მთავარი თემა | რისგან გვიხსნის იესო?
იესოს სიკვდილი და აღდგომა — რას შეიძლება ნიშნავდეს თქვენთვის?
„ირწმუნე უფალი იესო და გადარჩები“ (საქმეები 16:31).
ეს დაუვიწყარი სიტყვები მოციქულმა პავლემ და სილამ მაკედონიის ქალაქ ფილიპეში საპყრობილის ზედამხედველს უთხრეს. რას ნიშნავს ეს სიტყვები? რომ გავიგოთ, როგორ დაგვიხსნის სიკვდილისგან იესოსადმი რწმენა, ჯერ ის უნდა ვიცოდეთ, თუ რატომ ვკვდებით. ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია.
ადამიანები არ უნდა მომკვდარიყვნენ
«იეჰოვა ღმერთმა აიყვანა ადამიანი და დაასახლა ედემის ბაღში, რომ დაემუშავებინა იგი და ეზრუნა მასზე. უბრძანა იეჰოვა ღმერთმა კაცს: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“» (დაბადება 2:15—17).
ღმერთმა პირველი ადამიანი, ადამი, ედემში დაასახლა. ეს იყო დედამიწაზე გაშენებული სამოთხის ბაღი, რომელიც სავსე იყო ნაირ-ნაირი ცხოველებითა და თვალწარმტაცი მცენარეებით. ბაღში მრავალი ხე იდგა, რომელთა ნაყოფიც მას თავისუფლად შეეძლო ეჭამა. მაგრამ იეჰოვა ღმერთმა გარკვევით უთხრა ადამს, არ ეჭამა ერთი კონკრეტული ხის ნაყოფი, თორემ მოკვდებოდა.
სწორად ჩასწვდა ადამი იეჰოვას ნათქვამს? მან იცოდა, რა იყო სიკვდილი. ის ხედავდა, როგორ კვდებოდნენ ცხოველები. ადამი რომ მოკვდავი ყოფილიყო, ღვთის გაფრთხილება აზრს მოკლებული იქნებოდა. ადამმა გააცნობიერა, რომ თუ ღმერთს დაემორჩილებოდა და აკრძალული ხიდან არ შეჭამდა, მარადიულად იცოცხლებდა.
ზოგი ფიქრობს, რომ ის ხე სქესობრივ ურთიერთობას ასიმბოლოებდა, მაგრამ ეს აზრი სიმართლეს არ შეესაბამება. დაფიქრდით: იეჰოვას სურვილი იყო, რომ ადამსა და ევას ენაყოფიერათ, აევსოთ დედამიწა და დაპატრონებოდნენ მას (დაბადება 1:28). ამგვარად, ეს აკრძალვა პირდაპირი გაგებით რეალურ ხეს ეხებოდა. იეჰოვამ მას „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე“ უწოდა, რადგან განასახიერებდა მის უფლებას, განესაზღვრა, რა იყო სიკეთე და რა — ბოროტება ადამიანებისთვის. მაგრამ თუ ადამი ამ ნაყოფს არ შეჭამდა, ამით მარტო მორჩილებას კი არ გამოავლენდა, არამედ იმ პიროვნებისადმი მადლიერებასაც, ვინც ის ქვეყანას მოავლინა და უხვად აკურთხა.
ადამი იმიტომ მოკვდა, რომ ღმერთს არ დაემორჩილა
«[ღმერთმა] ადამს უთხრა: „რადგან . . . შეჭამე იმ ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი, არ ჭამო-მეთქი . . . პიროფლიანი შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რადგან მისგან ხარ აღებული; მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“» (დაბადება 3:17, 19).
ადამმა შეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი. დაუმორჩილებლობის გამომხატველი ეს მოქმედება ძალზედ სერიოზული რამ — ამბოხების ტოლფასი იყო. ეს გახლდათ საშინელი უპატივცემულობა ყველა იმ სიკეთისადმი, რაც იეჰოვამ მას გაუკეთა. აკრძალული ნაყოფის შეჭმით ადამმა უარყო იეჰოვა და აირჩია დამოუკიდებლობა, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა.
