ცხოვრების გამარტივებას სიხარული მოაქვს
დანიელი და მირიამი 2000 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ და ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში დასახლდნენ. დანიელი ამბობს: „ეგრეთ წოდებული ნორმალური ცხოვრებით ვცხოვრობდით. იმდენი შემოსავალი გვქონდა, რომ მდიდრულ რესტორნებში სიარული, საზღვარგარეთ მოგზაურობა და ძვირფასი ტანსაცმლის შეძენა შეგვეძლო. ამასთანავე რეგულარულად ვმონაწილეობდით სამქადაგებლო მსახურებაში“. თუმცა ერთხელ ისეთი რამ მოხდა, რამაც მათი ცხოვრება შეცვალა.
დანიელზე დიდად იმოქმედა 2006 წელს საოლქო კონგრესზე ერთ მოხსენებაში დასმულმა კითხვამ: „ვაკეთებთ შეძლებისდაგვარად ყველაფერს, რომ დავეხმაროთ მათ, ვინც არ დგას მარადიული სიცოცხლის გზაზე და სასიკვდილოდაა განწირული?“ (იგავ. 24:11). ამ მოხსენებაში ხაზგასმული იყო, რომ ქრისტიანების პასუხისმგებლობაა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნობა გაუზიარონ ხალხს ბიბლიიდან (საქ. 20:26, 27). დანიელი იხსენებს: „თითქოს იეჰოვა პირადად მე მელაპარაკებოდა“. მომხსენებელმა ისიც აღნიშნა, რომ მსახურების გაფართოებას მეტი სიხარული მოჰქონდა. დანიელმა ეს კარგად იცოდა, რადგან მირიამი უკვე მსახურობდა პიონერად და დიდ სიხარულს გრძნობდა.
„მივხვდი, რომ დადგა დრო, რადიკალურად შემეცვალა ჩემი ცხოვრება“, — ამბობს დანიელი. ის ასეც მოიქცა. მან სამუშაო საათები შეამცირა, პიონერად მსახურება დაიწყო და ფიქრობდა, რამხელა სიხარულს მოუტანდა მას და მირიამს იქ მსახურება, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო.
სირთულეები და სასიამოვნო სიურპრიზი
2007 წლის მაისში დანიელმა და მირიამმა სამსახური მიატოვეს და საცხოვრებლად პანამაში გადავიდნენ. ამ ქვეყანაში ისინი მანამდეც იყვნენ ნამყოფები. მათ ახალ სამქადაგებლო ტერიტორიაში შედიოდა კარიბის ზღვაში ბოკას-დელ-ტოროს არქიპელაგის რამდენიმე კუნძული, სადაც მოსახლეობის ძირითად ნაწილს ადგილობრივი გუამი ხალხი შეადგენდა. დანიელი და მირიამი ფიქრობდნენ, რომ თავიანთი დანაზოგით პანამაში დაახლოებით რვა თვეს შეძლებდნენ დარჩენას.
კუნძულებზე ისინი ნავითა და ველოსიპედით გადაადგილდებოდნენ. მათ კარგად ახსოვთ ველოსიპედით თავიანთი პირველი მოგზაურობა. მთაგორიან მხარეში მათ მცხუნვარე მზის გულზე 32 კილომეტრი გაიარეს. დანიელი ისე დაიქანცა, რომ კინაღამ გონება დაკარგა. თუმცა გზადაგზა მათ თბილად ხვდებოდნენ ადგილობრივები. მას შემდეგ, რაც დანიელმა და მირიამმა რამდენიმე ფრაზა ისწავლეს გუამი ენაზე, ეს ხალხი უფრო მეტ სტუმართმოყვარეობას იჩენდა მათ მიმართ. ცოტა ხანში მათ უკვე 23 ბიბლიის შესწავლა ჰქონდათ.
მაგრამ მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან დანაზოგი გამოელიათ. დანიელი იხსენებს: „თვალცრემლიანები ვფიქრობდით ესპანეთში დაბრუნებაზე. არ გვინდოდა ბიბლიის შემსწავლელების ასე მიტოვება“. თუმცა ერთი თვის შემდეგ მათ სასიხარულო ამბავი შეიტყვეს. მირიამი ამბობს: „სპეციალურ პიონერებად მსახურება შემოგვთავაზეს. ძალიან გვიხაროდა, რომ ამ ახალმა დავალებამ პანამაში მსახურების გაგრძელების შესაძლებლობა მოგვცა“.
სიხარულის უდიდესი მიზეზი
2015 წელს ორგანიზაციაში მომხდარი ცვლილებების გამო ძმებმა დანიელსა და მირიამს სთხოვეს, ისევ პიონერებად ემსახურათ. როგორ მოიქცნენ ისინი? მათ გაითვალისწინეს ფსალმუნის 37:5-ში ჩაწერილი სიტყვები: „იეჰოვას მიანდე შენი გზა, მასზე დაამყარე იმედი და ის იმოქმედებს“. მათ თავის სარჩენად სამსახური იშოვეს და დღეს პანამაში, ვერაგუასის პროვინციის ერთ-ერთ კრებაში მსახურობენ პიონერებად.
დანიელი ამბობს: „ესპანეთის დატოვებამდე დარწმუნებულები არ ვიყავით, შევძლებდით თუ არა უბრალოდ ცხოვრებას. თუმცა დღეს ასე ვცხოვრობთ და ყველაფერი გვაქვს, რაც გვჭირდება“. ამ წყვილისთვის უდიდესი სიხარული მოაქვს იმას, რომ თავმდაბალ ადამიანებს იეჰოვას შესახებ ასწავლიან.