გამოავლინეთ ისეთივე რწმენა, როგორიც მოსეს ჰქონდა
„რწმენით მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა, რომ ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო“ (ებრ. 11:24).
1, 2. ა) რა გადაწყვეტილება მიიღო მოსემ 40 წლის ასაკში? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რატომ არჩია მოსემ ღვთის ხალხთან ერთად მონობაში ცხოვრება?
მოსემ შესანიშნავად იცოდა, რა მომავალს უქადდა ეგვიპტეში ცხოვრება. ის ხედავდა, რომ მდიდარი და შეძლებული ეგვიპტელები სასახლეებში ცხოვრობდნენ. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ თავად მოსე სამეფო ოჯახში აღიზარდა. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ისწავლა მოსემ ეგვიპტელთა მთელი სიბრძნე“ — ლიტერატურა, ისტორია, ასტრონომია, მათემატიკა თუ სხვა მეცნიერებები (საქ. 7:22). მოსეს გააჩნდა სიმდიდრე, ძალა და სარგებლობდა პრივილეგიით; ეს ყველაფერი შეიძლება რიგითი ეგვიპტელისთვის მხოლოდ სანუკვარი ოცნება ყოფილიყო.
2 თუმცა, როდესაც მოსეს 40 წელი შეუსრულდა, სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო; ეს გადაწყვეტილება ალბათ, სამეფო ოჯახს, რომელმაც იშვილა, საგონებელში ჩააგდებდა. მოსემ ჩვეულებრივი ეგვიპტელის ცხოვრებაზეც კი უარი თქვა და მონებთან ერთად ცხოვრება არჩია. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ მას უდიდესი რწმენა ჰქონდა (წაიკითხეთ ებრაელების 11:24—26). მოსე ხილულ სამყაროზე გაცილებით მეტს ხედავდა. ის სულიერი ადამიანი იყო; სწამდა იეჰოვასი, „ვინც უხილავია“ და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ღვთის დაპირებები შესრულდებოდა (ებრ. 11:27).
3. რა კითხვებს განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 მოსეს მსგავსად, ჩვენც ხილულზე მეტს უნდა ვხედავდეთ; ჩვენ უნდა გვქონდეს რწმენა (ებრ. 10:38, 39). იმისათვის, რომ კიდევ უფრო განვიმტკიცოთ რწმენა, მოდი განვიხილოთ, რა წერია მოსეს შესახებ ებრაელების 11:24—26-ში და პასუხები გავცეთ შემდეგ კითხვებს: როგორ ათქმევინა რწმენამ მოსეს უარი ხორციელ სურვილებზე? შეურაცხყოფის მიუხედავად, როგორ დაეხმარა მას რწმენა, დაეფასებინა მსახურების პატივი? და, რატომ ხედავდა ის „ჯილდოს“?
მოსემ უარი თქვა ხორციელ სურვილებზე
4. რას ფიქრობდა მოსე „ცოდვიან განცხრომაზე“?
4 მოსე რწმენის თვალით ხედავდა, რომ „ცოდვიანი განცხრომა“ დროებითი და წარმავალი იყო. სხვებს მის ადგილზე შესაძლოა ეფიქრათ, რომ მართალია ეგვიპტე კერპთაყვანისმცემლობასა და სპირიტიზმს შთაენთქა და იეჰოვას ხალხს მონობის უღელი ედგა, მაგრამ ის მსოფლიო იმპერია იყო. მათგან განსხვავებით, მოსეს ერთი რამ კარგად ესმოდა: ღმერთს შეეძლო, მოვლენები საპირისპიროდ წარემართა. მიუხედავად იმისა, რომ განცხრომის მოყვარული ადამიანები, ერთი შეხედვით, წარმატებულნი იყვნენ, მოსეს სწამდა, რომ მათი ამგვარი მდგომარეობა მალე წარსულს ჩაჰბარდებოდა. სწორედ ამის გამო ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა მასზე „დროებითმა ცოდვიანმა განცხრომამ“.
