მთავარი თემა | უძვირფასესი საჩუქარი
უძვირფასესი საჩუქარი
„ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდანაა, ციურ მნათობთა მამისგან მოდის“ (იაკობი 1:17). აქ საუბარია, თუ რაოდენ გულუხვია ჩვენი ზეციერი მამა, იეჰოვა. ღმერთმა უამრავი საჩუქარი გვიბოძა, მაგრამ ამ საჩუქრებიდან ერთი განსაკუთრებულად ძვირფასია. იესოს სიტყვებიდან, რომლებიც ბევრისთვის კარგადაა ცნობილი, ვიგებთ, რა არის ეს საჩუქარი: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).
ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე შემოგვწირა — ამაზე უკეთეს საჩუქარს ვერავინ ვერასდროს მივიღებდით, რადგან ის ცოდვის, სიბერისა და სიკვდილის ტყვეობიდან გაგვათავისუფლებს (ფსალმუნი 51:5; იოანე 8:34). რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენით ვერასდროს შევძლებთ ამ ტყვეობიდან თავის დაღწევას. მაგრამ ღმერთს იმდენად ვუყვარვართ, რომ ჩვენს ხსნაზე იზრუნა. იეჰოვამ მორჩილი ადამიანების გამოსასყიდად თავისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, გაიღო, რათა მათ მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონოდათ. რა არის გამოსასყიდი? რატომ გახდა საჭირო მისი გაღება? რა მოითხოვება ჩვენგან, რომ ამ გამოსასყიდმა სიკეთე მოგვიტანოს?
გამოსასყიდი არის საფასური, რომლითაც ხდება დაკარგულის უკან დაბრუნება ან ვისიმე ტყვეობიდან დახსნა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჩვენს წინაპრებს, ადამსა და ევას, რომლებიც თავიდან უცოდველები იყვნენ, შეეძლოთ თავიანთ შთამომავლებთან ერთად მარადიულად ეცხოვრათ სამოთხეში (დაბადება 1:26—28). სამწუხაროდ, მათ ეს ყველაფერი დაკარგეს, როცა ღმერთს ეურჩნენ და ცოდვილები გახდნენ. რა მოჰყვა ამას შედეგად? ბიბლია გვპასუხობს: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12). სრულყოფილი შთამომავლების ნაცვლად, ადამმა ცოდვილი და მოკვდავი შთამომავლობა წარმოშვა.
ის, რასაც გამოსასყიდად იღებენ, დაკარგულის ზუსტი ეკვივალენტი უნდა იყოს. როდესაც ადამი განზრახ ეურჩა ღმერთს, შესცოდა და სრულყოფილი სიცოცხლე დაკარგა. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, შედეგად მისი შთამომავლებიც ცოდვასა და სიკვდილს დაემონნენ. ამიტომ მათ სახსნელად სრულყოფილი ადამიანის სიცოცხლის გაღება გახდა საჭირო — ეს ადამიანი იყო იესო (რომაელები 5:19; ეფესოელები 1:7). ასე რომ, დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა, რომელიც ადამმა და ევამ დაკარგეს, მათ შთამომავლებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მიეცათ, რომ ღმერთმა მათთვის სიყვარულით გაიღო გამოსასყიდი (გამოცხადება 21:3—5).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ გამოსასყიდი, რომელიც მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას გვაძლევს, მართლაც უძვირფასესი საჩუქარია! იმის გასაგებად, თუ რატომ არის გამოსასყიდი „სრულყოფილი საბოძვარი“, განვიხილოთ, როგორ გაითვალისწინა იეჰოვამ ყველა ის ფაქტორი, რომლებიც წინა სტატიაში იყო მოყვანილი საჩუქრის შერჩევასთან დაკავშირებით.
სურვილი. ადამიანებში დევს მარადიულად ცხოვრების ძლიერი სურვილი (ეკლესიასტე 3:11). ჩვენით ამ სურვილს ვერასდროს დავიკმაყოფილებთ, მაგრამ გამოსასყიდის წყალობით ეს სავსებით შესაძლებელია. ბიბლიაში ნათქვამია: „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რომაელები 6:23).
საჭიროება. ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა გამოსასყიდის გაღებას. ბიბლიაში ახსნილია: „ვერც ერთი ვერ გამოისყიდის თავის ძმას, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს, მათი სულის გამოსასყიდი იმდენად დიდია, რომ სამუდამოდ გადაუხდელი რჩება“ (ფსალმუნი 49:7, 8). ასე რომ, ღვთის დახმარების გარეშე თავს ვერ დავაღწევდით ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობას. მაგრამ „ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდით“ ღმერთმა ზუსტად ის გვიბოძა, რაც ნამდვილად გვჭირდებოდა (რომაელები 3:23, 24).
შესაფერისი დრო. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომაელები 5:8). ის ფაქტი, რომ ღმერთმა ჯერ კიდევ მაშინ გაიღო გამოსასყიდი, როცა „ცოდვილნი ვიყავით“, გვარწმუნებს, რომ ჩვენი სავალალო მდგომარეობის მიუხედავად, მას უსაზღვროდ ვუყვარვართ. მეტიც, თუმცა დღეს ვიწვნევთ ცოდვის შედეგებს, გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ გამოსასყიდი მომავალში ბევრ სიკეთეს მოგვიტანს.
მოტივები. ბიბლიიდან ვიგებთ, რამ აღძრა ღმერთი, საკუთარი ძის სიცოცხლე ჩვენ გამოსასყიდად გაეღო: „ღვთის სიყვარული ჩვენდამი იმით გახდა ცხადი, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ქვეყნიერებაში, რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე. სიყვარული ის კი არ არის, რომ ჩვენ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ ის, რომ მან შეგვიყვარა“ (1 იოანე 4:9, 10).
ჩვენ როგორ შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ ასეთი უძვირფასესი საჩუქრისთვის? იესოს სიტყვების თანახმად, რომელიც იოანეს 3:16-შია ჩაწერილი, ღმერთი მხოლოდ მათ იხსნის, ვინც რწმენას ავლენს იესოს მიმართ. როგორც ბიბლიაში წერია, რწმენა „იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ“ (ებრაელები 11:1). ასეთი რწმენის განსავითარებლად აუცილებელია საფუძვლიანი ცოდნის მიღება. ამიტომ მოგიწოდებთ, უკეთ გაიცნოთ იეჰოვა ღმერთი, ამ „სრულყოფილი საბოძვრის“ მბოძებელი, და გაიგოთ, რა უნდა გააკეთოთ, რომ იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდი თქვენს მარადიულ კეთილდღეობას მოემსახუროს.
იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან ამაში. ამასთან, დიდ დახმარებას გაგიწევთ ბიბლიაზე დაფუძნებული სტატიები, რომლებიც განთავსებულია ვებ-გვერდზე www.jw.org. დარწმუნებული ვართ, როცა მეტს გაიგებთ ამ უძვირფასესი საჩუქრის შესახებ და საკუთარ თავზე გამოსცდით, რა სიკეთე მოაქვს მას, თქვენც იტყვით პავლე მოციქულის მსგავსად: „ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით!“ (რომაელები 7:25).