მთავარი თემა
პორნოგრაფია უვნებელია თუ მომწამვლელი?
მსოფლიო წალეკა პორნოგრაფიამ.a რეკლამები, მოდის სამყარო, ფილმები, მუსიკა, ჟურნალები, ტელევიზია, ვიდეო-თამაშები, სმარტფონები, მობილური მოწყობილობები თუ ვებ-გვერდები სავსეა პორნოგრაფიული მასალით. ბოლო დროს პორნოგრაფია უკვე სურათების გაცვლის ონლაინ სერვისითაც გახდა ხელმისაწვდომი. როგორც ჩანს, თანამედროვე საზოგადოებისთვის პორნოგრაფია სავსებით მისაღებია. ისტორიის განმავლობაში ხალხი არასოდეს ყოფილა ისე გატაცებული პორნოგრაფიით, როგორც დღეს (იხილეთ ჩარჩო „ბოლო მონაცემები“).
პორნოგრაფიის სახე ცვალებადია. პროფესორი გეილ დაინსი წერს: „პორნოგრაფიული სურათები დღეს იმდენად ამაზრზენი გახდა, რომ ის, რაც ადრე უკიდურესად ვულგარულად ითვლებოდა, დღეს სავსებით მისაღებია“.
როგორია თქვენი აზრი ამ საკითხზე? პორნოგრაფია უწყინარი გართობაა, მომაკვდინებელი შხამი, თუ რაღაც შუალედური? იესომ თქვა: „კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც უვარგისს ისხამს“ (მათე 7:17). რა „ნაყოფი“ გამოაქვს პორნოგრაფიას? პასუხის მისაღებად განვიხილოთ პორნოგრაფიასთან დაკავშირებული რამდენიმე ძირითადი კითხვა.
როგორ მოქმედებს პორნოგრაფია ადამიანზე?
რას ამბობენ ექსპერტები: ადამიანი იმდენად ეჩვევა პორნოგრაფიის ყურებას, რომ მასზე დამოკიდებული ხდება. ზოგიერთი ექსპერტი და ექიმი ამ დამოკიდებულებას კოკაინზე დამოკიდებულებასთან აიგივებს.
ბრაიანი,b რომელიც ინტერნეტ-პორნოგრაფიით იყო გატაცებული, ამბობს: „ვერაფერი მაჩერებდა. თითქოსდა ტრანსში ვვარდებოდი. პორნოგრაფიის ყურების შემდეგ სინდისი ისე მაწუხებდა, რომ პირდაპირი გაგებით კანკალი მივარდებოდა და თავის ტკივილი მეწყებოდა. წლები ვებრძოდი ამ მავნე ჩვევას, მაგრამ არაფერი გამომდიოდა“.
პორნოგრაფიით გატაცებული ადამიანები ხშირად მალავენ, რომ ეს ჩვევა აქვთ და ისე თვალთმაქცურად იქცევიან, თითქოს არაფერი ხდება. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მათი უმეტესობა საზოგადოებას გაურბის, იტანჯება დეპრესიით და უჩნდება სირცხვილის გრძნობა. გარდა ამისა, ისინი მუდამ აფორიაქებულები და გაღიზიანებულები არიან. ზოგს თვითმკვლელობის სურვილიც კი უჩნდება. სერგეი, რომელიც ყოველდღე პორნოგრაფიულ სურათებს ტვირთავდა თავის მობილურში, ამბობს: „თავს უღირსად, დამნაშავედ და მარტოსულად ვგრძნობდი. საშინლად გავიხლართე ბადეში. მრცხვენოდა და მეშინოდა, ვინმესთვის დახმარება მეთხოვა“.
