„ასე ილოცეთ: მამა. . .“
ვინ გახსენდებათ, როცა გესმით სიტყვა „მამა“? მოსიყვარულე მამაკაცი, რომელიც თავისი ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნავს თუ უგულო და სასტიკი ადამიანი? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ადამიანია მამათქვენი.
სიტყვა „მამას“ იესო ხშირად იყენებდა ღმერთზე საუბრის დროს.a როცა თავის მიმდევრებს ლოცვას ასწავლიდა, იესომ მათ უთხრა: „ასე ილოცეთ: მამა“ (ლუკა 11:2). როგორი მამაა იეჰოვა? ამ კითხვაზე პასუხის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო უკეთ გავიგებთ, როგორი მამაა იეჰოვა, მით უფრო დავუახლოვდებით და შევიყვარებთ მას.
იესოზე კარგად ვერავინ გაგვაცნობს ჩვენს ზეციერ მამას. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის მამასთან. იესომ თქვა: „ძეს ისე კარგად არავინ იცნობს, როგორც მამა, და არც მამას იცნობს ვინმე ისე კარგად, როგორც ძე და ის, ვისაც ძეს სურს გაუმჟღავნოს“ (მათე 11:27). ასე რომ, თუ ჩვენი ზეციერი მამის გაცნობა გვსურს, ამაში იესოზე კარგად ვერავინ დაგვეხმარება.
რისი გაგება შეგვიძლია იესოსგან ჩვენი ზეციერი მამის შესახებ? დავუფიქრდეთ იესოს სიტყვებს: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ ჩვენი ზეციერი მამის მთავარი თვისება სიყვარულია (1 იოანე 4:8). იეჰოვა სიყვარულს სხვადასხვაგვარად ავლენს. მისი სიყვარული მაშინ ჩანს აშკარად, როცა იწონებს თავის შვილებს, თანაგრძნობას ავლენს მათ მიმართ, იცავს, შეაგონებს და, ამავდროულად, მათ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნავს.
ჩვენი ზეციერი მამა იწონებს თავის შვილებს
ბავშვები გაცილებით კარგად და იმედიანად გრძნობენ თავს, როცა მშობლები მათ საქციელს იწონებენ. წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა და ძალას შეჰმატებდა იესოს თავისი მამის სიტყვები: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათე 3:17). თავის მხრივ, იესოც გვარწმუნებს, რომ მამას ვუყვარვართ და გვიწონებს. მან თქვა: „ვისაც მე ვუყვარვარ, მას მამაჩემიც შეიყვარებს“ (იოანე 14:21). განა არ გვამხნევებს ეს სიტყვები?! სამწუხაროდ, არსებობს ისეთი პიროვნება, ვისაც სურს ეს იმედი წაგვართვას.
სატანა ცდილობს, დაგვაეჭვოს იმაში, რომ ზეციერი მამა ჩვენს საქციელს იწონებს. მას უნდა, დაგვაჯეროს, რომ არ ვართ ღვთის სიყვარულის ღირსი. ის ამას განსაკუთრებით მაშინ აკეთებს, როცა სიბერე და ავადმყოფობა ძალას გვაცლის, საკუთარ სისუსტეებთან ბრძოლა გვიწევს და როცა ვინმე ან რამე იმედს გვიცრუებს. ასეთი რამ შეემთხვა ერთ ახალგაზრდას, ლუკასს, რომელიც ფიქრობდა, რომ ღვთის სიყვარულის ღირსი არ იყო. ის ჰყვება, რომ ფასეულობები, რაც მშობლებმა ბავშვობაში ჩაუნერგეს, მოგვიანებით, მათსავე თვალში გაუფასურდა. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ვერ წარმოედგინა ლუკასს ზეციერ მამასთან ახლო ურთიერთობა. გარდა ამისა, ფეთქებადი ხასიათის გამო მას ხშირად პრობლემები ჰქონდა სხვებთან. მაგრამ დღეს უკვე თავისი ცოლის მოთმინებისა და მხარდაჭერის წყალობით, რომელსაც ლუკასი „ღვთის საჩუქარს“ უწოდებს, თავის ხელში აყვანა შეუძლია. ლუკასს კარგად ესმის, რომ „ქრისტე იესო ქვეყნიერებაში ცოდვილთა სახსნელად მოვიდა“ (1 ტიმოთე 1:15). როგორც ის ამბობს, იმის გაანალიზება, რომ ღმერთს უყვარს და იწონებს, სიხარულსა და კმაყოფილებას ჰგვრის.
