„მტკიცედ იდექით რწმენაში“!
„მტკიცედ იდექით რწმენაში . . . გაძლიერდით“ (1 კორ. 16:13).
1. ა) რა შეემთხვა პეტრეს გალილეის ზღვაზე ამოვარდნილი ქარიშხლის დროს? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რატომ დაიწყო პეტრემ ჩაძირვა?
შუაღამეა. გალილეის ზღვაზე ქარიშხალი მძვინვარებს. პეტრე სხვა მოწაფეებთან ერთად ნავში ზის; ისინი გამალებით უსვამენ ნიჩბებს. მოულოდნელად მოწაფეები ზღვაზე მომავალ იესოს ხედავენ. პეტრე ეძახის მას და სთხოვს, რომ მასთან წყალდაწყალ მისვლის ნება დართოს. იესო მოციქულს აძლევს ამის ნებას; პეტრე ნავიდან გადმოდის და სასწაულებრივად მიაბიჯებს ზვირთებზე. თუმცა ცოტა ხანში იგი ჩაძირვას იწყებს. პეტრეს ქარიშხალი აშინებს. მოციქული საშველად იესოს უხმობს. იესოც მაშინვე უწვდის დახმარების ხელს და ეუბნება: „მცირე რწმენის მქონევ, რატომ დაეჭვდი?“ (მათ. 14:24—32).
2. რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?
2 მოდი, ვიმსჯელოთ, თუ რას ვიგებთ პეტრეს თავსგადამხდარი შემთხვევიდან რწმენის თაობაზე და დავსვათ სამი შეკითხვა: 1) როგორ გამოავლინა პეტრემ ღვთის ძალისადმი რწმენა თავდაპირველად? 2) რამ შეუსუსტა მას რწმენა? და, 3) რა დაეხმარა მოციქულს რწმენის განმტკიცებაში? ამ საკითხების მიმოხილვა დაგვანახვებს, თუ რა დაგვეხმარება, მტკიცედ ვიდგეთ რწმენაში (1 კორ. 16:13).
ღვთის ძალისადმი რწმენა
3. რატომ გადმოვიდა პეტრე ნავიდან და გადატანითი მნიშვნელობით, ჩვენ როდის მოვიქეცით მის მსგავსად?
3 პეტრეს თავდაპირველად ჰქონდა რწმენა; სწორედ ამიტომ გადმოვიდა იგი ნავიდან. როდესაც იესომ მას თავისთან მისვლის ნება დართო, მოციქული დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი მასაც ისევე დაახმარდა თავის ძალას, როგორც — იესოს. მსგავსად ამისა, ჩვენც რწმენის საფუძველზე მივუძღვენით თავი იეჰოვას და მოვინათლეთ. ჩვენც იესომ მოგვიწოდა, რომ მისი მიმდევრები ვყოფილიყავით ანუ მის ნაკვალევს მივყოლოდით. ჩვენც ქრისტესა და ღვთისადმი რწმენა უნდა გამოგვევლინა იმაში დარწმუნებულებს, რომ ისინი ყოველთვის დაგვეხმარებოდნენ (იოან. 14:1; წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:21).
4, 5. რატომ არის რწმენა ძვირფასი შენაძენი?
4 რწმენა ნამდვილად ძვირფასი შენაძენია. პეტრემ წყალზე რწმენის დახმარებით გაიარა; რწმენა ჩვენც შეგვაძლებინებს იმის კეთებას, რაც შესაძლოა ადამიანური გადასახედიდან შეუძლებლად მიგვაჩნდეს (მათ. 21:21, 22). მაგალითად, ბევრმა ჩვენგანმა იმდენად შევიცვალეთ ცხოვრების წესი თუ ზნე-ჩვეულებები, რომ ძველი ნაცნობები ვეღარც კი გვცნობენ. ვინაიდან იეჰოვამ დაინახა, რომ ცვლილებების მოხდენის სურვილს საფუძვლად მისადმი რწმენა ედო, მან ჩვენი ძალისხმევა აკურთხა (წაიკითხეთ კოლოსელების 3:5—10). თავის დროზე რწმენამ აღგვძრა, რომ თავი მიგვეძღვნა ღვთისთვის და გავმხდარიყავით მისი მეგობრები, რასაც საკუთარი ძალით ვერასდროს შევძლებდით (ეფეს. 2:8).