როგორც იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, ადამი საბოლოოდ მოკვდა. ღმერთმა ადამი „შექმნა მიწის მტვრისგან“ და უთხრა, რომ კვლავ მიწას დაუბრუნდებოდა. ადამს არც სხვა სამყაროში გაუგრძელებია არსებობა და არც სიცოცხლის რომელიმე სხვა ფორმაში გარდასახულა. სიკვდილით ის ისეთივე უსიცოცხლო გახდა, როგორც მტვერი, რისგანაც იყო შექმნილი (დაბადება 2:7; ეკლესიასტე 9:5, 10).
ჩვენ იმიტომ ვკვდებით, რომ ადამის შთამომავლები ვართ
„როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12).
ადამის ურჩობას ანუ ცოდვას მთელი კაცობრიობა შეეწირა. ცოდვის ჩადენით, ადამმა რაღაც 70—80 წლის სიცოცხლე კი არა, მარადიული სიცოცხლე დაკარგა. უფრო მეტიც, მან დაკარგა სრულყოფილება და თავის ყველა შთამომავალს მხოლოდ და მხოლოდ არასრულყოფილება უანდერძა.
ჩვენ ყველანი ადამის შთამომავლები ვართ და ამიტომ მისგან მემკვიდრეობით გვერგო არასრულყოფილება — ცოდვისკენ მიდრეკილება, რასაც საბოლოო ჯამში, სიკვდილისკენ მივყავართ. ასე რომ, არჩევანი ჩვენზე არ არის; მოციქულმა პავლემ კარგად აღწერა ჩვენი სავალალო მდგომარეობა: „მე ხორციელი ვარ, ცოდვისთვის მიყიდული. საწყალი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის სხეულისგან, რომელიც ამ სიკვდილით კვდება? შემდეგ პავლემ თავის დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა: ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით!“ (რომაელები 7:14, 24, 25).
იესომ საკუთარი სიცოცხლე გაიღო იმისთვის, რომ ჩვენ მარადიულად ვიცოცხლოთ
„მამამ ქვეყნიერების მხსნელად გამოგზავნა თავისი ძე“ (1 იოანე 4:14).
იეჰოვა ღმერთმა იზრუნა იმაზე, რომ აღმოფხვრილიყო ცოდვის შედეგები და სამუდამოდ არ დავრჩენილიყავით სიკვდილის ტყვეობაში. როგორ? მან თავისი საყვარელი ძე ზეციდან გამოგზავნა, რათა დედამიწაზე ადამის მსგავსად სრულყოფილ ადამიანად დაბადებულიყო. თუმცა ადამისგან განსხვავებით, იესოს „ცოდვა არ ჩაუდენია“ (1 პეტრე 2:22). ის სრულყოფილი იყო და ცოდვით გამოწვეული სიკვდილი მას ვერ შეეხებოდა. მას შეეძლო მარადიულად ეცოცხლა.
ამის საპირისპიროდ, იეჰოვამ დაუშვა იესოს სიკვდილი მისი მტრების ხელიდან. სამი დღის შემდეგ ღმერთმა ის სულიერ სხეულში აღადგინა, რათა გარკვეული დროის შემდეგ კვლავ ზეცას დაბრუნებოდა. ზეცაში იესომ ღმერთს თავისი სრულყოფილი სიცოცხლის საფასური წარუდგინა, რათა გამოესყიდა ადამის დანაშაული და აღედგინა ის დანაკარგი, რაც მან თავის შთამომავლობას მიაყენა. იეჰოვამ მიიღო იესოს გაღებული მსხვერპლი. შედეგად, შესაძლებელი გახდა, მარადიულად იცოცხლოს ყველამ, ვინც იესოსადმი რწმენას გამოავლენს (რომაელები 3:23, 24; 1 იოანე 2:2).
იესომ ამგვარად ადამის დანაკარგი აანაზღაურა. ის მოკვდა, რომ ჩვენ გვეცოცხლა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „[იესომ] ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით სიკვდილი იგემა ყველას გულისთვის“ (ებრაელები 2:9).