თუ დროდადრო იეჰოვას სიყვარულში ეჭვი გეპარებათ, ალბათ, ძალიან გაგამხნევებთ რომაელების 8:31—39-ში ჩაწერილი სიტყვები. მოციქული პავლე გვარწმუნებს, რომ ვერაფერი „ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია“.b
ჩვენი ზეციერი მამა უდიდეს თანაგრძნობას ავლენს ჩვენ მიმართ
ჩვენს ზეციერ მამას ძალიან სტკივა გული, როცა ხედავს, როგორ ვიტანჯებით. ის „უდიდესი თანაგრძნობის“ ღმერთია (ლუკა 1:78). იესოც მამის მსგავსად თანაგრძნობას ავლენდა არასრულყოფილი ადამიანების მიმართ (მარკოზი 1:40—42; 6:30—34). ჭეშმარიტი ქრისტიანებიც ცდილობენ, მიჰბაძონ ზეციერ მამას და გამოავლინონ თანაგრძნობა. ისინი მიჰყვებიან ბიბლიურ მოწოდებას: „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ“ (ეფესოელები 4:32).
აი, რა შეემთხვა ერთ მამაკაცს, ფელიპეს. ერთ დღეს, როცა სამსახურში მიდიოდა, მოულოდნელად ზურგში ისეთი საშინელი ტკივილი იგრძნო, თითქოს ვიღაცამ დანა ჩაარტყა. ის სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოში. რვასაათიანი გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა დაასკვნეს: მას სერიოზულად ჰქონდა დაზიანებული აორტის (მთავარი არტერია) შიგნითა გარსი. ექიმებმა თქვეს, რომ 25 წუთი სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი და ოპერაციაც ვერ უშველიდა.
ფელიპეს თანამორწმუნეებმა, რომლებიც მის გვერდით იყვნენ, სასწრაფოდ იმოქმედეს. მათ იზრუნეს, რომ ფელიპე საჩქაროდ გადაეყვანათ სხვა საავადმყოფოში, სადაც გადაუდებლად გაუკეთდა ოპერაცია. მთელი ამ ხნის მანძილზე თანამორწმუნეები გვერდიდან არ მოშორებიან. საბედნიეროდ, ფელიპე გადარჩა. როცა ამ შემთხვევას იხსენებს, ფელიპე მადლიერია, რომ თანამორწმუნეებმა ასე თანაუგრძნეს. მაგრამ იგი იმაშიცაა დარწმუნებული, რომ ასეთი თანაგრძნობა მათ ზეციერი მამის წყალობით გამოავლინეს. ფელიპე ამბობს: „თითქოს ღმერთი მოსიყვარულე მამასავით გვერდში მედგა და მაძლიერებდა“. იეჰოვა მართლაც ხშირად აღძრავს თავის მსახურებს, რომ მასავით თანამგრძნობნი იყვნენ.
ჩვენი ზეციერი მამა გვიცავს
როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ საფრთხე ემუქრება, მამისკენ გარბის. მოსიყვარულე მამის მკლავებში ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს. იესო სრულად იყო მინდობილი მამაზე და სჯეროდა, რომ ყოველთვის დაიცავდა (მათე 26:53; იოანე 17:15). ჩვენც შეგვიძლია ჩვენი ზეციერი მამის მკლავებში თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ. დღეს იეჰოვა, უმთავრესად, სულიერად გვიცავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი ყველანაირად გვეხმარება, რომ თავი ავარიდოთ სულიერ საფრთხეს და მასთან მეგობრობას მოვუფრთხილდეთ. მაგალითად, ის ბიბლიის მეშვეობით რჩევებს გვაძლევს და ამგვარად გვიცავს. როდესაც ასეთ რჩევებს ვითვალისწინებთ, თითქოს იეჰოვას ხმა ჩაგვესმის ყურში: „ეს არის გზა, იარეთ მასზე“ (ესაია 30:21).