5 რწმენა დღესაც გვაძლიერებს. სწორედ მისი დახმარებით ვიგერიებთ ზეადამიანური ძალის მქონე მტრის, ეშმაკის, თავდასხმებს (ეფეს. 6:16). იმავდროულად, იეჰოვასადმი ნდობა განსაცდელების დროს საწუხარს გვიმსუბუქებს. ღმერთი გვპირდება, რომ თუ რწმენის საფუძველზე სამეფოს ინტერესებს ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენებთ, იგი ყოველივე აუცილებლით უზრუნველგვყოფს (მათ. 6:30—34). უფრო მეტიც, რწმენის წყალობით მივიღებთ ჯილდოს, მარადიულ სიცოცხლეს, რომელსაც ჩვენი ძალით ვერასდროს მოვიპოვებდით (იოან. 3:16).
ყურადღების სხვა რამეზე გადატანა რწმენას შეგვისუსტებს
6, 7. ა) რას შეიძლება შევადაროთ ქარიშხალი და ზღვის ტალღები, რამაც პეტრე შეაშინა? ბ) რატომ არ უნდა გამოვრიცხოთ იმის ალბათობა, რომ რწმენა შეიძლება შეგვისუსტდეს?
6 ქარიშხალი და ზვირთები, რამაც პეტრე შეაშინა, შეიძლება შევადაროთ განსაცდელებსა და ცდუნებებს, რომელსაც ღვთის მიძღვნილი მსახურები ვხვდებით. რაც არ უნდა გაუსაძლისი იყოს ეს განსაცდელები, იეჰოვას დახმარებით, ჩვენ შევძლებთ, რომ „მტკიცედ ვიდგეთ“. პეტრეს ჩაძირვა არც ქარისა და არც ტალღების გამო არ დაუწყია. მოდი, შევიხსენოთ, რა მოხდა სინამდვილეში. ბიბლიაში ვკითხულობთ: „[პეტრე] ქარიშხალმა შეაშინა“ (მათ. 14:30). მოციქულმა მზერა იესოსგან სხვა რამეზე გადაიტანა, რამაც მას რწმენა შეურყია. ჩვენც შეიძლება დავიწყოთ „ჩაძირვა“, თუ ყურადღებას „ქარიშხალზე“ ანუ ცხოვრებისეულ ქარტეხილებზე გადავიტანთ და ღვთის მხარდაჭერაში დავეჭვდებით.
7 არასოდეს გამოვრიცხოთ იმის ალბათობა, რომ რწმენა შეიძლება შეგვისუსტდეს; ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ რწმენის შესუსტების ან დაკარგვის მიზეზია „ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“ (ებრ. 12:1). პეტრეს შემთხვევიდან გამოჩნდა, რომ რწმენა შეიძლება ადვილად შეგვისუსტდეს, თუ ყურადღებას სულიერიდან სხვა რამეზე გადავიტანთ. ჩნდება კითხვა: რამ უნდა მიგვახვედროს, რომ რწმენის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგავართ? მოდი, თვითგამოკვლევისთვის დავსვათ რამდენიმე კითხვა.
8. რამ შეიძლება გამოიწვიოს ღვთის დაპირებებისადმი რწმენის შერყევა?