პორნოგრაფია ადამიანზე მაშინაც ცუდად მოქმედებს, თუ ის შემთხვევით წააწყდება მას ან წამიერად მოჰკრავს თვალს. ფილოსოფიის დოქტორმა, წამყვანმა მკვლევარმა ჯუდით რაისმანმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის კომიტეტის წინაშე განაცხადა: „პორნოგრაფიული გამოსახულებები ღრმად იბეჭდება გონებაში და ტვინში იწვევს ბიოქიმიურ ცვლილებებს. ეს კადრები ადამიანს მომენტალურად, უნებლიეთ ამოუტივტივდება ხოლმე თავში, მათი წაშლა ძალიან რთული ან საერთოდ შეუძლებელია“. 19 წლის სიუზანი, რომელიც პორნოგრაფიულ ვებ-გვერდებს სტუმრობდა, ამბობს: „ის კადრები ღრმად ჩამებეჭდა გონებაში და ზოგჯერ სრულიად მოულოდნელად ამომიხტება ხოლმე. ასე მგონია, მათ ჩემი გონებიდან ბოლომდე ვერასოდეს ამოვშლი“.
დასკვნა: პორნოგრაფია იმონებს და ანადგურებს ადამიანს (2 პეტრე 2:19).
როგორ მოქმედებს პორნოგრაფია ოჯახებზე?
რას ამბობენ ექსპერტები: „პორნოგრაფია აშორებს წყვილებს და ანგრევს ოჯახებს“ (The Porn Trap by Wendy and Larry Maltz).
პორნოგრაფია ზიანს აყენებს ოჯახებს, რადგან . . .
იკარგება ცოლ-ქმარს შორის ნდობა და სიყვარული. მათ აღარ უჩნდებათ ერთმანეთთან ინტიმური ურთიერთობის სურვილი (იგავები 2:12—17).
მისით გატაცებული ადამიანი ეგოისტი და გულგრილი ხდება. მას უკვე აღარ აკმაყოფილებს თავისი მეუღლე (ეფესოელები 5:28, 29).
ადამიანს უჩნდება სექსუალური ფანტაზიები და ძლიერი ვნებები (2 პეტრე 2:14).
პორნოგრაფიის სენით შეპყრობილი ადამიანები აიძულებენ თავიანთ მეუღლეებს მიუღებელ სქესობრივ კავშირს (ეფესოელები 5:3, 4).
ხელს უწყობს ემოციურ და ფიზიკურ ღალატს (მათე 5:28).
ბიბლია დაქორწინებულებს მოუწოდებს, რომ ერთმანეთს ვერაგულად არ მოექცნენ (მალაქია 2:16). ღალატი ეს არის ვერაგული საქციელი, რომელიც ანგრევს ქორწინებას და ცოლ-ქმარს ერთმანეთს აშორებს, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება ბავშვებზე.
პორნოგრაფია განსაკუთრებით საზიანოდ მოქმედებს ბავშვებზე. ზემოთ მოხსენიებული ბრაიანი ამბობს: „როცა ათი წლის ვიყავი, დამალობანას ვთამაშობდი და შემთხვევით წავაწყდი მამაჩემის პორნოგრაფიულ ჟურნალებს. შემდეგ ჩუმ-ჩუმად ვათვალიერებდი ხოლმე, თუმცა არ მესმოდა, რატომ მიზიდავდა ასე ძალიან ეს სურათები. ეს მავნე ჩვევა დიდობაშიც გამყვა“. კვლევები ადასტურებს, რომ პორნოგრაფია იმდენად მოქმედებს ახალგაზრდებზე, რომ მათ შეიძლება სქესობრივად აქტიური ცხოვრება ადრეულ ასაკში დაიწყონ და ჰყავდეთ არაერთი პარტნიორი. აგრეთვე ისინი ემოციურად და ფსიქიკურად გაუწონასწორებლები ხდებიან და მიმართავენ სექსუალურ ძალადობას.
დასკვნა: პორნოგრაფია ძირს უთხრის თბილ ურთიერთობებს და დიდი ტკივილი მოაქვს (იგავები 6:27).
რას ამბობს ბიბლია პორნოგრაფიაზე?