გამოსასყიდი ბევრ რამეს გვეუბნება იეჰოვა ღმერთზე. იეჰოვას სამართლიანობის მაღალი სტანდარტებით შეუძლებელი იყო, რომ არასრულყოფილ ადამიანს საკუთარი თავი გამოესყიდა. მაგრამ მოსიყვარულე და მწყალობელმა ღმერთმა გადაწყვიტა, მდგომარეობა ისე გამოესწორებინა, რომ არ გადაეხვია თავისი ნორმებიდან. ეს მას ძალიან ძვირად — საკუთარი ძის სიცოცხლის ფასად — დაუჯდა, რომელმაც გამოსასყიდი გაიღო (რომაელები 5:6—8).
იესო მკვდრეთით აღდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა მკვდრებიც აღდგებიან
„მკვდრეთით აღდგა ქრისტე, სიკვდილის ძილით მიძინებულთა პირველი ნაყოფი. როგორც ადამიანის მეშვეობით არის სიკვდილი, ასევე ადამიანის მეშვეობით მკვდრეთით აღდგომაც. როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდება ყველა ქრისტეში“ (1 კორინთელები 15:20—22).
მართალია, იესოს დედამიწაზე ცხოვრება და სიკვდილი სადავოს არ წარმოადგენს, მაგრამ არსებობს მისი მკვდრეთით აღდგომის დამადასტურებელი რაიმე ფაქტი? ყველაზე ძლიერი მტკიცება ის გახლავთ, რომ მკვდრეთით აღმდგარი იესო სხვადასხვა ადგილას და ვითარებაში ეჩვენა ბევრ ადამიანს. ერთხელ ის 500-ზე მეტმა ადამიანმა იხილა. ამის შესახებ მოციქულმა პავლემ კორინთელი ქრისტიანებისადმი მიწერილ წერილში აღნიშნა, როცა თქვა, რომ იესოს აღდგომის ზოგი მოწმე ჯერაც ცოცხალი იყო, რითაც მიანიშნა, რომ მათ თავისუფლად შეეძლოთ დაემოწმებინათ ის, რაც საკუთარი თვალით იხილეს და საკუთარი ყურით მოისმინეს (1 კორინთელები 15:3—8).
როცა პავლემ დაწერა, რომ იესო იყო სიკვდილის ძილით მიძინებულთა „პირველი ნაყოფი“, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოგვიანებით სხვა მკვდრებიც აღდგებოდნენ. იესომაც თქვა, რომ მოვიდოდა დრო, „როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან“, გაცოცხლდებოდნენ (იოანე 5:28, 29).
მარადიულად რომ ვიცოცხლოთ, იესო უნდა ვირწმუნოთ!
„ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).
ბიბლიის პირველი ფურცლებიდან ვიგებთ, როდის შემოვიდა სიკვდილი ქვეყანაზე და როგორ დაიკარგა სამოთხე. ბოლო ფურცლები კი იმ დროის შესახებ გვამცნობს, როცა ღმერთი მოსპობს სიკვდილს და დედამიწაზე სამოთხეს აღადგენს. მაშინ ადამიანები მარადიულად და ბედნიერად იცხოვრებენ. გამოცხადების 21:4-ში ნათქვამია: „აღარ იქნება სიკვდილი“. ღვთის ამ დაპირებას ამყარებს მე-5 მუხლი, სადაც ვკითხულობთ: „ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“. იეჰოვას წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება, როცა საქმე მისი აღთქმების შესრულებას ეხება.
თქვენ თუ გჯერათ, რომ „ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“? მაშინ უფრო მეტი ცოდნა შეიძინეთ იესოს შესახებ და გამოავლინეთ მისდამი რწმენა. თუ ასე მოიქცევით, იეჰოვას კეთილგანწყობას მოიპოვებთ. იეჰოვა დღესვე უხვად გაკურთხებთ. გარდა ამისა, ჩაგესახებათ მარადიული სიცოცხლის იმედი დედამიწაზე სამოთხეში, სადაც „აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“.