8 დღესაც ისეთივე რეალურია ჩემთვის ღვთის დაპირებები, როგორც ერთ დროს იყო? მაგალითად, იეჰოვა დაგვპირდა, რომ გაანადგურებდა სატანის ბოროტ ქვეყნიერებას. მაგრამ, იმდენად ხომ არ გვიტაცებს ქვეყნიერების შემოთავაზებული მრავალფეროვანი სახის გართობა, რომ ღვთის ამ დანაპირებისადმი რწმენა გვისუსტდება და გვიჩნდება ეჭვი: არის კი აღსასრული ახლოს?! (აბაკ. 2:3). ღმერთმა ისიც აღგვითქვა, რომ იესოს გამოსასყიდის საფუძველზე ცოდვებს მოგვიტევებდა. მაგრამ, თუ გამუდმებით ვწუხვართ წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო, გამოდის, რომ ეჭვი გვეპარება იმაში, ნამდვილად წაშალა თუ არა იეჰოვამ ჩვენი ცოდვები (საქ. 3:19). თუ ასეთი ეჭვები მოგვეძალება, ღვთის მსახურებაში სიხარულს დავკარგავთ და არააქტიურები გავხდებით.
9. რა მოხდება, თუ მთელ ყურადღებას პირად კეთილდღეობაზე ზრუნვას მოვახმართ?
9 ისეთივე მუყაითი ვარ ღვთის მსახურებაში, როგორიც ადრე ვიყავი? მოციქული პავლე გვარწმუნებს, რომ თუ იეჰოვას საქმეში ვიუხვებთ, აღსასრულამდე სრულად ვიქნებით დარწმუნებულნი იმედში. მაგრამ, რა მოხდება, თუ მთელ ყურადღებას პირად კეთილდღეობაზე ზრუნვას მოვახმართ, მაგალითად, თუ წმინდა თაყვანისმცემლობის ხარჯზე მაღალანაზღაურებად სამუშაოს დავთანხმდებით? ასეთი გადაწყვეტილება რწმენას შეგვისუსტებს და გაგვაზარმაცებს ანუ იეჰოვასთვის აღარ გავიღებთ იმდენს, რამდენიც შეგვიძლია (ებრ. 6:10—12).
10. როგორ ვავლენთ იეჰოვასადმი რწმენას, როცა სხვებს ვპატიობთ?
10 ხომ არ მიჭირს სხვების პატიება? როდესაც გულს გვტკენენ, ხომ არ გვიჩნდება სურვილი, რომ მწყენინებელს საქმე გავურჩიოთ ან საერთოდ აღარ გავცეთ ხმა? ამის საპირისპიროდ, თუ ვპატიობთ მწყენინებელს, ამით იეჰოვასადმი რწმენას ვავლენთ. ვინც გულს გვტკენს, ჩვენი მოვალე ხდება, ისევე, როგორც ჩვენ ვართ ჩვენი ცოდვების გამო ღვთის წინაშე დავალებულნი (ლუკ. 11:4). როდესაც სხვებს ვპატიობთ, დარწმუნებულნი ვართ, რომ ასეთი საქციელით იეჰოვას კეთილგანწყობას მოვიპოვებთ, რაც მწყენინებლისთვის სამაგიეროს გადახდაზე მნიშვნელოვანია. იესოს მოწაფეებს ესმოდათ, რომ სხვებისთვის მისატევებლად რწმენა იყო საჭირო. როდესაც ქრისტემ მოწაფეებს მოუწოდა, მათთვისაც კი ეპატიებინათ, ვინც არაერთხელ შემცდარა მათ წინაშე, მოწაფეები შეევედრნენ: „რწმენა განგვიმტკიცე“ (ლუკ. 17:1—5).
11. რის გამო შეიძლება გაგვიჭირდეს ბიბლიური რჩევის მიღება?
11 ხომ არ მიჭირს ბიბლიური რჩევის მიღება? რჩევის მიღების ნაცვლად, მრჩევლის ან მოცემული რჩევის ნაკლოვანებებზე ხომ არ ვიწყებთ ფიქრს? (იგავ. 19:20). თუ ასე ვიფიქრებთ, გაგვიჭირდება ღვთის მსგავსად აზროვნება.
