრისტიანებიც ასრულებდნენ იესოს დავალებას. სამქადაგებლო საქმიანობას მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა (საქმეები 5:28—32, 41, 42). დღეს იეჰოვას მოწმეებიც ასრულებენ ამ დავალებას. ისინი იესოს მსგავსად „ზეციერ სამეფოზე“ ქადაგებენ (მათე 10:7).
ვის უნდა ვუქადაგოთ სამეფოს შესახებ ცნობა? იესომ მოგვიწოდა, რომ ყველასთვის გვექადაგა. მან თავის მოწაფეებს უთხრა: „იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8). მან ისიც იწინასწარმეტყველა, რომ ქვეყნიერების აღსასრულის დადგომამდე „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებდნენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათე 24:14). მართლაც, პირველი საუკუნის ქრისტიანები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ ყველა ადამიანის ყურამდე მიეტანათ ეს ცნობა. ისინი მხოლოდ ნაცნობებთან და მათთან კი არ ქადაგებდნენ, რომლებიც არც ერთ რელიგიას არ მიეკუთვნებოდნენ, არამედ განურჩევლად მრწამსისა, ყველასთან მიჰქონდათ ეს ცნობა (კოლოსელები 1:23; 1 ტიმოთე 2:3, 4). იეჰოვას მოწმეებიც მსგავსად ცდილობენ, რომ ყველას მიაწვდინონ სასიხარულო ცნობა.a
რა არის სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელების საუკეთესო მეთოდი? იესომ, რომელმაც იცოდა, როგორ მიეწოდებინა ეს ცნობა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის, თავისი მოწაფეები გააგზავნა ქალაქებსა და სოფლებში, კარდაკარ რომ ექადაგათ (მათე 10:7, 11, 12). იესოს სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ მისი მოწაფეები განაგრძობდნენ კარდაკარ ქადაგებას (საქმეები 5:42). იესოს მსგავსად, ისინიც ყველგან ქადაგებდნენ, სადაც კი ხალხს შეხვდებოდნენ, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (იოანე 4:7—26; 18:20; საქმეები 17:17). დღეს იეჰოვას მოწმეები ქადაგების ამავე მეთოდებს იყენებენ.
იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ყველა არ მოუსმენდა (მათე 10:14; 24:37—39). უნდა შეაჩეროს ამან ქრისტიანები? მოვიყვანოთ შედარება: მაშველთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი რომ ყოფილიყავით და დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დაზარალებულთა დასახმარებლად წასულიყავით, შეწყვეტდით გადარჩენილთა ძებნას მხოლოდ იმიტომ, რომ თითო-ოროლას პოვნის იმედიღა გექნებოდათ? რასაკვირველია, არა. პირიქით, ალბათ, ძალას არ დაზოგავდით მაშინაც კი, თუ ერთი ადამიანის გადარჩენის იმედი გექნებოდათ. იესომ მოწაფეებს მოუწოდა, არ შეეწყვიტათ ქადაგება, ვიდრე არსებობდა იმის იმედი, რომ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ვინმე მოისმენდა (მათე 10:23; 1 ტიმოთე 4:16). იეჰოვას მოწმეები კარდაკარ ქადაგებენ და გულწრფელ ადამიანებს ეძებენ, რითაც აჩვენებენ, რომ უყვართ ღმერთი და ხალხი, რომელთა სიცოცხლე სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენაზეა დამოკიდებული (მათე 22:37—39; 2 თესალონიკელები 1:8).
ეს ჟურნალი, რომელსაც თქვენ კითხულობთ, სწორედ ამ ბიბლიური ცნობის გავრცელებას ემსახურება. თუ გსურთ, მეტი გაიგოთ, გაესაუბრეთ იეჰოვას მოწმეებს, როცა მოგაკითხავენ ან მისწერეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.
[სქოლიო]
a იეჰოვას მოწმეები დღეს 236 ქვეყანაში ქადაგებენ. გასულ წელს მათ სამქადაგებლო მსახურებას 1,7 მილიარდი საათი დაუთმეს და 8,5 მილიონ ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ მთელ მსოფლიოში.