5. რა დაგვეხმარება, რომ არ ავყვეთ „დროებით ცოდვიან განცხრომას“?
5 თქვენ რა დაგეხმარებათ, რომ არ აჰყვეთ „დროებით ცოდვიან განცხრომას“? არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ხორციელი სიამოვნება წუთიერია. რწმენის თვალით დაინახეთ, რომ „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც“ (1 იოან. 2:15—17). დაფიქრდით იმაზე, რა დღე დაადგებათ მოუნანიებელ შემცოდველებს. ისინი „მოლიპულ მიწაზე“ დგანან და „განადგურდებიან უეცარი შიშით“ (ფსალმ. 73:18, 19). თუ ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით, ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორი მომავალი მსურს?
6. ა) რატომ თქვა მოსემ უარი, „ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო“? ბ) რატომ ფიქრობთ, რომ მოსემ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო?
6 მოსეს რწმენამ მისი მომავალიც განსაზღვრა. წმინდა წერილებში ვკითხულობთ: „რწმენით მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა, რომ ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო“ (ებრ. 11:24). მოსეს არ უფიქრია, რომ ის სამეფო ოჯახის წევრიც იქნებოდა და ღვთის მსახურიც, რომელიც სიმდიდრესა და პრივილეგირებულ მდგომარეობას თავისი თანამოძმეების საკეთილდღეოდ გამოიყენებდა. მოსეს ძალიან უყვარდა იეჰოვა და გადაწყვეტილი ჰქონდა, მისთვის მთელი გულით, სულითა და ძალით ემსახურა (კან. 6:5). ამ გადაწყვეტილებამ მოსე დიდი გულისტკივილისგან დაიცვა. ეგვიპტელთა აურაცხელი სიმდიდრე, რომელზეც მან უარი თქვა, ძალიან მალე ისრაელებმა იგდეს ხელთ (გამ. 12:35, 36). ფარაონი დამცირდა და საბოლოოდ წითელი ზღვის მორევში შთაინთქა (ფსალმ. 136:15). მოსე კი გადარჩა და ღმერთმა თავისი ხალხის წინამძღოლად დანიშნა. მას ისინი სამშვიდობოს უნდა გაეყვანა. მოსეს მართლაც აზრიანი ცხოვრება ჰქონდა!
7. ა) მათეს 6:19—21-ის თანახმად, რატომ უნდა ვიფიქროთ მარადიულ მომავალზე? ბ) მაგალითის მეშვეობით ახსენით, რა სხვაობაა მატერიალურ და სულიერ კეთილდღეობას შორის?
7 თუ იეჰოვას ახალგაზრდა მსახური ხართ, როგორ დაგეხმარებათ რწმენა, სწორად აირჩიოთ ცხოვრების გზა? გონივრული იქნება, თუ სამომავლო გეგმებს შეადგენთ. გწამდეთ ღვთის დაპირებების და აირჩიეთ არა დროებითი, არამედ მარადიული მომავალი (წაიკითხეთ მათეს 6:19—21). ამგვარი არჩევნის წინაშე იდგა ერთი ნიჭიერი ბალერინა, სახელად სოფი. მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით მას არაერთი საბალეტო სკოლა სთავაზობდა სასწავლო გრანტსა და კარიერულ წინსვლას. სოფი ამბობს: „ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, რაც ძალიან მსიამოვნებდა. ვთვლიდი, რომ დასში ყველასგან გამორჩეული ვიყავი. მაგრამ თავს მაინც არ ვგრძნობდი ბედნიერად“. ერთ დღესაც სოფიმ უყურა ფილმს „ახალგაზრდების შეკითხვები — რა გზას ავირჩევ ცხოვრებაში?“. რა მოხდა შემდეგ? ის ამბობს: „მივხვდი, რომ ქვეყნიერებამ იეჰოვას მთელი გულით თაყვანისცემის სანაცვლოდ წარმატება და უამრავი თაყვანისმცემელი შემომთავაზა. მხურვალედ ვლოცულობდი. ბოლოს კარიერაზე უარი ვთქვი“. ალბათ, გაინტერესებთ, დღეს რა აზრისაა სოფი? ის ამბობს: „არ შევნატრი ჩემს ძველ ცხოვრებას. უბედნიერესი ადამიანი ვარ. მეუღლესთან ერთად პიონერად ვმსახურობ. ჩვენ არც სახელგანთქმული ადამიანები ვართ და არც ბევრი ფული გვაქვს. სამაგიეროდ, გვყავს იეჰოვა, ბიბლიის შემსწავლელები და უამრავი სულიერი მიზანი. ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ ასეთი არჩევანი გავაკეთე“.