12. რაზე მეტყველებს ის ფაქტი, თუკი ქრისტიანს პასუხისმგებელ ძმებზე დრტვინვა სჩვევია?
12 ხომ არ მჩვევია პასუხისმგებელ ძმებზე დრტვინვა? როდესაც ისრაელები ათი ურწმუნო მზვერავის მიერ მოტანილი არასასურველი ცნობის გავლენაში მოექცნენ, მათ მოსესა და აარონის წინააღმდეგ დრტვინვა დაიწყეს. ამის შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: „როდემდე არ უნდა მერწმუნონ?!“ (რიცხ. 14:2—4, 11). რეალურად, ისრაელების დრტვინვიდან გამოჩნდა, რომ ისინი ბოლომდე არ ენდობოდნენ ღმერთს, რომელმაც მათ წინამძღოლებად მოსე და აარონი დაუნიშნა. მსგავსად ამისა, თუ ჩვენც გვჩვევია ხელმძღვანელი ძმების წინააღმდეგ დრტვინვა, განა ეს ჩვენს შესუსტებულ რწმენაზე არ მეტყველებს?!
13. რატომ არ უნდა გაგვიტყდეს გული, თუ აღმოვაჩენთ, რომ რწმენა შეგვსუსტებია?
13 თუ თვითგამოკვლევის შედეგად აღმოაჩენთ, რომ რწმენა შეგისუსტდათ, გულს ნუ გაიტეხთ. შიშმა და ეჭვებმა პეტრე მოციქულსაც დარია ხელი; დროდადრო „მცირე რწმენის“ გამო იესო ყველა მოციქულს შეაგონებდა (მათ. 16:8). ნურასდროს დაგავიწყდებათ, რა გააკეთა პეტრემ მას შემდეგ, რაც რწმენა შეუსუსტდა და ჩაძირვა დაიწყო; ეს ჩვენთვის მართლაც ფასდაუდებელი გაკვეთილია!
რწმენის განსამტკიცებლად „მზერა“ იესოს მიაპყარით
14, 15. ა) რა გააკეთა პეტრემ, როდესაც ჩაძირვა დაიწყო? ბ) როგორ შეგვიძლია „დავაკვირდეთ“ იესოს, იმისდა მიუხედავად, რომ ვერ ვხედავთ მას?
14 როდესაც პეტრე ქარიშხალმა შეაშინა და ჩაძირვა დაიწყო, მას შეეძლო უკან, ნავისკენ გაეცურა. ეს მისთვის ნამდვილად არ იქნებოდა რთული, ვინაიდან კარგად ცურავდა (იოან. 21:7). თუმცა პეტრე საკუთარ თავს არ დანდობია, მან მზერა კვლავ იესოს მიაპყრო და მისგან მიიღო დახმარება. თუ ჩვენც ვიგრძნობთ, რომ რწმენა გვისუსტდება, პეტრეს უნდა მივბაძოთ. მაგრამ, როგორ შევძლებთ ამას?
15 მოციქულის მსგავსად, ჩვენც უნდა „დავაკვირდეთ ჩვენი რწმენის მეთაურსა და გამასრულყოფილებელს“ (წაიკითხეთ ებრაელების 12:2, 3). მართალია, პეტრესგან განსხვავებით, იესოს „დანახვა“ არ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ შევძლებთ მასზე „დაკვირვებას“, თუ გამოვიკვლევთ მის სწავლებებს, ცხოვრებას და ფეხდაფეხ მივყვებით მის მაგალითს. მოდი განვიხილოთ ზოგიერთი მხარე, რაშიც შეგვიძლია მივბაძოთ იესოს. თუ ნასწავლს ცხოვრებაში გამოვიყენებთ, ეს რწმენას განგვიმტკიცებს.
