მკითხველთა შეკითხვები
მიწიერ აღდგომას გულისხმობდა იესო, როცა სადუკეველებს უთხრა, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ადამიანი „არც ცოლს ირთავს და არც თხოვდება“? (ლუკ. 20:34—36).
ეს ნამდვილად აქტუალური კითხვაა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საყვარელი მეუღლე დაეღუპა. ამ მდგომარეობაში მყოფთ ალბათ ერთი სული აქვთ, როდის შეხვდებიან მკვდრეთით აღმდგარ მეუღლეებს ახალ ქვეყნიერებაში. ერთი ქვრივი მამაკაცი ასეთ რამეს ამბობს: „მე და ჩემს ცოლს უერთმანეთოდ ცხოვრება ვერ წარმოგვედგინა. მთელი გულით გვსურდა, რომ მარადიულობის განმავლობაში იეჰოვასთვის ერთად გვეცა თაყვანი. მე ეს სურვილი დღემდე არ გამნელებია“. ჩნდება კითხვა: გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ მკვდრეთით აღმდგართ კვლავ შეეძლებათ დაქორწინება? ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ხელგვეწიფება.
წლების განმავლობაში ჩვენს პუბლიკაციებში იხსნებოდა, რომ იესოს მიერ სადუკეველებისთვის ნათქვამი სიტყვები მიწიერ მკვდრეთით აღდგომას ეხებოდა და რომ მკვდრეთით აღმდგარნი ვეღარ შეძლებდნენ დაქორწინებასa (მათ. 22:29, 30; მარ. 12:24, 25; ლუკ. 20:34—36). დანამდვილებით არაფრის თქმა შეგვიძლია, მაგრამ იბადება ლოგიკური კითხვა: შესაძლებელია, იესოს ნათქვამი ზეციერ აღდგომას ეხებოდეს? მოდი, დეტალურად გავეცნოთ, რა თქვა მან.
მოდი, მიმოვიხილოთ კონტექსტი (წაიკითხეთ ლუკას 20:27—33). სადუკეველებმა, რომელთაც მკვდრეთით აღდგომა არ სწამდათ, იესოს გამოცდის მიზნით დაუსვეს კითხვა, რომელიც მკვდრეთით აღდგომასა და ლევირატისb წესით ქორწინებას ეხებოდა. ამაზე მათ იესომ მიუგო: „ქვეყნიერების შვილები ცოლებს ირთავენ და თხოვდებიან, ხოლო, ვინც მომავლისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად ითვლება, არც ცოლს ირთავს და არც თხოვდება. ისინი აღარც კვდებიან, არამედ არიან როგორც ზეცაში ანგელოზები. და რადგან აღდგომის შვილები არიან, ისინი ღვთის შვილები არიან“ (ლუკ. 20:34—36).
რატომ იბეჭდებოდა აქამდე ჩვენს პუბლიკაციებში აზრი, რომ იესო მიწიერ მკვდრეთით აღდგომაზე საუბრობდა? ძირითადად, ორი მიზეზის გამო. პირველი: როგორც ჩანს, სადუკეველებს მხედველობაში მიწიერი აღდგომა ჰქონდათ და იესოც ამ კითხვაზე შესაბამის პასუხს გასცემდა. მეორე: იესომ თავისი პასუხის დასასრულ, მოიხსენია ძველი დროის ერთგული პატრიარქები — აბრაამი, ისაკი და იაკობი — რომლებიც დედამიწაზე უნდა აღმდგარიყვნენ (ლუკ. 20:37, 38).
თუმცა, ისიც სავსებით შესაძლებელია, რომ იესოს მხედველობაში ზეციერი აღდგომა ჰქონოდა. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? მოდი, ყურადღება მივაქციოთ იესოს მიერ ნათქვამ ორ მნიშვნელოვან ფრაზას.
