დაუახლოვდით ღმერთს
„ძველი დღეთა დაჯდა“
„ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“, — ვკითხულობთ ბიბლიაში (იოანე 1:18). ღმერთი იმდენად დიდებულია, რომ არც ერთ ხორციელს არ ძალუძს, იხილოს ის და ცოცხალი დარჩეს (გამოსვლა 33:20). თუმცა, ბიბლიაში ჩაწერილია რამდენიმე შემთხვევა, როცა იეჰოვამ რჩეულთ ხილვაში აჩვენა თავისი ზეციური დიდება. ამ რჩეულთა შორის იყო წინასწარმეტყველი დანიელიც. ნანახმა მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და ღვთისადმი ღრმა პატივისცემითა და მოწიწებით განაწყო. ამ ხილვამ ჩვენზეც ასე უნდა იმოქმედოს. დაუკვირდით, როგორ აღწერს დანიელი ხილვაში ნანახს (წაიკითხეთ დანიელის 7:9, 10).a
„ძველი დღეთა“. „ახალი ქვეყნიერების სქოლიოებიან თარგმანში“ (ინგლ.) ეს წოდება, რომლითაც დანიელი იეჰოვას მოიხსენიებს, სქოლიოში განიმარტება, როგორც „დღეებით სრული (ანუ ასაკოვანი)“ (დანიელი 7:9, 13, 22). რას ნიშნავს ის, რომ იეჰოვა დღეებით სრული ანუ ასაკოვანია? ვინაიდან იგი „მარადიულობის მეფეა“, ყოველთვის არსებობდა წარსულში და ყოველთვის იარსებებს მომავალშიც (1 ტიმოთე 1:17; იუდა 25). რადგანაც იეჰოვა მარადიულია, მისი სიბრძნე უსაზღვროა, რადგან ბიბლია სიბრძნეს ასაკთან აიგივებს (იობი 12:12). მართალია, ჩვენი შეზღუდული გონებისთვის მეტად რთული აღსაქმელია, რას ნიშნავს მარადიული არსებობა, მაგრამ განა ოდესმე შევძლებთ, ბოლომდე გავიცნოთ ღმერთი, რომელიც უსაზღვრო სიბრძნეს ფლობს?! (რომაელები 11:33, 34).
ყურადღება მიაქციეთ ბიბლიაში ჩაწერილს: „ძველი დღეთა დაჯდა“. რას ნიშნავს ეს? პასუხს კონტექსტიდან ვიგებთ, სადაც გამოყენებულია ისეთი ტერმინები, როგორიცაა „სასამართლო“ და „განაჩენი“ (დანიელი 7:10, 22, 26). აქედან გამომდინარე, იეჰოვა „დაჯდა“, როგორც მოსამართლე. ვინ უნდა გაასამართლოს მან? ერები, რომლებიც დანიელის ხილვაში მხეცებად არიან მოხსენიებული (დანიელი 7:1—8).b როგორი მოსამართლეა იეჰოვა?
„მისი სამოსელი თოვლივით თეთრი იყო და მისი თმა — სუფთა მატყლივით“. თეთრი სიწმინდისა და სამართლიანობის სიმბოლოა. ხშირ შემთხვევაში მატყლი თეთრი ფერისაა. შესაბამისად, თმა, რომელიც სუფთა მატყლსაა შედარებული, თეთრია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა იხილა დანიელმა? მან თოვლივით თეთრი სამოსლით შემოსილი თეთრთმიანი მოსამართლე იხილა, რაც იმაში გვარწმუნებს, რომ იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენი ბრძნული და სამართლიანი იქნება. იეჰოვა არის მოსამართლე, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ღრმა პატივისცემასა და ნდობას.
იეჰოვა არის მოსამართლე, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ღრმა პატივისცემასა და ნდობას
„ათასობით ათასი ემსახურებოდა მას და ათი ათასობით ათი ათასი იდგა მის წინაშე“. ვინ არიან ეს ზეციერი მსახურები? ბიბლია ანგელოზებს „[ღვთის] მსახურებად“ მოიხსენიებს (ფსალმუნი 104:4). ღვთის ანგელოზები, რომელთა რიცხვიც შესაძლოა ასობით მილიონს შეადგენს, „მისი სიტყვის შემსრულებელნი . . . მისი ნების შემსრულებელნი“ არიან (ფსალმუნი 103:20, 21). ნუთუ არ მეტყველებს ესეც ღვთის უსაზღვრო სიბრძნეზე?! იეჰოვას გარდა კიდევ ვის შესწევს ძალა, მილიონობით წლის მანძილზე უთვალავ ზეციურ ლაშქარს წუნდაუდებლად უხელმძღვანელოს და თავისი ნების პირნათლად შესრულებაში დაეხმაროს?!
დანიელის ხილვამ კიდევ უფრო გაგვიძლიერა ნდობა იეჰოვას, „ძველი დღეთას“, მიმართ. მისი გადაწყვეტილებები იმდენად სამართლიანია და იმდენად დიდ სიბრძნეს ფლობს, რომ ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ნდობას. გაიგეთ მეტი, როგორ შეგიძლიათ დაუახლოვდეთ ამ ყოვლადბრძენ ღმერთს.
a სინამდვილეში დანიელს ღმერთი არ უხილავს. ღმერთმა დანიელს გონების თვალით ახილვინა, თუ რა ხდებოდა ზეცაში. შემდეგ დანიელმა ნანახის აღსაწერად მხატვრული ხერხები გამოიყენა, მათ შორის, ანთროპომორფიზმები. ამ მხატვრული ხერხის გამოყენების დროს ღმერთი ადამიანისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით აღიწერება. ამგვარი აღწერილობა პირდაპირი გაგებით არ უნდა გავიგოთ; ეს მხატვრული ხერხი გვეხმარება, უკეთ გავიცნოთ ღმერთი.
b დამატებითი ინფორმაცია დანიელის ამ ხილვის შესახებ იხილეთ წიგნის „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“ მე-9 თავში. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.