16. როგორ უნდა ვიკვლიოთ ბიბლია, რომ მისადმი რწმენა განგვიმტკიცდეს?
16 განიმტკიცეთ ბიბლიისადმი რწმენა. იესოს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ წმინდა წერილები ღვთის შთაგონებით იყო დაწერილი და რომ ღვთის სიტყვას ცხოვრებაში საუკეთესო ხელმძღვანელობის გაწევა შეეძლო (იოან. 17:17). ჩვენ, შეიძლება ითქვას, რომ მივყვებით იესოს მაგალითს, თუ ყოველდღიურად ვკითხულობთ ღვთის სიტყვას, ვსწავლობთ მას და ვფიქრობთ წაკითხულზე. კარგი იქნება, თუ ბიბლიის კითხვის პარალელურად, სიღრმისეულად გამოვიკვლევთ საკითხებს, რომელიც გვაეჭვებს. მაგალითად, იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრული მართლაც ახლოსაა, შეგვიძლია დაწვრილებით გამოვიკვლიოთ ბიბლიური მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. ამასთანავე, თუ ჩავუღრმავდებით დღეისთვის უკვე შესრულებულ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, ეს სამომავლოდ შესასრულებელი წინასწარმეტყველებებისადმი ნდობას განგვიმტკიცებს. გარდა ამისა, ბიბლიის პრაქტიკულ ღირებულებაში დაგარწმუნებთ მათი მაგალითები, ვისი ცხოვრებაც ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ უკეთესობისკენ შეცვალაa (1 თეს. 2:13).
17. რა დაეხმარა იესოს, რომ ყველაზე მძიმე წუთებშიც კი ღვთისადმი ერთგული დარჩენილიყო და ჩვენ როგორ შეგვიძლია, მივბაძოთ მას?
17 მთელი ყურადღება იეჰოვას მიერ დაპირებულ კურთხევებზე გადაიტანეთ. იესოს მთელი ყურადღება იმ სიხარულზე ჰქონდა გადატანილი, რაც მოელოდა; ეს მას დაეხმარა, რომ ყველაზე მძიმე წუთებშიც კი ღვთისადმი ერთგული დარჩენილიყო (ებრ. 12:2). მას არასდროს უბნევდა თავგზას ქვეყნიერების მაცდური წინადადებები (მათ. 4:8—10). თუ იფიქრებთ იეჰოვას აღთქმულ გასაოცარ კურთხევებზე, შეძლებთ, მიჰბაძოთ იესოს. წარმოიდგინეთ, რომ ღმერთმა უკვე გაანადგურა სატანის ბოროტი ქვეყნიერება და ახალ ქვეყნიერებაში ხართ; კარგი იქნება, თუ კალმით ან ფუნჯით ფურცელზე გადაიტანთ იმას, რის გაკეთებასაც ახალ ქვეყნიერებაში გეგმავთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ჩამოწეროთ იმ ადამიანების სია, რომლებსაც გსურთ, ახალ ქვეყნიერებაში, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ შეხვდეთ. იმაზეც იფიქრეთ, თუ რაზე ისაუბრებთ მათთან. ღვთის დაპირებულ კურთხევებს ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ, ისინი პირად საჩუქრად მიიჩნიეთ.
18. როგორ დაგვეხმარება ლოცვა რწმენის განმტკიცებაში?
18 ილოცეთ, რომ რწმენა შეგემატოთ. იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა, რომ იეჰოვასთვის წმინდა სული ეთხოვათ (ლუკ. 11:9, 13). როცა იეჰოვას წმინდა სულს სთხოვთ, იმაზეც ილოცეთ, რომ შეგემატოთ რწმენა, რაც სულის ნაყოფის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. იეჰოვას კონკრეტული სათხოვრით მიმართეთ; სთხოვეთ მას, დაგაძლევინოთ ნებისმიერი სისუსტე, რაც რწმენის ნაკლებობაზე მეტყველებს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი სისუსტე შეიძლება ის იყოს, რომ გიჭირდეთ სხვების პატიება.