ღვთის სიტყვა ამბობს: „ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, მავნებელი სურვილები და სიხარბე, რაც კერპთაყვანისმცემლობაა“ (კოლოსელები 3:5).
მარტივად რომ ვთქვათ, იეჰოვაc ღმერთს სძულს პორნოგრაფია და ეს იმიტომ არა, რომ ის სექსის წინააღმდეგია. მან ჩადო ადამიანებში სექსუალური მოთხოვნილება და ამის მიზანი ის იყო, რომ დაქორწინებულ წყვილს ერთმანეთისთვის სიამოვნება მიენიჭებინათ, ერთმანეთს უფრო დაახლოებოდნენ და ახალი სიცოცხლისთვის მიეცათ დასაბამი (იაკობი 1:17).
მაშ, რატომ ვამბობთ დარწმუნებით, რომ იეჰოვას სძულს პორნოგრაფია? განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი.
მან იცის, რომ პორნოგრაფია ანგრევს ადამიანის ცხოვრებას (ეფესოელები 4:17—19).
მას ვუყვარვართ და უნდა, რომ დაგვიცვას ყოველგვარი ტკივილისგან (ესაია 48:17, 18).
იეჰოვას სურს, რომ ცოლ-ქმარს მყარი ოჯახი ჰქონდეთ (მათე 19:4—6).
მას სურს, რომ ზნეობრივად სუფთები ვიყოთ და პატივი ვცეთ სხვების უფლებებს (1 თესალონიკელები 4:3—6).
იეჰოვას არ სურს, რომ გამრავლების ორგანოები არასწორი მიზნისთვის გამოვიყენოთ (ებრაელები 13:4).
იეჰოვამ იცის, რომ პორნოგრაფია ადამიანს არასწორ და დამახინჯებულ წარმოდგენას უყალიბებს სექსზე. პორნოგრაფიით გატაცებული ადამიანი ეგოისტი ხდება და მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს (დაბადება 6:2; იუდა 6, 7).
დასკვნა: პორნოგრაფია ძირს უთხრის ღმერთთან ჩვენს მეგობრობას (რომაელები 1:24).
იეჰოვა დიდად თანაუგრძნობს მათ, ვინც ცდილობს, თავი დააღწიოს პორნოგრაფიის მახეს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელია, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე . . . მან კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმუნი 103:8, 14). ის თავმდაბალ ადამიანებს მოუწოდებს, მობრუნდნენ მისკენ, რომ „მიიღონ გულმოწყალება და წყალობა იპოვონ დროული დახმარებისთვის“ (ებრაელები 4:16; იხილეთ ჩარჩო „პორნოგრაფიის მარწუხებისგან თავის დაღწევა“).
მრავალმა მიიღო დახმარება ღვთისგან. როგორი იყო შედეგი? ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ბიბლია მათზე, ვინც დასძლია ცუდი ჩვევები: „განიბანეთ, განიწმინდეთ და მართლებად იქენით აღიარებული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით“ (1 კორინთელები 6:11). მოციქულ პავლეს მსგავსად, მათაც შეეძლოთ ეთქვათ: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:13).
სიუზანმა, რომელსაც პორნოგრაფიის ყურება ჩვევად ჰქონდა ქცეული, დასძლია ეს სისუსტე. ის ამბობს: „მხოლოდ იეჰოვას შეუძლია დაგეხმაროს, თავი დააღწიო პორნოგრაფიას. თქვენც შეძლებთ ღვთის წინაშე სუფთად დგომას, თუ მას დახმარებისა და ხელმძღვანელობისთვის მიმართავთ. ის არასოდეს მიგატოვებთ“.
a პორნოგრაფიაში იგულისხმება სქესობრივი უზნეობის მკაფიოდ ამსახველი მასალა, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ აღაგზნოს ამ მასალის დამთვალიერებელი, წამკითხველი თუ მსმენელი. მასში შედის როგორც სურათები, ისე ლიტერატურა და აუდიოჩანეწერები.
b ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.
c ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.