8. რომელი ბიბლიური რჩევა დაეხმარება ახალგაზრდებს სწორი გზის არჩევაში?
8 იეჰოვამ ყველაზე კარგად იცის, რა არის თქვენთვის საუკეთესო. მოსემ თქვა: „ისრაელო, რას ითხოვს შენგან იეჰოვა, შენი ღმერთი? იმას, რომ გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა, იარო მისი გზით, გიყვარდეს იგი და ემსახურო იეჰოვას, შენს ღმერთს, მთელი გულითა და სულით; დაიცვა იეჰოვას მცნებები და წესები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ შენდა სასიკეთოდ“ (კან. 10:12, 13). ახალგაზრდებო, აირჩიეთ ისეთი მომავალი, რომელიც დაგეხმარებათ, უფრო მეტად შეიყვაროთ იეჰოვა და „მთელი გულითა და სულით“ ემსახუროთ მას! დარწმუნებულნი იყავით, რომ ასეთი არჩევანი სასიკეთოდ წაგადგებათ.
ის აფასებდა მსახურების პატივს
9. ახსენით, რატომ შეიძლება გასჭირვებოდა მოსეს დავალების შესრულება.
9 მოსეს „ეგვიპტის განძზე მეტ სიმდიდრედ ცხებულობის გამო შეურაცხყოფა მიაჩნდა“ (ებრ. 11:26). ამ მუხლში მოსე მოხსენიებულია „ცხებულად“, რადგან ის იეჰოვამ ისრაელის წინამძღოლად დანიშნა ეგვიპტიდან მათ გამოსაყვანად. მოსემ იცოდა, რომ ამ დავალების შესრულება საკმაოდ რთული იქნებოდა; მან ისიც უწყოდა, რომ ამის გამო შეურაცხყოფის ატანა მოუწევდა. მისთვის ხომ ერთ-ერთ ებრაელს ნათქვამი ჰქონდა: „ვინ დაგაყენა ჩვენს მთავრად და მოსამართლედ?“ (გამ. 2:13, 14). მოგვიანებით, როცა იეჰოვა მოსეს დავალებას აძლევდა, მოსემ მას ასეთი რამ ჰკითხა: „ფარაონი როგორღა მომისმენს?!“ (გამ. 6:12). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მოსემ იეჰოვას გაანდო თავისი საწუხარი და ისიც არ დაუმალა, რომ ეშინოდა; ამგვარად ის ემზადებოდა შეურაცხყოფის ასატანად. საინტერესოა, როგორ დაეხმარა ღმერთი მოსეს ამ რთული დავალების შესრულებაში?
10. როგორ დაეხმარა იეჰოვა მოსეს დავალების შესრულებაში?
10 პირველი, იეჰოვამ მოსეს უთხრა: „მე ვიქნები შენთან“ (გამ. 3:12). მეორე, ღმერთმა მოსე დააიმედა და თავისი სახელის მნიშვნელობას მეტი ნათელი მოჰფინა: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“a (გამ. 3:14). მესამე, ღმერთმა მოსეს ზებუნებრივი ძალა უბოძა, რითაც ყველა მიხვდებოდა, რომ ის ღვთისგან გაგზავნილი იყო (გამ. 4:2—5). მეოთხე, იეჰოვამ მას დავალების შესასრულებლად მისცა დამხმარე, აარონი, რომელიც მის მაგივრად ილაპარაკებდა (გამ. 4:14—16). მოსე სიცოცხლის ბოლოს იმდენად დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი თავის მსახურებს ნებისმიერი დავალების შესასრულებლად ძალას აძლევს, რომ თამამად შეეძლო თავისი საქმის გამგრძელებლისთვის, იესო ნავეს ძისთვის, ეთქვა: „იეჰოვა მიგიძღვის წინ; ის იქნება შენთან. თავს არ დაგანებებს და არ მიგატოვებს. ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები!“ (კან. 31:8).