ტიაგუ და მისი ძმები, ფერნანდო და რაფაელი, ბენდის წევრები იყვნენ და როკენროლს უკრავდნენ. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა სან-პაულუს (ბრაზილია) ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზში მიიწვიეს. სავსებით შესაძლებელი იყო, რომ მომავალში სახელი გაეთქვათ. მაგრამ თანამორწმუნეებმა გააფრთხილეს, რომ საშიში იყო ისეთ ხალხთან ახლო ურთიერთობა, ვინც ღვთის ნორმებით არ ცხოვრობდა (იგავები 13:20). ტიაგუმ საკუთარი გამოცდილებიდან დაინახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბიბლიური რჩევის გათვალისწინება. მისი ერთ-ერთი ძმა დაუახლოვდა ცუდ საზოგადოებას, რის შედეგადაც შესცოდა. ტიაგუმ და მისმა ძმებმა გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ მუსიკალურ კარიერაზე. ახლა სამივე ძმა ქრისტიანულ მსახურებაში სრული დროითაა ჩაბმული. მათ სჯერათ, რომ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი რჩევები სულიერი საფრთხისგან იცავს მის მსახურებს.
ჩვენი ზეციერი მამა შეგვაგონებს
მოსიყვარულე მამა შეაგონებს შვილებს, რადგან სურს, რომ ისინი კარგ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ (ეფესოელები 6:4). ასეთი მამა შეიძლება შეგონების მიცემის დროს მტკიცე იყოს, მაგრამ ბავშვების მიმართ სისასტიკეს არასოდეს გამოავლენს. მსგავსად, ჩვენი ზეციერი მამაც ზოგჯერ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ შეგვაგონოს. მაგრამ ღმერთი ამას ყოველთვის სიყვარულით აკეთებს და არასდროს გვაყენებს შეურაცხყოფას. იესოც მამას ჰბაძავდა და არასდროს ავლენდა სისასტიკეს მაშინაც კი, როცა მოწაფეები მალევე არ იღებდნენ ყურად მის შეგონებას (მათე 20:20—28; ლუკა 22:24—30).
ერთი მამაკაცი, რიკარდო, ძალიან მადლიერია იმისათვის, რომ იეჰოვამ სიყვარულით შეაგონა. ის, სულ რაღაც, შვიდი თვის იყო, როცა მამამ მიატოვა. მოზარდობის პერიოდში მას ძალიან აკლდა მამის სიყვარული. მან ცხოვრების არასწორი წესი არჩია, რის გამოც სინდისი ქენჯნიდა. იგი მიხვდა, რომ მისი ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა ბიბლიის მაღალზნეობრივ პრინციპებს; ამიტომ, გადაწყვიტა, დალაპარაკებოდა კრების უხუცესებს. მათ რიკარდოს ბიბლიიდან პირდაპირი რჩევა მისცეს, თუმცა ეს სიყვარულით გააკეთეს. რიკარდო მადლიერი იყო შეგონებისთვის, მაგრამ სინდისი მოსვენებას არ აძლევდა. ამიტომ, დეპრესიაში ჩავარდა — ღამღამობით ძილი უტყდებოდა და ცრემლად იღვრებოდა. ბოლოს მიხვდა, რომ შეგონების მიუხედავად, იეჰოვას მაინც უყვარდა. რიკარდოს გაახსენდა ებრაელების 12:6-ში ჩაწერილი სიტყვები: „იეჰოვა იმის აღზრდაზე ზრუნავს, ვინც უყვარს“.
კარგია, თუ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ შეგონება უფრო მეტია, ვიდრე დასჯა. ბიბლიის თანახმად, შეგონება აღზრდასაც გულისხმობს. ჩვენმა მოსიყვარულე მამამ შეიძლება იმ გაგებით შეგვაგონოს, რომ თავიდან არ აგვარიდოს არასწორი საქციელის შედეგები. მაგრამ ბიბლიიდან ვხედავთ, რომ როცა ჩვენი ზეციერი მამა შეგვაგონებს, ჩვენს აღზრდაზე ზრუნავს ანუ გვეხმარება სწორი კურსის არჩევაში (ებრაელები 12:7, 11). ზეციერი მამა იმიტომ შეგვაგონებს, რომ გულწრფელად არის დაინტერესებული ჩვენი კეთილდღეობით.
ზეციერი მამა ჩვენს ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნავს
მოსიყვარულე მამა ოჯახის ფიზიკურ და მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნავს. იეჰოვაც მსგავსად იქცევა. „თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს“, — თქვა იესომ (მათე 6:25—34). იეჰოვა გვპირდება: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრაელები 13:5).