პირველი ფრაზაა: „ვინც . . . მკვდრეთით აღდგომის ღირსად ითვლება“. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღვთის სამეფოს ღირსად ერთგული ცხებულები ითვლებიან (2 თეს. 1:5, 11). ისინი მართლებად არიან აღიარებულნი იესოს გამოსასყიდის საფუძველზე; ამგვარად, აღარ კვდებიან როგორც მსჯავრდადებული ცოდვილები (რომ. 5:1, 18; 8:1). ცხებულებს „ბედნიერები და წმინდები“ ეწოდებათ და ისინი ზეციერ აღდგომას იმსახურებენ (გამოცხ. 20:5, 6). მათგან განსხვავებით, დედამიწაზე მკვდრეთით აღმდგართა შორის „უმართლოებიც“ იქნებიან (საქ. 24:15). მათზეც შეიძლება იმის თქმა, რომ მკვდრეთით აღდგომის ღირსნი არიან?
რაც შეეხება მეორე ფრაზას, იესომ თქვა: „ისინი აღარც კვდებიან“. ყურადღება მიაქციეთ, იესოს არ უთქვამს, რომ „ისინი აღარ მოკვდებიან“. მან თქვა: „ისინი აღარც კვდებიან“. ბიბლიის სხვა გამოცემებში ეს ფრაზა შემდეგნაირადაა ნათარგმნი: „ისინი აღარ ექვემდებარებიან სიკვდილს“ და „სიკვდილს აღარ აქვს ძალაუფლება მათზე“. ცხებულები, რომლებიც ღვთისადმი ერთგულები კვდებიან, იღებენ ზეციურ ჯილდოს — უკვდავებას — უსასრულო და უხრწნელ სიცოცხლეს (1 კორ. 15:53, 54). მაშასადამე, სიკვდილის მარწუხებს ერთხელ და სამუდამოდ აღწევენ თავს ისინი, რომლებიც ზეცაში საცხოვრებლად აღდგებიან მკვდრეთით.c
რა დასკვნამდე შეიძლება მიგვიყვანოს ყოველივე ზემოთქმულმა? სრულებით დასაშვებია, რომ იესოს სიტყვები ზეციერ მკვდრეთით აღდგომას ეხებოდეს. და, თუ ეს ასეა, იესოს ნათქვამი ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნის ზეციურ ცხოვრებაზე: ზეციური სამყოფლის მკვიდრნი სულიერი ქმნილებები არიან; ისინი რაღაც გაგებით, ანგელოზებსაც ჰგვანან, არც ქორწინდებიან და არც კვდებიან. თუმცა ჩნდება რამდენიმე კითხვა.
პირველი: რატომ უნდა ეგულისხმა იესოს სადუკეველებისთვის გაცემულ პასუხში ზეციური აღდგომა მაშინ, როცა მათი კითხვა, დიდი ალბათობით, მიწიერ აღდგომას ეხებოდა? საგულისხმოა, რომ იესო თავის მოწინააღმდეგეებს ყოველთვის ისეთ პასუხს არ სცემდა, როგორსაც ისინი ელოდნენ. მაგალითად, იუდეველებს, რომლებიც იესოსგან რაღაც ნიშანს მოელოდნენ, იესომ უთხრა: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ“. როგორც ჩანს, იესომ იცოდა, რომ მსმენელები მის ნათქვამს პირდაპირი მნიშვნელობით გაიგებდნენ და იფიქრებდნენ, რომ ის ფიზიკურ ტაძარზე საუბრობდა; თუმცა სინამდვილეში „ტაძარში ის თავის სხეულს გულისხმობდა“ (იოან. 2:18—21). სავარაუდოდ, იესომ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ შესაბამისი პასუხი გაეცა თვალთმაქცი სადუკეველებისთვის, რომელთაც რეალურად არც მკვდრეთით აღდგომა სწამდათ და არც ანგელოზების არსებობა (იგავ. 23:9; მათ. 7:6; საქ. 23:8). ალბათ, ამ პასუხით მას სურდა, რომ ზეციერი აღდგომის შესახებ მეტი რამ გაეგებინებინა თავისი გულწრფელი მოწაფეებისთვის, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს თავადაც მიიღებდნენ ზეციურ ჯილდოს.