11. რატომ აფასებდა მოსე თავის დავალებას?
11 იეჰოვას მხარდაჭერის წყალობით მოსე ძლიერ აფასებდა თავის რთულ დავალებას და მას „ეგვიპტის განძზე მეტ სიმდიდრედ“ თვლიდა. ამას გარდა, რამხელა განსხვავება იყო ფარაონის მსახურებასა და ყოვლისშემძლე ღვთის მსახურებას შორის! ეგვიპტის უფლისწულობა ნამდვილად ვერ გაუტოლდებოდა იეჰოვას ცხებულად ყოფნის პატივს. მოსე ღვთის მადლიერი იყო, რის გამოც ღმერთმა მისთვის კურთხევები არ დაიშურა. მას განსაკუთრებული, ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან, ღმერთთან, რომელმაც მას „თავზარდამცემი საქმეები“ გააკეთებინა მაშინ, როცა ისრაელებს აღთქმული მიწისკენ მიუძღოდა (კან. 34:10—12).
12. იეჰოვასგან ბოძებული რა და რა პატივი უნდა დავაფასოთ?
12 ღმერთმა ჩვენც მოგვცა დავალება. მან თავისი ძის მეშვეობით ჩვენც ისევე დაგვნიშნა მსახურებად, როგორც მოციქული პავლე თუ სხვა ქრისტიანები (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 1:12—14). ყველას წილად გვხვდა სასიხარულო ცნობის ქადაგების პატივი (მათ. 24:14; 28:19, 20). ზოგი სრული დროით მსახურობს. მოწიფული ძმები კი კრებებში მომსახურეებად და უხუცესებად მსახურობენ და და-ძმებზე ზრუნავენ. თუმცა ოჯახის წევრები და ნათესავები, რომლებიც თქვენს რწმენას არ იზიარებენ, შესაძლოა არაფრად მიიჩნევენ განსაკუთრებული მსახურების პატივს ან შესაძლოა შეურაცხყოფასაც გაყენებენ თავგანწირული სულის გამო (მათ. 10:34—37). თუ ისინი თავიანთ მიზანს მიაღწევენ და გულს გაგიტეხავენ, შეიძლება იფიქროთ, რომ აღარ ღირს მსხვერპლის გაღება ან შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ იმაში, რომ ვეღარ შეასრულებთ თქვენს დავალებას. თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით, როგორ დაგეხმარებათ რწმენა, რომ განაგრძოთ სვლა?
13. როგორ გვაძლევს იეჰოვა ძალას თეოკრატიული დავალებების შესასრულებლად?
13 გწამდეთ და ევედრეთ იეჰოვას, რომ მხარი დაგიჭიროთ. არ დაუმალოთ მას თქვენი საწუხარი და ესაუბრეთ იმაზე, რისიც გეშინიათ. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს დავალება იეჰოვამ მოგანდოთ და სწორედ ის დაგეხმარებათ მის შესრულებაში. მაგრამ საინტერესოა, როგორ? ისე, როგორც ეს მოსეს შემთხვევაში მოხდა. პირველი, იეჰოვა გარწმუნებთ: „მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები. ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ“ (ეს. 41:10). მეორე, ის გეუბნებათ, რომ მისი დაპირებები სანდოა: „მე ვთქვი და შევასრულებ. მე განვიზრახე და გავაკეთებ“ (ეს. 46:11). მესამე, იეჰოვა მსახურების შესასრულებლად გაძლევთ ძალას „რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7). მეოთხე, მზრუნველმა მამამ იზრუნა, რომ თქვენი დავალების შესასრულებლად გვერდში გყოლოდათ ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა საერთაშორისო საძმო, რომლებიც განუგეშებენ და აღგაშენებენ (1 თეს. 5:11). როდესაც იგრძნობთ, რომ იეჰოვას ძალის წყალობით თავი გაართვით ამა თუ იმ დავალებას, ღვთისადმი რწმენა გაგიღრმავდებათ და მიხვდებით, რომ სხვადასხვა პატივი, რასაც ღვთისადმი მსახურებაში იღებთ, ნებისმიერ განძზე ძვირფასია.
მოსე „ჯილდოს ხედავდა“
14. რატომ არ ეპარებოდა მოსეს ეჭვი ჯილდოს მიღებაში?
14 როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, მოსე „ჯილდოს ხედავდა“ (ებრ. 11:26). მართალია, მან დაწვრილებით არ იცოდა, თუ როგორ განვითარდებოდა მომავალში მოვლენები, მაგრამ არსებული ცოდნის საფუძველზე მოსე სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. თავისი წინაპრის, აბრაამის მსგავსად, მოსეს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იეჰოვას მკვდრების გაცოცხლება შეეძლო (ლუკ. 20:37, 38; ებრ. 11:17—19). მას გამუდმებით უტრიალებდა გონებაში მომავალი კურთხევები, რის გამოც ფუჭად არ თვლიდა ლტოლვილობასა და უდაბნოში გატარებულ 40-40 წელიწადს. მართალია, მოსემ ზედმიწევნით არ იცოდა ის, თუ როგორ შეასრულებდა ღმერთი თავის განზრახვებს, მაგრამ რწმენის თვალით ის უხილავ ჯილდოს ხედავდა.
15, 16. ა) რატომ უნდა ვხედავდეთ ჯილდოს? ბ) ყველაზე მეტად რას ელოდებით ღვთის მმართველობის დროს?
15 თქვენც ხედავთ ჯილდოს? მოსეს მსგავსად, ჩვენც არ ვიცით ზუსტად, როგორ შეასრულებს ღმერთი თავის განზრახვებს. მაგალითად, ჩვენთვის უცნობია, როდის დაიწყება დიდი გასაჭირი (მარ. 13:32, 33). ფაქტია, ჩვენ მოსესგან განსხვავებით, სამოთხის შესახებ გაცილებით მეტი ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა წვრილმანი არ ვიცით, იეჰოვამ საკმაოდ ბევრი რამ გაგვიმხილა და გაგვაგებინა, თუ როგორი ცხოვრება გვექნება, როცა ღვთის სამეფო იმმართველებს. ამიტომ უნდა ვხედავდეთ ჯილდოს. გონებაში ახალი ქვეყნიერების წარმოსახვა დაგეხმარებათ, უპირველესად ეძებოთ ღვთის სამეფო. საინტერესოა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? მაგალითად, იყიდიდით სახლს, რომელზეც არანაირ ინფორმაციას არ ფლობთ? რა თქმა უნდა, არა! მსგავსად ამისა, ჩვენ არ გვსურს, ვიშრომოთ ბუნდოვანი მომავლისთვის. რწმენის თვალით ჩვენ აშკარად და ცხადად უნდა ვხედავდეთ ცხოვრებას, რომელიც ღვთის სამეფოს მმართველობისას გველის!
16 თუ გსურთ, გონებაში გააცოცხლოთ ღვთის სამეფო, თქვენი თავი სამოთხეში წარმოიდგინეთ. მიმართეთ წარმოსახვის უნარს. მაგალითად, როდესაც კითხულობთ ქრისტიანობამდელი ბიბლიური პერსონაჟების ცხოვრებაზე, დაფიქრდით, რას ჰკითხავთ მათ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ან ისინი რას გკითხავენ ბოლო დღეებზე — რას საქმიანობდით და როგორ ცხოვრობდით. წარმოიდგინეთ, რა ამაღელვებელი იქნება სხვადასხვა საუკუნეში მცხოვრებ თქვენს წინაპრებთან შეხვედრა და მათთვის იმის სწავლება, თუ რა გააკეთა ღმერთმა მათ საკეთილდღეოდ. თუნდაც ის რამხელა სიხარულს მოგგვრით, როცა მშვიდობიან გარემოში დააკვირდებით გარეულ ცხოველებს და მეტს გაიგებთ მათ შესახებ. დაბოლოს, იმაზეც იფიქრეთ, რამხელა სიახლოვეს იგრძნობთ იეჰოვასთან, როდესაც გასრულყოფილების გზას დაადგებით!
17. რა მხრივ გვეხმარება უხილავი ჯილდოს გონებაში წარმოსახვა?
17 გონებაში უხილავი ჯილდოს ნათლად და ცხადად წარმოსახვა დაგვეხმარება, არ შევწყვიტოთ სვლა, არ დავკარგოთ სიხარული და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ცხადყოფს, რომ გვაქვს მარადიული ცხოვრების იმედი. პავლემ ცხებულ ქრისტიანებს ასეთი რამ მისწერა: „თუ იმის იმედი გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მას მოთმინებით ველით“ (რომ. 8:25). ეს პრინციპი ყველა იმ ქრისტიანზე ვრცელდება, ვისაც მარადიული ცხოვრების იმედი აქვს. მართალია, ჯერ არ მიგვიღია ჯილდო, მაგრამ მისი იმდენად გვწამს, რომ კვლავაც მოთმინებით ველით მას. მოსეს მსგავსად, არც ჩვენ მივიჩნევთ ფუჭად იეჰოვას მსახურებაში გატარებულ წლებს. უფრო მეტიც, დარწმუნებულნი ვართ, რომ „ხილული დროებითია, უხილავი კი — მარადიული“ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:16—18).
18, 19. ა) რატომ გვმართებს მუდმივი ბრძოლა რწმენის შესანარჩუნებლად? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
18 რწმენის მეშვეობით ვხედავთ უხილავი სინამდვილის აშკარა მტკიცებას (ებრ. 11:1). მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებსაც სულიერი ხედვა არ გააჩნიათ, არ ესმით, რაოდენ ძვირფასია იეჰოვას მსახურება. მათ სულიერი განძი „უგუნურებად მიაჩნიათ“ (1 კორ. 2:14). თუმცა ამ ადამიანებისგან განსხვავებით, ჩვენ მარადიული სიცოცხლის იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ საკუთარი თვალით ვიხილავთ მკვდრეთით აღდგომას. პავლეს დროს მცხოვრები ფილოსოფოსების მსგავსად, რომლებმაც მოციქული „მოლაყბედ“ შერაცხეს, დღესაც ადამიანები იმ იმედს, რის შესახებაც ვქადაგებთ, უაზრობად და სისულელედ თვლიან (საქ. 17:18).
19 და რაკიღა ასეთ უღვთო ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ, მუდმივი ბრძოლა გვმართებს, რომ რწმენა შევინარჩუნოთ. ევედრეთ იეჰოვას, რომ „რწმენა არ გამოგელიოთ“ (ლუკ. 22:32). გონების თვალით დაინახეთ, თუ რა შედეგები მოჰყვება ცოდვას, რაოდენ ძვირფასი განძია იეჰოვას მსახურება და მარადიული სიცოცხლის იმედი! თუმცა მოსე რწმენის წყალობით ამ ყოველივეზე მეტს ხედავდა. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეძლო მოსემ რწმენის მეშვეობით მისი დანახვა, „ვინც უხილავია“ (ებრ. 11:27).
a ერთმა ბიბლეისტმა გამოსვლის 3:14-ში ჩაწერილი ღვთის სიტყვების შესახებ დაწერა: „ვერაფერი შეუშლის ხელს მისი ნების შესრულებას . . . სახელი [იეჰოვა] ისრაელისთვის უნდა ყოფილიყო სიმაგრე, იმედისა და ნუგეშის ულევი საცავი“.