19. რა კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ მეგობრები?
19 იქონიეთ ურთიერთობა მათთან, რომლებსაც ძლიერი რწმენა აქვთ. იესოსთვის სულერთი არ იყო, ვისთან ექნებოდა ურთიერთობა. მან სამეგობრო წრე განსაკუთრებული სიფრთხილით აირჩია. ქრისტეს უახლოესი მეგობრები, მოციქულები, მიჰყვებოდნენ მის მითითებებს, რითაც აჩვენებდნენ, რომ მისი ერთგულები იყვნენ და ჰქონდათ მისადმი რწმენა (წაიკითხეთ იოანეს 15:14, 15). ასე რომ, მეგობრებად ისინი აირჩიეთ, ვინც ქრისტეს ემორჩილება და ამგვარად მისადმი რწმენას ავლენს. არც ის დაგავიწყდეთ, რომ კარგი მეგობრები ერთმანეთთან გულწრფელნი არიან — მათ არ უჭირთ ერთმანეთისთვის რჩევების მიცემა და მიღებული რჩევების გათვალისწინება (იგავ. 27:9).
20. რა მხრივ იქნება ჩვენთვის სასიკეთო, თუ სხვებს რწმენის განმტკიცებაში დავეხმარებით?
20 დაეხმარეთ სხვებს რწმენის განმტკიცებაში. იესო თავის მოწაფეებს, სიტყვითა თუ საქმით, რწმენას უმტკიცებდა (მარ. 11:20—24). ჩვენც მას უნდა მივბაძოთ. თუ ასე მოვიქცევით და სხვებს რწმენას განვუმტკიცებთ, ეს რწმენას ჩვენც განგვიმტკიცებს (იგავ. 11:25). ქადაგებისა და სწავლების დროს ყოველთვის მოიშველიეთ ღვთის არსებობის დამადასტურებელი ბიბლიური მტკიცებულებები; აგრეთვე იმის არგუმენტები, რომ იგი ზრუნავს ჩვენზე და რომ ბიბლია მისი შთაგონებითაა დაწერილი. იზრუნეთ თანაქრისტიანების რწმენის განმტკიცებაზეც. იმ შემთხვევაში თუ ვინმეს ეჭვები უჩნდება, მაგალითად, პასუხისმგებელ ძმებზე იწყებს დრტვინვას, ზურგს კი ნუ შეაქცევთ, ტაქტიანობა გამოიჩინეთ და რწმენის განმტკიცებაში დაეხმარეთ (იუდ. 22, 23). თუ სკოლის მოსწავლე ხართ და მასწავლებელი ევოლუციის თეორიაზე იწყებს საუბარს, მტკიცედ დაიცავით თქვენი რწმენა და გაბედულად ისაუბრეთ შემოქმედებაზე. მასწავლებლებისა და კლასელების რეაქციამ შეიძლება სასიამოვნოდ გაგაოცოთ.
21. რას გვპირდება იეჰოვა?
21 ღვთისა და იესოს დახმარებით პეტრემ სძლია შიშსა და ეჭვებს; იგი პირველი საუკუნის ქრისტიანთა შორის რწმენის ერთ-ერთ ბურჯად იქცა. იეჰოვა ჩვენც დაგვეხმარება, მტკიცედ ვიდგეთ რწმენაში (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:9, 10). რწმენის განმტკიცება ნამდვილად ღირს ძალისხმევად, ვინაიდან სანაცვლოდ მართლაც ფასდაუდებელი ჯილდო გველის!
a მაგალითად, შეგიძლიათ გაეცნოთ იმ ქრისტიანთა ბიოგრაფიებს, რომლებიც ქვეყნდება ფართო მკითხველისთვის განკუთვნილ „საგუშაგო კოშკში“, რუბრიკაში „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“.