მეორე: რატომ მოიხსენია იესომ სადუკეველებთან საუბრის დასასრულს აბრაამი, ისაკი და იაკობი, რომლებიც დედამიწაზე უნდა აღმდგარიყვნენ მკვდრეთით? (წაიკითხეთ მათეს 22:31, 32). საყურადღებოა, რომ ვიდრე იესო ამ პატრიარქებს მოიხსენიებდა, თქვა: „ნუთუ არ წაგიკითხავთ მკვდრეთით აღდგომაზე“. როგორც ჩანს, იესომ ამ ფრაზით საუბარი სხვა კუთხით წარმართა და მსმენელების ყურადღება ზეციერი აღდგომიდან მიწიერი აღდგომისკენ გადაიტანა. სადუკეველები აცხადებდნენ, რომ მათთვის ავტორიტეტული იყო მოსეს წიგნები. ამიტომ იესომ მათ იეჰოვას მიერ მოსესთვის ალმოდებულ ბუჩქთან ნათქვამი სიტყვები მოუყვანა. ამით მან იმას გაუსვა ხაზი, რომ მკვდრეთით აღდგომა დედამიწაზეც იქნებოდა და მიწიერი აღდგომაც ღვთის განზრახვის ნაწილი იყო (გამ. 3:1—6).
მესამე: თუ იესოს მიერ სადუკეველებისთვის ნათქვამი სიტყვები ზეციერ აღდგომას ეხებოდა, ნიშნავს ეს იმას, რომ დედამიწაზე მკვდრეთით აღმდგართ შეეძლებათ დაქორწინება? ღვთის სიტყვაში პირდაპირ არაფერია ნათქვამი ამაზე. თუმცა, თუ იესოს ზეციერი აღდგომა ჰქონდა მხედველობაში, მაშინ გამოდის, რომ მისი სიტყვები არაფერს გვაუწყებს იმის შესახებ, დაქორწინდებიან თუ არა ახალ ქვეყნიერებაში დედამიწაზე მკვდრეთით აღმდგარნი.
ბიბლიიდან ერთი რამ ზუსტად ვიცით: სიკვდილით ქორწინება სრულდება. ამიტომ თუ ქვრივს ხელმეორედ დაქორწინების სურვილი გაუჩნდება, მას შეუძლია ეს ნაბიჯი სუფთა სინდისით გადადგას. ეს ყველას პირადი გადასაწყვეტია. თუ ქვრივი ოჯახური სიმყუდროვისა და სითბოს დანაკლისს იგრძნობს და დაქორწინებას გადაწყვეტს, მისი გაკრიტიკების უფლება არავის აქვს (რომ. 7:2, 3; 1 კორ. 7:39).
ბუნებრივია, გონებაში უამრავი კითხვა გვიტრიალებს იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება ცხოვრება ახალ ქვეყნიერებაში. კარგი იქნება, თუ საკუთარი დასკვნების გაკეთებისგან თავს შევიკავებთ და იეჰოვას დაველოდებით. თუმცა ერთ რამეში შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ: მორჩილი ადამიანები ბედნიერები იქნებიან, რადგან იეჰოვა საუკეთესოდ იზრუნებს მათ მოთხოვნილებებზე და ყველას სურვილებს დააკმაყოფილებს (ფსალმ. 145:16).
a იხილეთ 1989 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 22, 23 (რუს.).
b ბიბლიურ დროში ლევირატის წესით ქორწინება მეტად ჩვეული მოვლენა იყო. ტრადიციის თანახმად, მაზლს ცოლად უნდა მოეყვანა თავისი გარდაცვლილი ძმის ქვრივი, რომელსაც ვაჟი არ ჰყავდა. ამგვარად იგი დაღუპულ ძმას შთამომავლობას აღუდგენდა (დაბ. 38:8; კან. 25:5, 6).
c ისინი, ვინც დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგებიან მკვდრეთით, მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ და არა — უკვდავებას. თუ გსურთ, მეტი გაიგოთ, რა განსხვავებაა უკვდავებასა და მარადიულ სიცოცხლეს შორის, იხილეთ 2007 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, „მკითხველთა შეკითხვები“, გვ. 21.