ერთი ქალი, სახელად ნაისი, დარწმუნდა ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში, როცა მისმა ქმარმა სამუშაო დაკარგა. მან სულ ცოტა ხნის წინ მაღალანაზღაურებად სამუშაოს დაანება თავი იმის გამო, რომ მეტი დრო დაეთმო თავისი ორი გოგონასთვის და უფრო მეტი ექადაგა. ახლა უკვე ცოლიც და ქმარიც უმუშევარი დარჩა. რითი ირჩენდნენ თავს? ნაისმა გულმხურვალედ მიმართა იეჰოვას ლოცვით. მეორე დღეს მისი ქმარი ყოფილ სამუშაო ადგილზე მივიდა თავისი ნივთების ასაღებად. მისდა გასაკვირად, უფროსმა სხვა სამუშაო შესთავაზა, რომელიც ის-ის იყო გამოჩენილიყო. ასე რომ, ნაისის ქმარმა მეორე დღესვე იშოვა სამუშაო. ნაისმა და მისმა ქმარმა მადლობა შესწირეს თავის ზეციერ მამას ასეთი საჩუქრისთვის. მათი შემთხვევა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ მოსიყვარულე ზეციერი მამა არასდროს ივიწყებს თავის ერთგულ მსახურებს.
ჩვენ მადლიერებას ვავლენთ მამის მიერ გამოვლენილი სიყვარულისთვის
სიტყვები არ გვეყოფა იმის აღსაწერად, თუ რაოდენ დიდ სიყვარულს ავლენს ზეციერი მამა ჩვენ მიმართ! როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზეციერი მამის სიყვარული აშკარად ჩანს მაშინ, როცა იწონებს თავის შვილებს, თანაგრძნობას ავლენს მათ მიმართ, იცავს, შეაგონებს და, ამავდროულად, მათ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნავს. ამ ყველაფერზე დაფიქრება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ის მართლაც საუკეთესო მამაა!
როგორ შეგვიძლია მადლიერება გამოვავლინოთ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ზეციერი მამა ავლენს ჩვენ მიმართ? რაც შეიძლება მეტი უნდა გავიგოთ მასზე და მისი განზრახვების შესახებ (იოანე 17:3). გარდა ამისა, ჩვენი ცხოვრება ღვთის ნებას და მის ნორმებს უნდა შევუსაბამოთ (1 იოანე 5:3). ჩვენც ისეთივე სიყვარულით უნდა მოვექცეთ სხვებს, როგორითაც ღმერთი გვექცევა (1 იოანე 4:11). ყოველივე ამით კი ვაჩვენებთ, რომ მართლაც იეჰოვაა ჩვენი მამა და ჩვენთვის დიდი პატივია, მის შვილებად ვიწოდებოდეთ!
[სქოლიოები]
a ბიბლიაში ხშირად არის ყურადღება გამახვილებული იმაზე, რომ იეჰოვაა ჩვენი მამა. მაგალითად, პირველ სამ სახარებაში იესო დაახლოებით 65-ჯერ მოიხსენიებს სიტყვა „მამას“, ხოლო „იოანეს“ სახარებაში — 100-ზე მეტჯერ. პავლეც თავის წერილებში 40-ზე მეტჯერ მოიხსენიებს ღმერთს „მამად“. იეჰოვა ჩვენი მამაა, რადგან მან გვიბოძა სიცოცხლე.
b იხილეთ წიგნის „დაუახლოვდი იეჰოვას“ 24-ე თავი, «ვერაფერი შეძლებს „ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან“». გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩანართი 19 გვერდზე]
რაც უფრო უკეთ გავიგებთ, როგორი მამაა იეჰოვა, მით უფრო დავუახლოვდებით და შევიყვარებთ მას
[ჩანართი 22 გვერდზე]
ჩვენ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ მართლაც იეჰოვაა ჩვენი მამა და დიდ პატივად მივიჩნიოთ, ვიწოდებოდეთ მის შვილებად!
[ჩარჩო⁄სურათები 21 გვერდზე]
იეჰოვა მამობრივ სიყვარულს სხვადასხვაგვარად ავლენს
გვიწონებს
თანაგვიგრძნობს
გვიცავს
შეგვაგონებს
ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნავს